№ა-6512-ა-37-2023
12 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი – მ.ა–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.ა–ძე (მოსარჩელე), ნ.ა–ვა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ა–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა: გაუქმდა 2021 წლის 19 აპრილს გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე წყალტუბო, ........, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...... და უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა ნ.ა–ძე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით აპელანტს, ნ.ა–ვას დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ხარვეზის შევსების მიზნით წარმოედგინა: ა) სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის დროისთვის სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება (ექსპერტიზის დასკვნა, აუდიტის დასკვნა); ბ) დასაბუთებული/დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი იმდენი ასლის ოდენობით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში, სადაც მითითებული იქნება, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა, კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი, მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს, ასევე მითითებული იქნება სადავო უძრავი ქონების ღირებულების გათვალისწინებით სააპელაციო საჩივრის ფასი და შესაბამისი სასხელმწიფო ბაჟის ოდენობა; გ) დასაბუთებული/დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით; დ) უძრავი ქონების ღირებულების გათვალსწინებით, სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, იმის მითითებით, თუ რომელი განჩინების საფუძველზე განხორციელდა გადახდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განჩინებით აპელანტის, ნ.ა–ვას შუამდგომლობა ხარვეზის შევსებისთვის ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა; აპელანტს - ნ.ა–ვას გაუგრძელდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადა და იგი განისაზღვრა ამ განჩინების ასლის აპელანტისთვის ჩაბარებიდან 14 დღით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით ნ.ა–ვას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა; აპელანტს - ნ.ა–ვას გაუგრძელდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადა და იგი განისაზღვრა ამ განჩინების ასლის აპელანტისთვის ჩაბარებიდან 10 დღით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით ნ.ა–ვას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ნ.ა–ვას სააპელაციო საჩივარი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინებით ნ.ა–ვას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
2023 წლის 18 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეებმა წარმოადგინეს სანოტარო წესით დამოწმებული მორიგების აქტი და მოითხოვეს აღნიშნული მორიგების დამტკიცება. მხარეებმა ასევე იშუამდგომლეს მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
2023 წლის 2 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეებმა წარმოადგინეს სანოტარო წესით დამოწმებული დაზუსტებული მორიგების აქტი და მოითხოვეს აღნიშნული მორიგების დამტკიცება. მხარეებმა ასევე იშუამდგომლეს მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდა მორიგება, ერთი მხრივ, ნ.ა–ვას (კერძო საჩივრის ავტორი, მოპასუხე), მეორე მხრივ, ნ.ა–ძეს (კერძო საჩივრის მოწინააღმდეგე მხარე, მოსარჩელე) შორის, შემდეგი პირობებით:
1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სადავო უძრავი ქონება მდებარე: წყალტუბო,......... (ს/კ .....) დარჩებოდა ნ.ა–ვას პ/ნ ....... საკუთრებად;
2. წინამდებარე აქტის პირველ პუნქტში აღნიშნული უძრავი ნივთი ნ.ა–ძის სასარგებლოდ დაიტვირთებოდა პირადი სერვიტუტით მისი სიცოცხლის ხანგრძლივობით;
3. ნ.ა–ძეს მიეცემოდა უფლება, უძრავი ნივთი თავისთვის გამოეყენებინა ბინად;
4. მხარეებმა აიღეს ვალდებულება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ პირად სერვიტუტს დაარეგისტრირებდნენ საჯარო რეესტრში;
5. შეწყდა წინამდებარე საქმის წარმოება და გაუქმდა საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება.
6. განემარტათ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლებოდა.
2024 წლის 2 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მ.ა–ძის რწმუნებულმა წარმოადგინა განცხადება, რომლითაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინების ბათილად ცნობა და მიუთითა, რომ ნ.ა–ძესა და ნ.ა–ვას შორის, სადავო უძრავ ქონებაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული მორიგების შესახებ შეიტყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მ.ა–ძის საჩივრის განხილვისას, რის შედეგადაც გაუქმდა ქ. წყალტუბოს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება ნ.ა–ძის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების დასაშვებობის წინაპირობების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 08 ივნისის განჩინებით ნ.ა–ვას კერძო საჩივარზე საქმის წარმოება დასრულდა და აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაშია შესული. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამავე კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. ამავე კოდექსის LII თავით განსაზღვრულია საქმის წარმოების განახლების საფუძვლები, რომელიც საქმის წარმოების საგამონაკლისო წესს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში მხარის მოთხოვნა სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე ან 423-ე მუხლის მოთხოვნებთან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. სსსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის მიერ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს, შეიცავს თუ არა წარმოდგენილი განცხადება კანონით დადგენილ აუცილებელ მონაცემებს და არსებობს თუ არა მისი დასაშვებად ცნობის წინაპირობები. კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადების შეუსაბამობა შესაძლოა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი გახდეს.
სსსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას; ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება; გ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე; დ) მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე; ე) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას.
მითითებული ნორმა შეიცავს იმ აუცილებელ მონაცემთა ჩამონათვალს, რომელთაც საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს და რომელთა არსებობაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ განცხადების დასაშვებობის ეტაპზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. მითითებული მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით განცხადება შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა შესაბამისი გარემოების არსებობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა.
მოცემულ შემთხვევაში, მ.ა–ძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 08 ივნისის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაში უთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მისთვის ცნობილი გახდა ნ.ა–ძესა და ნ.ა–ვას შორის საქართველოს უზენაეს სასამართლოში მორიგების დამტკიცების შესახებ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 09 აგვისტოს განჩინებით კი დაკმაყოფილდა მ.ა–ძის საჩივარი და გაუქმდა ქ. წყალტუბოს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება ნ.ა–ძის მემკვიდრედ და უძრავ ქონებაზე (მდებარე: წყალტუბო, .....) მესაკუთრედ ცნობის შესახებ, რის გამოც სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე), განმცხადებელი ითხოვს საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 08 ივნისის განჩინების ბათილად ცნობას.
საკასაციო პალატა ყურადღების მიღმა ვერ დატოვებს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაში მ.ა–ძე თავად ადასტურებს იმას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრის განხილვისას, სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი საქართველოს უზენაეს სასამართლოში ნ.ა–ძესა და ნ.ა–ვას შორის მორიგების დამტკიცების შესახებ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ გამოტანილია 2023 წლის 09 აგვისტოს და უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 08 ივნისის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის საფუძველი წარმოეშვა 2023 წლის 09 აგვისტოდან - სააპელაციო სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებიდან, რამეთუ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ.ა–ძის საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა ქ. წყალტუბოს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება, რომელიც წარმოადგენდა ნ.ა–ძის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს.
გამომდინარე იქიდან, რომ განმცხადებელი თვითონ უთითებს სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვისას (2023 წლის 09 აგვისტომდე) უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 08 ივნისის განჩინების შესახებ მის ინფორმირებაზე, ხოლო 2023 წლის 09 აგვისტოს განჩინების გამოტანის შემდგომ მას წარმოეშვა უზენაესი სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის უფლება, სწორედ 2023 წლის 09 აგვისტოდან უნდა აითვალოს სსსკ-ის 426-ე მუხლით გათვალისწინებული განცხადებით მომართვის ერთთვიანი ვადა. აღნიშნულ ვადაში სსსკ-ის 427-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო პალატისათვის მომართვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია განმცხადებელს არ წარმოუდგენია.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ განმცხადებლის განმარტებით, მან სასამართლოს მომართა 2023 წლის 28 ნოემბერს, 19 დეკემბერსა და 20 დეკემბერს, რაც მის მიერ გასაჩივრების ვადის დაცვას ვერ ადასტურებს. სსსკ-ის 429-ე მუხლი მხარეს ავალდებულებს ბათილად ცნობის შესახებ განცხადებით სასამართლოსათვის ერთი თვის ვადაში მიმართვას, ბათილად ცნობის საფუძვლის შეტყობის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში, მ.ა–ძემ არა თუ ერთი თვის ვადაში მომართა სასამართლოს შესაბამისი განცხადებით, არამედ, თავადვე მიუთითებს, რომ პირველი მოქმედება განჩინების მოსაპოვებლად განახორციელა 2023 წლის 09 აგვისტოდან (გასაჩივრების საფუძვლის არსებობიდან) თითქმის სამი თვის შემდეგ. ამდენად, განმცხადებელს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებასთან ერთად არ წარმოუდგენია გასაჩივრების ერთ თვიანი ვადის დაცვის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არც აღნიშნული ვადის დაცვის დამადასტურებელ გარემოებებზე მიუთითებია, რის გამოც განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, განმცხადებელმა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნით საკასაციო პალატას მომართა შესაბამისი გარემოების წარმოშობის მომენტიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად. ამასთან, განმცხადებელს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ს.ჩ–ის მიერ 2023 წლის 18 ნოემბერს №9521 საგადახდო დავალებით გადახდილი 100 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე, 427-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ა–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად;
2. მ.ა–ძეს (......) დაუბრუნდეს განცხადებაზე ს.ჩ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი (საგადახდო დავალება 9521, გადახდის თარითღი 18.11.2023წ.).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია