საქმე №ას-1629-2023 26 თებერვლი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ს.გ.ტ.კ–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ნ. და გ.კ–ია (მოსარჩელე, აპელანტი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ს.ნ. და გ.კ–იის“ სასარჩელო მოთხოვნა შპს „ს.გ.ტ.კ–იის“ მიმართ 1 552 413,6 ლარის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, სს „ს.ნ. და გ.კ–იამ“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 ნოემბრის განჩინებით სს „ს.ნ. და გ.კ–იის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 ნოემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სს „ს.ნ. და გ.კ–იამ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად, ხოლო 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით სს „ს.ნ. და გ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 ნოემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება „ნატახტარი-გორის“ 720 მმ მაგისტრალური გაზსადენის 254 მეტრიანი მონაკვეთისა და „ნატახტარი-გორის“ 820 მმ მაგისტრალური გაზსადენის 1518 მეტრიანი მონაკვეთის დანაკლისიდან, ასევე, ფოთის განშტოების 159 მმ დიამეტრის გაზსადენზე არსებული 562 მეტრიანი დანაკლისიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებული პროცესის ხარჯის განაწილების შესახებ; ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი და გაუქმებულ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით სს „ს.ნ. და გ.კ–იის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწვეტილება „ნატახტარი-გორის“ 720 მმ მაგისტრალური გაზსადენის 254 მეტრიანი მონაკვეთისა და „ნატახტარი-გორის“ 820 მმ მაგისტრალური გაზსადენის 1518 მეტრიანი მონაკვეთის დანაკლისიდან, ასევე ფოთის განშტოების 159 მმ დიამეტრის გაზსადენზე არსებული 562 მეტრიანი დანაკლისიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სს „ს.ნ. და გ.კ–იამ“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინები გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს.გ.ტ.კ–ია“-ს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
9. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
10. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
11.ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
12. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის მიხედვითაც, კასატორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 8 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრის, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, რომლის შესავსებადაც განესაზღვრა 10 (ათი) დღიანი ვადა.
13. კასატორის წარმომადგენელს, გ. ქ–ს (მინდობილობა ერთვის საქმეს ტ.2, ს.ფ. 250) სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად ეცნო განჩინების შინაარსი 2024 წლის 16 იანვარს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 17 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 26 იანვარს.
14. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2024 წლის 26 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს სასამართლოსთვის.
15.სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
16.მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ-ის 396-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.გ.ტ.კ“ -ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება
მოსამართლე: მირანდა ერემაძე