საქმე №ა-1190-შ-31-2024 11 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.რ–ვა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის ვიბორგის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე N 2-2741/2024
უდავო წარმოების მოთხოვნა - არასრულწლოვნის შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის ვიბორგის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით საქმეზე N 2-2741/2024 ა.ა. ძე რ–ის განცხადება არასრულწლოვნის, 27.12.2019 წელს დაბადებული დ.გ–ას შვილად აყვანის შესახებ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება 2024 წლის 20 თებერვალს შევიდა კანონიერ ძალაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2024 წლის 05 მარტს შუამდგომლობით მომართა ა.რ–ვამ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ცნობის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობებით აღიარებს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე გამოტანილ სამოქალაქო და საოჯახო საქმეთა იუსტიციის დაწესებულებათა გადაწყვეტილებებს, მათ შორის სასამართლოს მიერ ამგვარ საქმეებზე მორიგების შესახებ დამტკიცებული შეთანხმებებს და ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით ნოტარიალური აქტებს (შემდგომ - გადაწყვეტილებები).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
სსსკ-ის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არასათანადო მოსარჩელედ ითვლება ისეთი პირი, რომელსაც არ აქვს მოთხოვნის უფლება, ხოლო, იმის გასარკვევად, აქვს თუ არა პირს, რომელმაც სარჩელი აღძრა, მოთხოვნის უფლება, უნდა მივმართოთ მატერიალურ სამართალს. ამრიგად, სარჩელის აღმძვრელი პირის სათანადო მოსარჩელეობა განისაზღვრება მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე. არასათანადო მოსარჩელისაგან უნდა განვასხვავოთ სარჩელის აღძვრაზე არაუფლებამოსილი პირი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა გაფორმდეს კანონით განსაზღვრული წესით. თუ პირი აღძრავს სარჩელს სხვა პირის უფლების დასაცავად, მაგრამ მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ იქნება გაფორმებული კანონით დადგენილი წესით (სსკ-ს 96-ე მუხლი), მაშინ საქმე გვაქვს არაუფლებამოსილ პირთან. ამრიგად, არასათანადო მოსარჩელე, ესაა პირი, რომელმაც აღძრა სარჩელი თავისი უფლების დასაცავად, თუმცა არ აქვს ამ სარჩელით წამოყენებული მოთხოვნის უფლება. ანუ, არ აქვს მატერიალურ სამართლებრივი ინტერესი ამ საქმეში. არაუფლებამოსილი პირი კი, ესაა პირი, რომელმაც აღძრა სარჩელი სხვისი უფლების დასაცავად, მაგრამ არ აქვს ამ სხვა პირის მიერ სათანადო წესით გაფორმებული უფლებამოსილება.
მოცემულ შემთხვევაში, ცნობის მიზნით წარმოდგენილი გადაწყვეტილება გამოტანილია ალექსანდრ რიჩკოვის სასარგებლოდ, ხოლო შუამდგომლობის ავტორია ა.რ–ვა, ვინც მიუთითებს, რომ არის ალექსანდრ რიჩკოვის მეუღლე. მიუხედავად ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ვერ დასტურდება, რომ განმცხადებელი სათანადო, ან უფლებამოსილი პირია მოითხოვოს გადაწყვეტილების ცნობა, რადგან უშუალოდ ის არ არის გადაწყვეტილების მხარე, ასევე არ დასტურდება მისი და ალექსანდრ რიჩკოვის საქორწინო კავშირი და არც მინდობილობაა წარმოდგენილი. სასამართლო ასევე ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ არასრულწლოვნის დაბადების აქტში მითითებული დედის სახელი და გვარია ალექსანდრა კიბის, სასამართლოსთვის კი უცნობია აღნიშნული პიროვნება და შუამდგომლობის ავტორი - ალექსანდა რიჩკოვა არის თუ არა ერთი და იმავე პიროვნება. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა შუამდგომლობის არასთანადო ავტორი, ასევე არაუფლებამოსილი პირი, შესაბამისად, შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა.რ–ვას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის ვიბორგის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე N 2-2741/2024 ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე მირანდა ერემაძე