Facebook Twitter

№ა-2793-შ-82-2022

18 მარტი, 2024 წ. ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – სს „დ.კ.კ–ი“

მოწინააღმდეგე მხარეები – გ.ც–ძე, ო.ლ–ძე, დ.კ–ი, ნ.ლ–ი

განხილვის საგანი – რუსეთის ფედერაციის, ქალაქ ტიუმენის ლენინის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილების სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის, ქალაქ ტიუმენის ლენინის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 იანვრის განაჩენით გ.ც–ძეს, ო.ლ–ძეს, დ.კ–სა და ნ.ლ–ს სს „დ.კ.ქ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 1314880 რუბლის გადახდა, დანაშაულით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით შემოვიდა სს „დ.კ.კ–ის“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, ქალაქ ტიუმენის ლენინის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 იანვრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებისა და დანაშაულით მიყენებული ზარალის ანაზღაურების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი შუამდგომლობაზე და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის ქალაქ ტიუმენის ლენინის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 იანვრის განაჩენის (დანაშაულით მიყენებული ზარალის ანაზღაურების ნაწილში) აღსრულება არ მომხდარა ამ განაჩენის გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინების ნათარგმნი და დამოწმებული ასლი შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა 2022 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, თუმცა საფოსტო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოში არ დაბრუნებულა, რის შემდგომაც, ზემოაღნიშნული განჩინება სასამართლოს მიერ სს „დ.კ.კ–ის“ ოფიციალურ ელეტრონულ ფოსტაზე ....@mail.ru გაეგზავნა შუამდგომლობის ავტორს 2024 წლის 18 იანვარს.

2024 წლის 23 თებერვალს (დოკუმენტაციის ფოსტით გამოგზავნის თარიღი 14.02.2024) საკასაციო პალატას მომართა შუამდგომლობის ავტორმა და მიუთითა, რომ 2024 წლის 18 იანვარს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღო უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განჩინების ასლი. შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა 2021 წლის 02 ნოემბრის დადგენილება სააღსრულებო წარმოების დასრულების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ აღმასრულებლის მიერ მიღებული ყველა ღონისძიება წარუმატებელი აღმოჩნდა.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში "კონვენცია") მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის ქალაქ ტიუმენის ლენინის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 იანვრის განაჩენის (დანაშაულით მიყენებული ზარალის ანაზღაურების ნაწილში) აღსრულება არ მომხდარა ამ განაჩენის გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ მითითებულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველად.

ზემოაღნიშნული განჩინებისა და მისი თარგმანის ასლები შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, თუმცა საფოსტო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოში არ დაბრუნებულა, რის შემდგომაც, მითითებული განჩინება 2024 წლის 18 იქნვარს, შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე - ......@mail.ru.

სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა შეიცავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კონკრეტულ წინაპირობებს, რომელთა არარსებობისას სასამართლო საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესაძლებლობას მოკლებულია.

განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორმა საკასაციო სასამართლოს მომართა 2024 წლის 23 თებერვალს (დოკუმენტაციის ფოსტით გამოგზავნის თარიღი 14.02.2024) და წარმოადგინა დოკუმენტაცია ხარვეზის შევსების მიზნით. შუამდგომლობის ავტორი თავად აღნიშნავს, რომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განჩინების ასლი მიიღო 2024 წლის 18 იანვარს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 19 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 02 თებერვალს, რომელიც იყო სამუშაო დღე - პარასკევი. შუამდგომლობის ავტორს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და ამ ვადაში არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შუამდგომლობის ავტორმა საკასაციო პალატას ხარვეზის შევსების მიზნით მომართა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლითა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დაადგინა:

1. სს „დ.კ.კ–ის“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, ქალაქ ტიუმენის ლენინის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 იანვრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დანაშაულით მიყენებული ზარალის ანაზღაურების ნაწილში, დარჩეს განუხილველად.

2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და განემარტოს, რომ მას უფლება აქვს ამავე მოთხოვნით კვლავ აღძრას შუამდგომლობა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია