საქმე №ა-3526-შ-87-2023 29 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბ.ჰ. მ.გ–ნი
მოწინააღმდეგე მხარე – ტ.ვ. გ–ნი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ბელგიის ანტვერპენის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო და მოზარდების საქმეთა განყოფილების 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება N18/1173/A (გადაწყვეტილების ნომერი 18/23158)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბელგიის ანტვერპენის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო და მოზარდების საქმეთა განყოფილების 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება N18/1173/A (გადაწყვეტილების ნომერი 18/23158) გადაწყვეტილებით ბ.ჰ. მ. ვ. გ–ის სარჩელი, ტ.ვ.გ–ის წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა: 1) აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დღეში 100 ევროს ოდენობით ჯარიმის, არაუმეტეს 100 000 ევროს გადახდა 2) სასამართლო ხარჯები - 1440 ევროს გადახდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელე ბ.ჰ..მ.ვ.გ–მა და მოითხოვა წარმოდგენილი უცხო ქვეყნის განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 აგვისტოს განჩინებით, შუამდგომლობა განსახილველად იქნა მიღებული.
4. 2023 წლის 27 სექტემბერს მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა პოზიცია, რომლის თანახმად, არ ეთანხმება შუამდგომლობას, რადგან არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით განსაზღვრული ცნობა-აღსრულების სამართლებრივი საფუძვლები. ბელგიის სასამართლომ დაარღვია მოპასუხის ინფორმირებისა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების ვალდებულება, რადგან ისე განიხილა საქმე, სხდომას არ დასწრებია მოპასუხე, აქედან გამომდინარე, დარღვევულია ზემოაღნიშნული კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ცნობა-აღსრულება არ ხდება, როდესაც გადაწყვეტილების გამომტანი ქვექნის კანონის შესაბამისად არ მოხდა მხარის ინფორმირება სამართალწარმოების კონკრეტული ეტაპების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მხარეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებებს და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებით მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა, რომლითაც მოთხოვნილია საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმ პროცესუალურ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვის სპეციფიკურ მოწესრიგებას ეხება და განმარტავს, რომ ამ კატეგორიის შუამდგომლობის განხილვა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე (უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო (მე-5 ნაწილი)) და 70-ე („1. სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. 2. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ. 3. შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება“) მუხლებს ეფუძნება და არ განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების იმ წესებით, რაც სასარჩელო წარმოებას გულისხმობს, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) ცალკეული დებულებები გამოიყენება სწორედ იმ საკითხების შესამოწმებლად, რაც საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობას და/ან აღსრულებას უკავშირდება და საჯარო მართლწესრიგთან შესაბამისობის დადგენის მიხედვით უნდა შეფასდეს. უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. „უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა ნიშნავს იმას, რომ თავისი ძალმოსილებით და სამართლებრივი შედეგებით იგი უთანაბრდება იმ სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომელმაც ცნო ეს გადაწყვეტილება“ (იხ. თენგიზ ლილუაშვილი, საერთაშორისო კერძო სამართალი, თბილისი, 2001 , გამომცემლობა „ჯი სი აი“, გვ.157).
7. გადაწყვეტილების ცნობის (აღიარების) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. (იხ. ბაკურ ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბილისი, 2009).
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის პრობლემის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარი კრიტერიუმები კი სხვადასხვაა. შესაძლებელია გადაწყვეტილების ცნობისას მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს კონკრეტულ პრინციპებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ საკითხთან მიმართებით საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გავრცელება ჰპოვა ე.წ. „სარკისებური ასახვის პრინციპმა“, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მცნობ სასამართლოს სარკისებურად გადააქვს თავისი ქვეყნის წესები გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები, ამდენად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ერთ-ერთი წინაპირობა საქმის განხილვასთან დაკავშირებით მხარის ინფორმირებულობაა (შდრ. საქმე №ა-2226–შ–48-2015, 10 სექტემბერი, 2015 წ.; საქმე №ა-2631-შ-65-1016, 24 იანვარი 2017 წელი).
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს ზოგადი კონცეფცია მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხილეთ, რუიზ-მატეოსი ესპანეთის წინააღმდეგ (Ruiz-Mateos v. Spain), 23/06/1993, § 63, Series A no. 262). ამასთან, სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეს გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხილეთ „ლობო მაჩადო პორტუგალიის წინააღმდეგ“ (Lobo Machado v. Portugal), 20/02/1996, §31, ანგარიშები 1996-I). უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული საკითხი გულისხმობს იმას, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (იხილეთ „დილიპაკი და კარაკაია თურქეთის წინააღმდეგ“ (Dilipak and Karakaya v. Turkey), ნომ. 7942/05 და 24838/05, §77, 04/03/2014).
13. თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის, სასამართლო სხდომის უწყებები არ ჩაბარდა მხარეს პირადად, მაშინ განმცხადებელს შეიძლება ხელი შეეშალოს საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში სამართალწარმოების პროცესში (იხილეთ „ოზგურ-კარადუმანი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Ozgur-Karaduman v. Germany (dec.), no. 4769/02, 26/06/2007; „ვებერი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება), (Weber v. Germany (dec.), no. 30203/03, 02/10/2007; და „ზადოვნიკი სლოვენიის წინააღმდეგ“, (Zavodnik v. Slovenia), no. 53723/13, § 70, 21/05/2015; „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (GAKHARIA v. GEORGIA) (განაცხადი N 30459/13), 17.01.2017წ. გადაწყვეტილება, 33).
14. განსახილველ შემთხვევაში, სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხე ტ.ვ.გ–ის იმდროინდელი საცხოვრებელი ადგილი უცნობია როგორც ბელგიაში, ისე საზღვარგარეთ. ასევე, არ ყოფილა ვინმეს მიერ წარმოდგენილი. ბელგიის სასამართლომ 2018 წლის 30 ნოემბერს მოისმინა მოსარჩელის, ბ.ჰ. ვ.გ–ის პოზიცია, რომელიც სასამართლო პროცესზე პირდად გამოცხადდა, ხოლო მოპასუხე მხარე, მიუხედავად იმისა, რომ დაბარებული იყო პროცესზე ბელგიის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 747-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ის არ დაესწრო პროცესს, ამიტომ სასამართლომ გამოიყენა ზემოაღნიშნული ნორმა.
15. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ მიუთითებს, რომ ტ.ვ.გ–ის წარმომადგენელმა 2018 წლის 05 ივლისს მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2018 წლის 26 ივლისის მოკლე შემაჯამებელი სხდომის სხვა დროისთვის გადადება, რადგან, მართალია, უარს არ ამბობს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე, თუმცა ვერ უკავშირდება მარწმუნებელს, რის გამოც ვერ შეძლებს პროცესზე მარწმუნებლის პოზიციის დაცვას. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, სასამართლომ სხდომა გადადო 2018 წლის 02 აგვისტოს. აღნიშნული სხდომის წინ, 2018 წლის 01 აგვისტოს მოპასუხის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა სასამართლოს პროცესის გადადების შესახებ შუამდგომლობით, რადგან, წარმომადგენლის თქმით, „ინსტრუქციის გარეშე ვარ და ხვალ ვერ გამოვცხადდები სხდომაზე“.
16. ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე, სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა გადანიშნა 2018 წლის 30 ნოემბერს, რის შესახებაც, მართალია, მოპასუხის წარმომადგენელი ინფორმირებული იყო, თუმცა სხდომის გადადების შესახებ კვლავ წარდგენილი მისი შუამდგომლობა სასამართლომ აღარ დააკმაყოფილა, შესაბამისად, ამავე დღეს (2018 წლის 30 ნოემბერს) სასამართლომ განიხილა საქმე და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი გადადო 2018 წლის 21 დეკემბერს, რის შესახებაც არ შეუტყობინებია მოპასუხე მხარის წარმომადგენლისთვის, რაც არ შეესაბამება ბელგიის სამოქალაქო საპროცესო კოდესის 747-ე მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული რეგულირებას.
17. 2018 წლის 21 დეკემბერს ოფიციალურად გამოცხადდა გადაწყვეტილების შინაარსი, რომლითაც ბ.ჰ. მ. ვ. გ–ის სარჩელი ტ.ვ.გ–ის წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.
18. საბოლოო ჯამში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა ვერ დაკმაყოფილდება, რადგან სახეზეა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ზემოაღნიშნული საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბ.ჰ. მ. ვ. გ–ის შუამდგომლობა ბელგიის ანტვერპენის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო და მოზარდების საქმეთა განყოფილების 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება N18/1173/A (გადაწყვეტილების ნომერი 18/23158) ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე