Facebook Twitter

ას-1529-2023

31 იანვარი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შ.ბ–ი (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.გ–ი (მოსარჩელე)

მოპასუხე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, წილის მესაკუთრედ რეგისტრაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ.გ–მა (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათლად ცნობა და წილის მესაკუთრედ რეგისტრაცია.

1.1. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 09 სექტემბრის განჩინებით გ.გ–ის სარჩელი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 09 დეკემბრის განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად შპს „მ–ლის“ 100%-იანი წილის მესაკუთრის, შ.ბ–ის ჩაბმის თაობაზე დაკმაყოფილდა. შპს „მ–ლის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე შ.ბ–ი ჩაბმულ იქნა N2/29092-22 სამოქალაქო საქმეში მესამე პირად, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე (მოპასუხის მხარეს).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით გ.გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 16 ივნისის NB22074487/3, 2022 წლის 24 ივნისის NB22074487/5, 2022 წლის 19 ივლისის NB22074487/6 და 2022 წლის 02 აგვისტოს N128379 გადაწყვეტილებები. მოპასუხეს დაევალა შპს „მ–ლის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანა, კერძოდ: შპს „მ–ლის“ (ს/ნ .......) 20%-იანი წილის მესაკუთრედ გ.გ–ის რეგისტრაცია (01.03.2021 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პარტნიორის წილისა და წილზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია.

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 აგვისტოს დამატებითი გადაწყვეტილებით გ.გ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. მიღებულ იქნა დამატებითი გადაწყვეტილება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება, ასევე საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 09 სექტემბრის განჩინება განსახილველი საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის განსჯადობით გადაგზავნის შესახებ და საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 09 დეკემბრის განჩინება, საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად შ.ბ–ის ჩაბმის შესახებ, სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ.ბ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინებების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისთვის.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით შ.ბ–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4.1. პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან, აპელანტი შ.ბ–ი საქმეში ჩართული იყო მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, მას არ ქონდა გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალურ-სამართლებრივი საშუალებება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შ.ბ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

5.1. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტის მომენტისთვის მას არ ჰქონდა რაიმე საპროცესო სტატუსი და მოკლებული იყო შესაძლებლობას, გამოეთქვა მოსაზრება და სადავოდ გაეხადა 2022 წლის 09 სექტემბრის განჩინება.

5.2. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ იხელმძღვანელა სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციის მინიჭებლი გარანტიით და წარადგინა სააპელაციო საჩივარი, სადაც ითხოვდა არა მხოლოდ ფორმალურ-სამართლებრივად, არამედ არსებითად, კონსტიტუციური უფლების ჭრილში საკითხის გადაწყვეტას. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით კი დაირღვა მის მიმართ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება.

5.3. იმ მესამე პირის სტატუსი, რომელიც სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეა, განსხვავებულად არის მოწესრიგებული ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალწრმოებაში. სასამართლომ აღნიშნული საკითხი უგულებელყო და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებითა და ფორმალისტური მიდგომით, გასაჩივრებული განჩინებით მხარეს შეუზღუდა სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლება.

5.4. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია აგრეთვე შეეხება იმას, რომ ადმინისტრაციული საქმეების სამოქალაქო სასამართლისთვის ან პირიქით, სამოქალაქო საქმეების ადმინისტრაციული სასამართლოსთვის განსჯადობის საკითხს არ აწესრიგებს სხვა არც ერთი საკანონმდებლო აქტი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით შ.ბ–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტი საქმეში ჩაბმული იყო, როგორც მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე, რომელიც არ არის უფლებამოსილი გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

10. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. მითითებული ნორმა ადგენს რა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს, სხვა პირთა მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებს. ამასთან, დასახელებული ნორმა არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მხარეს უფლება აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება. კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს მხოლოდ იმ მხარის უფლების დაცვა, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია გადაწყვეტილება. ამდენად, სააპელაციო საჩივრის ობიექტს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აპელანტის წინააღმდეგ არის გამოტანილი. სააპელაციო საჩივრით აპელანტი მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და ეს შედეგი, მისი საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიღწევადი და მისთვის სასარგებლო უნდა იყოს (იხ. სუსგ №ას-246-246-2018, 20.03.2018). 11. განსახილველი საქმიდან გამომდინარე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის სამართლებრივ სტატუსზე და მესამე პირის ცნებასთან კავშირში მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე-89-ე მუხლებზე. აღნიშნული ნორმები ერთმანეთისგან განასხვავებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებს ასეთი უფლების არმქონე მესამე პირებისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირი პრაქტიკულად გაიგივებულია მოსარჩელესთან, რადგან მას დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა გააჩნია. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება შესაძლოა მისი უფლებების წინააღმდეგ იყოს მიმართული და შესაბამისად, ის სარგებლობს მოსარჩელის ყველანაირი უფლება-მოვალეობით, მათ შორის ეძლევა გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების შესაძლებლობა. რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსს, ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა არ აქვს და მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩამბული არის იმ მოტივით, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი უფლებამოსილია, სასამართლოს განცხადებით, სარჩელით ან საჩივრით მიმართოს მხოლოდ თავისი უფლების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრით, ფაქტობრივად ასაჩივრებს სხვა პირის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რაც დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-1075-1033-2016, 03.02.17).

13. დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორი საქმეში ჩაბმულია დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მის წინააღმდეგ არ არის გამოტანილი. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი, როგორც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირი, არ არის უფლებამოსილი გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

14. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის თაობაზე, კერძო საჩივრის ეს პოზიცია გამყარებულია იმით, რომ სასამართლოს მიერ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას მას არ ჰქონდა რაიმე საპროცესო სტატუსი და მოკლებული იყო შესაძლებლობას, გამოეთქვა მოსაზრება აღნიშნულ საკითხზე. სააპელაციო სასამართლომ კი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებითა და ფორმალისტური მიდგომით უგულებელყო მესამე პირის სტატუსის განსხვავებული მოწესრიგება ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალწარმოებაში.

15. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მის მიმართ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით დაცული სასამართლოსათვის მიმართვის და მისი ხელმისაწვდომობის უფლება და აღნიშნავს, რომ განსჯადობის თვალსაზრისით ანალოგიურ საკითზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა. უზენაესმა სასამართლომ საქმეზე ბს-84-828(გ-12) განჩინებით განმარტა შემდეგი: განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ცვლილების შეტანა. სამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაცია, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განეკუთვნება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას (მოქმედი კანონის 8-ე მუხლის პირველი ნაწილი). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა არა მხოლოდ სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტური შემადგენლობის ანუ იმის გამო, რომ მოთხოვნის ადრესატი არის ადმინისტრაციული ორგანო, არამედ აგრეთვე სადავო სამართალურთიერთობის საჯარო-სამართლებრივი კანონმდებლობიდან წარმოშობის, სადავო სამართალურთიერთობის ბუნების გამო. განსჯადობის სუბიექტთა თეორია, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად გამოიყენება გამიჯვნის კრიტერიუმად, ფორმალურია და მოკლებულია სამართალურთიერთობის გაანალიზების, მისი არსის წვდომის უნარს. განსჯადობის საკითხში კანონმდებელმა გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას და არა მის მონაწილეებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის მიხედვით საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ამავე კოდექსის 2.2 მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს ადმინისტრაციული დავის საგანს (ტაქსაცია). აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული (ენუმერაცია). კანონმდებლის მითითება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში: იმ შემთხვევაში, თუ სამართალურთიერთობა რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის ან სხვა კერძო-სამართლებრივი წყაროს ნორმებით, დავა სამოქალაქო კატეგორიისაა, უკეთუ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა მოცულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ან საჯარო სამართლის სხვა წყაროთი, დავა ადმინისტრაციულ კატეგორიას განეკუთვნება. სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანა რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“კანონის შესაბამისი ნორმებით. სამეწარმეო საქმიანობა „მეწარმეთა შესახებ“ კანონით მოწესრიგებული კერძო-სამართლებრივი საქმიანობის ფორმაა. სამეწარმეო ურთიერთობის მონაწილეებს, როგორც კერძო სამართლებრივი ბრუნვის სუბიექტებს, შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 46.3 მუხლის მიხედვით შპს-ს პარტნიორებს უფლება აქვთ გაასხვისონ თავიანთი წილი (მიმოქცევადი უფლება) საზოგადოების კაპიტალში (მოქმედი კანონის 108-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამრიგად, შპს-ს პარტნიორთა მიერ წილების გასხვისება სამოქალაქო სამართლებრივი მოქმედებაა, რომელიც შეეხება პარტნიორთა და მესამე პირთა ინტერესებს (იხ. სუსგ.: ბს-844-828(გ-12), 04.04.2013წ.). პალატა დამატებით მიუთითებს საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაში არსებულ გამნარტებაზე, რომ სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რამდენადაც შპს-ს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანა რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისი ნორმებით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, ისევე, როგორც კერძო სამართლის სხვა იურიდიული პირების დაფუძნება-რეგისტრაციის, პარტნიორთა უფლება-მოვალეობებისა და საზოგადოების მართვის საკითხები, სამართლებრივად წარმოადგენს კორპორაციულ ურთიერთობებს და კერძო-სამართლებრივი კანონმდებლობის საფუძველზე რეგულირდება (ბს-1184(გ-21), 09.02.2022წ.). მოცემულ შემთხვევაშიც, დავის საგანია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და წილის მესაკუთრედ რეგისტრაცია. შესაბამისად, სამართალურთიერთობას არ გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტი - დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რაც უსაფუძვლოს ხდის კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას.

16. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსჯადობის საკითხი მართებულად არის განსაზღვრული, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე არ წარმოადგენენ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილ სუბიექტებს, რადგანაც მათ მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უშუალოდ მათ უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს არ ეხება, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (ას-478-478-2018, 22.06.2018; №ას-25-25-2018, 04.05.2018; №ას-246-246-2018, 20.03.2018).

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად შ.ბ–ის სააპელაციო საჩივარი და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.ბ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე