Facebook Twitter

ას-1611-2023

15 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს.ფ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.ს.კ–ია“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „თ.ს.კ–იამ“ (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ს.ფ–ის (შემდეგში - მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ 3557.25 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით (იხ. სარჩელი: 1-15).

1.1. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით შპს „თ.ს.კ–იის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 3557.25 ლარის ოდენობით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 75 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სასამართლოში წარდგენა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ს.ფ–ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. 4.1. პალატამ მიუთითა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს - თ.პ–ს ჩაჰბარდა პირადად 2023 წლის 21 ივლისს. აპელანტს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც შეუვსებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ს.ფ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

5.1. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში მან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განცხადებით მიმართა სასამართლოს და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 10 დღით. აღნიშნულ განცხადებაზე სასამართლოს არ უმსჯელია ისე დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის განჩინებით ს.ფ–ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. 9. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

10. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

11. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

12. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 75 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. 13. სააპელაციო პალატამ მიუთითა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენელს - თ.პ–ს ზემოაღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა პირადად 2023 წლის 21 ივლისს.

14. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

15. ამდენად, 2023 წლის 29 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების 10-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა აპელანტის მიმართ დაიწყო მისთვის განჩინების ჩაბარებიდან (21 ივლისიდან) მეორე დღეს - 2023 წლის 22 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 31 ივლისს. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას მასზედ, რომ დადგენილ ვადაში მან ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს. კერძო საჩივარს ერთვის დოკუმენტი, რომელიც კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით ადასტურებს მის მიერ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შუამდგომლობით სასამართლოსათვის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიმართვას. კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ პოზიციას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, მართალია, მასში მითითებულია სააპელაციო სასამართლოს ელექტრონული ფოსტის მისამართი, თუმცა, წარმოდგენილი მტკიცებულებით არ ირკვევა მასში ატვირთული განცხადების შინაარსი და გაურკვეველია ელექტრონული ფოსტის რომელი ველიდან (გაგზავნილი შეტყობინებები, შეტყობინების მონახაზები...) არის ის ამობეჭდილი. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დგინდება ის გარემოება, რომ აპელანტმა ხარვეზის გაგრძელების შესახებ განცხადება გაგზავნა სააპელაციო სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ წარმომადგენლობის განხორციელებისას წარმომადგენელმა მინიმუმ ისეთი განცხადება წარუდგინოს სასამართლოს, საიდანაც განცხადების ტექსტის წაკითხვა შესაძლებელი იქნება.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ფ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე