საქმე №ა-875-შ-23-2024 20 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორები – ი.კ–ძე, ტ.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.ს.დ–ი
განხილვის საგანი – ბელგიის აღმოსავლეთ ფლანდრიის ქ. დენდერმონდეს სასამართლოს 2012 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბელგიის აღმოსავლეთ ფლანდრიის ქ. დენდერმონდეს სასამართლოს 2012 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ.ს.დ–მა (დაბადებული 1947 წლის 17 აპრილს, ბერხემში, შემდეგში - მშვილებელი) შვილად აიყვანა ტ.კ–ძე (დაბადებული 1989 წლის 14 იანვარს თბილისში, საქართველოს მოქალაქე, შემდეგში - პირველი შუამდგომლობის ავტორი) და ი.კ–ძე (დაბადებული 1990 წლის 9 ნოემბერს, შემდეგში - მეორე შუამდგომლობის ავტორი).
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს ტ. და ი.კ–ძეებმა და ზემოხსენებულ ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვეს.
შუამდგომლობით წარმოდგენილია ცნობა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 24 ივლისს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: ბელგიის აღმოსავლეთ ფლანდრიის ქ.დენდერმონდეს სასამართლოს 2012 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ.ს.დ–მა (დაბადებული 1947 წლის 17 აპრილს, ბერხემში, შემდეგში - მშვილებელი) შვილად აიყვანა ტ.კ–ძე (დაბადებული 1989 წლის 14 იანვარს თბილისში, საქართველოს მოქალაქე, შემდეგში - პირველი შუამდგომლობის ავტორი) და ი.კ–ძე (დაბადებული 1990 წლის 9 ნოემბერს, შემდეგში - მეორე შუამდგომლობის ავტორი).
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი უცხო ქვეყნის სათანადოდ დამოწმებული და ნათარგმნი გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ძალაშია შესული. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი.კ–ძისა და ტ.კ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს, ბელგიის აღმოსავლეთ ფლანდრიის ქ. დენდერმონდეს სასამართლოს 2012 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ჯ.ს.დ–მა (დაბადებული 1947 წლის 17 აპრილს, ბერხემში, შემდეგში - მშვილებელი) შვილად აიყვანა ტ.კ–ძე (დაბადებული 1989 წლის 14 იანვარს თბილისში, საქართველოს მოქალაქე, შემდეგში - პირველი შუამდგომლობის ავტორი) და ი.კ–ძე (დაბადებული 1990 წლის 9 ნოემბერს, შემდეგში - მეორე შუამდგომლობის ავტორი);
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე