№ას-1296-2023
15 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – გ.ა–ძე, თ.მ–ნი, ი.პ–ი, უ.რ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა გ.ა–ძის, თ.მ–ნის, ი.პ–ისა და უ.რ–ძის (შემდეგში - მოპასუხეები, კასატორები) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთების გამოთხოვა და მათი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
1.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.მოპასუხე გ.ა–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქალაქ თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე, N…… საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან, სტუდქალაქი, …….. და დადგინდა აღნიშნული უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა. მოპასუხე თ.მ–ნის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქალაქ თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე, N………საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან, სტუდქალაქი, კორპ. 2, ბინა N47 და და დადგინდა აღნიშნული უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა. მოპასუხე ი.პ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქალაქ თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე, N……. საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან, სტუდქალაქი, …. და დადგინდა აღნიშნული უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა. მოპასუხე უ.რ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქალაქ თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე, N…….საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან, სტუდქალაქი, …. და დადგინდა აღნიშნული უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და მოთხოვნის დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. მოსარჩელე სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კუთვნილი, ქალაქ თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე N…….საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან, სტუდქალაქი, …….. არის გ.ა–ძის, სტუდქალაქი, ……… ბინა N47 - თ.მ–ნის, სტუდქალაქი, ….. - ი.პ–ის და სტუდქალაქი, კორპ. 1, ბინა N114 - უ.რ–ძის მფლობელობაში.
5.2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ქ. თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ……), დაზუსტებული ფართობი: 13060.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1, N2-საერთო ფართით 3543.64 კვ.მ.; N3 საერთო ფართით - 4949.5 კვ.მ.; N4; N5-ის მართლზომიერი მფლობელი.
5.3. ქ. თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ………), დაზუსტებული ფართობი: 13060.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1, N2-საერთო ფართი 3543.64 კვ.მ.; N3 საერთო ფართით - 4949.5 კვ.მ.; N4; N5-ის მესაკუთრეა სახელმწიფო.
5.4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 მარტის წერილის საფუძველზე (N5/18091) ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი სარგებლობის უფლებით გადაეცა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არსებობის ვადით.
5.5. 2017 წლამდე მხარეები ერთმანეთთან ქირავნობით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესი, რომლის მიხედვითაც შინაგანაწესის ძალაში შესვლამდე დადებული ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა და დაიდო ახალი ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების მაქსიმალური ვადა განისაზღვრა ერთი წლის ვადით. 2017 წელს თ.მ–ნთან, ი.პ–თან, უ.რ–ძესთან და გ.ა–ძესთან გაფორმდა ერთ წლიანი ქირავნობის ხელშეკრულებები. 2018 წელს უ.რ–ძესთან გაფორმდა ერთწლიანი ხელშეკრულება, ხოლო თ.მ–ნს, ი.პ–სა და გ.ა–ძეს ქირავნობის დადების სურვილი არ გამოუხატავთ. ამასთან, უ.რ–ძესთან არსებული ქირავნობის ხელშეკრულება შეწყდა ქირის გადაუხდელობის გამო.
5.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეები არიან უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელები.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.7. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლზე და განმარტა, რომ ვერ გაიზიარებდა აპელანტების მითითებას სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, როგორც არასათანადო მოსარჩელეზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა მოსარჩელის მართლზომიერი მფლობელობა სადავო უძრავ ქონებაზე, მოპასუხეები კი არამართზომიერი მფლობელები იყვნენ.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. კასატორები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეს, მოსარჩელისთვის რაიმე ფორმით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არ მიუნიჭებია. სახელმწიფო ქონების ამა თუ იმ პირის სარგებლობაში გადაცემისთვის აუცილებელია შესაბამისი რეკვიზიტებით აღჭურვილი ადმინიატრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების, დადგენილების ან/და ბრძანების სახით, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცული არ არის.
6.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხეები ადასტურებენ სადავო უძრავი ქონების მფლობელობას. სადავო ქონება არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას და შესაბამისად, მოპასუხეებს არ დაუდასტურებიათ აღნიშნული ფაქტი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრისა და 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საფუძვლის არსებობა.
13. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნა, სსკ-ის 160-ე (თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით) მუხლიდან გამომდინარეობს. აღნიშნული მოთხოვნა განხორციელებადია შემდეგი წინაპირობების არსებობისას, სახელდობრ: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო ნივთის კეთილსინდისიერი მფლობელი; მას სხვა პირის მხრიდან სადავო ნივთზე ჩამორთმეული უნდა ჰქონდეს მფლობელობა და ახალ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უკეთესი უფლება (სუსგ. ას-1467-2020, 03.02.2022წ.).
14. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, დასტურდება ქონების მესაკუთრის - სახელმწიფო ნებით მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობა. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილით დგინდება, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო, ფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 01 ოქტომბრის N302 დადგენილების შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თანახმაა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სარგებლობის უფლებით გადაეცეს ქ. თბილისში, ......... მდებარე 13060.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: N1, N2 საერთო ფართით - 3543.64 კვ.მ., N3 საერთო ფართით - 4949.5 კვ.მ., N4, N5 (ს/კ N..........), არსებობის ვადით. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სადავო უძრავი ქონებები მოპასუხეების მფლობელობაშია.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს.
16. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 17. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
18. განსახილველ შემთხვევაში, კასატორები მიიჩნევენ, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა მოპასუხეების მიერ ქონების ფლობის ფაქტი. პალატა უარყოფს კასატორების აღნიშნულ პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ თუნდაც გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კასატორები ფლობენს ქონებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივია, ისინი სამართალწარმოების შედეგით ვერ იქნებოდნენ დაინტერესებული, რადგანაც მათ მიმართ ვერ მოხდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილ მასალებში მოპასუხეები საკუთარ მისამართად სწორედ სადავო უძრავი ქონების მისამართს მიუთითებენ, ასევე თავად ადასტურებენ, რომ 2017 წლამდე მხარეები ერთმანეთთან ქირავნობით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. შესაბამისად, სწორედ მოპასუხეებს ეკისრებოდათ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ისინი არ ფლობენ სადავო უძრავ ქონებას. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მათ სასამართლოს ვერ წარუდგინეს და საქმის მასალებით ვერც უძრავი ქონების მფლობელობის მართლზომიერება დასტურდება. 19. საქმეზე ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ ქონების მესაკუთრე სახელმწიფოა, რომელმაც ეს ქონება სარგებლობის უფლებით მოსარჩელეს გადასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელია და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აღჭურვილია მესაკუთრის ტოლფასი უფლებით, უკანონო მფლობელისგან გამოითხოვოს სადავო ნივთი.
20. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი და მართებულად მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
21. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
23. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს, გ.ა–ძესა და თ.მ–ნს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი, თითოეულ კასატორს 105 ლარი. რაც შეეხება ი.პ–სა და უ.რ–ძეს, აღნიშნული კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ა–ძის, თ.მ–ნის, ი.პ–ისა და უ.რ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. გ.ა–ძესა (………) და თ.მ–ნს (………) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გ.ღ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N19257799441, გადახდის თარიღი 06.11.2023) 70% – 210 ლარი, თითოეულ კასატორს 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თეა ძიმისტარაშვილი