Facebook Twitter

№ას-645-2023

15 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ს–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.ს–ძემ (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში-ს“ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) მიმართ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და 2021 წლის 01 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით (ს.ფ. 2-18).

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 ივლისის საოქმო განჩინებით მოპასუხე მხარის შუამდგომლობა მოწმის დაკითხვისა და ამ მიზნით სხდომის გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით თ.ს–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე ორგანიზაციის გადაწყვეტილება თ.ს–ძესთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელე აღდგენილ იქნა მოპასუხე ორგანიზაციაში დამლაგებლის პოზიციაზე. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 300 ლარის (დაბეგრილი) ოდენობით 2021 წლის 15 ივნისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე იმის შესახებ, რომ 2021 წლის მაისის ბოლომდე მოსარჩელე ახორციელებდა დაკისრებულ მოვალეობებს. 2021 წლის 7 ივნისს, კომპანიის მენეჯერმა იმის გამო, რომ მოსარჩელე დროულად არ გამოცხადდა სამსახურში (ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო), განუცხადა, რომ მომავალში აღარ გააგრძელებდა მუშაობას. აღნიშნული ზეპირი განცხადება მოსარჩელემ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ჭრილში არასაკმარისად მიიჩნია, რადგან მას კომპანიის უფლებამოსილი პირის მხრიდან არ მიუღია სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის ნების გამომხატველი რაიმე წერილობითი დოკუმენტი და ჩვეულ რეჟიმში განაგრძო სამსახურში გამოცხადება, რაც 2021 წლის 15 ივნისამდე გაგრძელდა, თუმცა მას შემდეგ მოსარჩელის მიმართ განხორციელდა ინტენსიური ზეწოლა იმ თვალსაზრისით, რომ აღარ მიეცა სამსახურებრივი ფუნქციის განხორციელების შესაძლებლობა და იგი აღარ დაუშვეს სამსახურში. ამასთან, არ აუნაზღაურეს ხელფასი 2021 წლის 1 ივნისიდან - 15 ივნისამდე ნამუშევარი პერიოდისათვის.

3.2. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების საწინააღმდეგოდ მოპასუხე მიუთითებდა, რომ მხარეთა შორის 2020 წლის 15 ოქტომბერს გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება; ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულდა 2020 წლის 31 დეკემბერს. შესაბამისად მოსარჩელე არც დამლაგებლის პოზიციაზე მყოფ პირს არ წარმოადგენდა. მომსახურების ხელშეკრულების პირველი პუნქტით, შემსრულებელი ვალდებული იყო განეხორციელებინა დასუფთავების სამუშაოები ქ. რუსთავში მდებარე ჰ.ა–ის სახელობის სკვერში. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეები იმყოფებოდნენ ნარდობის სახელშეკრულებო სამართლებრივ ურთიერთობებში და არა შრომით ურთიერთობებში, არანაირი შრომითი ხელშეკრულება მით უფრო განუსაზღვრელი ვადით, მხარეებს შორის არ გაფორმებულა. შესაბამისად, მოსარჩელე არ იყო დასაქმებული და მოპასუხე

დამსაქმებელი. ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ, მისი მოქმედება გაგრძელდა 2021 წლის 1 ივლისამდე. მოსარჩელის მხრიდან, სისტემატურად ხდებოდა მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა. მან ვალდებულების შესრულებაზე თავად განაცხადა უარი და 2021 წლის 12 ივნისიდან შეწყვიტა მოპასუხესთან ურთიერთობა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.3. 2020 წლის 15 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის კომპანიის საქართველოში წარმომადგენლობასა (ფილიალი) და თ.ს–ძეს შორის დაიდო NSG-S/20 ხელშეკრულება შემდეგი პირობებით:

- ხელშეკრულების 1-ლი მუხლის თანახმად, დამკვეთი ავალებდა, ხოლო შემსრულებელი იღებდა ვალდებულებას, უზრუნველეყო ქ. რუსთავში მდებარე, ჰ. ა–ის სახელობის სკვერის დასუფთავება. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელებულიყო კვირაში 6 დღე, 09:00-დან 17:00-მდე.

- ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა მხარეთა შემდეგი უფლება-მოვალეობები: დამკვეთი ვალდებულია: აწარმოოს შემსრულებელთან ანგარიშსწორება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. დამკვეთი უფლებამოსილია: მოითხოვოს შემსრულებლისგან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება. ხელშეკრულების 1-ლი მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ყოველ ჯერზე გამოუქვითოს დამკვეთს ხელშეკრულების ყოველთვიური ღირებულების 20%. ნებისმიერ დროს, მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინებით ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება.

- შემსრულებელი ვალდებულია: შეასრულოს ნაკისრი სამუშაოები ხარისხიანად; პირადად შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოები და დამკვეთის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ გადაანდოს იგი მესამე პირებს; დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების კონფიდენციალურობა და „დამკვეთის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ დაუშვას წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება მესამე პირებზე. თუ შემსრულებლისთვის ცნობილი გახდება იმ ხელშემშლელი გარემოებების შესახებ, რომელთა გამო ფერხდება ან შეიძლება შეფერხდეს წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულება, დაუყოვნებლივ აცნობოს დამკვეთს შეფერხების საშიშროების, შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ.

- ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა მომსახურების ღირებულება და ანგარიშსწორების პირობები. მომსახურების ყოველთვიური ღირებულება შეადგენდა 300 ლარს საქართველოს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე. მხარეთა შორის ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ნაღდი ან უნაღდო ფორმით.

- ხელშეკრულება ძალაში შედიოდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებდა 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

- მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა 2020 წლის 31 დეკემბრის შემდეგაც გაგრძელდა.

- სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება უვადოდ გაგრძელდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 25 ივლისის საოქმო განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4.1. სააპელაციო სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი და შეგებებულ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5.1. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო დამსაქმებლის ფუნქციები, სამუშაო ადგილი, სამუშაო საათები, სამუშაოს შესრულების წესი, პირობები, ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი, ხელშეკრულების დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ყოველთვიურად გადასახდელი თანხის დაქვითვის წესი, ამრიგად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსი ცხადყოფდა, რომ მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას, თავად ემართა (დაეგეგმა) საკუთარი შრომა, ის სამუშაოს ასრულებდა ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში. აღნიშნულს თავად მოპასუხეც ადასტურებდა მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში, სადაც უთითებდა, რომ მოსარჩელე მუდმივად აგვიანებდა, ობიექტს ტოვებდა გაუფრთხილებლად, არ ახორციელებდა მოვალეობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რაზედაც არა მხოლოდ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მაკონტროლებელი პირი, არამედ სხვა მომსახურების გამწევი პირებიც მუდმივად გამოთქვამდნენ პრეტენზიას, რადგან მოსარჩელის მიერ შეუსრულებელი სამუშაოს დამატებით შესრულება უწევდათ მათ.

5.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს ასრულებდა დაქვემდებარებულ მდგომარეობაში, სხვისი კონტროლის ქვეშ. შესაბამისად, იგი მომსახურებას კი არ უწევდა მოპასუხეს, არამედ შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მასთან.

5.3. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა 2021 წლის 15 ივნისიდან პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 319-ე და 327-ე მუხლები, რომლითაც მხარეებს თავისუფლად შეუძლიათ დადონ ხელშეკრულებები და შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე, ასევე არ გამოიყენა სსკ-ის 629-ე მუხლი, რომელიც ეხება ნარდობის ხელშეკრულებას. კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, 2020 წლის 15 ოქტომბერს, მხარეებს შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება სამი თვის ვადით, როგორც თანაბარი უფლებების მქონე დამოუკიდებელ სუბიექტებს შორის. ხელშეკრულებით განისაზღვრა მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობები, შესასრულებელი სამუშაო, ასევე პასუხისმგებლობა არჯეროვანი შესრულებისათვის. მოსარჩელე დაეთანხმა ხელშეკრულების პირობებს და მისთვისაც ცნობილი იყო, რომ ფორმდებოდა არა შრომითი ხელშეკრულება, არამედ მომსახურების ხელშეკრულება შესაბამისი ანაზღაურებით. სასამართლომ კი იმ პირობეში, როდესაც მოსარჩელეს არ ჰქონდა მოთხოვნილი ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის დაკვალიფიცირება შრომით ხელშეკრულებად, ისე იმსჯელა მასზე.

6.2. სასამართლომ უვადოდ მიიჩნია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, მაშინ, როდესაც მოსარჩელეს ეს არ მოუთხოვია. მოსარჩელე ითხოვდა სამუშაოზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას, სასამართლო კი გასცდა მოთხოვნის ფარგლებს.

6.3. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა მტკიცებულება, რითაც დასტურდებოდა, რომ სამუშაოს შესრულება ხდებოდა არა კასატორისთვის, არამედ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული სკვერის დასუფთავებაზე, რომლის თხოვნითაც გაფორმდა მოსარჩელესთან მომსახურების ხელშეკრულება.

6.4. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მითითება, რომ ის ობიექტზე აღარ დაბრუნებულა მისივე გადაწყვეტილებით, არანაირი შეფასება არ მისცა მენეჯერ მურმან გოგიას ჩვენებას, რომ მოსარჩელეს არაერთხელ შეუთვალეს გაეგრძელებინა ხელშეკრულება.

6.5. კასატორის მიიჩნევს, რომ ასევე უკანონოა გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენის შესახებ. სასამართლოს არ გამოუკვლევია არსებობდა თუ არა სამუშაოზე აღდგენის შესაძლებლობა. მომსახურების ხელშეკრულება კი უკვე გაფორმებულია სხვა პირებთან.

6.6. სასამართლომ ფორმალურად იმსჯელა საქომო განჩინების გაუქმებაზე.

7. სართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციის საკითხი. საკასაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს დასკვნას მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის თაობაზე და მიუთითებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იყო მომსახურების ხელშეკრულება.

13. საკასაციო საჩივარი ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ სასამართლოს, მხარეთა შორის არსებული დავა უნდა გადაეწყვიტა ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმათა დანაწესით. ნაცვლად ამისა, სათანადო მოთხოვნის არარსებობის პირობებში, სასამართლომ მოცემული დავა მოაწესრიგა შრომის სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით.

14. პალატა კასატორის პრეტენზიას ვერ გაიზიარებს და მუთითებს საქმის მასალებზე, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას სწორედ შრომის კოდექსის შესაბამის ნორმებზე აყრდნობდა. სათანადო მითითების არარსებობის შემთხვევაშიც, სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს, იმ საკითხის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი (მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა). მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შემოაწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით).

15. „სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლებრივი ნორმის მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა, ამ შემთხვევაში მთავარია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესატყვისი მტკიცებულებებით გამყარება, რაც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობის შემთხვევაშიც ან არასწორად მითითების დროსაც კი, მოწინააღმდეგის პოზიციისა და საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებისა და შეჯერების შედეგად, სასამართლოს კვლევისა და იურიდიული შეფასების საგანია (იხ. სუსგ- Nას-493-473-2016, 14.12.2016წ.).

16. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

17. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის სახელმძღვანელო პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან განასხვავებს. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული (სშკ-ის მე-3 მუხლი), ამასთან, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია სამუშაო პროცესი, რომელიც ორგანიზებულად წარიმართება დამსაქმებლის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით (შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, საკანონმდებლო რეგულაცია და სხვა) (იხ. სუსგ №ას-934-2018, 05.06.2020წ.; №ას-1432-1352-2017, 16.03.2018წ.; №ას-1132-1088-2016, 17.02.2017წ.).

18. შრომის ხელშეკრულების მომიჯნავე კონსტრუქციაა ნარდობა, კერძოდ: ა) ნარდობის საგანს წარმოადგენს მენარდის შრომის შედეგი (რეზულტატი). შრომის ხელშეკრულებით კი მუშაკი ვალდებულია შეასრულოს განსაზღვრული სამუშაო დაკავებული თანამდებობის, პროფესიის თუ კვალიფიკაციის მიხედვით, მაგრამ სამუშაოს შედეგი, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს შრომის ხელშეკრულების საგანს; ბ) ნარდობის ხელშეკრულებაში მენარდე ქონებრივად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელია შემკვეთისაგან და მას არ ექვემდებარება. შრომის ხელშეკრულებით კი მუშაკი ექვემდებარება ადმინისტრაციას (დამსაქმებელს); გ) ნარდობის ხელშეკრულების მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, დასაქმებული კი ყოველთვის ფიზიკური პირია. რაც შეეხება მომსახურების ხელშეკრულებას, მის საგანს წარმოადგენს მომსახურება, რომელსაც საერთო წესის მიხედვით არა აქვს შედეგი, ანდა მისი შედეგი ატარებს არამატერიალურ ხასიათს (შდრ. ზ. ძლიერიშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი I, თბილისი 2001,238,239; ზ. შველიძე, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასაქმებულის სამართლებრივი სტატუსის მახასიათებლები, შრომის სამართალი (სტატიათა კრებული), I, თბილისი, 2011, 91). 19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის შინაარსის შესაფასებლად გადამწყვეტია არა ხელშეკრულების სახელწოდება, არამედ ის დებულებები, რომელთა მიხედვით მხარეთა მიერ გამოვლენილი და შეთანხმებული ნება უნდა შემოწმდეს (იხ. სუსგ საქმე №ას-934-2018, 05.06.2020წ.).

20. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაქირავებულის ცნების უმნიშვნელოვანეს ელემენტზე, „დაქვემდებარებულ მდგომარეობაზე“, რომელიც არსებითად განაპირობებს შრომითი ურთიერთობის შინაარსს და მიჯნავს მას სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებისაგან. დაქვემდებარების პრინციპი მიჩნეულია შრომითი ურთიერთობის კვალიფიკაციის პროცესში ძირითად, განმსაზღვრელ ნიშნად (შდრ. ზ. შველიძე, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასაქმებულის სამართლებრივი სტატუსის მახასიათებლები, შრომის სამართალი (სტატიათა კრებული), I, თბილისი, 2011, 87). დაქვემდებარება მოიცავს: სამუშაოს შესრულებას განსაზღვრულ დროში, რასაც აკონტროლებს დამსაქმებელი; სამუშაოს შინაარსის და შრომითი პირობების დადგენას; ზედამხედველობას და კონტროლს დასაქმებულის მიერ დაკისრებული სამუშაოს შესრულებაზე (იხ. მ. დუმბაძე, ნარდობის ხელშეკრულება, როგორც შრომითი ხელშეკრულების დადების გვერდის ავლის საშუალება, შრომის სამართალი (სტატიათა კრებული), III, თბილისი, 2014, 311).

21. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2020 წლის 15 ოქტომბერს დაიდო მომსახურების ხელშეკრულება 3 თვის ვადით. ხელშეკრულების 1-ლი მუხლის თანახმად, დამკვეთი ავალებდა, ხოლო შემსრულებელი იღებდა ვალდებულებას, უზრუნველეყო ქ. რუსთავში მდებარე, ჰ.ა–ის სახელობის სკვერის დასუფთავება. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელებულიყო კვირაში 6 დღე, 09:00-დან 17:00-მდე.

21.1. ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა მხარეთა შემდეგი უფლება-მოვალეობები:

- დამკვეთი ვალდებულია: აწარმოოს შემსრულებელთან ანგარიშსწორება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. დამკვეთი უფლებამოსილია: მოითხოვოს შემსრულებლისგან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება. ხელშეკრულების 1-ლი მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ყოველ ჯერზე გამოუქვითოს დამკვეთს ხელშეკრულების ყოველთვიური ღირებულების 20%. ნებისმიერ დროს, მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინებით ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება.

- შემსრულებელი ვალდებულია: შეასრულოს ნაკისრი სამუშაოები ხარისხიანად; პირადად შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოები და დამკვეთის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ გადაანდოს იგი მესამე პირებს; დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების კონფიდენციალურობა და „დამკვეთის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ დაუშვას წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება მესამე პირებზე. თუ შემსრულებლისთვის ცნობილი გახდება იმ ხელშემშლელი გარემოებების შესახებ, რომელთა გამო ფერხდება ან შეიძლება შეფერხდეს წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულება, დაუყოვნებლივ აცნობოს დამკვეთს შეფერხების საშიშროების, შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ.

22. პალატის მოსაზრებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსი ცხადყოფს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო საკითხები, რომლებზეც მოსარჩელე იყო პასუხისმგებელი. ამავდროულად, ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს მიეცა დეტალური მითითება შესასრულებელი სამუშაოების შესახებ და კონკრეტულად განესაზღვრა სამუშაოს გრაფიკი. მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას, თავად ემართა (დაეგეგმა) საკუთარი შრომა, იგი სამუშაოს ასრულებდა ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, რაც ადასტურებს, რომ მოსარჩელე მომსახურებას კი არ უწევდა საწარმოს, არამედ შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მასთან.

23. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება თავისი არსით წარმოადგენს არა მომსახურების, არამედ - შრომის ხელშეკრულებას.

24. საკასაციო პრეტენზია შეეხება ხელშეკრულების მოქმედების ვადასაც. კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნის გარეშე მიიჩნია ხელშეკრულება უვადოდ. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნას ბრძანების ბათილად ცნობასა და განაცდურის ანაზღაურებასთან ერთად, წარმოადგენდა სამუშაოზე აღდგენა, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნითვე დასტურდება მოსარჩელის პოზიცია ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით. გარდა ამისა, შრომითი ხელშეკრულების შეფასება, დადებულია ის განსაზღვრული ვადით, თუ უვადოთ, წარმოადგენს სწორედ სასამართლოს შესაფასებელ საკითხს მხარეთა მიერ მითითებული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

25. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შრომის კოდექსის მე-12 მუხლის პირველი, მეორე ნაწილებისა და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება ზეპირი ან წერილობითი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით (1-ლი ნაწილი). თუ შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა ერთ თვეს აღემატება, აუცილებელია შრომით ხელშეკრულების წერილობით ფორმით დადება (მე-2 ნაწილი). გარდა იმ შემთხვევისა, როცა შრომითი ხელშეკრულების ვადა არის 1 წელი ან 1 წელზე მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ შემდეგი საფუძვლის არსებობისას: შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; შესასრულებელია სეზონური სამუშაო; სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებს „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას; არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას (მე-3 ნაწილი). ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ განსაზღვრული ვადით შრომით ხელშეკრულება დადებულია ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის გარეშე, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება (იხ. სუსგ-ები Nას-33-2020, 17.06. 2020წ; Nას-895-2020, 6.10.2022 წ.).

26. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით დადებულად მიჩნევის შესახებ. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ვადის (2020 წლის 31 დეკემბერი) გასვლის შემდგომ მარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელდა. მოპასუხე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილია შეთანხმება N1, რომლის თანახმად, მხარეებს შორის ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 01 ივლისამდე პერიოდი. აღნიშნულ შეთანხმებას ხელს აწერს მხოლოდ მოპასუხის წარმომადგენელი. მოპასუხე აღნიშნულ შეთანხმებაზე მითითებით აპელირებს მასზედ, რომ ხელშეკრულება მხარეებს შორის დადებული იყო განსაზღვრული ვადით, კერძოდ, 2021 წლის 01 ივლისამდე. აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან ხელშეკრულება არ არის ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ.

27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმადაც სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სშკ-ის 1.2 მუხლით დადგენილია შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში სამართლის ნორმათა გამოყენების პრინციპი. კერძოდ, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომელსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით განმარტებულია, თუ რა ჩაითვლება არსებით პირობად. ასეთია ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება.

28. საქართველოს შრომის კოდექსი შეიცავს შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებს და ასეთად პირველ რიგში სახელდება მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების ვადა წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას, რომელიც საჭიროებს მხარეთა შორის შეთანხმებას. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ არის დადგენილი, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა 2020 წლის 31 დეკემბრის შემდეგაც გაგრძელდა, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტული ვადით გაგრძელებაზე მხარეთა შეთანხმება, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებულად.

29. რაც შეეხება კასტორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სასამართლოებს არ უნდა აღედგინათ მოსარჩელე სამუშაოზე ვაკანტური პოზიციის არარსებობის გამო, საკასაციო პალატა არც აღნიშნულს გაიზიარებს და მოპასუხის ყურადღებას მიაქცევს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, თავისუფალი ვაკანსიის არარსებობის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება, რომელმაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ხარისხის, რელევანტური მტკიცებულებები, რომ კონკრეტული სამუშაო ადგილი ვაკანტური არ არის. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობას დაასაბუთებდა, არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ მართებულად დაკმაყოფილდა.

30. კასატორი სადავოდ ხდის ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ივლისის საოქმო განჩინებას. პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას, სადაც მოცემულია მსჯელობა 25 ივლისის საოქმო განჩინების შესახებ და მიაჩნია, რომ არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი ამ ნაწილშიც, ვინაიდან, საკასაციო საჩივარში არ არის გადმოცემული დასაბუთებული შედავება საოქმო განჩინებასთან მიმართებით და განჩინების გაუქმება მხოლოდ ფორმალურადაა მოთხოვნილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს აღნიშნულ ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ და მართებულად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ. კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

32. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

31. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

35. მავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს სკასაციო საჩივარზე გადახდილი 540 ლარის 70% – 378 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის წარმომადგენლობის საქართველოში საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის წარმომადგენლობას საქართველოში (202.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 540 ლარის (საგადახდო დავალება N1681802106, გადახდის თარიღი 19.04.2023) 70% – 378 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე