Facebook Twitter

№ას-585-2023

15 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე.ზ–ვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ე.ზ–ვამ (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად საყვედურის გამოცხადების შესახებ 2021 წლის 16 ოქტომბრისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2022 წლის 23 თებერვლის ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით (დაზუსტებული სარჩელი ტ. 2, ს.ფ. 3-23).

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილებით, ე.ზ–ვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 დეკემბრის განჩინებით ე.ზ–ვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილების პირველი მუხლის 36-ე პუნქტის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 ივლისის №597 ბრძანებულებით შექმნილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის“ უფლებამონაცვლეს.

5.2. მუზეუმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 11 მარტის №05/21 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ- არქიტექტურული მუზეუმის დებულებით. მითითებული დებულების მე-3 მუხლის თანახმად, მუზეუმის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებენ მუზეუმის შინაგანაწესისა და არსებული ინსტრუქციების შესაბამისად, მათთვის დადგენილ კომპეტენციათა ფარგლებში. მუზეუმის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელიც ხელმძღვანელობს მუზეუმის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; განაგებს მუზეუმის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე; საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუზეუმის თანამშრომლებს; საქართველოს „შრომის კოდექსის“ შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს. კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები; ამავე დებულების მე-31-32-ე მუხლების თანახმად, მუზეუმის მართვის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო ორგანო – მუზეუმის სტრატეგიული განვითარების საბჭო, რომლის ფუნქციაა მუზეუმის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება და სამინისტროსთან შეთანხმებით მისი დამტკიცება. მუზეუმის მართვის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი ორგანიზაციული, სტრუქტურული და საშტატო ცვლილებების საკითხის განხილვა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და სხვა.

5.3. სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფის, მუზეუმსა და მასში დასაქმებულ პერსონალს შორის სამსახურის განხორცელებასთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგებისა და სამსახურში ეთიკური ნორმების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, პერსონალის უფლებებისა და თავისუფლების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით მოქმედებს სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შინაგანაწესი, რომელიც შრომის განაწესთან ერთად ადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებსა და საფუძვლებს.

5.4. მოსარჩელე ე.ზ–ვა მუზეუმში ექსკურსიამძღოლის თანამდებობაზე დასაქმებული იყო 2011 წლიდან. მისი სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა თვეში 750 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

5.5. სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორის ლ.ბ–ას 2017 წლის 01 თებერვლის ბრძანებით, ე.ზ–ვა, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, მუზეუმში განხორციელებული რეორგანიზაციის გამო, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ე.ზ–ვა მუზეუმის დირექტორის 2019 წლის 01 მარტის №19 ბრძანებით აღდგენილი იქნა ექსკურსიამძღოლის თანამდებობაზე.

5.6. 2021 წლის 10 სექტემბერს, სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექციას განცხადებით მიმართა მუზეუმის სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერმა ნ.ფ–ამ და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ძირითად სამსახურთან ერთად დასაქმებულია კერძო სექტორში (სადაც მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს უტარებს სასწავლო კურსს მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში), ითხოვა მის მიმართ სამუშაო დროს განსაზღვრა შრომის შინაგანაწესით განსაზღვრული წესისაგან განსხვავებულად. კერძოდ, ითხოვა ნება დაერთოს სასწავლო წლის განმავლობაში (9 თვის განმავლობაში) ოთხშაბათსა და პარასკევს გათავისუფლდეს სამ საათზე, აქედან ერთი საათი - შესვენების დროის გათვალისწინებით, დანარჩენ დღეებში კი - სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს კუთვნილი შესვენების გამოყენების ხარჯზე გათავისუფლდეს 17:00 საათიდან.

5.7. მუზეუმის სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერის ნ.ფ–ას განცხადების განხილვის მიზნით, 2021 წლის 15 ოქტომბერს, სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში გაიმართა მუზეუმის თანამშრომელთა შეხვედრა, (თათბირი), რომელსაც ესწრებოდნენ სტატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარე გ.კ–ია, მუზეუმის დირექტორი ა.ო–ვა და მუზეუმის თანამშრომლები, მათ შორის მოსარჩელე ე.ზ–ვა, რომელმაც მხარი დაუჭირა ნ.ფ–ას მოთხოვნას.

5.8. დადგენილია, რომ სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შინაგანაწესის მე-4.2 მუხლით განსაზღვრულია სამუშაო და დასვენების დრო. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მუზეუმში დაწესებულია ხუთდღიანი სამუშაო კვირა, სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით, გარდა საგამოფენო დარბაზისა, რომელიც მუშაობს კვირაში 6 დღე, სამშაბათიდან კვირის ჩათვლით. ყოველდღიურად სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. შინაგანაწესის მე-13 მუხლის თანახმად, პერსონალს კვებისა და დასვენებისათვის ეძლევა შესვენება სამუშაო დღის 13:00 საათიდან 14:00 საათამდე.

5.9. ნ.ფ–ას განცხადება, რომელიც შეეხებოდა შინაგანაწესისაგან განსხვავებული, განმცხადებლის ინტერესებზე მორგებული ფორმით, სამუშაო დროის გადანაწილებას, ობიექტური მიზეზებით მხარდაჭერილი არ იქნა მუზეუმის დირექტორის მიერ, რამაც მოსარჩელე ე.ზ–ვას უკმაყოფილება გამოიწვია. ამასთან, საკუთარი პოზიციის გამოხატვისას, ე.ზ–ვა გასცდა კორექტულობის ფარგლებს და შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა მუზეუმის დირექტორის მიმართ. საქმეში წარმოდგენილი, მუზეუმის თანამშრომლებთან შეხვედრის 2021 წლის 15 ოქტომბრის N17 ოქმის თანახმად, მუზეუმის სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერის ნ.ფ–ას განცხადების განხილვისას, (რომელიც შეეხებოდა სამუშაო დროის გადანაწილებას მის მიერ შეთავაზებული წესით). მუზეუმის ექსკურსიამძღოლმა ე.ზ–ვამ თანამშრომლების თანდასწრებით დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის - ა.ო–ვას მიმართ განაცხადა - „აქ რომ მოეთრიე და ლ.ბ–ამ მოგათრია, ჯერ ნარკოლოგიური შემოწმება გაიარე და მერე ილაპარაკე“. ე.ზ–ვას მიერ პოზიციის კონფლიქტური ფორმით გამოხატვამ ფაქტობრივად თათბირის ჩაშლა გამოიწვია. მართალია, სამსახურებრივი თათბირის მიმდინარეობა, მუზეუმში დადგენილი წესის შესაბამისად, აუდიო/ვიდეო გადაღების მეშვეობით ფიქსირებული არ ყოფილა, მაგრამ ზემოთ აღნიშნული გარემოება, კერძოდ, ე.ზ–ვას არაეთიკური/არაკორექტული ქმედება - დირექტორის მიმართ შეურაცხმყოფელი და მადისკრედიტირებელი შინაარსის სიტყვების საჯაროდ გამოყენება, დადასტურებულია შეხვედრის/თათბირის მონაწილე 11 თანამშრომლის ხელმოწერითა და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების - ნ.ფ–ას და გ.კ–იას ჩვენებებით. ე.ზ–ვა არ უარყოფდა მითითებული ფრაზების გამოყენების ფაქტს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ამ სიტყვებით მიმართა მუზეუმის ყოფილ დირექტორს ლ.ბ–ას და არა უშუალოდ ა.ო–ვას, მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს.

5.10. 2021 წლის 15 ოქტომბერს, მუზეუმის დირექტორს - ა.ო–ვას, წერილობითი რეკომენდაციით მიმართა სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარემ გ.კ–იამ და სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დებულების 31-32 მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ე.ზ–ვას მიმართ სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა, 2021 წლის 15 ოქტომბერს უწყების თანამშრომლისათვის მიუღებელი საქციელის გამო (რაც წერილის მიხედვით გამოიხატა საქმიანი თათბირის ჩაშლაში, შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებაში, როგორც თათბირზე, ასევე, თათბირის შემდეგ მუზეუმის შიდა ეზოს აივანზე).

5.11. სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 16 ოქტომბრის N78 ბრძანებით, სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმის ექსკურსიამძღოლ ე.ზ–ვას გამოეცხადა საყვედური, „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილების მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით (საჯარო მოსამსახურე არის კორექტული და თავაზიანი თანამშრომლებთან ურთიერთობისას; საჯარო მოსამსახურე ცდილობს, თავიდან აირიდოს თანამშრომლებთან მიმართებით საჯარო მოსამსახურისათვის შეუფერებელი საქციელი და ამგვარი საქციელის გამოვლენისას მზად არის მოიხადოს ბოდიში). 21-ე მუხლის პირველი პუნქტით (საჯარო მოსამსახურე პატივს სცემს თანამშრომლების კომპეტენციას, გამოცდილებასა და შეხედულებებს) და სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების მე-16 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-5 პუნქტებით (პერსონალი ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და ღირსებას; პერსონალისათვის დაუშვებელია საზოგადოებრივი ნორმების წინააღმდეგ ან პერსონალისა და მუზეუმის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სად არის იგი ჩადენილი; მოქალაქეებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას პერსონალი ვალდებულია დაიცვას ეთიკური და ზნეობრივი ნორმები. გააცნოს საკუთარი თავი და დაკავებული თანამდებობა, იყოს ყურადღებიანი და ზრდილობიანი) დადგენილი წესის/ვალდებულების დარღვევისათვის.

5.12. 2022 წლის 11 თებერვალს, 10 საათიდან 11 საათამდე პერიოდში, მუზეუმის დირექტორმა ა.ო–ვამ (იმყოფებოდა რა მუზეუმის თანამშრომლებთან - ტექნიკურ პერსონალ მ.ზ–ასა და სამეურნეო განყოფილების უფროსთან გ.ჯ–თან ერთად) საგამოფენო დარბაზების სტანდარატული შემოვლისას, გამოავლინა, რომ მუზეუმის ოთხ საგამოფენო დარბაზში (მათ შორის, ე. წ. იარაღების დარბაზში, ე–ს დარბაზში, სასადილო დარბაზში და ნაპოლეონის დარბაზში) არ იმყოფებოდნენ მეთვალყურეები, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დარბაზს ემსახურება შესაბამისი მეთვალყურე, რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა დარბაზებში განთავსებული ექსპონატების უსაფრთხოებაზე. თანამშრომლების გაფრთხილებისა და მათი მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის, თუნდაც მცირე დროით, შეუსრულებლობის პირობებში მოსალოდნელი საფრთხის თვალნათლივ ჩვენების მიზნით, მუზეუმის დირექტორმა ა.ო–ვამ საგამოფენო დარბაზიდან ერთი სამუზეუმო ექსპონატი გადაიტანა სააქტო დაარბაზში და თანამშრომლების მ.ზ–ასა და გ.ჯ. თანდასწრებით განათავსა სააქტო დარბაზში არსებულ ვიტრინაზე, რის შემდეგაც მოიხმო პასუხისმგებელი პირები, რომლებმაც დარბაზიდან ექსპონატის გატანის ფაქტი ვერ შენიშნეს. დირექტორმა პასუხისმგებელ პირებს მისცა შესაბამისი გაფრთხილება ექსპონატების უსაფრთხოების თვალსაზრისით მოსალოდნელი საფრთხისა და შრომითი მოვალეობების სათანადოდ განხორციელების აუცილებლობის შესახებ, რის შემდეგაც ექსპონატი დაბრუნებული იქნა საგამოფენო სივრცეში, მისი განთავსების ადგილზე.

5.13. 2022 წლის 17 თებერვალს, მოსარჩელე ე.ზ–ვამ, (მას შემდეგ, რაც ზემოთ აღნიშნული ფაქტის შესახებ შეიტყო), ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა მუზეუმის სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარეს გ.კ–იას. საქმეში წარმოდგენილი, ხმოვანი შეტყობინების სტენოგრამის თანახმად, მოსარჩელე ე.ზ–ვამ მუზეუმის სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარეს შეატყობინა, „მუზეუმის დირექტორის მიერ ექსპონატის საგამოფენო დარბაზიდან მოპარვისა და შემდეგ ვითომ უკან დაბრუნების“ ფაქტის თაობაზე; მოითხოვა ამ ფაქტის შეფასება და კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი, თუკი ნივთი გადაადგილებისას დაზიანდებოდა; ასევე, მოითხოვა სამუზეუმო წესრიგის დასაცავად ზომების მიღება, რათა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს თავისი ადგილი მისჩენოდა, ჯერ ესწავლა მუზეუმის წესები და მერე გამხდარიყო დირექტორი. ხმოვანი შეტყობინების მიღებისთანავე მუზეუმის სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარემ განახორციელა სამსახურებრივი მოკვლევა მუზეუმის საგამოფენო დარბაზიდან დირექტორის მიერ ექსპონატის შესაძლო მოპარვის ფაქტზე. მოკვლევის შედეგად მუზეუმის დირექტორის მხრიდან რაიმე გადაცდომის ფაქტი არ დადასტურდა.

5.14. 2022 წლის 18 თებერვალს, მუზეუმის დირექტორის ა.ო–ვას ინიციატივით, მოწვეული იქნა დადიანების სასახლეთა ისტორიულ- არქიტექტორული მუზეუმის თანამშრომელთა თათბირი, რომელზეც დირექტორმა თანამშრომლებს გააცნო 11.02.2022 წლის შემთხვევისა და ე.ზ–ვას მიერ 17.02.2022 წელს განხორციელებული ხმოვანი შეტყობინების შინაარსი. თათბირის მიმდინარეობის ამსახველი №4 ოქმის შინაარსით (რომლის ობიექტურობა და სისწორე მოსარჩელის მიერ შედავებული არ არის) დასტურდება, რომ დირექტორის არაერთი მცდელობის მიუხედავად, აეხსნა 2022 წლის 11 თებერვლის შემთხვევის განმაპირობებელი მიზეზების შესახებ და რომ მისი მოქმედება (ექსპონატის გადაადგილება) არ სცილდებოდა მუზეუმის დებულებითა და „სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და დაცვის შესახებ“ ინსტუქციით გათვალისიწინებული უფლებამოსილების ფარგლებს, ასევე, ე.ზ–ვასადმი დირექტორის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ გაეგრძელებინათ კონსტუქციული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა, ე.ზ–ვამ თათბირზე არაერთხელ განაცხადა, რომ: - „დირექტორმა საერთოდ არ იცის მუზეუმის წესები“; „მუზეუმის არაფერი გაეგება, იმიტომ იქცევა ასე;“ „ვერ ამყარებს თანამშრომლებთან ნორმალურ კომუნიკაციას“; „მოიპარა ნივთი“; „ზედამხედველს მოპარა ნივთი“; „არ უნდა მოეპარა ნივთი“; „სააქტო დარბაზში მყოფი პირები იყვნენ დირექტორის მონაწილეები - მოპარვის მონაწილეები“ და ა. შ.

5.15. 2022 წლის 18 თებერვალს, სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ- არქიტექტურული მუზეუმის ექსკურსიამძღოლ ე.ზ–ვას, მუზეუმის შინაგანაწესის დარღვევისათვის (რაც გამოიხატა მუზეუმის ხელმძღვანელის მიმართ ღირსების შეურაცხმყოფელ და საქმიანი რეპუტაციის შემლახავ გამოხატვაში) მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება (შენიშვნა) №4 ოქმში შეტანით. სამსახურებრივ თათბირზე, მუზეუმის დირექტორმა ე.ზ–ვას მოუწოდა სამომავლოდ კონსტრუქციული, ურთიერთპატივისცემასა და ხელშეწყობაზე დამყარებული თანამშრომლობისაკენ. საყურადღებოა, რომ ე.ზ–ვას არცერთ შემთხვევაში არ გამოუხატავს მზაობა კონსტუქციულ, ურთიერთპატივისცემაზე და ნდობაზე დამყარებულ თანამშრომლობაზე. დადგენილია, რომ მითითებული დისციპლინური სახდელის დაკისრების ფაქტი ე.ზ–ვას სათანადო წესით სადავოდ არ გაუხდია.

5.16. იმავე დღეს, 2022 წლის 18 თებერვალს, სამსახურებრივი თათბირის შემდეგ, ე.ზ–ვამ მუზეუმის სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარეს - გ.კ–იას კვლავ გაუგზავნა ხმოვანი შეტყობინება, რომელშიც მიუთითა, რომ უგზავნიდა მუზეუმის თანამშრომელთან პირადი საუბრის ჩანაწერს, რომელიც შეეხებოდა მუზეუმის დირექტორის მიერ 11.02.2022წ. განხორციელებული ქმედების შეფასებას. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ 2022 წლის 17 თებერვალს, ე.ზ–ვამ ფარულად ჩაიწერა თანამშრომელთან - მუზეუმის მეთვალყურეთა ჯგუფის უფროს ნ.ჩ–ასთან პირადი საუბარი, (სადაც ნ. ჩ–ია საუბრობს 2022 წლის 11 თებერვლის ფაქტთან დაკავშირებით) და 2022 წლის 18 თებერვალს, მისი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე გაავრცელა ის, მუზეუმის სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარისათვის გადაგზავნით. 2022 წლის 22 თებერვალს, მოწვეული იქნა სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის თანამშრომელთა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ მუზეუმის სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარე გ.კ–ია, დირექტორი ა.ო–ვა და მუზეუმის თანამშრომლები, მათ შორის ე.ზ–ვა. გ.კ–იამ თათბირის მონაწილეებს გააცნო ე.ზ–ვას მიერ გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინების შინაარსი, რაც შეიცავდა ინფორმაციას ე.ზ–ვას მიერ მუზეუმის მეთვალყურეთა ჯგუფის უფროსთან ნ.ჩ–ასთან პირადი საუბრის ჩაწერის შესახებ. მუზეუმის სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარის, გ.კ–იას ჩვენებით დგინდებოდა, რომ ე.ზ–ვასგან მიიღო დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის მეთვალყურეთა ჯგუფის უფროსთან ნ.ჩ–ასთან საუბრის ჩანაწერი. საკითხის შემოწმებისას დადასტურდა, რომ ე.ზ–ვამ ფარულად ჩაწერა თანამშრომელთან პირადი საუბარი და მას გაუგზავნა. სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარემ ეს ქმედება მიიჩნია მძიმე დისციპლინურ გადაცდომად, რის გამოც მუზეუმის დირექტორს მისცა რეკომენდაცია ე.ზ–ვას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. დადგენილია, რომ 2022 წლის 19 თებერვალს, მუზეუმის დირექტორს განცხადებით მიმართა ამავე მუზეუმის მეთვალყურეთა ჯგუფის უფროსმა ნ.ჩ–ამ და მიუთითა, რომ მას ე.ზ–ვასათვის არასოდეს მიუცია უფლება ჩაეწერა მისი პირადი საუბარი. ასევე დაადასტურა, რომ თუ ასეთი ჩანაწერი არსებობს, ის მოპოვებულია უკანონოდ, მისი თანხმობის გარეშე.

5.17. სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორის 2022 წლის 23 თებერვლის N14 ბრძანებით, მოსარჩელე ე.ზ–ვა 2022 წლის 01 მარტიდან გათავისუფლდა სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ექსკურსიამძღოლის თანამდებობიდან, საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შინაგანაწესის და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების მე-16 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-5 პუნქტების საფუძველზე.

5.18. საქმეში წარმოდგენილი 2021 წლის 21 დეკემბრის საშტატო ნუსხის თანახმად, სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმში არსებობდა ექსკურსიამძღოლის 5 საშტატო ერთეული, ხოლო 2022 წლის 1 ოქტომბრის საშტატო ნუსხით დასტურდებოდა, რომ დავის განხილვის პერიოდში, სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმში არსებობდა ექსკურსიამძღოლის მხოლოდ 3 საშტატო ერთეული, რომლებიც მოდავე მხარეების განმარტებით არ იყო ვაკანტური.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.19. პალატამ მიუთითა, რომ 2021 წლის 16 ოქტომბერს, ე.ზ–ვას მიერ განხორციელდა მუზეუმის დირექტორის მოვალეობრის შემსრულებლის მიმართ საჯაროდ, თანამშრომლების თანდასწრებით, არაკორექტული და შეურაცხმყოფელი გამოხატვის ფაქტი, რაც მოპასუხემ დაადასტურა შესაბამის ფაქტებზე მითითებითა და ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენით. აღნიშნული გადაცდომისათვის ე.ზ–ვას გამოეცხადა საყვედური, რაც პალატის მოსაზრებით, წარმოადგენდა დისციპლინური გადაცდომის სრულიად პროპორციულ და თანაზომიერ პასუხისმგებლობის ზომას და ასევე ქმნიდა საფუძველს სამომავლოდ კონსტრუქციული და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული შრომითი ურთიერთობის გასაგრძელებლად. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ე.ზ–ვასათვის საყვედურის გამოცხადების შესახებ, მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 16 ოქტობრის ბრძანების გაუქმების ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძველი.

5.20. დისციპლინური სახდელის დაკისრებიდან ერთი წლის გასვლამდე 2022 წლის 18 თებერვალს, ე.ზ–ვასთვის გამოცხადებული სიტყვიერი გაფრთხილება, (შენიშვნა) ოქმში შეტანით, რასაც საფუძვლად დაედო მუზეუმის დირექტორის მიმართ საჯაროდ, თანამშრომლების თანდასწრებით, არაკორექტული, შეურაცხმყოფელი და მადისკრედიტირებელი ფორმით გამოხატვის ფაქტი, მაშინ როცა შრომის შინაგანაწესის მე-16 მუხლი ავალდებულებდა სხვა პირის ღირსების პატივისცემას, ეთიკური და ზნეობრივი ნორმების დაცვას, უკრძალავდა საზოგადოებრივი ნორმების წინააღმდეგ, პერსონალის დისკრედიტაციისკენ მიმართულ ქმედებას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, დამსაქმებელის მიერ შინაგანაწესით გათვალისწინებულ ღონისძიებათაგან პასუხისმგებლობის პროპორციულ, თანაზომიერ და ადეკვატურ პასუხისმგებლობის ზომად ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან მიმართებით.

5.21. პალატამ მიუთითა, რომ ისეთ ვითარებაში, როცა მოსარჩელის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე იყო გამოყენებული შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. ასევე დგინდებოდა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე (23.02.2022წ) ერთი წლის განმავლობაში ე.ზ–ვას ორჯერ დაედო სახდელი შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის, რაც ორივე შემთხვევაში გულისხმობდა შრომის შინაგანაწესის მე-16 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მოვალეობების დარღვევას, სახეზე იყო შრომის კოდექსის 47-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი.

5.22. პალატამ აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებდა მოსარჩელის პოზიციას იმის შესახებ, რომ იგი ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციით დაცულ აზრის გამოხატვის უფლებას, რაც დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და რაც ორივე შემთხვევაში გამორიცხავდა მის პასუხისმგებლობას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც იმგვარი გამოხატვა, რომლის ერთადერთ მიზანსაც, პირის დამცირება, მისი პატივისა და ღირსების შელახვა წარმოადგენს, ვერ ისარგებლებს კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით.

5.22. პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მან თანამშრომელთან პირადი საუბრის ფარულად ჩაწერა განახორციელა თვითდახმარების ფარგლებში, ვინაიდან გამოვლენილი ვერ იქნა დასაქმებულის ობიექტური საჭიროება, რაც პირადი საუბრის ფარულად ჩაწერასა და გავრცელებას გაამართლებდა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორი მიუთითებს, რომ არ ეთანხმება დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ ისტორიულ მუზეუმში თანამშრომლებთან შეხვედრის N17 ოქმში დაფიქსირებულ პოზიციას, თითქოს საკითხის განხილვის დროს დირექტორის მისამართით წარმოთქვა შეურაცხმყოფელი სიტყვები. ოქმში ფაქტები დამახინჯებულადაა ასახული, რადგან მასში არ არის მითითებული, რომ კონფლიქტი გამოიწვია მოსარჩელის პოზიციის დაფიქსირებამ თათბირზე, რაზეც დაუპირისპირდა დირექტორი. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ კონფლიქტი მის მიერ არ ყოფილა გამოწვეული. ე.ზ–ვა ასევე მიუთითებს, რომ თათბირზე მას არ მიეცა აზრის დაფიქსირების საშუალება, რასაც მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება და მისი მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართვა, აღნიშნულს კი შედეგად მოჰყვა 2021 წლის 16 ოქტომბრის N79 ბრძანების საფუძველზე, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად საყვედურის გამოცხადება.

6.2. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ მოსარჩელის მიმართ, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და დადიანების სასახლეთა სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარის, გ.კ–იას მხრიდან დაპირისპირების ხელოვნურად პროვოცირება და ნორმალური სამუშაო პირობების დარღვევა ტენდენციურ ხასიათს ატარებდა. მიზამიმრთულად ხორციელდებოდა მოსარჩელის შრომითი უფლებების შეზღუდვა, რათა შექმნილიყო ხელმეორედ გათავისუფლების ხელოვნური საფუძველი. კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა.

6.3. მუზეუმის დისკრედიტაციისაკენ მიმართულ უღირს საქციელსა და ბრალეულ ქმედებაზე მითითება ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან მოსარჩელის მიერ ადგილი ჰქონდა აზრის გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით.

6.4. სააპელაციო პალატამ კასატორის მოსაზრებით, ასევე არასწორად შეაფასა მის მიერ ზუგდიდის დადიანების სასახლეების სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარის გ.კ–იასთვის გაგზავნილი შეტყობინების შინაარსი და ასევე მოსარჩელის მიერ გაკეთებული ჩანაწერის შეფასება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო საჩივრით სადავოა დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილობის საფუძვლის არსებობა.

13. განსახილველ შემთხვევაში, ე.ზ–ვას დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი, (რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.) და სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების მე-16 მუხლის პირველი (პერსონალი ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თევისუფლებებს და ღირსებას), მე-2 (პერსონალისთვის დაუშვებელია ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან პერსონალისა და მუზეუმის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სად არის იგი ჩადენილი), მე-5 (მოქალაქეებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას პერსონალი ვალდებულია დაიცვას ეთიკური და ზმეობრივი ნორმები. გააცნოს საკუთარი თავი და დაკავებული თანამდებობა, იყოს ყურადღებიანი და ზრდილობიანი) პუნქტები, ასევე მუზეუმის დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ (დირექტორი თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუზეუმის თანამშრომლებს) ქვეპუნქტი.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია დამსაქმებლის უფლების გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.

15. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შრომის სამართალში პრინციპი - „Ultima Ratio“, ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზშედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის (სუსგ №ას-1350-2019, 27.11.2019წ; №ას-368-2019, 31.07.2019წ., პ.23; №ას-416-399-2016, 29.06.2016წ.).

16. პალატა ასევე მიუთითებს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). საგულისხმოა, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა (შდრ: სუსგ. №ას-630-630-2018, 6 ივლისი, 2018 წელი; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი).

17. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 16 ოქტომბრის N78 ბრძანებით მოსარჩელის მიმართა გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური. 2022 წლის 18 თებერვალს, სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის ექსკურსიამძღოლ ე.ზ–ვას, მუზეუმის შინაგანაწესის დარღვევისათვის (რაც გამოიხატა მუზეუმის ხელმძღვანელის მიმართ ღირსების შეურაცხმყოფელ და საქმიანი რეპუტაციის შემლახავ მიმართვაში) მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება (შენიშვნა) №4 ოქმში შეტანით. სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორის 2022 წლის 23 თებერვლის N14 ბრძანებით, მოსარჩელე ე.ზ–ვა 2022 წლის 01 მარტიდან გათავისუფლდა სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ექსკურსიამძღოლის თანამდებობიდან, საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შინაგანაწესის, დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების მე-16 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-5 პუნქტებისა და სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

18. კასატორი მიუთითებს, რომ არ ეთანხმება სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ ისტორიულ მუზეუმში თანამშრომლებთან შეხვედრის N17 ოქმში დაფიქსირებულ პოზიციას, თითქოს საკითხის განხილვის დროს დირექტორის მისამართით წარმოთქვა შეურაცხმყოფელი სიტყვები. კონფლიქტი გამოიწვია მოსარჩელის პოზიციის დაფიქსირებამ თათბირზე, რაზეც დაუპირისპირდა დირექტორი. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ კონფლიქტი მის მიერ არ ყოფილა გამოწვეული. აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-რქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლებთან შეხვედრის N17 ოქმით დასტურდება მოსარჩელის მიერ მუზეუმის შინაგანაწესის დარღვევის ფაქტი. კერძოდ, ე.ზ–ვამ დორექტორის მიმართ წარმოთქვა შეურაცხმყოფელი სიტყვები, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ შეხვედრაზე მყოფი თანამშრომლები, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენების ფაქტს მოსარჩელე არ უარყოფს, თუმცა აღნიშნავს, რომ მიმართული იყო მუზეუმის ყოფილი დირექტორის და არა უშუალოდ მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ. პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებულ განმარტებას, ვინაიდან, საქმეში რაიმე მტკიცებულება, რაც აღნიშნულს დაადასტურებდა, წარმოდგენილი არ არის. შეხვედრაზე დამსწრე თანამშრომლები კი ადასტურებენ, რომ მიმართვის ადრესატი იყო დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ასევე საყურადღებოა ის გარემოება, რომ შეურაცხმყოფელი ფრაზების წარმოთქმას ნადვილად ჰქონდა ადგილი შეხვედრაზე და მოსარჩელე გასცდა კორექტურობის ფარგლებს, რაც სადავო გარემოებას არ წარმოდგენს. აღნიშნული კი წარმოადგენდა მუზეუმის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების მე-16 მუხლით დადგენილი წესების დარღვევას, რაც მოსარჩელეს ავალდებულებდა პატივი ეცა თანამშრომლის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისათვის, არ ემოქმედა საზოგადოებრივი ნორმების წინააღმდეგ და დაეცვა ეთიკური ნორმები. კასატორის პრეტენზიას დაუსაბუთებელს ხდის ასევე მის მიერ მითითებული ფაქტების ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათი. ე.ზ–ვა საკასაციო საჩივარში ერთი მხრივ, მიუთითებს მის მიერ დაფიქსირებული პოზიციის გამო კონფლიქტის გამოწვევაზე, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნავს, რომ თათბირზე მას არ მიეცა აზრის დაფიქსირების საშუალება, რაც წინააღმდეგობრივია.

19. რაც შეეხება 2022 წლის 18 თებერვლის თათბირზე, მუზეუმის შინაგანაწესის დარღვევის (რაც გამოიხატა მუზეუმის ხელმძღვანელის მიმართ ღირსების შეურაცხმყოფელ და საქმიანი რეპუტაციის შემლახავ გამონათქვამებში) გამო მოსარჩელისათვის სიტყვიერი გაფრთხილების (შენიშვნის) მიცემას, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას, აღნიშნული თათბირის მოწვევის განმაპირობებელ გარემოებებზე. თათბირი შეეხებოდა, 2022 წლის 11 თებერვლის შემთხვევის შესახებ თანამშრომლების ინფორმირებას და ე.ზ–ვას მიერ განხორციელებული ხმოვანი შეტყობინების შინაარსს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2022 წლის 11 თებერვალს, მუზეუმის დირექტორმა ა.ო–ვამ საგამოფენო დარბაზების სტანდარატული შემოვლისას, გამოავლინა, რომ მუზეუმის ოთხ საგამოფენო დარბაზში არ იმყოფებოდნენ მეთვალყურეები, რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა დარბაზებში განთავსებული ექსპონატების უსაფრთხოებაზე. თანამშრომლების გაფრთხილებისა და მათი მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის, თუნდაც მცირე დროით შეუსრულებლობის პირობებში მოსალოდნელი საფრთხის თვალნათლივ ჩვენების მიზნით, მუზეუმის დირექტორმა ა.ო–ვამ საგამოფენო დარბაზიდან ერთი სამუზეუმო ექსპონატი გადაიტანა სააქტო დაარბაზში და განათავსა სააქტო დარბაზში არსებულ ვიტრინაზე, რის შემდეგაც მოიხმო პასუხისმგებელი პირები, რომლებმაც დარბაზიდან ექსპონატის გატანის ფაქტი ვერ შენიშნეს. დირექტორმა პასუხისმგებელ პირებს მისცა შესაბამისი გაფრთხილება ექსპონატების უსაფრთხოების თვალსაზრისით მოსალოდნელი საფრთხისა და შრომითი მოვალეობების სათანადოდ განხორციელების აუცილებლობის შესახებ, რის შემდეგაც ექსპონატი დაბრუნებული იქნა საგამოფენო სივრცეში, მისი განთავსების ადგილზე. აღნიშნული ფაქტის შეტყობის შემდეგ, 2022 წლის 17 თებერვალს, მოსარჩელემ ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა მუზეუმის სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარეს გ.კ–იას და შეატყობინა, „მუზეუმის დირექტორის მიერ ექსპონატის საგამოფენო დარბაზიდან მოპარვისა და შემდეგ ვითომ უკან დაბრუნების“ ფაქტის თაობაზე; მოითხოვა ამ ფაქტის შეფასება და კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი, თუკი ნივთი გადაადგილებისას დაზიანდებოდა; ასევე, მოითხოვა სამუზეუმო წესრიგის დასაცავად ზომების მიღება, რათა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს თავისი ადგილი მისჩენოდა, ჯერ ესწავლა მუზეუმის წესები და მერე გამხდარიყო დირექტორი. ხმოვანი შეტყობინების მიღებისთანავე მუზეუმის სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარემ განახორციელა სამსახურებრივი მოკვლევა მუზეუმის საგამოფენო დარბაზიდან დირექტორის მიერ ექსპონატის შესაძლო მოპარვის ფაქტზე. მოკვლევის შედეგად მუზეუმის დირექტორის მხრიდან რაიმე გადაცდომის ფაქტი არ დადასტურდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნულ თათბირზე მოსარჩელისადმი დირექტორის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ გაეგრძელებინათ კონსტუქციული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა, ე.ზ–ვამ არაერთხელ განაცხადა, რომ: - „დირექტორმა საერთოდ არ იცის მუზეუმის წესები“, „მუზეუმის არაფერი გაეგება, იმიტომ იქცევა ასე“, „ვერ ამყარებს თანამშრომლებთან ნორმალურ კომუნიკაციას“, „მოიპარა ნივთი“, „ზედამხედველს მოპარა ნივთი“, „არ უნდა მოეპარა ნივთი“, „სააქტო დარბაზში მყოფი პირები იყვნენ დირექტორის მონაწილეები - მოპარვის მონაწილეები“ და ა. შ. აღსანიშნავია, რომ მითითებული ოქმის ამონაწერში მოცემულია, მოსარჩელის საჯარო განცხადებების თანამშრომელთა მხრიდან შეფასება, საიდანაც ირკვევა, რომ თათბირზე დამსწრე თანამშრომლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მოსარჩელის ქმედებაზე.

20. კასატორი მიიჩნევს, რომ მის მიერ ადგილი ჰქონდა აზრის გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებას, რაც დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება. პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას აღნიშნულ საკითხზე და დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებითა და ეროვნული კანონმდებლობით აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება, როგორც დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური ღირებულება. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვათა უფლებების დასაცავად. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდეგში - „კონვენციის“) მე-10 მუხლით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ასევე, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას. სიტყვისა და გამოხატვის უფლების დაცვის პარალელურად, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი იცავს პირის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას შელახვისაგან.

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლებას აბსოლუტური უპირატესობა არ ენიჭება და სწორედ საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები და ეროვნული კანონმდებლობა უშვებს ამ უფლების შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. იგი შეზღუდულია სხვა უფლებების დაცვით, მათ შორის არის პირთა ძირითადი უფლებებით დაცული სიკეთეები - პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია. განსხვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელია, მისი გამოხატვის თავისუფლება შესაძლოა შეიზღუდოს, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აზრის აბსოლუტურ პრივილეგირებულობასთან დაკავშირებითა ასევე განმარტავს, რომ აბსოლუტური უფლებაა აზრის ქონა და არა აზრის გამოხატვა და მისი გავრცელება. შესაბამისად, მართალია, აზრის გამოხატვა, გავრცელება უფრო მეტი პრივილეგიით სარგებლობს ვიდრე ფაქტისა, თუმცა არ შეიძლება ითქვას, რომ აზრის გამოხატვა აბსოლუტური უფლებაა და, შესაბამისად, აბსოლუტური პრივილეგიით სარგებლობს. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ გამოხატვის თავისუფლებაზე აპელირებს დასაქმებული პირი - ე.ზ–ვა, რომელიც სსიპ „დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების“ შესაბამისად, ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებს და ღირსებას, ვალდებულია თანამშრომლებთან ურთიერთობისას დაიცვას ეთიკური და ზნეობრივი ნორმები და მისთვის დაუშვებელია ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ, ან პერსონალისა და მუზეუმის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი. ამდენად, მისი გამოხატვის თავისუფლება უფრო შეზღუდულია, რადგან მის მიერ აზრი გამოთქმულ უნდა იქნეს იმ ფორმით, რაც ზიანს არ მიაყენებს მის თანამშრომელთა პატივს, ღირსებას, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობას და სამსახურის რეპუტაციას.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს განცხადების მთლიან შინაარსს და კონტექსტს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამსახურებრივ თათბირზე გაკეთებული საჯარო განცხადებები, გამოთქმული არაეთიკური, არაკორექტული და შეურაცხმყოფელი ფორმით წარმოადგენდა შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების დარღვევას და ვერ მოექცევა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. მითმეტეს, რომ აღნიშნული განცხადებების შინაარსი განპირობებული არ იყო ხელმძღვანელი პირის მხრიდან განხორციელებული რაიმე კანონსაწინააღმდეგო და არაეთიკური ქმედებით. შესაბამისად, ის ვერ ჩითვლება აბსოლუტური პრივილეგიით დაცულ სფეროში შემავალი აზრის გამოხატვის კონტიტუციურ უფლებად. ამდენად, ამ ნაწილშიც კასატორის პოზიცია არ არის გასათვალისწინებელი.

23. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ მის მიმართ, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და დადიანების სასახლეთა სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარის, გ.კ–იას მხრიდან დაპირისპირების ხელოვნურად პროვოცირება და ნორმალური სამუშაო პირობების დარღვევა ტენდენციურ ხასიათს ატარებდა და მიზამიმრთულად ხორციელდებოდა მოსარჩელის შრომითი უფლებების შეზღუდვა, რათა შექმნილიყო ხელმეორედ გათავისუფლების ხელოვნური საფუძველი. აღნიშნულ პრეტენზიის საპასუხოდ საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მასალებზე, რომლებიც ცალსახად ადასტურებს მუზეუმის დირექტორის არაერთ მოწოდებას მოსარჩელისადმი, რომ დაეწყო კონსტრუქციული თანამშრომლობა, ნაცვლად კონფლიქტისა. აღნიშნულისა საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია და არც შესაბამის სარწმუნო გარემოებებზე მიუთითებია.

24. კასატორის პრეტენზია შეეხება მოსარჩელის მიერ გაკეთებული ჩანაწერის სასამართლოს მიერ არასწორ შეფასებას, რასაც პალატა ასევე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს მოსარჩელესა და მუზეუმის თანამშრომლის პირადი საუბრის ჩანაწერს, რომელიც შეეხებოდა მუზეუმის დირექტორის მიერ 2022 წლის 11 თებერვალს განხორციელებული ქმედების შეფასებას. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ 2022 წლის 17 თებერვალს, ე.ზ–ვამ ფარულად ჩაიწერა თანამშრომელთან - მუზეუმის მეთვალყურეთა ჯგუფის უფროს ნ.ჩ–ასთან პირადი საუბარი და 2022 წლის 18 თებერვალს, მისი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე გაავრცელა ის, მუზეუმის სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარისათვის გადაგზავნით. ნ.ჩ–ამ დაადასტურა, რომ თუ ასეთი ჩანაწერი არსებობს, ის მოპოვებულია უკანონოდ, მისი თანხმობის გარეშე, ვინაიდან, მას ე.ზ–ვასათვის არასოდეს მიუცია უფლება ჩაეწერა მისი პირადი საუბარი. მოსარჩელე მითითებული გარემოებების სისწორეს არ შედავებია, მან მხოლოდ მიუთითა, რომ საუბარი ჩაიწერა და გაავრცელა თვითდახმარების ფარგლებში. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართოს მსჯელობას, რომ რაიმე ობიექტური საჭიროება რაც გაამართლებდა მოსარჩელის ქმედებას, საქმის მასალებით არ დასტურდება. ასეთი საჭიროების შესახებ კასატორი ვერც საკასაციო საჩივარში უთითებს.

25. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება უკიდურესი ღონისძიებაა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები აუცილებლად უნდა ადასტურებდეს მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება დასაქმებულის მიერ მოვალეობების დარღვევის ფაქტი, კერძოდ, სახეზე იყო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის განმაპირობებელი გარემოება - ერთი წლის განმავლობაში ვალდებულების დარღვევათა განმეორებითობა, რაც ხასიათდებოდა ქმედებათა ერთგვაროვნებით. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ერთი წლის მანძილზე, მოკლე პერიოდის განმავლობაში, ერთი და იგივე შინაარსის დარღვევის ფაქტები, გამორიცხავდა გონივრული ვარაუდის შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენებას მოჰყვებოდა დადებითი ეფექტი, უზრუნველყოფდა დასაქმებულის სათანადო ქცევას და მუზეუმის თანამშრომელთა შორის ჯანსაღი, ურთიერთპატივისცემაზე და ნდობაზე დამოკიდებული კოლეგიური ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომისთვის, დამსაქმებლის მიერ პასუხისმგებლობის სახით ყველაზე მკაცრი სახდელის დაკისრება, ადეკვატური და პროპორციულია.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენებისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები კანონიერად და მართებულად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

27. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

30. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. საკასაციო შესაგებელზე დართულ დოკუმენტთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის ფარგლები და დაადგინა, რომ საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება, მხედველობაში იქნეს მიღებული სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. საკასაციო სამართალწარმოების თავისებურების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, ახალი ფაქტების მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა დაუშვებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს არ ჰქონდა, საქმის ქვემდგომი წესით განხილვისას, მათი წარდგენის ობიექტური შესაძლებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო შესაგებელზე დართული გამოცხადებული ვაკანსიის დამადასტურებელი დოკუმენტი 1 (ერთ) ფურცლად.

32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ე.ზ–ვას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ზ–ვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. ე.ზ–ვას (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა.ბ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N16420986919, გადახდის თარიღი 17.03.2023) 70% – 210 ლარი;

3. სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმს დაუბრუნდეს საკასაციო შესაგებელზე დართული დოკუმენტი 1 (ერთ) ფურცლად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე