№ას-861-2023
15 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
პირველი კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–სი“ (მოპასუხე)
მეორე კასატორი – შპს „მ–სი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მოსარჩელის საპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „მ–სის“ (შემდეგში მოპასუხე) მიმართ, 64 260 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით (ს.ფ. 3-19).
1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო 500 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს ნაწილში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 500 ლარის ოდენობით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3000 ლარის გადახდა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „მ–სს“ შორის 2020 წლის 04 თებერვალს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N69 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაეწია შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული, NAT190021327 ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული „TOYOTA-ს“ და „LEXUS-ის“ მარკის ავტოსანტრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში ევაკკუატორის მომსახურება), აღნიშნულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტით გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 1020000 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
5.2. შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტო-სატრანსპორტო საშუალება „TOYOTA LAND CRUISE 70“, სახ. N ....., მიმდინარე წლის 30 ივნისს გადაყვანილი იქნა შპს „მ–სში“, ორი ცალი დაზიანებული საბურავის კამერის შეცვლის მიზნით. საბურავის კამერები შეიცვალა 2020 წლის 13 აგვისტოს.
5.3. საქმეში წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილ ავტომანქანას ჩაუტარდა შემდეგი სამუშაოები: საბურავის კამერა - 2 ცალი, საბურავის მოხსნა/დაყენება - 2 ცალი, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ ჯამში შეადგინა 50 ლარი.
5.4. მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით დადგენილი, საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადა, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 02 ივლისისა, გაწეულ იქნა 2020 წლის 13 აგვისტოს - 42 კალენდარული დღის დაგვიანებით.
5.5. ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვალდებულების შესრულების 42 დღიანი ვადაგადაცილებისათვის, მოპასუხე მხარეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების (1020000 ლარის) 0.15%-ის ოდენობით, რამაც თანხობრივად შეადგინა 64260 ლარი.
5.6. მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება „TOYOTA LAND CRUISE 70“, სახ. N ....... წარმოადგენდა სპეციალური გამოყენების (მაღალი გამავლობის) ავტომანქანას და ემსახურებოდა საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტს.
5.7. შპს „მ–სს“ ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ აუნაზღაურებია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პალატამ განმარატა რომ, მიუხედავად იმისა რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.
5.9. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ მიუხედავად შესრულებული სამუშაოების მცირე ღირებულებისა, მოსარჩელეს ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ გააჩნდა მაღალი ინტერესი, რის გამოც პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო 3000 ლარით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხემ კი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად შეთანხმებული პირგასამტეხლო, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს მიზანს.
6.2. სასამართლომ ერთის მხრრივ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ ავტომანქანა წარმოადგენდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანას და მოსარჩელეს ვალდებულების შესრულების მიმართ გააჩნდა მაღალი ინტერესი, მეორე მხრივ კი, მოპასუხეს დააკისრა პირგასამტეხლო, რომელიც ვერ იქნება პროპორციული და სამართლიანი. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა იმდენად დაბალია, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს მიზანს
შპს „მ–სის“ საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.3. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკით, როდესაც პირგასამტეხლოს დარიცხვა ეხება ნაწილობრივ შეუსრულებელ ვალდებულებას, პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს შეუსრულებელი ვალდებულების საფასურიდან. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებაზე მეტი ოდენობით.
6.4. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება დაასაბუთა ისეთ გარემოებაზე დაყრდნობით, რაზეც მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მიუთითებია.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ივლისისა და 20 ივლისის განჩინებებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება. ეს სამართლებრივი შედეგი კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში მიიღწევა. კერძოდ, ეს წინაპირობებია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.
13. პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კასატორებს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტები, რომლებიც ასახულია ამ განჩინების 5.1.-5.5. პუნქტებში და რომლებსაც სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალა აქვთ.
14. განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა მხარეთა შეთანხმებით გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები, უფლებები და ვალდებულებები; არც ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობა და ვადადარღვეული დღეების რაოდენობაა სადავოდ გამხდარი. მოსარჩელე საკასაციო საჩივრით სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლის არსებობას და მიაჩნია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის თანაზომიერი და სამართლიანი. მოპასუხის საკასაციო საჩივრის პრეტენზია კი შეეხება იმას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა გამოითვლება შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან და არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდის საფუძველი.
15. პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში (ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება) და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, შეამციროს იგი (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800).
16. სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) იმპერატიულია და მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო, თუნდაც დაადგინოს პირგასამტეხლოს გამოთვლის უსამართლო წესი. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა (მისი გამოანგარიშების მეთოდის მიუხედავად) და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე. ამავდროულად, პალატა მიიჩნევს, რომ როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში, უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა. 17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსაზრებას მასზედ, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მხარე თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობას არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი და ამ მხრივ საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს გაანგარიშების ბაზას წარმოადგენდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება.
18. ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, სადაც განმარტებულია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას (იხ. სუსგ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016).
19. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ:
- შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტო-სატრანსპორტო საშუალება „TOYOTA LAND CRUISE 70“, სახ. N ......., მიმდინარე წლის 30 ივნისს გადაყვანილი იქნა შპს „მ–სში“, ორი ცალი დაზიანებული საბურავის კამერის შეცვლის მიზნით. საბურავის კამერები შეიცვალა 2020 წლის 13 აგვისტოს.
- საქმეში წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილ ავტომანქანას ჩაუტარდა შემდეგი სამუშაოები: საბურავის კამერა - 2 ცალი, საბურავის მოხსნა/დაყენება - 2 ცალი, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ ჯამში შეადგინა 50 ლარი.
- მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით დადგენილი, საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადა, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 02 ივლისისა, გაწეულ იქნა 2020 წლის 13 აგვისტოს - 42 კალენდარული დღის დაგვიანებით.
- ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვალდებულების შესრულების 42 დღიანი ვადაგადაცილებისათვის, მოსარჩელემ მოპასუხეს დააკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების (1020000 ლარის) 0.15%-ის ოდენობით, რამაც თანხობრივად შეადგინა 64260 ლარი.
20. პალატა განმარტავს, რომ კრედიტორს ხელშეკრულების დადების, ან სულ მცირე, პირგასამტეხლოს გაანგარიშების ეტაპზე რომ გაეთვალისწინებინა სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა პირგასამტეხლოს დარღვეული ვალდებულების ღირებულებიდან გამოთვლის შესახებ, აკუმულირებული პირგასამტეხლოს ოდენობა სასარჩელო მოთხოვნასთან შედარებით ბევრად მცირე - 3.15 ლარი იქნებოდა, რაც მოთხოვნილი პირგასამტეხლოს არაგონივრულად მაღალ ოდენობაზე მეტყველებს. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება კრედიტორისა და მოვალის ინტერესების სამართლიანად დაბალანსების სახელშეკრულებო მიზანს და დარღვეული წონასწორობის აღდგენისათვის, წარმოშობს მხარეთა ნების თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევის საფუძველს.
21. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან აკუმულირებული პირგასამტეხლოს მოცულობა, როდესაც დარღვეულია ვალდებულების მხოლოდ ნაწილი, სანქციას იმთავითვე სძენს არაგონივრულად მკაცრი პასუხისმგებლობის შინაარსს, რა დროსაც, სასამართლოს ვალია, აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირგასამტეხლოს სამართლიან საწყისებთან შესაბამისობაში მოყვანის გზით. შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიის გაზიარებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.
22. რაც შეეხება მოპასუხის საკასაციო პრეტენზიას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ აღიარებული პირგასამტეხლო (500 ლარი) ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის და ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას. პირგასამტეხლომ არ უნდა დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და მის დაკისრებას არ უნდა დაეკარგოს აზრი. ზემოაღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს შესასრულებელი სამუშაოს ხასიათს, დარღვევის სიმძიმეს, დამრღვევის ბრალის ხარისხსა და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობას, იმასაც, რომ ავტომანქანა იყო სპეციალური დანიშნულების, მოსარჩელეს ვალდებულების შესრულების მიმართ გააჩნდა მაღალი ინტერესი და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა 3000 ლარით, ის წარმოადგენს დარღვევის პროპორციულ ოდენობას და არ გამოიწვევს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხის ოდენობის შემცირების შესახებ კასატორის პრეტენზიების გაზიარების საფუძველი.
23. ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა. 24. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. 27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „მ–სს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით საკასაციო საჩივარზე გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. შპს „მ–სის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
3. შპს „მ–სს“ (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.ბ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N17804173781, გადახდის თარიღი 11.07.2023) 70% – 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე