№ას-580-2022
09 მარტი, 2022 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
პირველი კასატორი – ბ.ჯ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგეობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მოპასუხე)
მეორე კასატორი – საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგეობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ჯ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბ.ჯ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე, პირველი კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგეობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ (შემდეგში - მოპასუხე, მეორე კასატორი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი) შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1. მოპასუხე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ბ.ჯ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს ლანჩხუთის რაიონში, სოფელ ........ (........) მდებარე თევზსაშენი ტბორის, ფართით 137196 კვ.მ. (ს/კ N......) გამოსყიდვის დროს ბიზნესის დაკარგვის გამო მიყენებული ზიანის - 740 858 ლარის ანაზღაურება;
1.2. მოპასუხე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ბ.ჯ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული თევზსაშენი ტბორის გამოსყიდვის გამო გაუვარგისებული ამავე ტბორების (საკადასტრო კოდებით: N...... (ფართით 2833 კვ.მ.) და N........(ფართით 16990 კვ.მ)) ღირებულების - 59 469 ლარის, ამავე ტბორების მთლიან ფართობზე 1 მეტრის სიღმეზე მიწის ამოღების ღირებულების - 99 115 ლარის, დამბის მოწყობის ღირებულების - 6745.2 ლარის და ასევე, ბიზნესის დაკარგვით მიყენებული ზიანის - 107 044.2 ლარის, სულ ჯამში - 272 373.4 ლარის გადახდა;
1.3. მოპასუხე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოსარჩელე ბ.ჯ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს N........, N....... და N....... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული თევზსაშენი ტბორების გამოსყიდვითა და მათზე საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის გამო, დამბის გარეშე დარჩენილი N........, N......, N........ და N........ საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ტბორებისათვის ახალი დამბის აშენების ღირებულების, ჯამში - 291 117.92 ლარის გადახდა;
1.4. მოპასუხე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოსარჩელე ბ.ჯ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს N....., N....... და N..... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული თევზსაშენი ტბორების გამოსყიდვითა და მათზე საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის გამო, N....., N......., N...... და N......... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ თევზსაშენ ტბორებში, საავტომობილო გზიდან 50 მეტრიან რადიუსში მიწის, ტბორის ამოღებისა და ძაფრი ზემოქმედების შედეგად ბიზნესის დაკარგვის საკომპენსაციო თანხის, საერთო ჯამში - 674 109.8 ლარის ანაზღაურება;
1.5. მოპასუხე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოსარჩელე ბ.ჯ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს N........, N........ და N....... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული თევზსაშენი ტბორების გადაფარვის ზონაში მოქცეული N20, N21 და N22 ნაკვეთების გამოსყიდვის დროს, ტბორის ერთ მეტრ სიღრმეზე ამოღების ხარჯების არასწორად, არასრულყოფილად გაანგარიშებისა და შესაბამისი კომპენსაციის გადაუხდელობის გამო მიყენებული ზიანის - 536 445 ლარის ანაზღაურება;
1.6. მოპასუხე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოსარჩელე ბ.ჯ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს N......., N......... და N...... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული თევზსაშენი ტბორების გამოსყიდვითა და მათზე საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის გამო, N....., N........, N......და N.........საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ თევზსაშენ ტბორებში წყლის მიწოდების სისტემის მოშლისა და მისი აღდგენის ხარჯის - 569 643.91 ლარის გადახდა.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ბ.ჯ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოსარჩელე ბ.ჯ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 72 025.2 ლარის გადახდა; მოსარჩელე ბ.ჯ–ძის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის 3 017 230.35 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებით, ბ.ჯ–ძისა და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა მოპასუხე მხარის მიერ სამტრედია-გრიგოლეთის ცენტრალური ავტომაგისტრალისა და შემოვლითი კვანძების დონორი ორგანიზაციის დაფინანსების შედეგად, გზის მშენებლობისათვის მოსარჩელის კუთვნილი სატბორე-სათევზე მეურნეობის განადგურების გამო, ორ წელზე გათვლით ბიზნესის დაკარგვის, ასევე, გამოუსადეგარი, ნარჩენი მიწის ნაკვეთების გამოუსყიდველობის გამო, დამბის მოწყობისა და წყლის სისტემის აღდგენის ხარჯების, მესაკუთრის საკუთრებაში დარჩენილ ტბორებში საავტომობილო გზიდან 50 მეტრიან რადიუსში მიწის ამოღების, მძაფრი ზემოქმედებით გამოწვეული ზიანისა და გამოსყიდვის დროს, ე.წ. გადაფარვის ზონაში მოქცეულ ნაკვეთებზე 1 მ. სიღრმეზე მიწის ამოღების არასწორად, არასრულყოფილად დაანგარიშების გამო, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
6.2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საავტომობილო გზების მშენებელობის გამო, მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი მოექცა გადაფარვის ზონაში, რის გამოც, მესაკუთრესთან განსახლების გეგმის შესაბამისად, 2016 წლის მარტისა და ივლისის თვეში დაიდო მოპასუხის მიერ მიწის ნაკვეთის შესყიდვისა და ბიზნესის შეჩერების გამო საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების თაობაზე ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებები მხარეთა შორის სადავო არ არის და ამ ხელშეკრულებების პირობები შესრულებულია სრულად და ჯეროვნად. მოპასუხის მხრიდან გამოსყიდულ იქნა ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც მოექცა ცენტრალური ავტომაგისტრალის გზის საფარქვეშ და აღნიშნულმა მთლიანობაში შეადგინა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთების 33.31%, ხოლო დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, კვლავ დარჩა მოსარჩელის საკუთრებაში.
6.3. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ექსპროპრიაციის პროცედურები არ განხორციელებულა/შეწყდა მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, ვინაიდან დეპარტამენტს და მოსარჩელეს შორის გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულებები. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ზემოაღნიშნული გარემოება ნიშნავდა იმას, რომ მოსარჩელე დაეთანხმა შეთავაზებულ თანხას და ყველა იმ პირობას, რაც მისთვის ცნობილი იყო, როგორც მოლაპარაკების ეტაპზე, ასევე ხელშეკრულების გაფორმებისას. შესაბამისად, ექსპროპრიაციის კანონზე მითითება მოსარჩელის მხრიდან არასწორი იყო. პალატის მოსაზრებით, ექსპროპრიაციის კანონი და მისი განმარტება ამ შემთხვევაში უადგილო იყო, ვინაიდან დეპარტამენტი და მოსარჩელე იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რომელზეც აღნიშნული კანონი არ ვრცელდებოდა. მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნებს ამყარებდა განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტზე.
6.4. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტი წარმოადგენდა მხოლოდ ზოგად სახელმძღვანელოს და მასში მითითებული დანაწესები სარეკომენდაციო ხასიათის იყო. ჩარჩო-დოკუმენტი წარმოადგენდა ზოგად პრინციპებს, ხოლო განსახლების გეგმა - კონკრეტული პროექტის ფარგლებში შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მორგებული იყო პროექტით გათვალისწინებულ პირობებზე და განსახლების თავისებურებებზე. საქმის მასალებიდან ნათლად ჩანდა, რომ განსახლების გეგმას ადგენდა ტენდერში გამარჯვებული, მიუკერძოებელი კომპანია და იგი ახდენდა განსახლების გეგმაში მოხვედრილი კერძო საკუთრების შეფასებას. განსახლების გეგმა თანხმდებოდა დონორ ორგანიზაციასთან, ისევე როგორც ყველა დოკუმენტი, რომელიც შედგენილი იყო პროექტთან დაკავშირებით და რომლის დაფინანსებასაც ახდენდა დონორი ორგანიზაცია (ამ შემთხვევაში მსოფლიო ბანკი); პალატის მითითებით, ზემოქმედების ქვეშ მოქცეული პირების პროექტამდე არსებული ცხოვრების დონის აღდგენა გულისხმობდა, რომ არანებაყოფლობითი განსახლებისას, პირი არ უნდა აღმოჩენილიყო იმაზე ცუდ მდგომარეობაში, ვიდრე იმყოფებოდა განსახლებამდე. აღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, ნათელი იყო, რომ მესაკუთრისათვის ანაზღაურების ყველა პირობა გაწერილი იყო განსახლების სამოქმედო გეგმაში, რომლითაც ხელმძღვანელობდა დეპარტამენტი კომპენსაციის გაცემისას. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მითითება იმის შესახებ, რომ დეპარტამენტმა დაარღვია რაიმე სავალდებულოდ შესასრულებელი აქტი, არამართებული იყო.
6.5. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელე მხარე, მიუხედავად მოპასუხე მხარესთან გაფორმებული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვისა და სარეაბილიტაციო ხარჯების ანაზღაურების ხელშეკრულებებისა (რასაც სადავოდ არ ხდიდა), დამატებით ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერც ერთ მოთხოვნასთან მიმართებით ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ ფაქტობრივი მოცემულობა, რომლის გამოც იგი მოცემულ ეტაპზე ვერ ახორციელებდა სატბორე-სათევზე მეურნეობას და დანიშნულებით ვერ იყენებდა მის საკუთრებაში დარჩენილ მიწის ნაკვეთებს, გამოწვეული იყო მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით. შესაბამისად, პალატის მითითებით, ვერ დადასტურდა მოპასუხის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი, რომელიც წარმოშობდა დელიქტურ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებას.
6.6. პალატის მითითებით, ვინაიდან არ დასტურდებოდა მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად მოსარჩელის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის, ზიანის მიყენების ფაქტი, სახეზე არ იყო ზიანის ანაზღაურების წინაპირობები. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის (992-ე მუხლი) რომელიმე ფაქტობრივი წინამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა კი, გამორიცხავდა მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
6.7. სააპელაციო პალატამ ისიც აღნიშნა, რომ მოსარჩელისათვის ანაზღაურებულ იქნა როგორც გადაფარვის ზონაში მოქცეული მიწის ღირებულების თანხა, ასევე, არსებული მდგომარეობით (რაც შეფასდა სპეციალისტების მიერ), მოსარჩელეს გადაეცა ბიზნესის შეჩერების გამო საკომპენსაციო თანხა. მძაფრი ზემოქმედების კომპენსაცია გაცემული იყო სწორედ განსახლების გეგმის შესაბამისად. სააპელაციო პალატის განმარტებით, ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პირებად ითვლებიან ოჯახები, რომლებიც მიწის 20%-ე მეტს დაკარგავენ ან არასასოფლო-სამეურნეო შემოსავლის 10%-ზე მეტს. ამ შემთხვევაში გაიცემა დამატებითი კომპენსაცია 3 თვის საარსებო მინიმუმის ოდენობით, რაც შეადგენს 319 ლარს და შესაბამისად, 3 თვის ძლიერი ზემოქმედების კომპენსაცია ერთჯერადად გადაიხდება 957 ლარის ოდენობით ოჯახზე და არა თითოეულ მიწის ნაკვეთზე. ამ შემთხვევაში, მძაფრი ზემოქმედების კომპენსაციის თანხას წარმოადგენდა ბანკის პოლიტიკაზე დაფუძნებული ნებაყოფლობითი გადასახადი, რომელიც მოსარჩელისთვის ანაზღაურებული იყო. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ბიზნესის შეჩერების (და არა ბიზნესის დაკარგვის) გამო გადაეცა საკომპენსაციო თანხა, რომლის ოდენობა გამოანგარიშებულ იქნა განსახლების გეგმის შესაბამისად, სპეციალისტების მიერ ჩატარებული დათვალიერებისა და შედგენილი ინვენტარიზაციის აქტის საფუძველზე.
6.8. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ინვენტარიზაციის პროცესს ესწრებოდა თავად მესაკუთრე, მას რაიმე არსებითი წინააღმდეგობა ინვენტარიზაციის ფორმაში მითითებულ მონაცემებზე არ განუცხადებია და თავისი ხელმოწერით დაადასტურა აღნიშნული მონაცემების სისწორე. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ ის ფაქტი, რომ უკვე მიღებული საკომპენსაციო თანხა, მოსარჩელეს არასაკმარისად მიაჩნდა, ვერ გახდებოდა საფუძველი ამ თანხების კორექტირებისა თუ სხვაგვარად გამოთვლისა, ვინაიდან ინვენტარიზაცია ჩატარებული იყო იმ დროს არსებული მდგომარეობით, გაცემული იყო საკომპენსაციო თანხა ზღვრული ვადის დაცვით და ამ თანხების შესწორებისა თუ სხვაგვარად ანგარიშის ფაქტობრივი საფუძველი ან მოცემულობა, დღეის მდგომარეობით აღარ არსებობდა. შესაბამისად, მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა ანაზღაურება იმის მიხედვით, თუ ინვენტარიზაციის ჩატარების პერიოდში, რომელი ნაკვეთი რა დანიშნულებით გამოიყენებოდა, იქნებოდა ეს სატბორე მეურნეობისთვის და იქნებოდა თუ არა წყალში გაშვებული თევზები, თუ ნაკვეთზე დათესილი იქნებოდა ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურა.
6.9. საბოლოო ჯამში პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე ითხოვდა როგორც ზიანის ანაზღაურებას, ასევე მიწების გამოსყიდვას, რომელიც მისი მოსაზრებით, გამოუსადეგარი იყო; ამასთან, მიწები ისევ მის საკუთრებაში უნდა დარჩენილიყო, რაც პალატის მოსაზრებით, არამართებული იყო. გარდა ამისა, მოსარჩელეს ინვენტარიზაციის ჩატარების დროისათვის და არც შემდგომ, ხელშეკრულების გაფორმებისას არ მიუთითებია, რომ დარჩენილი მიწის ნაკვეთები იქნებოდა გამოუსადეგარი და მას იგი ვეღარ გამოიყენებდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. აღნიშნულის პარალელურად კი, მის მოთხოვნას წარმოადგენდა სათევზე მეურნეობის საწარმოებლად გზიდან 50 მეტრიანი დაშორების მოწყობა, რაც ასევე გულისხმობდა დამბების აშენებასაც, თუმცა სააპელაციო პალატისათვის გაუგებარი იყო და არ დგინდებოდა, მის სამომავლო სამეწარმეო საქმიანობასთან რა კავშირი ან პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მოპასუხე მხარეს, როდესაც მას უკვე გამოსყიდული ჰქონდა მიწის ნაკვეთები და გზის მშენებლობის პროცესში ბიზნესის შეჩერების გამო, მოსარჩელისათვის ანაზღაურებული ჰქონდა შესაბამისი საკომპენსაციო თანხები.
6.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნები ახალი სათევზე მეურნეობისათვის შესაბამისი პირობების მოსაწყობად (გზიდან 50 მეტრიან რადიუსში დაშორება, მიწის ამოღება თუ დამბების მოწყობა) მოპასუხისათვის ვალდებულების დაკისრების ნაწილში, მართებულად არ იყო დაკმაყოფილებული.
6.11. სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ საქმეში, ბ.ჯ–ძის სასარჩელო მოთხოვნების (სააპელაციო საჩივრის) დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 408.1 მუხლების შესაბამისად დადგენილიყო დელიქტური ქმედების განმაპირობებელი ფაქტები: მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ნეგატიური შედეგის დადგომა და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ეს წინაპირობები საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდებოდა. შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით, ბ.ჯ–ძის სასარჩელო მოთხოვნები (სულ ექვსი მოთხოვნა) მოპასუხე მხარის მიმართ უსაფუძვლო იყო.
6.12. რაც შეეხება საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგეობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარს, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ სადავო გარემოება მასზედ, რომ მოპასუხე მხარის მიერ სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე ავტომაგისტრალისა და შემოვლითი კვანძების მშენებლობის პროცესში, მოსარჩელეს სასოფლო-სამეურნეო (მათ შორის სატბორე-სათევზე მეურნეობის წარმოება) საქმიანობის განხოციელების შეუძლებლობის გამო, მიადგა 72 025.2 ლარის ოდენობით ზიანი.
6.13. პალატის განმარტებით, მხარეთა შორის სადავო არ იყო ის გარემოება, რომ სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობამ მოიცვა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნაწილი, სადაც მოსარჩელეს ფუნქციურად და დანიშნულებისამებრ მოწყობილი ჰქონდა სატბორე-სათევზე მეურნეობა და ასევე, მიწის ნაკვეთის ფართობის გათვალისწინებით, დათესილი იყო, როგორც ერთწლიანი ისე მრავალწლიანი კულტურები. შესაბამისად, დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე თავის საკუთრებას იყენებდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ახდენდა მიღებული პროდუქციის რეალიზებას და იღებდა შესაბამის სარგებელს. რისი საწინააღმდეგო მტკიცებულებაც, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი არ იყო.
6.14. საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელეს მიეცა ბიზნესის შეჩერების კომპენსაცია, ვინაიდან გზის მშენებლობის პროცესში, იგი ვერ მოახერხებდა თევზის წარმოებას. საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში, გარკვეული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვისა თუ სხვა გარემო-ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, მოსარჩელე იძულებული გახდა შეეჩერებინა ფუნქციურად მის საკუთრებაში დარჩენილი ნაკვეთების გამოყენება, კერძოდ, კი წყლის სისტემისა თუ ცალკე მისასვლელი გზის არარსებობის პირობებში, შეუძლებელი გახდა სათევზე მეურნეობის წარმოება დარჩენილ ტბორებში, თუმცა, პალატის მოსაზრებით, ყურადღება უნდა მიქცეოდა იმ გარემოებას, რომ მიწის ნაკვეთი, თავისი სასოფლო სამეურნეო (სახნავი) მიწის კატეგორიის მნიშვნელობით, მოსარჩელეს საკუთრებაში ჰქონდა და მის გამოყენებაში (თუნდაც წყლის მიმწოდებელი არხის აღდგენამდე არა სატბორე-სათევზე მეურნეობის წარმოებისათვის) იგი შეზღუდული არ იყო.
6.15. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლივი შემოწმებისა და შეფასებით, სარჩელში მითითებულ ზიანის განმაპირობებელ ფაქტობრივი გარემოებები ქმნიდნენ საფუძველს იმისა, რომ მოსარჩელემ მოპასუხის ქმედების შედეგად (გზის მშენებლობის პროცესში) განიცადა ზიანი, კერძოდ, შეფერხდა მისი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოება; წყლის სისტემის მოშლის გამო, მის ნაკვეთებს არ მიეწოდებოდა წყალი, რის გამოც ცალსახა იყო, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მეურნეობის ეფექტური განხორციელების შედეგად პროდუქციის რეალიზება და სარგებლის მიღება.
6.16. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ზიანის ოდენობის გამოთვლისას (მიუღებელ შემოსავალის დაანგარიშებისას) პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა 28.03.2016 წლის სარეაბილიტაციო ხარჯების კომპენსაციის შესახებ ხელშეკრულებით მოსარჩელისათვის გადაცემული საკომპენსაციო თანხის (54 000 ლარის) ოდენობით და განმარტა, რომ მითითებული თანხისა და გზის მშენებლობის გამო მოპასუხის მხრიდან განხორციელებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის (მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთების 33.31% იქნა გამოსყიდულია) გაანგარიშებით უნდა დათვლილიყო მიღებული მიუღებელი შემოსავლის სახით გადასაცემი თანხა. კერძოდ, მთლიანად გაცემული საკომპენსაციო თანხას უნდა გამოკლებოდა პროცენტული ოდენობით იმ მიწის ნაკვეთებიდან მიღებული სავარაუდო შემოსავალი, რაც უკვე გასხვისდა და მიღებული თანხა უნდა გამრავლებულიყო ორ წელზე, განსახლების პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
6.17. ამდენად, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის (მათ შორს სატბორე-სათევზე მეურნეობის წარმოება) განხორციელების შეუძლებლობის გამო, მიადგა ზიანი 72 025.2 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენდა ორ წელზე გათვლილ მიუღებელ შემოსავალს.
6.18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრები დაუსაბუთებელი იყო და არ არსებობდა მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. ბ.ჯ–ძემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგეობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7.1. ბ.ჯ–ძის საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
7.1.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა „განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტს“. კასატორის მითითებით, საკომპენსაციო საკითხები შემუშავებული უნდა იქნეს და განხორციელდეს „განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტის“ შემადგენელი ნაწილის სახით და არა მისი იგნორირების ანდა ალაგ-ალაგ, შერევით გამოყენების გზით, რამეთუ სინამდვილეში, ეს დოკუმენტი წარმოადგენს ამ ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტებისათვის შესასრულებლად სავალდებულო აქტს“.
7.1.2. კასატორის განმარტებით, მძაფრი ზემოქმედების გამო ბიზნესის დაკარგვისათვის შემწეობის სახით 668832,8 ლარის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას და ამ ნაწილში მოთხოვნის უარსაყოფად, სააპელაციო პალატამ ისე გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებები, რომ კონკრეტული არაფერი მიუთითა; ამასთან, გამოიყენა კანონის ის დანაწესი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, კასატორის მითითებით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ჩარჩო დოკუმენტის 4.2 მუხლის მე-2 აბზაცით, იმავე დოკუმენტის 4.3 პუნქტის 111-ე ქვეპუნქტით და 4.1. მუხლის სქოლიოთი, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ჩარჩო დოკუმენტის მე-4 მუხლის ცხრილი 2-ის მე-14 და მე-15 დანაყოფები, რომელიც სულ სხვა სახის შემოსავლებზე (როგორებიცაა: დახმარების უზრუნველყოფა ტრანსპორტირებისათვის, საცხოვრებელი ხარჯებისათვის და სხვ.) აწესებს კომპესაციებს და არა სასოფლო სამეურნეო შემოსავლების დაკარგვაზე.
7.1.3. კასატორის მითითებით, დამბის აღდგენისათვის საჭირო თანხების - 291117,92 ლარისა და ტბორებში წყლის მიწოდების მოშლილი სისტემის აღსადგენად 569643,91 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად ორივე ინსტანციის სასამართლო მიუთითებს ინჟინრის 2016 წლის 18 თებერვლის წერილზე, რომელსაც კასატორის მოსაზრებით, საერთო არაფერი აქვს განსახილველ საქმესთან.
7.1.4. კასატორის განმარტებით, ტბორის მოსაწყობად გრუნტის ერთ მეტრ სიღრმეზე ამოღების ღირებულების არასწორად გაანგარიშების გამო მიყენებული ზიანის - 536445 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, სასამართლომ დაუშვა ფაქტობრივი უზუსტობები და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის ის დებულებები, რომელიც ითვალისწინებს უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნების ვალდებულებას.
7.1.5. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო არასწორად მიუთითებს, რომ მოსარჩელე ითხოვს როგორც ზიანის ანაზღაურებას, ისე მიწის გამოსყიდვას. კასატორი აღნიშნავს, რომ მიწის გამოსყიდვა არასდროს მოუთხოვია.
7.1.6. ასევე, კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო არასწორად აღნიშავს, რომ ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს, მოსარჩელეს არ განუცხადებია, რომ დარჩენილი მიწის ნაკვეთები გამოუსადეგარი დარჩებოდა.
7.1.7. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო არასწორად მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნები ახალი სათევზე მეურნეობისათვის შესაბამისი პირობების მოსაწყობად (გზიდან 50 მეტრით დაშორება, მიწის ამოღება, თუ დამბის მოწყობა) არამართებულია, რამეთუ ახალი სათევზე მეურნეობის მოწყობის დავალდებულება და მიწის ამოღება მოსარჩელეს არასდროს მოუთხოვია.
7.1.8. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მძაფრი ზემოქმედების გამო კომპესაცია გაცემულია განსახლების გეგმის შესაბამისად, მაშინ, როცა საქმეში არ მოიპოვება განსახლების გეგმა და განსახლების გეგმის კვლევა სასამართლოს არ ჩაუტარებია.
7.1.9. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო არასწორად მიუთითებს, რომ ზემოქმედების ქვეშ მოქცეულად ითვლებიან ოჯახები, რომლებიც მიწის 20%-ზე მეტს დაკარგავენ ან არასასოფლო-სამეურნეო შემოსავლის 10%-ზე მეტს. აღნიშნულის საპირისპიროდ, კასატორი განმარტავს, რომ განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტის მე-4 მუხლის, ცხრილი 2-ის მე-14 გრაფაში პირდაპირაა აღნიშნული, რომ ძლიერი ზემოქმედების ქვეშ მყოფად ითვლება ყველა ოჯახი და მიეცემა ანაზღაურება ზემოქმედების ქვეშ მყოფი მიწიდან მიღებული ორი წლის მოსავლის გაანგარიშებით, რომლებმაც დაკარგა სასოფლო-სამეურნეო შემოსავლის 10% და არა არასასოფლო შემოსავალი. კასატორის მითითებით, მოცემულ საქმეში, არასასოფლო შემოსავლის დაკარგვაზე საუბარი არ არის.
7.1.10. კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლო იმ გარემოებასაც არასწორად აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოსარჩელესა და დეპარტამენტს შორის ხელშეკრულებები გაფორმდა, ექსპროპრიაციის კანონის გამოყენება დაუშვებელია. აღნიშნულის საპირისპიროდ კასატორი განმარტავს, რომ მათ ექსპროპრიაციის კანონის გამოყენება არასდროს მოუთხოვიათ.
7.2. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგეობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
7.2.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი უსწორობების განხილვისა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 3.1.1., 3.1.5. და 3.1.12. პუნქტებით არასწორად ქონდა დადგენილი ფაქტობივი გარემოებები. კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ:
- მოქალაქე ბ.ჯ–ძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებულ სასაქონლე ტბორები გაზაფხულზე მუშავდებოდა და მესაკუთრის მიერ ითესებოდა ერთწლიანი კულტურა (სიმინდი, ლობიო ან სოიო), ხოლო ლიფსიტების ჩასმისას ტბორი ივსებოდა წყლით და თევზი იკვებებოდა, როგორც დათესილი სოიოს, სიმინდის ნათესით, ისე ბუნებრივი საკვებით (3.1.1. პუნქტი);
- საერთაშორისო ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული ავტომაგისტრალისა და შემოვლითი კვანძების (სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე) მოწყობის განხორციელების მიზნით, მოსარჩელისაგან სახელმწიფოს მიერ მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის შემდგომ და გზატკეცილის მშენებლობის შედეგად, ბ.ჯ–ძის მეთევზეობის მეურნეობის ტერიტორიის ნაწილი და დარჩენილი ტბორის ფართები გამოუსადეგარი დარჩა მოსარჩელისათვის სათევზე მეურნეობის მოსაწყობად (3.1.5. პუნქტი);
- მოპასუხე მხარის მიერ პროექტის განხორციელების პროცესში, მოსარჩელეს სასოფლო-სამეურნეო (მათ შორის, სატბორე-სათევზე მეურნეობის წარმოება) საქმიანობის განხოციელების შეუძლებლობის გამო, მიადგა 72 025.2 ლარის ოდენობით ზიანი (3.1.12. პუნქტი)
7.2.2. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო მთლიანად დაეყრდნო გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებს (ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით), თუმცა პალატის მიერ არ იქნა დასაბუთებული სასოფლო-სამეურნეო (მათ შორის, სატბორე-სათევზე მეურნეობის წარმოება) საქმიანობის განხოციელების შეუძლებლობის გამო ზიანის დადგენის ნაწილში, რატომ იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის იმ დასკვნებით, მათ შორის, ინდ. მეწარმე დამოუკიდებელი ექსპერტის „დ.რ–ძის დასკვნით, რომელიც შედგენილია საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის გაცნობის გარეშე, მხოლოდ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით. დასახელებული დასკვნის საპირწონედ, დეპარტამენტის წარმომადგენელის - ინჟინრის ახსნა-განმარტება და საქმეში არსებული მტკიცებულებები, არც პირველის ინსტანციის სასამართლომ და არც პალატამ მხედველობაში არ მიიღო. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტის დადგენა - უსაფუძვლოა, ხოლო ზიანის გაანგარიშების მეთოდოლოგია - გაურკვეველი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისისა და 16 ივნისის განჩინებებით, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგეობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ბ.ჯ–ძის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია დადგენილი, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: №ას- 15-29-1443-2012; №ას-973-1208-04; №ას- 664-635-2016).
13. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში ირკვევა, რომ 2012 წლის 27 თებერვალს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ბ.ჯ–ძემ შეიძინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - 460 129 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მდებარე: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...... აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე გაშენებული იყო სხვადასხვა მოცულობისა და დანიშნულების თევზსაშენი (სადედე, სალიფსიტე, ერთ წლამდე ასაკის, სასაქონლე სასაწყობე და ა.შ.) ტბორები. დიდ ფართებზე არსებული ტბორები გამოიყენებოდა თევზის საზრდელად, ხოლო მცირე ზომის ტბორები გამოიყენებოდა ლიფსიტების გამოსაყვანად და სხვა. ბ.ჯ–ძეს მეთევზეობის მეურნეობის ფუნქციონირებისათვის მოწყობილი ჰქონდა ტბორების წყალმომარაგებისა და წყალგამშვები მოწყობილობა-ნაგებობები და პერიოდულად ახორციელებდა სხვადასხვა ტბორების წყლით შევსება-დაცლას. დადგენილია, რომ 2015 წელს, მოსარჩელის კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე გაიარა სამტრედია-გრიგოლეთის მიმართულებით მშენებარე ჩქაროსნულმა ავტომაგისტრალმა, რომელმაც მოიცვა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნაწილი (სრული ფართობის 33.31% - 153 253 კვ.მ.). პროექტის განმახორციელებელმა დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მიწის ნაკვეთებისა და მასზე განთავსებული ქონების სანაცვლოდ, სათანადო ხელშეკრულებების გაფორმების საფუძველზე, მოსარჩელეს შესთავაზა ევროპის საინვესტიციო ბანკთან შეთანხმებული, განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული შესაბამისი ღირებულების ანაზღაურება. თავდაპირველად, მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა მიწის ნაკვეთების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის თაობაზე ვერ მოხერხდა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაიწყო ექსპროპრიაციის პროცედურები, თუმცა შემდგომში, მოსარჩელის მიერ გამოთქმული თანხმობის შედეგად, შეწყდა ექსპროპრიაციის პროცედურები და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოსარჩელის თანხმობით გამოისყიდა გზატკეცილის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთები. კერძოდ, უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმდა შემდეგი სახის ხელშეკრულებები:
-2016 წლის 28 მარტის NEIB/RAP 2-206 ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ნებაყოფლობით, 142172 ლარად გამოსყიდულ იქნა სასოფლო-სამერუნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთი (ს/კ N......), ფართით 15432 კვ.მ. (ტ.1, ს.ფ. 124-126);
-2016 წლის 16 თებერვლის NEIB/RAP 2-165 ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ნებაყოფლობით, 14159 ლარად გამოსყიდულ იქნა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთი (ს/კ ........), ფართით 625 კვ.მ. (ტ.1, ს.ფ. 134-136);
-2016 წლის 13 ივლისის NEIB/RAP2-327 ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ნებაყოფლობით, 712916 ლარად გამოსყიდულ იქნა სასოფლო-სამერუნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთი (ს/კ N.......), ფართით 137196 კვ.მ. (ტ.2, ს.ფ. 49-51);
-2016 წლის 28 მარტის NEIB/RAP2R-216 სარეაბილიტაციო ხარჯების კომპენსაციის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მიწის ნაკვეთზე (ს/კ N.......) ბიზნესის შეჩერების გამო კომპენსაციის სახით ბ.ჯ–ძემ მიიღო 54000 ლარი (ტ.2, ს.ფ. 72-73);
- 2016 წლის 13 ივლისის NEIB/RAP2R-350 სარეაბილიტაციო ხარჯების კომპენსაციის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მიწის ნაკვეთზე (ს/კ N........) მოსარჩელე ბ.ჯ–ძემ მიიღო განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო ხარჯების კომპენსაცია - 22857 ლარის ოდენობით (ტ.2, ს.ფ. 77-78).
14. სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოპასუხემ, მიწის ნაკვეთის გამოსყიდვისა და კომპენსაციის/სარეაბილიტაციო ხარჯების ანაზღაურების შესახებ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების პირობები, სრულად და ჯეროვნად შეასრულა, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელემ წარმოდგენილი სარჩელით დამატებით მოითხოვა:
14.1. ლანჩხუთის რაიონში, სოფელ ........ (........) მდებარე თევზსაშენი ტბორის, ფართით 137196 კვ.მ. (ს/კ N.......) გამოსყიდვის დროს ბიზნესის დაკარგვის გამო მიყენებული ზიანის - 740 858 ლარის ანაზღაურება;
14.2. თევზსაშენი ტბორის გამოსყიდვის გამო გაუვარგისებული ამავე ტბორების (საკადასტრო კოდებით: N........(ფართით 2833 კვ.მ.) და N..........(ფართით 16990 კვ.მ)) ღირებულების - 59 469 ლარის, ამავე ტბორების მთლიან ფართობზე 1 მეტრის სიღმეზე მიწის ამოღების ღირებულების - 99 115 ლარის, დამბის მოწყობის ღირებულების - 6745.2 ლარის და ასევე, ბიზნესის დაკარგვით მიყენებული ზიანის - 107 044.2 ლარის, სულ ჯამში - 272 373.4 ლარის გადახდა;
14.3. N2......., N.......და N2......საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული თევზსაშენი ტბორების გამოსყიდვითა და მათზე საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის გამო, დამბის გარეშე დარჩენილი N........, N......., N........და N........საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ტბორებისათვის ახალი დამბის აშენების ღირებულების, ჯამში - 291 117.92 ლარის გადახდა;
14.4. N......., N........ N....... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული თევზსაშენი ტბორების გამოსყიდვითა და მათზე საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის გამო, N........, N.........., N...... და N........ საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ თევზსაშენ ტბორებში, საავტომობილო გზიდან 50 მეტრიან რადიუსში მიწის, ტბორის ამოღებისა და ძაფრი ზემოქმედების შედეგად ბიზნესის დაკარგვის საკომპენსაციო თანხის, საერთო ჯამში - 674 109.8 ლარის ანაზღაურება;
14.5. N......, N......... და N..........საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული თევზსაშენი ტბორების გადაფარვის ზონაში მოქცეული N20, N21 და N22 ნაკვეთების გამოსყიდვის დროს, ტბორის ერთ მეტრ სიღრმეზე ამოღების ხარჯების არასწორად, არასრულყოფილად გაანგარიშებისა და შესაბამისი კომპენსაციის გადაუხდელობის გამო მიყენებული ზიანის - 536 445 ლარის ანაზღაურება;
14.6. N........., N.......... და N.......... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული თევზსაშენი ტბორების გამოსყიდვითა და მათზე საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის გამო, N........., N........, N......... და N......... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ თევზსაშენ ტბორებში წყლის მიწოდების სისტემის მოშლისა და მისი აღდგენის ხარჯის - 569 643.91 ლარის გადახდა.
15. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, უცვლელად დარჩა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მხოლოდ პროექტის განხორციელების პროცესში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის (მათ შორს სატბორე-სათევზე მეურნეობის წარმოების) განხორციელების შეუძლებლობის გამო მიყენებული ზიანის (მიუღებელი შემოსავლის) - 72 025.2 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, რასაც არ იზიარებენ მხარეები. კერძოდ, მოსარჩელე/პირველი კასატორი სააპელაციო პალატის განჩინებას სადავოდ ხდის როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი უსწორობის თვალსაზრისით და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებას და გასაჩივრებულ ნაწილში (სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში), ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას: 1) მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მძაფრი ზემოქმედების შედეგად ბიზნესის დაკარგვის გამო მიყენებული ზიანის - 668832,8 ლარის ანაზღაურება; 2) მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს N........., N........ და N....... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული თევზსაშენი ტბორების ნაწილის გამოსყიდვის გამო, ს/კ N ........-ში, N .........-ში, N .....-ში და N ........-ში დამბის მოშლის გამო, დამბის აღდგენისათვის საჭირო თანხების, საერთო ჯამში - 291 117.92 ლარის გადახდა; 3) მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს საკადასტრო კოდი N.......-ით, N........-ით და N........-ით რეგისტრირებული თევზსაშენი ტბორების, გადაფარვის ზონაში მოქცეული N20, N21 და N22 ნაკვეთების გამოსყიდვის დროს, ტბორის მოსაწყობად გრუნტის ერთ მეტრ სიღრმეზე ამოღების ხარჯების არასწორად და არასრულყოფილად გაანგარიშებისა და შესაბამისი კომპენსაციის გადაუხდელობის გამო მიყენებული ზიანის - 536 445 ლარის ანაზღაურება; 4) მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ქონების გამოსყიდვისა და მასზე საავტომობილო გზატკეცილის მშენებლობის შედეგად, მისივე ბრალით, მოსარჩელის საკუთრებაში დარჩენილ თევზსაშენ ტბორებში წყლის მიწოდების მოშლილი სისტემის აღსადგენი ხარჯის სახით- 569 643.91 ლარის გადახდა (ბ.ჯ–ძის საკასაციო მოთხოვნა). რაც შეეხება მოპასუხეს/მეორე კასატორს, მის საკასაციო მოთხოვნას წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა, რამეთუ მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტის დადგენა - უსაფუძვლოა, ზიანის გაანგარიშების მეთოდოლოგია კი, გაურკვეველი.
16. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების შემოწმება. აქვე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსსკ-ის 404.1 მუხლი) და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, უფლება არ აქვს გასცდეს საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს. შესაბამისად, საკასაციო პალატა კასატორებს, მათ მიერ განხორციელებული შედავების გათვალისწინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის რელევანტურობას განუმარტავს.
17. განსახილველ შემთხვევაში, ბ.ჯ–ძის პირველი პრეტენზია იმ გარემოებას შეეხება, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა „განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტს“. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირველი კასატორი წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში ერთი მხრივ, თავადვე მიუთითებს, რომ „განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტი“ წარმოადგენს ზოგად სახელმძღვანელოს, თუმცა, მეორე მხრივ, არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ იმავე გარემოებაზე მითითებას. კერძოდ, კასატორმა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველ პრეტენზიაში ერთი მხრივ, თავად მიუთითა, რომ „მართალია, ჩარჩო-დოკუმენტი წარმოადგენს ზოგად სახელმძღვანელო დოკუმენტს, მაგრამ ჩარჩო-დოკუმენტი ამავე დროს წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რადგან იგი გამოცემულია სათანადოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მსოფლიო ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკის, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და არანებაყოფლობითი განსახლების პოლიტიკის მოთხოვნების მიხედვით, საქართველოს საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის მესამე პროექტის (SLRP III) მხარდასაჭერად და აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირთა შეზღუდული წრის უფლებებს, მოვალეობებს და შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესებს“, თუმცა, მეორე მხრივ, კასატორმა შედავება წარმოადგინა სააპელაციო პალატის მიერ განვითარებული იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ „განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტი“ წარმოადგენს მხოლოდ ზოგად სახელმძღვანელოს/ზოგად პრინციპებს და მასში მითითებული დანაწესები სარეკომენდაციო ხასიათისაა, ხოლო განსახლების გეგმა კონკრეტული პროექტის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტია, რომელიც მორგებულია პროექტით გათვალისწინებულ პირობებსა და განსახლების თავისებურებებზე“.
18. პირველი კასატორის შედავების საპირისპიროდ, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ განვითარებულ მსჯელობას და ამ მიმართებით, ყურადღებას გაამახვილებს „განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტის“ შესავალ ნაწილზე, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ დოკუმენტი წარმოადგენს ზოგად ჩარჩო სახელმძღვანელოს, რომლის მიხედვითაც, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ყველა მონაწილე მხარის ინტერესებისა და მათ მიერ დასმული პრობლემატური საკითხების გათვალისწინება და ისეთი გაგების დამკვიდრება, რომ ნებისმიერი მხარის ყველაზე მკაცრი და გონივრული მოთხოვნები სათანადო ყურადღებით იქნეს განხილული და გათვალისწინებული. ჩარჩო-დოკუმენტი განსაზღვრავს არანებაყოფლობითი განსახლების პროცედურებს, ადგენს მიზნებს, პრინციპებს, საკომპენსაციო უფლებებს, საკანონმდებლო ჩარჩოებს, საკონსულტაციო პროცედურებს და საჩივრების განხილვის მექანიზმებს, რომლებიც პროექტის შესაძლო ზემოქმედების შემთხვევაში, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებული იქნება კონკრეტული განსახლების სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად. ამასთან, „განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტში“ აღნიშნულია, რომ მასში ასახული პრინციპებისა და პოლიტიკის თანახმად, თითოელი მონაკვეთისათვის ცალ-ცალკე მომზადდება განსახლების სამოქმედო გეგმები, სადაც დეტალურად იქნება განსაზღვრული შემარბილებელი საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო ღონისძიებები. გარდა ამისა, დოკუმენტის მთლიანი სახელწოდება - „განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტი, შიდასახელმწიფოებრივი ადგილობრივი გზების მესამე პროექტი“ და ამავე დოკუმენტის შინაარსობრივი მხარეც ადასტურებს, რომ ეს დოკუმენტი არ ეხება მხოლოდ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტს და იგი წარმოადგენს უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც შემუშავდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის მესამე პროექტის (SLRP III) მხარდასაჭერად. ცალსახაა, რომ ამგვარი ტიპის დოკუმენტი, რომელიც სხვადასხვა რეგიონში არსებული პროექტების მხარდასაჭერად მომზადდა, ყველა მათგანისათვის ერთნაირად სავალდებულოდ შესასრულებელ შენიშვნებს ფიზიკურად ვერ განსაზღვრას. მხედველობაშია მისაღები „განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტის“ 3.3. პუნქტიც, რომელიც საქართველოს კანონმდებლობისა და განსახლების პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნების შედარებას ეხება, რაც მოწმობს, რომ „განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტით“ გარკვეული საკითხები საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებული წესით რეგულირდება. გარდა ამისა, ის უდავო გარემოებაც, რომ კონკრეტული პროექტის ფარგლებში შექმნილი განსახლების სამოქმედო გეგმა, ისევე როგორც ყველა დოკუმენტი, რომელიც შედგენილია პროექტთან დაკავშირებით, დამატებით თანხმდება დონორ ორგანიზაციასთან (პროექტის დაფინანსება გათვალისწინებულია მსოფლიო ბანკის მხრიდან, „განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტი“ მომზადდა მსოფლიო ბანკის მითითებით, ბანკის არანებაყოფლობით პოლიტიკის (OP 4.12) შესაბამისად), კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ „განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტი“ შეიცავს იმ ძირითად პრინციპებს, რომელიც შემდგომში დონორ ორგანიზაციასთან კონსულტაციების საფუძველზე, იმავე ან განსხვავებული სახით ასახვას ჰპოვებს უკვე კონკრეტულ გზის მონაკვეთზე განსახორციელებელი პროექტის განსახლების სამოქმედო გეგმაში, რაც საკასაციო პალატას უქმნის სააპელაციო პალატის იმ მსჯელობის გაზიარების შესაძლებლობას, რომ „განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტი“ წარმოადგენს ზოგად სახელმძღვანელოს, განსახლების გეგმა კი, კონკრეტულ სამოქმედო დოკუმენტს (ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება იხ. ამ განჩინების 6.4 პუნქტში).
19. ზემოაღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატას ვერ გაუქარწყლებს კასატორის შედავება მასზედ, რომ სააპელაციო პალატის შეფასება „განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტის“ სარეკომენდაციო ხასიათის თაობაზე, წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოს მიერვე უდავოდ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებასთან, რომ მესაკუთრისაგან მიწის შესყიდვა და განსახლების გეგმა უნდა შემუშავებულიყო და განხორციელებულიყო შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი პროექტის („განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტის“) შემადგენელი ნაწილის სახით და კომპენსაციასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი უნდა ყოფილიყო ასახული პროექტის ხარჯებში. საკასაციო პალატისათვის გაუგებარია კასატორის მხრიდან ამ გარემოებაზე აპელირება, რამეთუ განსახლების სამოქმედო გეგმა ისედაც პროექტის შემადგენელი ნაწილია, ხოლო, კომპენსაციასთან დაკავშირებული ხარჯები რომ პროექტის ხარჯებშია ასახული, აღნიშნულს მოწმობს განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებები. იმ შემთხვევაში, თუ კასატორი მიიჩნევდა, რომ პროექტის ხარჯებში არ იყო ასახული კომპენსაციასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ანდა არ ეთანხმებოდა განსახლების სამოქმედო გეგმის სხვა პირობებს, პალატისათვის გაუგებარია თუ რატომ შეწყვიტა კასატორმა/მოსარჩელემ ნებაყოფლობით ექსპროპიაციის პროცედურები, რატომ დაეთანხმა განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად შეთავაზებულ ანაზღაურებას და რატომ გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულებები. თვით ის ფაქტი, რომ პროექტის განხორციელება დამოკიდებული იყო განსახლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებაზე ევროპის საინვესტიციო ბანკის მხრიდან და მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ განსახლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, ხოლო, პროექტი განხორციელდა, აღნიშნულიც თავის მხრივ ადასტურებს იმას, რომ კომპენსაციასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურების ყველა პირობა გაწერილი იყო განსახლების სამოქმედო გეგმაში. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მესაკუთრისაგან მიწის შესყიდვა და განსახლების გეგმა უნდა შემუშავებულიყო და განხორციელებულიყო შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი პროექტის („განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტის“) შემადგენელი ნაწილის სახით და კომპენსაციასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი უნდა ყოფილიყო ასახული პროექტის ხარჯებში, არ მოდის წინააღმდეგობაში სააპელაციო პალატის შეფასებასთან „განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტის“ სარეკომენდაციო ხასიათის თაობაზე.
20. ბ.ჯ–ძის მომდევნო საკასაციო პრეტენზია იმ გარემოებას შეეხება, რომ სააპელაციო პალატამ თევზსაშენი ტბორის, ფართით 137196 კვ.მ. (ს/კ N........) გამოსყიდვის დროს ბიზნესის დაკარგვის გამო მიყენებული ზიანის - 6668832,8 ლარის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის (პირველი სასარჩელო მოთხოვნა) უარსაყოფად ისე გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებები, რომ კონკრეტული არაფერი მიუთითებია და ამასთან, არ გამოიყენა „განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტის“ ის დებულებები, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
21. ზემოაღნიშნულ პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე პირველ სასარჩელო მოთხოვნას ამყარებდა „განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტის“ შესაბამის დათქმას, რომლის თანახმად, თუ მიწა მუდმივად გამოიყენებოდა მოსავლის მისაღებად, მაგრამ იმ წელიწადს, როდესაც დანაკარგების აღრიცხვა განხორციელდა, დასათესად არ გამოიყენებოდა (ამ მიწის დასვენების ან ფერმების ავადმყოფობის ან სხვა გამართლებული მიზეზით), მიწის ნაკვეთი მაინც ჩაითვლებოდა როგორც მოსავლის მოსაყვანად ვარგისი და უნდა გადახდილიყო შესაბამისი კომპენსაცია (ტ.1, ს.ფ. 68). ამ მიზნით, მოსარჩელე იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებდა, რომ მის საკუთრებაში არსებულ ყველა ტბორში (მათ შორის N27.04.45.095 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულშიც) აწარმოებდა თევზის მოშენებას. აღნიშნული მეურნეობა მიმდინარეობდა ნახევრადინტენსიური მეთოდით, რაც იმას ნიშნავდა, რომ დამშრალი სასაქონლე ტბორი ადრე გაზაფხულზე იხვნებოდა და მასზე ითესებოდა ერთწლიანი კულტურა. მცენარეთა აღმოცენების შემდეგ, ტბორებში ხდებოდა წყლის თანდათანდობით გაშვება და პარალელურ რეჟიმში ხდებოდა ერთწლიანი ლიფსიტების ჩასმა. მოსარჩელის მითითებით, რამდენადაც მის საკუთრებაში არსებული N27.04.45.095 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თევზსაშენ ტბორს, მისი გამოსყიდვის დროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს „განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტის“ შესაბამისად, საკომპენსაციო თანხა უნდა გაეცა ბიზნესის დაკარგვისთვისაც, რაც ტოლი იქნებოდა ამ ტბორში ორი წლის მანძილზე მიღებული თევზის ღირებულებისა.
22. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული მოთხოვნის უარსაყოფად სააპელაციო პალატამ იმ გარემოებებზე მიუთითა, რომ მოსარჩელეს ბიზნესის შეჩერების (და არა ბიზნესის დაკარგვის) გამო გადაეცა საკომპენსაციო თანხა, რომლის ოდენობა გამოანგარიშებულ იქნა განსახლების გეგმის შესაბამისად, სპეციალისტების მიერ ჩატარებული დათვალიერებისა და შედგენილი ინვენტარიზაციის აქტის საფუძველზე. პალატის მითითებით, ინვენტარიზაცია ჩატარებული იყო იმ დროს არსებული მდგომარეობით და გაცემული იყო საკომპენსაციო თანხა ზღვრული ვადის დაცვით. ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ინვენტარიზაციის პროცესს ესწრებოდა თავად მესაკუთრე, რომელსაც რაიმე არსებითი წინააღმდეგობა ინვენტარიზაციის ფორმაში მითითებულ მონაცემებზე არ განუცხადებია და თავისი ხელმოწერით დაადასტურა აღნიშნული მონაცემების სისწორე. შესაბამისად, მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა ანაზღაურება იმის მიხედვით, თუ ინვენტარიზაციის ჩატარების პერიოდში, რომელი ნაკვეთი რა დანიშნულებით გამოიყენებოდა, იქნებოდა ეს სატბორე მეურნეობისთვის და იქნებოდა თუ არა წყალში გაშვებული თევზები, თუ ნაკვეთზე დათესილი იქნებოდა ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურა.
23. სააპელაციო პალატის მოტივაციის საპირისპიროდ, პირველი კასატორი განმარტავს, რომ „განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტის“ თანახმად, ბიზნესის დაკარგვის გამო გასაცემი თანხა და ბიზნესის შეჩერებისათვის გასაცემი კომპენსაცია სხვადასხვა მცნებებია და ისინი ერთმანეთს არ ფარავს. კერძოდ, ბიზნესის დაკარგვის გამო შემწეობა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ზემოქმედება 10%-ზე მეტს შეადგენს (მოცემულ შემთხვევაში ზემოქმედება 33%-ს შეადგენდა), ხოლო ბიზნესის შეჩერებისათვის კომპესაცია (ზემოქმედების დოზის მიუხედავად) გაიცემა იმ მიზნით, რომ მომავალში გზის მშენებლობის გამო დარჩენილ ტბორებში თევზის წარმოებას ხელი შეეშლება. კასატორის მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში, N...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ტბორზე, არც ბიზნესის შეჩერებისათვის კომპესაცია და არც ბიზნესის დაკარგვისათვის რაიმე საზღაური არ გაცემულა.
24. ზემოაღნიშნულ აბზაცში მითითებული არგუმენტებიდან, საკასაციო პალატა ერთი მხრივ, იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ ბიზნესის დაკარგვის გამო გასაცემი თანხა და ბიზნესის შეჩერებისათვის გასაცემი კომპენსაცია სხვადასხვა მცნებებია და აღნიშნულს არც მოპასუხე უარყოფს და არც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო, რომელმაც გარკვევით მიუთითა, რომ მოსარჩელეს ბიზნესის შეჩერების (და არა ბიზნესის დაკარგვის) გამო გადაეცა საკომპენსაციო თანხა, რომლის ოდენობა გამოანგარიშებულ იქნა განსახლების გეგმის შესაბამისად, სპეციალისტების მიერ ჩატარებული დათვალიერებისა და შედგენილი ინვენტარიზაციის აქტის საფუძველზე, თუმცა, მეორე მხრივ, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ამ საკითხზე ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს აჟღერებს. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 იანვრის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მართალია, დანაკარგების აღრიცხვის დროს მითითებულ სასაქონლე ტბორში დათესილი იყო ერთწლიანი კულტურები და აუზი მზადდებოდა მასში თევზის გასაშვებად, თუმცა, შემსყიდველს ბიზნესის დაკარგვა უნდა ეანგარიშა არა მიუღებელი ნათესის, არამედ თევზის შესაძლო დანაკარგების მიხედვით, რადგან მისთვის ცნობილი იყო, რომ ამ ტბორში ერთწლიანი კულტურა დათესილი იყო თევზის გამოსაკვებად და ამ ტბორში უნდა შეშვებულიყო თევზი (ტ.2, ს.ფ. 425). აღნიშნული ახსნა-განმარტებით, მოსარჩელე ფაქტობრივად ადასტურებს, რომ მას მიღებული აქვს ბიზნესის დაკარგვით გამოწვეული ანაზღაურება (და არა ბიზნესის შეჩერების გამო, როგორც ეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს) და მარტოოდენ იმ გარემოებს ხდის სადავოდ, რომ გაანგარიშება მოხდა არასწორად - ფაქტობრივი მდგომარეობით (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით) და არა მიწის ნაკვეთის რეალური დანიშნულებით, თუმცა, საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, მოსარჩელე საერთოდ უარყოფს რაიმე სახის კომპენსაციის მიღებას, რამეთუ მიუთითებს, რომ ს/კ N.......-ით რეგისტრირებულ ტბორზე არც ბიზნესის შეჩერებისათვის კომპესაცია და არც ბიზნესის დაკარგვისათვის რაიმე საზღაური არ გაცემულა. რამდენადაც მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად ერთმნიშვნელოვნად ვერ მიუთითებს შესაბამის გარემოებებს, გამოსარკვევია N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გაიცა თუ არა რაიმე სახის კომპენსაცია და დადებითი პასუხის შემთხვევაში - რა სახის.
25. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ N.......-ით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, მხარეთა შორის გაფორმდა, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულება (NEIB/RAP2-327, 13.07.2016 წ.), ისე სარეაბილიტაციო ხარჯების კომპენსაციის შესახებ ხელშეკრულება (NEIB/RAP2R-350, 13.07.2016 წ.). სარეაბილიტაციო ხარჯების კომპენსაციის შესახებ ხელშეკრულების დანიშნულების განსაზღვრის მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამ უკანასკნელმა მოიცვა ერთწლიანი კულტურის საკომპენსაციო თანხა და მძაფრი ზემოქმედების კომპენსაცია. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 28 აპრილის №2-12/3510 წერილი, რომლის თანახმად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, როგორც უფლებამოსილმა და პროექტის განმახორციელებელმა დაწესებულებამ, N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ქონების სანაცვლოდ, სათანადო ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე, მოსარჩელე ბ.ჯ–ძეს შესთავაზა ევროპის საინვესტიციო ბანკთან შეთანხმებული განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული შესაბამისი ღირებულების ანაზღაურება:
1) მიწის ღირებულება - 411 588 ლარი;
2) შენობა-ნაგებობის ღირებულება - 297 029 ლარი;
3) მრავალწლიანი ნარგავების ღირებულება - 4095 ლარი;
4) ერთწლიანი კულტურის საკომპენსაციო თანხა - 21900 ლარი;
5) მძაფრი ზემოქმედების კომპენსაცია - 957 ლარი.
ამავე წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ უარის შემთხვევაში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმოქმედებდა კანონმდებლობის შესაბამისად და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მიმართავდა კომპეტენტურ ორგანოს ექსპროპიაციის უფლების მოპოვების მიზნით. იმავდროულად, მოსარჩელეს განესაზღვრა 03 კალენდარული დღის ვადა შეთავაზებული თანხების მიზნით სათანადო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის წარმოსადგენად (იხ. ტ.2, ს.ფ. 62). საქმეს ასევე ერთვის დასახელებული წერილის საპასუხოდ, მოსარჩელის მიერ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისადმი 2016 წლის 13 ივლისს წარდგენილი განცხადება, რომლის თანახმად, მოსარჩელე ბ.ჯ–ძემ თანხმობა განაცხადა მის საკუთრებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთის (ს/კ ......; ფართი 137196 კვ.მ.) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე. წინამდებარე განცხადებასთან ერთად, მოსარჩელემ დეპარტამენტს წარუდგინა ამ უკანასკნელის მიერ შეთავაზებული პირობებით შედგენილი და მის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებების პროექტები. იმავდროულად, მოსარჩელემ დეპარტამენტის წინაშე იშუამდგომლა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ექსპროპიაციის თაობაზე წარდგენილი განცხადების გამოხმობის შესახებ, რამეთუ აღნიშნულის საფუძველი აღარ არსებობდა (ტ.2, ს.ფ. 64-65). განცხადებაზე თანდართული და მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებების პროექტების თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ღირებულებამ შეადგინა 712916 ლარი, რაც მოიცავდა მიწის ღირებულებას - 411 588 ლარს, შენობა-ნაგებობის ღირებულებას - 297 029 ლარს, მრავალწლიანი ნარგავების ღირებულებას - 4095 ლარს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებულ საფასურს - 204 ლარს (მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული თანხები, ზუსტად შეესაბამება დეპარტამენტის მიერ, მოსარჩელისათვის 2016 წლის 28 აპრილის №2-12/3510 წერილით შეთავაზებულ თანხებს, ისევე, როგორც მხარეთა მიერ, უკვე ორმხრივად ხელმოწერილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს), ხოლო, სარეაბილიტაციო ხარჯების კომპენსაციამ შეადგინა 22857 ლარი, რაც მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების პროექტსა და შემდგომ, მხარეთა მიერ ორმხრივად ხელმოწერილ ხელშეკრულებაში დეტალურად (ჩაშლილად) არ აისახა და მხოლოდ საერთო ღირებულება მიეთითა, ფაქტია, რომ მოიცავს დეპარტამენტის მიერ, მოსარჩელისათვის 2016 წლის 28 აპრილის №2-12/3510 წერილით შეთავაზებული ერთწლიანი კულტურის საკომპენსაციო თანხას - 21 900 ლარს და მძაფრი ზემოქმედების კომპენსაციას - 957 ლარს (ჯამში სწორედაც ცალმხრივად ხელმოწერილი ხელშეკრულების პროექტითა და ორმხრივად ხელმოწერილი ხელშეკრულებით განსაზღვრულ 22857 ლარს). აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო ხარჯების კომპენსაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტში, რომელიც ერთვის მოსარჩელის მიერ წარდგენილ განცხადებას და ხელსაც თავად აწერს, 2.1. პუნქტის სახით მიეთითა, რომ ბიზნესის შეჩერების გამო კომპენსაციის სახით „კომპენსაციის მიმღები“ „კომპენსაციის გამცემისაგან“ იღებს 22857 ლარს. მაშასადამე, კასატორის იმ მოსაზრების საპირისპიროდ, რომ N27.04.45.095 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ტბორზე არც ბიზნესის შეჩერებისათვის კომპესაცია და არც ბიზნესის დაკარგვისათვის რაიმე საზღაური არ გაცემულა, საქმის მასალების საფუძველზე ნათელია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეს მიღებული აქვს ბიზნესის შეჩერებისათვის კომპენსაცია იმ საქმიანობის ხელშეშლისათვის, რა დანიშნულებითაც სადავო მიწის ნაკვეთს იყენებდა.
26. სადავო მიწის ნაკვეთის დანიშნულების თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ პროექტის ფარგლებში მომზადებული განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელებისას, პროექტის ზემოქმედება და საკომპენსაციო გადასახადების ოდენობა განისაზღვრებოდა ზღვრული ვადით და ეს ვადა მოცემული პროექტისათვის შეადგენდა 2014 წლის თებერვლის თვეს. ზღვრული თარიღის შემდეგ შეტანილი ცვლილებები და ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ მიწის ნაკვეთზე დაწყებული ახალი საქმიანობა არ ექვემდებარებოდა კომპენსაციას. დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული თითოეულ ნაკვეთის დეტალური აღწერა და დამახასიათებელი ნიშნების მითითება მოხდა ინვენტარიზაციის ფორმაში, რომლის საფუძველზეც მოხდა საკომპენსაციო თანხების გაანგარიშება. მიწის ნაკვეთების აღწერა-ინვენტარიზაცია განხორციელდა 2013 წლის ოქტომბრის თვეში თავად მესაკუთრის თანდასწრებით. აღწერა ინვენტარიზაციის მიხედვით, N..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო სასაწყობე შენობა - 22.65 კვ.მ. ბლოკის კედლებით და ტიხრებით, გადახურვა პკჟ - ბეტონი, მოუპიპრკეთებელი, იატაკი ბეტონის, გადახურვა არა აქვს; ხის ჯიხური 23.24 კვ.მ. შიფერის გადახურვით და ხის კარ-ფანჯრით; ხის სათბური 4.8X24 ცელოფნის გადახურვით; შემოღობვა ეკლიანი მავთული აკაციის ბოძებით 320 მ.; დამბა და ტბორი; ელ.ხაზი ლითონის მილის ბოძებით 340 მ.; გამშვები 1ც.; ასევე, განთავსებული იყო მრავალწლიანი (ვაშლი, ალუბალი, ლეღვი, კაკალი, ტყემალი, კოწახური, თხილი, მსხალი, ზღმარტლი) და ერთწლიანი კულტურები (სიმინდი და ლობიო - 30 000 კვ.მ.) (ტ.2, ს.ფ. 268-269).
27. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ტბორის ფსკერზე ერთწლიანი კულტურების არსებობას სადავოდ არ ხდის მოსარჩელე, თუმცა, იმავდროულად ამტკიცებს, რომ ერთწლიანი კულტურები განკუთვნილი იყო თევზებისთვის, რამეთუ შემდგომში ამ ტბორებში წყლის შეშვებას და აღნიშნული კულტურების თევზის საკვებად გამოყენებას აპირებდა. კასატორი სწორედ ამ გეგმის განხორციელებით საზღვრავს სადავო მიწის ნაკვეთის (ს/კ N.......) დანიშნულებას (სრულფასოვანი ტბორი (თევზსაშენი)), რაც მისი მოსაზრებით, „განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტის“ შესაბამის დათქმასთან (თუ მიწა მუდმივად გამოიყენებოდა მოსავლის მისაღებად, მაგრამ იმ წელიწადს, როდესაც დანაკარგების აღრიცხვა განხორციელდა, დასათესად არ გამოიყენებოდა (ამ მიწის დასვენების ან ფერმების ავადმყოფობის ან სხვა გამართლებული მიზეზით), მიწის ნაკვეთი მაინც ჩაითვლებოდა როგორც მოსავლის მოსაყვანად ვარგისი და უნდა გადახდილიყო შესაბამისი კომპენსაცია) ერთობლიობაში, იძლევა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ კომპენსაციის გაცემა უნდა მომხდარიყო არა მიუღებელი ნათესის, არამედ თევზის შესაძლო დანაკარგების მიხედვით.
28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი კასატორის ზემოაღნიშნული შედავების გაზიარების შემთხვევაშიც, მინიმუმ უნდა დასტურდებოდეს ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ზღვრულ თარიღამდე (2014 წლის თებერვლის თვე) სადავო მიწის ნაკვეთს (ს/კ N.......) მოსარჩელე იყენებდა არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, არამედ ტბორად - თევზის მოშენების მიზნით და ამ ნაკვეთის გამოსყიდვით, მისი საკუთრება შემცირდა თევზის შესაძლო დანაკარგების მიხედვით, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, არ დასტურდება სადავო ტერიტორიაზე (ს/კ N......) თევზის მოშენების ფაქტი. კერძოდ, ინვენტარიზაციის აქტის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ნაკვეთზე გრუნტი ამოღებული, ხოლო დამბა მოწყობილი იყო, ტბორის ფსკერზე განთავსებული იყო ერთწლიანი კულტურები, კონკრეტულად სიმინდისა და ლობიოს ნათესები. ნაკვეთზე არ იყო წყალი და ინვენტარიზაციის ჩატარების მომენტისათვის, თევზის მოყვანა არ ხდებოდა, რაც დასტურდება ინვენტარიზაციის ოქმზე შენიშვნის სახით გაკეთებული მინაწერით: „დამბა და ტბორი უწყლოდ“. აღსანიშნავია, რომ შენიშვნაში მითითებული დამბა, ისევე როგორც შენიშვნის სახით მითითებული „ელექტრო ხაზი ლითონის მილის ბოძებით“ შეტანილია ინვენტარიზაციაში და ანაზღაურებულია, ხოლო, სხვა რაიმე სახის შენიშვნას, მათ შორის არც ერთწლიანი კულტურების სახეობებთან დაკავშირებით, ინვენტარიზაციის ოქმი არ შეიცავს. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელის მიერვე წარმოდგენილმა ექსპერტ-იხტიოლოგმა დაადასტურა, რომ თევზი არ ჭამს ლობიოს (რომელიც მოსარჩელის ინვენტარიზაციის აქტის თანახმად, N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დათესილი იყო 30 000 კვ.მ.-ზე) საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მსჯელობა ერთწლიანი კულტურების თევზის საკვებად გამოყენებისა და სადავო მიწის ნაკვეთის სრულფასოვან ტბორად მიჩნევის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე სხვადასხვა ეტაპებზე ცვლიდა პოზიციას ერთწლიანი კულტურების სახეობებთან დაკავშირებით და ხან მიუთითებდა, რომ სიმინდთან ერთად ლობიო იყო დათესილი, ხან სიმინდი და სოიო, ხანაც მხოლოდ სიმინდი, რაზე მსჯელობაც მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს, რამეთუ ინვენტარიზაციის ოქმის (სადაც ერთწლიანი კულტურის სახეობად მიეთითა სიმინდი და ლობიო და რომელიც ამ მიმართებით რაიმე სახის შენიშვნას არ შეიცავს) სისწორე, დადასტურებული აქვს მოსარჩელეს თავისი ხელმოწერით და შესაბამისი კომპენსაციაც სიმინდის და ლობიოს ღირებულებით მიიღო, რის თაობაზეც, თანხის მიღების მომენტში, მას პრეტენზია არ განუცხადებია. საკასაციო პალატას მხედველობის მიღმა არ რჩება კასატორის მითითება მასზედ, რომ ფერმერს არავინ უკრძალავს თევზის საკვებთან ერთად გამოთესოს თავისი საკვებიც (ამ არგუმენტით კასატორი ფაქტობრივად აღნიშნავს, რომ თევზების საკვებად მხოლოდ სიმინდი, ხოლო ლობიო ფერმერის საკვებად იყო განკუთნილი), რაც შესაძლოა განხორციელებადიც იყოს, თუმცა, რომც აღარ იქნეს მხედველობაში მიღებული ინვენტარიზაციის ოქმის ჩანაწერები (ტბორის ფსკერზე სიმინდის და ლობიოს არსებობის თაობაზე), რომლის სისწორე დადასტურებულია თავად მოსარჩელის მიერ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დათესილი ერთწლიანი კულტურების სახეობებთან და მათ დანიშნულებებთან დაკავშირებით პოზიციის ამდენჯერ ცვლილება, იმთავითვე არადამაჯერებელს ხდის მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოების სისწორეს მასზედ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სრულფასოვან ტბორს და მასში ხდებოდა თევზის მოშენება.
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნის განსაზღვრა, ამ მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოებების მითითება და გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურება, წარმოადგენს მხარის საპროცესო უფლებას და შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, თითოეული მხარე თვითონ განსაზღვრავს თავის მოთხოვნას, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს იგი, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე-178-ე მუხლების თანახმად, მხარემ სარჩელი უნდა წარმოადგინოს ამ კოდექსით დადგენილი პირობების დაცვით და სრულყოფილად უნდა განსაზღვროს და მიუთითოს მასში სასარჩელო მოთხოვნა და მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე ამ მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები (არსებობის შემთხვევაში). სარჩელში თითოეული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული უნდა იყოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რაც იმას ნიშნავს, რომ სასარჩელო განცხადებაში ჩამოთვლილი მოთხოვნები უნდა ეფუძნებოდეს ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო ფაქტობრივი გარემოებები კი დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებებით. ფაქტობრივი გარემოებები, რომელთაც ეფუძნება სარჩელი, ამ გარემოებათა არსებობის დამამტკიცებელი მტკიცებულებები, ასევე - სასარჩელო მოთხოვნა, სარჩელში უნდა დაფიქსირდეს მკაფიოდ, ერთმნიშვნელოვნად, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი გაუგებრობა და როგორც მოპასუხეს, ასევე - სასამართლოს ჰქონდეს შესაძლებლობა - გაერკვეს სასარჩელო დავის საგანსა და მის ფარგლებში; მოპასუხეს მიეცეს სრულყოფილი შესაძლებლობა - წარუდგინოს სასამართლოს დასაბუთებული და ადეკვატური შესაგებელი მის წინააღმდეგ მიმართულ პრეტენზიებთან დაკავშირებით.
30. სადავო მიწის ნაკვეთის დანიშნულებასთან მიმართებით, პირველი კასატორის მოსაზრების გაზიარების საფუძველი ვერ გახდება ვერც სადავო გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები - მეთევზეობის მეურნეობის პასპორტი (რომელიც მოიცავს საერთო ცნობებს მეთევზეობის მეურნეობის, ტბორებისა და ჰიდრონაგებობების დახასიათებას, თუმცა, ვერ ადასტურებს N......მსაკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ტბორის ფუნქციონირებას. ტ.1, ს.ფ. 36-49), საჯარო რეესტრის 2016 წლის 25 მაისის №125551 წერილი (რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ფართობი წარმოადგენდა მეთევზეობის მეურნეობის ტერიტორიას, რომლის შიდა მოწყობის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, ტ.1, ს.ფ. 239); ორთოფოტოები გადაღებული 2013 და 2014 წლებში (რომლითაც შესაძლოა დასტურდება, რომ 2014 წელს სადავო მიწის ნაკვეთი დატვირთულია წყლით, თუმცა, ვერ ადასტურებს ზღვრულ თარიღამდე ნაკვეთის სრულფასოვან ტბორად (თევზის მოშენების მიზნით) გამოყენების ფაქტს. ტ.1, ს.ფ. 243-244), საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა №009/0-1 დ.რ. (რომელიც შედგენილია 2016 წლის 25 აპრილს და №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ტბორის ფუნქციონირებას სწორედ შედგენის თარიღის მომენტისათვის ადასტურებს და არა ზღვრული თარიღისათვის. ტ.1, ს.ფ. 224-227), 23.12.2016 წლის ვეტერინალური ექსპერტიზის დასკვნა (რომლითაც საერთოდ არ დასტურდება ის გარემოება, რაზედაც მოსარჩელე აპელირებს. ტ.1, ს.ფ. 273-284) ნოტარიულად დამოწმებული მოწმეთა განმარტები (რომელებიც მოცემულ შემთხვევაში, არარელევანტური მტკიცებულებაა ერთი მხრივ, იმის გამო, რომ ჩვენებების სანოტარო წესით დამოწმებისას ნოტარიუსი პირდაპირ მიუთითებს, რომ იგი არ ადასტურებს განმარტებებში მოყვანილი ფაქტების ნამდვილობას და შესაბამისად, პასუხს არ აგებს მათზე (ტ.1, ს.ფ.169-172), ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული განცხადებების ავტორები მოწვეულ იქნენ სასამართლო სხდომაზე, რომლებმაც სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე არსებითი გარემოებები ვერ დაადასტურეს), სასაქონლო თევზის ნასყიდობის, მიღება-ჩაბარების ხელშეკრულებები და სასაქონლო ზედნადებები (რომლებითაც მართალია დასტურდება, რომ მოსარჩელე თევზის ბიზნესს აწარმოებდა, რასაც არავინ უარყოფს, თუმცა ვერ დასტურდება კონკრეტულად სადავო მიწის ნაკვეთზე არსებულ ტბორში თევზის მოშენების ფაქტი. ტ.1, ს.ფ. 357-372), რამეთუ ვერცერთი მათგანი ვერც ცალკე აღებული და ვერ მათი ერთობლივი განხილვის შედეგად ვერ ადასტურებს სადავო ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ზღვრულ თარიღამდე (2014 წლის თებერვლის თვე) სადავო მიწის ნაკვეთს (ს/კ N........) მოსარჩელე იყენებდა არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, არამედ ტბორად - თევზის მოშენების მიზნით.
31. ამდენად, საკასაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე (ს/კ N......) დათესილი იყო ერწლიანი კულტურები - სიმინდი და ლობიო; ეს უკანასკნელი კი, არ გამოდგება თევზის საკვებად, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მოსაზრების გაზიარებისა და მიწის ნაკვეთის სრულფასოვან ტბორად მიჩნევის შესაძლებლობას. აღნიშნულ დასკვნას საკასაციო პალატას კიდევ უფრო მეტად უმყარებს სადავო მიწის ნაკვეთის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 16.06.2016 წ.), რომელშიც ფაქტია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის დანიშნულების შესაბამისი მითითება გაკეთებულია და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების გვერდით, ფრჩხილებში მითითებულია - „სახნავი“ (ტ.2, ს.ფ. 82). დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო პალატას უქმნის იმ დასვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ინვენტარიზაციის აქტებში შეფასებულია სწორად, შეფასების დროისათვის არსებული მდგომარეობით (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით), რაც სრულად ანაზღაურებულია შესაბამისი (ბიზნესის შეჩერების) ხელშეკრულების საფუძველზე. თვით ის ფაქტი, რომ N27.04....-ით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, ნასყიდობისა (NEIB/RAP2-327, 13.07.2016 წ.) და სარეაბილიტაციო ხარჯების კომპენსაციის შესახებ (NEIB/RAP2R-350, 13.07.2016 წ.) ხელშეკრულებები გაფორმდა 2016 წელს, საფუძველს აცლის მოსარჩელის მითითებას მასზედ, რომ სადავო ნაკვეთზე არსებულ ტბორში 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს ლიფსიტი უკვე ჩაშვებული, ხოლო, ტბორი წყლით იყო სავსე, რადგან თუ მოსარჩელე 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან სადავო მიწის ნაკვეთზე არსებულ ტბორს იყენებდა თევზის მოსაშენებლად, გაუგებარია თუ რატომ მოაწერა ხელი ნებაყოფლობით სარეაბილიტაციო ხარჯების კომპენსაციის შესახებ ხელშეკრულებას (2016 წელს) და რატომ იშუამდგომლა ექსპროპიაციის პროცედურების შეწყვეტის თაობაზე იმ პირობებში, როცა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 28 აპრილის №2-12/3510 წერილით მას ეცნობა და იგი ინფორმირებული იყო, რომ ნაკვეთი შეფასებული იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით და სარეაბილიტაციო ხარჯების კომპენსაცია მოიცავდა ერთწლიანი კულტურების საკომპენსაციო თანხას - 21 900 ლარს და მძაფრი ზემოქმედების კომპენსაციას - 957 ლარს (ჯამში 228257 ლარს).
32. ამდენად, პირველი კასატორის მოსაზრების საპირისპიროდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ტბორის (ფართით 137 196.50 კვ.მ.) სრულფასოვან ტბორად (თევზის მოშენების) მიჩნევის წინაპირობები, რაც უსაფუძვლოს ხდის კასატორის მითითებას მასზედ, რომ შემსყიდველს ბიზნესის დაკარგვა უნდა ეანგარიშა არა მიუღებელი ნათესის, არამედ თევზის შესაძლო დანაკარგების მიხედვით. შესაბამისად, პალატა არამიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს ამ ნაკვეთზე, სავარაუდოდ მისაღები თევზის ოდენობასა და მათ ღირებულებებზე.
33. აქვე, საკასაციო პალატა შეაფასებს N.........-ით, N.......-ით და N........... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული თევზსაშენი ტბორების, გადაფარვის ზონაში მოქცეული N20, N21 და N22 ნაკვეთების გამოსყიდვის დროს, ტბორის მოსაწყობად გრუნტის ერთ მეტრ სიღრმეზე ამოღების ხარჯების არასწორად და არასრულყოფილად გაანგარიშებისა და შესაბამისი კომპენსაციის გადაუხდელობის გამო მიყენებული ზიანის თაობაზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნას, რამეთუ ამ ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის უარსაყოფად სასამართლოს მოტივაციის საწინააღმდეგოდ წარმოდგენილი პირველი კასატორის ძირითადი არგუმენტები უკავშირდება ზემოაღნიშნულ აბზაცებში (იხ. 25-ე-31-ე აბზაცები) განვითარებულ მსჯელობას.
34. საკასაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე გრუნტის ერთ მეტრ სიღრმეზე ამოღების ხარჯების არასწორად და არასრულყოფილად გაანგარიშების გამო მიყენებული ზიანის თაობაზე მოთხოვნას ამყარებდა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ N20, N21 და N22 ნაკვეთების გამოსყიდვის დროს, ტბორის ერთ მეტრ სიღრმეზე გრუნტის ამოღების საკომპენსაციო თანხა მოპასუხემ გამოითვალა არასრულყოფილად. კერძოდ, მოსარჩელის მითითებით, №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული №20 ტბორის მოსაწყობად გრუნტის ამოღება 1 მ. სიღრმეზე ნაცვლად 10514 კუბ.მ.-ისა, გაანგარიშებული იყო 7272 კუბ.მ.-ზე, შესაბამისად, მოპასუხე უსაფუძვლოდ დაეუფლა 16210 ლარს; №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ №21 ნაკვეთში ნაცვლად 150 კუბ.მ.-ისა, ნაჩვენები იყო 52 კუბ.მ., რის გამოც მოპასუხე ხელშეკრულების გარეშე დაეუფლა 490 ლარს, ხოლო, N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ №22 ნაკვეთში ნაცვლად 123957 კუბ.მ.-ისა, ნაჩვენები იყო 20 000 კუბ.მ., რის გამოც, მოპასუხე უსაფუძლოდ დაეუფლა 519785 ლარს (თანხები დაანგარიშებულია 1 კუბ.მ.-ზე 5 ლარის ოდენობით).
35. დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ ყველა ნაწილში გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასართლოს მოტივაცია, რომელმაც ზემოაღნიშნული მოთხოვნის უარსაყოფად, იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიერ მითითებულ მიწის ნაკვეთზე გრუნტის ერთ მეტრ სიღრმეზე ამოღების ხარჯები დაიანგარიშა ინვენტარიზაციის ჩატარების პერიოდში არსებული მონაცემებით, რაზეც მესაკუთრეს იმ პერიოდში არ განუცხადებია პრეტენზია. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხის მხრიდან მიყენებული ზიანის სახით თანხის ანაზღაურების ვალდებულება.
36. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მოტივაციის საწინააღმდეგოდ, პირველმა კასატორმა ვრცელი დასაბუთება წარმოადგინა მხოლოდ N.........საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ თევზსაშენი ტბორის გადაფარვის ზონაში მოქცეულ N22 ნაკვეთთან მიმართებით და განმარტა, რომ ამ ნაკვეთის შეფასების ინვენტარიზაციის აქტზე, პრეტენზია ჯერ კიდევ აქტის შედგენის დროს გამოთქვა, შემდეგ კი 2014-15 წლებშიც, რასაც ადასტურებს 2015 წლის ოქტომბრის წერილი. კასატორის მითითებით, კონკრეტულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, ზიანი გამოწვეულია სწორედ იმით, რომ მოპასუხემ გადაფარვის ზონაში მოქცეული ქონების დახასიათება ინვენტარიზაციის აქტზე გაკეთებული შენიშვნების შესაბამისად არ შეადგინა და არასრულყოფილად შედგენილი დახასიათების შესაბამისად მოახდინა ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენა. კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულებაში ინვენტარიზაციის აქტზე მითითებული შენიშვნების ერთმა ნაწილმა (დამბის მოწყობის ღირებულების შესახებ) ასახვა ჰპოვა, ხოლო მეორე ნაწილმა (უწყლოდ დარჩენილი ტბორის თაობაზე (რომელიც 103957 კვ.მ-ს შეადგენდა)), ასახვა ვერ ჰპოვა, რის გამოც მოპასუხემ ხელშეკრულებით გამოისყიდა ტბორის მოსაწყობად გრუნტის 1 მეტრ სიღრმეზე ამოღებული სიკეთე მხოლოდ 2 ჰა-ზე, იმ მოტივით, რომ ინვენტარიზაციის დროს მხოლოდ ამ ტერიტორიაზე (2 ჰა ფართობზე) იდგა წყალი. კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ ტბორის მოსაწყობად გრუნტი მთლიან ფართობზე იყო ამოღებული, დარჩენილ 103957 - კვ.მ.-ზე, გრუნტის 1 მეტრ სიღრმეზე ამოღებული სიკეთე მოპასუხემ არ გამოისყიდა იმ მიზეზით, რომ ინვენტარიზაციის დროს 3 ჰა-ზე დათესილი იყო სიმინდი და ლობიო, ხოლო 7 ჰა იყო ცარიელი - უწყლოდ. კასატორი მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არაფერი უშლიდა ხელს N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უწყლოდ დარჩენილი ტბორი, ჩაეთვალა ტბორად და მოეხდინა გრუნტის 1 მეტრ სიღრმეზე ამოღების შესაბამისი ანაზღაურება, მით უფრო მაშინ, რომ სხვა ტბორებზე მოპასუხემ მაინც დაიანგარიშა ტბორის მოსაწყობად გრუნტის ამოღების ღრებულება, მიუხედავად იმისა, რომ ტბორი ინვენტარიზაციის დროს მშრალი იყო. კასატორის განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ იგი ეთანხმებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულ ფასებს და გამოსყიდულად მითითებულ სიკეთეებს (მათ შორის იმ გარემოებასაც, რომ ტბორის მოსაწყობად გრუნტის ერთ მეტრ სიღრმეზე ამოღება 2 ჰაზე სწორად იყო შეფასებული 100000 ლარად), თუმცა მისივე განმარტებით, ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერითა და ხელშეკრულებაში მითითებული თანხის მიღებით, არასდროს უთქვამს უარი იმ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რომელსაც მოპასუხე დაეუფლა ხელშეკრულების გარეშე. ნასყიდობის ხელშეკრულებას იმის იმედით მოაწერა ხელი, რომ ხელშეკრულებაში მიუთითებელი სხვა სიკეთე, წარმოადგენდა მოპასუხის მიერ უსაფუძვლოდ მიღებულ სიკეთეს და ცალკე დავის საფუძველზე მოახდენდა მისი დარღვეული უფლების აღდგენას. რაც შეეხება N....... და N....... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული თევზსაშენი ტბორების გადაფარვის ზონაში მოქცეულ N20 და N21 ნაკვეთებს, მათთან მიმართებით, კასატორი მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლა, რომ ამ ორი ნაკვეთის შემთხვევაშიც, ხელმოწერა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე იმავე მოტივით იქნა შესრულებული, მაგრამ შემდგომმა შემოწმებამ უჩვენა, რომ ორივე ნაკვეთზე გრუნტის ამოღება 1 მეტრ სიღრმეზე არასწორად იქნა დაანგარიშებული და ორივე შემთხვევაში, მოპასუხე შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაეუფლა სიკეთეს.
37. სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დგება გადაფარვის ზონაში მოქცეული ქონების დახასიათების მიხედვით, ხოლო, გადაფარვის ზონაში მოქცეული ქონების დახასიათება დგება ინვენტარიზაციის აქტისა და აქტზე გაკეთებული შენიშვნების შესაბამისად. აღნიშნულს ადასტურებს თავად მოსარჩელეც. დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების აღწერა-ინვენტარიზაციის მიხედვით, 1. მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი N.........) განთავსებული იყო ორი ტბორი, ორი ცალი გამშვები ბეტონის ნაგებობა და შემშვები ერთი ცალი ლითონის მილი. ტბორები ამ ნაკვეთზე იყო მოქმედი და გამოიყენებოდა თევზისათვის; 2. მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი N.......) განთავსებული იყო ერთი ცალი სალიფსიტე ტბორი და ერთი ცალი ბეტონის ნაგებობა. ამ ნაკვეთზე განთავსებულ სალიფსიტეში არ იყო წყალი და არ გამოიყენებოდა ლიფსიტის მოსაშენებლად; 3. მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი N..........) განთავსებული ტბორი არ გამოიყენებოდა თევზისათვის და არ იყო მასში წყალი, მიუხედავად იმისა, რომ გრუნტი იყო ამოღებული და დამბა მოწყობილი. ამ ნაკვეთის ფსკერზე იყო სიმინდის და ლობიოს ნათესები. როგორც უკვე აღინიშნა, სამივე მიწის ნაკვეთის აღწერა-ინვენტარიზაცია განხორციელდა თავად მესაკუთრის თანდასწრებით და მესაკუთრემ ხელმოწერით დაადასტურა აღწერა-ინვენტარიზაციაში მითითებული მონაცემები. საკასაციო პალატა აღწერა-ინვენტარიზაციაში მითითებული მონაცემებისა და გადაფარვის ზონაში მოქცეული ქონების დახასიათებების (ტ.2, ს.ფ. 250-253, 260-263, 265-269) ურთიერთშედარებით, კასატორის მოსაზრების საპირისპიროდ, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ქონების დახასიათება შედგა ინვენტარიზაციის აქტში მითითებული მონაცემების საფუძველზე და მასში ასახვა ჰპოვა მათ შორის, N...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ინვენტარიზაციის აქტზე მითითებულმა შენიშვნებმაც - დამბის მოწყობის ღირებულებისა და უწყლო ტბორის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ კასატორმა მხოლოდ ამ უკანასკნელთან მიმართებით წარმოადგინა შედავება და განმარტა, რომ ინვენტარიზაციის აქტში მითითებულმა შენიშვნების მეორე ნაწილმა - უწყლო ტბორის თაობაზე, ასახვა ვერ ჰპოვა გადაფარვის ზონაში მოქცეული ქონების დახასიათებაში, რასაც ვერ გაიზიარებს საკასაციო პალატა, რამეთუ მართალია გრუნტის 1 მეტრ სიღრმეზე ამოღების ღირებულების დაანგარიშებისას, მხედველობაში არ იქნა მიღებული უწყლო ტბორების ტერიტორია, მაგრამ, დადგენილია, რომ აღნიშნულმა შენიშვნამ („უწყლო ტბორის“ თაობაზე), ამ ტბორის ფაქტობრივი დანიშნულების შესაბამისად ჰპოვა ასახვა გადაფარვის ზონაში მოქცეული ქონების დახასიათებაში (ერთწლიანი კულტურების ნათესების სახით), ხოლო, თუ რატომ არ იქნა იგი გათვალისწინებული გრუნტის 1 მეტრ სიღრმეზე ამოღების დაანგარიშებისას, ამ მხრივ საყურადღებოა საქმეში წარმოდგენილი „რ. ბ.ე–ის“ დირექტორის - ა.ო–ის 2019 წლის 11 ივლისის წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ ტბორად იანგარიშეს მხოლოდ ის ფართი, რომელიც რეალურად გამოიყენებოდა ამ მიზნით, ხოლო, დანარჩენი ფართი, ჩაითვალა როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული მიწა, რის გამოც, გრუნტის ამოღების ღირებულების გაანგარიშება გარკვეული კონსულტაციების შემდგეგ, ამ ნაწილზე მიჩნეულ იქნა არამართლზომიერად და გაუმართლებლად. აღსანიშნავია, რომ განცხადების ავტორი გამოკითხულ იქნა სასამართლო სხდომაზე, სადაც დაადასტურა განცხადებაში მითითებული გარემოებები (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი; დრო: 11:42:25 – 11:52:02 სთ.). სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას მასზედ, რომ მოპასუხეს არაფერი უშლიდა ხელს N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უწყლოდ დარჩენილი ტბორი, ჩაეთვალა ტბორად, რამეთუ ამ საკითხზე საკასაციო პალატამ უკვე იმსჯელა და მიუთითა ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებაზე, რაც ხელს უშლიდა და გამორიცხავდა ტერიტორიის ტბორად მიჩნევის შესაძლებლობას (ამ ნაწილში მსჯელობა ვრცლად იხ. ამ განჩინების 26-ე-30-ე აბზაცებში).
38. გარდა ამისა, რომც აღარ იქნეს მხედველობაში მიღებული ზემოაღნიშნული გარემოებები, საკასაციო პალატა არამიზანშეწონილად მიიჩნევს შევიდეს იმ გარემოების კვლევაში, თუ რამდენად მართებულად განსაზღვრა შემფასებელმა გრუნტის 1 მეტრ სიღრმეზე ამოღების ღირებულება, რადგან ფაქტია, რომ მოსარჩელე ნასყიდობის ხელშეკრულებებზე ხელმოწერით, სამივე ნაკვეთის შემთხვევაში დაეთანხმა ხელშეკრულებების ყველა პირობას, მათ შორის მისაღებ თანხასაც, რომელიც უდავოა, რომ გადაფარვის ზონაში მოქცეული ქონებების დახასიათების მონაცემებს ეყრდნობა. ის გარემოება, რომ მან ზუსტად იცოდა, თუ რა მონაცემებს შეიცავდა გადაფარვის ზონაში მოქცეული ქონების დახასიათება და ინფორმირებული იყო, თუ როგორ იქნა დაანგარიშებული თითოეულ ნაკვეთზე გრუნტის 1 მეტრ სიღრმეზე ამოღების ღირებულება, დასტურდება მისივე მითითებითა (ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ იგი ეთანხმებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულ ფასებს და გამოსყიდულად მითითებულ სიკეთეებს, მათ შორის იმ გარემოებასაც, რომ ტბორის მოსაწყობად გრუნტის ერთ მეტრ სიღრმეზე ამოღება 2 ჰაზე სწორად იყო შეფასებული 100000 ლარად) და იმ მოცემულობით, რომ მოსარჩელე გარკვეულ ეტაპზე სადავოდ ხდიდა გრუნტის 1 მეტრ სიღრმეზე ამოღების ხარჯების დაანგარიშებას, რასაც მოწმობს კასატორის მიერ მითითებული 2015 წლის 22 ოქტომბრის წერილი (ტ.2, ს.ფ. 84). აღნიშნულის მიუხედავად, ფაქტია, რომ მოსარჩელე მოგვიანებით დათანხმდა შეთავაზებულ პირობებს და არცერთი ნასყიდობის ხელშეკრულება სადავოდ არ გაუხდია. ასეთ ვითარებაში, ნასყიდობის ხელშეკრულების საფასურის ოდენობის, მათ შორის, გრუნტის 1 მეტრ სიღრმეზე ამოღების ღირებულების მართებულობის კვლევა, სასამართლოს პრეროგატივას არ წარმოადგენს, რადგან ხელშეკრულების ღირებულება მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენის შედეგად იქნა შეთანხმებული. ამასთან, მოსარჩელე/კასატორი არ მიუთითებს მოპასუხის მხრიდან მისი ნების ფორმირებაში უკანონო ჩარევაზე (იძულება; მოტყუება; გავლენის ბოროტად გამოყენება და სხვ.). ასეთ ვითარებაში კი, საკასაციო პალატისათვის გაუგებარია მოსარჩელის მოთხოვნა ქონების ღირებულების არასწორად განსაზღვრიდან გამომდინარე მოპასუხისთვის დამატებითი თანხების დაკისრების თაობაზე, მით უფრო იმ პირობებში, რომ ექსპროპიაციის პროცედურები მოსარჩელის მოთხოვნით შეწყდა. პალატა განმარტავს, რომ ექსპროპიაციის პირობებში, როცა მესაკუთრე არ ეთანხმება შეთავაზებულ კომპენსაციას, სასამართლოს მიერ ექსპროპიაციის უფლების მინიჭების შემდგომ, მესაკუთრე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და მოითხოვოს სამართლიანი კომპენსაციის გადახდა. კერძოდ, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში, თუ მოსარჩელემ ხელშეკრულებების გაფორმებამდე იცოდა, რომ ამ ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმებას მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება მოყვებოდა და ამით მას ზიანი მიადგებოდა, გაუგებარია, თუ რატომ შეწყვიტა ექსპროპიაციის პროცედურები და რატომ გამოხატა ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ნება, რითაც ფაქტობრივად დაეთანხმა როგორც შეთავაზებულ თანხას, ისე გადაფარვის ზონაში მოქცეული ქონებების დახასიათებებსა და ინვენტარიზაციის აქტებში მითითებულ მონაცემებს.
39. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნები ქონების ღირებულების არასწორად განსაზღვრიდან გამომდინარე მოპასუხისთვის დამატებითი თანხების დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და მართებულად არ დაკმაყოფილდა.
40. პირველი კასატორის მომდევნო პრეტენზია იმ გარემოებას შეეხება, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად უთხრა უარი დამბისა და ტბორებში წყლის მიწოდების მოშლილი სისტემის აღდგენისათვის საჭირო თანხების დაკისრებაზე.
41. დადგენილია, რომ ორივე შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის საფუძველი ის გარემოება გახდა, რომ მოსარჩელეს, რომელსაც მისივე მოსაზრებით, მოპასუხემ თავისი ქმედებით მიაყენა ზიანი, თავად არ მიუღია მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად რაიმე ზომები (არ გაუღია ხარჯი) და ამასთან, მოთხოვნების ფორმულირებიდან გამომდინარე, ზიანის გამომწვევი გარემოების აღმოფხვრა მოთხოვნილი იყო ხარჯთაღრიცხვის დაანგარიშებული თანხის ანაზღაურებითა და არა მოპასუხისათვის ამ გარემოების გამოსწორების მიზნით ქმედების განხორციელების დავალდებულების სახით, რაც შესაძლოა გამხდარიყო მხარის უსაფუძვლო გამდიდრების წინაპირობა. ამასთან, დამბის აღდგენის ნაწილში სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ პროექტის ფარგლებში, სპეციალისტების მიერ არ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული მოსარჩელის მიწის ნაკვეთების გასწვრივ დამბის მოწყობა-აშენება და აღნიშნული, არც განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტით დადგენილ რეკომენდაციებით იყო განსაზღვრული. ხოლო, პროექტით გაუთვალისწინებელი ძვირადღირებული სამუშაოების ჩატარება არ შედიოდა დეპარტამენტის კომპეტენციაში. მოშლილი წყლის მიწოდების სისტემის აღდგენის ნაწილში კი, სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ აღნიშნული სამუშაოების მოითხოვს საპროექტო-სანებართვო საკითხების გადაწყვეტას და მხოლოდ მიმოწერის, სარეკომენდაციო, თუ სასურველი პროექტის ხარჯთაღრიცხვის ოდენობა დამდგარ რეალურ ზიანთან ვერ იქნებოდა გაიგივებული.
42. სააპელაციო სასამართლოს მოტივაციის საპირისპიროდ, პირველი კასატორი განმარტავს, რომ მოპასუხემ მასთან „განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტის“ შესაბამისად დაამყარა რა ურთიერთობა, თავისთავად იკისრა ვალდებულება ამ დოკუმენტის პრინციპებიდან გამომდინარე ემოქმედა, ანუ სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაეტარებინა სარეაბილიტაციო სამუშაოები: მორღვეული დამბისა და მოშლილი წყლის მიწოდების სისტემის აღდგენის სახით, მაგრამ ასეთი რამ, მიუხედავად დაპირებისა (რაზეც მეტყველებს მისი და მოპასუხის 2016 წლის 11 მარტის, 2016 წლის 26 თებერვლის, 2018 წლის 27 თებერვლის, 2018 წლის 2 მარტის, 2018 წლის 21 აგვისტოს, 2018 წლის 6 ნოემბრის, 2018 წლის 22 ნოემბრის, 2019 წლის 15 ივლისის და 2018 წლის 15 ოქტომბრის წერილები), არ განახორციელა და არც შესაბამისი სარეაბილიტაციო თანხები გადაუხდია.
43. კასატორის ზემოაღნიშნულ შედავებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ წინამდებარე განჩინებით საკასაციო პალატამ უკვე იმსჯელა „განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტის“ მნიშვნელობაზე და დადგენილად მიიჩნია, რომ კომპენსაციასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურების ყველა პირობა გაწერილი იყო განსახლების სამოქმედო გეგმაში, რომელიც წარმოადგენდა სახელმძღვანელო დოკუმენტს. შესაბამისად, მოპასუხემ მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობა დაამყარა რა განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, რომ მოპასუხემ სწორედ ამ უკანასკნელის პრინციპებიდან გამომდინარე იკისრა მოქმედების - დამბისა და ტბორებში წყლის მიწოდების მოშლილი სისტემის აღდგენის ვალდებულება, რაც განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება.
44. მორღვეული დამბისა და მოშლილი წყლის მიწოდების სისტემის აღდგენის ვალდებულების მოპასუხისათვის დაკისრების მიზნებისათვის, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მასზედ, რომ მოპასუხე დეპარტამენტმა გასცა დაპირება მორღვეული დამბისა და მოშლილი წყლის მიწოდების სისტემის აღდგენის შესახებ, რაზედაც მხარეთა შორის არსებული მიმოწერა მეტყველებს. საკასაციო პალატა კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებების/წერილების - 2016 წლის 11 მარტის (ტ.2, ს.ფ. 98), 2016 წლის 26 თებერვლის (ტ.2, ს.ფ. 96), 2018 წლის 27 თებერვლის (ტ.2, ს.ფ. 187), 2018 წლის 2 მარტის (ტ.2, ს.ფ. 188), 2018 წლის 21 აგვისტოს (ტ.2, ს.ფ. 190), 2018 წლის 6 ნოემბრის (ტ.2, ს.ფ. 191), 2018 წლის 22 ნოემბრის (ტ.2, ს.ფ. 193), 2019 წლის 15 ივლისის (ტ.2, .ს.ფ.194) და 2018 წლის 15 ოქტომბრის (ტ.2, ს.ფ. 350) გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ არცერთი მათგანი არ შეიცავს დამბისა და ტბორებში წყლის მიწოდების მოშლილი სისტემის აღდგენის დაპირებას. წერილები საბოლოო ჯამში, ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ დეპარტამენტმა დავალება მისცა კონტრაქტორს შეედგინა დამატებითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, რაც დაანგარიშებულია, თუმცაღა ეს გარემოება ცალკე აღებული, განყენებულად, არ ნიშნავს იმას, რომ მასში აღწერილი სამუშაოების ჩატარების ვალდებულება აიღო დეპარტამენტმა.
45. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიუთითებენ მათზე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სამართლებრივი პრეტენზიის ფაქტების დადასტურების ვალდებულება მისსავე მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა, მოცემული დავის ფარგლებში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმგვარ გარემოებებზე მითითება/მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც მორღვეული დამბისა და მოშლილი წყლის მიწოდების სისტემის აღდგენის ნაწილში, მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობა გახდებოდა. აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო იმგვარ გარემოებებზე მითითება/მტკიცებულებების წარმოდგენა, რამაც მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ წყლის სისტემის მოშლის შედეგად, ბიზნესის დაკარგვის გამო გასაცემი კომპენსაციის – 72025.2 ლარის ანაზღაურების დაკისრება განაპირობა.
46. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, ხოლო, მოპასუხემ/მეორე კასატორმა - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ დაუპირისპირა სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქმეში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (ინდ. მეწარმე დამოუკიდებელი ექსპერტის დ.რ–ძის მიერ მომზადებული დასკვნა, ვეტერინარიის დოქტორის, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტის თ.გ–ის 2016 წლის 26 დეკემბრის დასკვნა (ტ. 1, ს.ფ. 273-285), სპეცილისტების - დ.რ–ძისა და თ.გ–ის ჩვენებები, წერილები (ტ. 2, ს.ფ. 90-98) და მხარეთა ახსნა-განმარტებები) ურთიერთშეჯერების შედეგად, დგინდებოდა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ საერთაშორისო ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული ავტომაგისტრალისა და შემოვლითი კვანძების (სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე) მოწყობის განხორციელების მიზნით, მოსარჩელისაგან სახელმწიფოს მიერ მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის შემდგომ და გზატკეცილის მშენებლობის შედეგად, ბ.ჯ–ძის მეთევზეობის მეურნეობის ტერიტორიის ნაწილი და დარჩენილი ტბორის ფართები, წყლის სისტემის მოშლის გამო, გამოუსადეგარი დარჩა მოსარჩელისათვის სათევზე მეურნეობის მოსაწყობად. მეორე კასატორმა, ვერ მიუთითა ასევე ვერცერთ ისეთ გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და მითითებული დასკვნის სისწორე/სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა. შესაბამისად, არ არის გასაზიარებელი საკასაციო შედავება მასზედ, რომ ამ გარემოების (მოსარჩელისაგან სახელმწიფოს მიერ მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის შემდგომ და გზატკეცილის მშენებლობის შედეგად, ბ.ჯ–ძის მეთევზეობის მეურნეობის ტერიტორიის ნაწილი და დარჩენილი ტბორის ფართები, წყლის სისტემის მოშლის გამო, გამოუსადეგარი დარჩა მოსარჩელისათვის სათევზე მეურნეობის მოსაწყობად) დადგენისას სასამართლომ იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იმ დასკვნებით, მათ შორის, ინდ. მეწარმე დამოუკიდებელი ექსპერტის დ.რ–ძის დასკვნით, რომელიც შედგენილია საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის გაცნობის გარეშე.
47. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაპანაში, მოსარჩელე საავტომობილო გზის მშენებლობამდე აწარმოებდა სათევზე-სატბორე მეურნეობას (კუთვნილებაში არსებულ მიწის ნაწილზე). ასევე, დათესილი ჰქონდა მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურები. ანუ, მოსარჩელე სათევზე-სატბორე მეურნეობასთან ერთად, ეწეოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასაც. დადგენილია ისიც, რომ მოსარჩელისაგან სახელმწიფოს მიერ მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის შემდგომ და გზატკეცილის მშენებლობის შედეგად, ბ.ჯ–ძის მეთევზეობის მეურნეობის ტერიტორიის ნაწილი და დარჩენილი ტბორის ფართები, წყლის სისტემის მოშლის გამო, გამოუსადეგარი დარჩა მოსარჩელისათვის სათევზე მეურნეობის მოსაწყობად. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას მასზედ, რომ წყლის მიწოდების სრულფასოვანი სისტემის უქონლობა განაპირობებს როგორც სათევზე-სატბორე მეურნეობის, ისე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეჩერებას, რამეთუ წყალი არის მეურნეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელემ ბიზნესის შეჩერებისათვის კომპენსაცია მიიღო როგორც სათევზე-სატბორე მეურნეობის (იხ. გადაფარვის ზონაში მოქცეული ქონების (ს/კ N......) დახასიათება, რომლის ბოლოშიც, გარკვევით და ერთმნიშვნელოვნად მიეთითა, რომ „ბიზნესის შეჩერების გამო, კომპენსაცია გაანგარიშებულია ერთ წელიწადზე, მთლიან ტბორებზე, ვინაიდან მშენებლობის პროცესში მესაკუთრე ვერ შეძლებს თევზის გამოყვანას (მტვრის, ხმაურის, ტბორის ნაწილის ბალასტით ამოვსების და სხვა მიზეზების გამო)“, ისე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის (საკასაციო პალატამ უკვე იმსჯელა და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ს/კ N....... მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეს მიღებული აქვს ბიზნესის შეჩერებისათვის კომპენსაცია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეშლისათვის - იხ. ამ განჩინების 24-ე-31-ე აბზაცები) შეჩერების თვალსაზრისით, თუმცა, იმავდროულად ფაქტია, რომ წყლის მიწოდების სრულფასოვანი სისტემის უქონლობა არა მარტო გზის მშენებლობის პროცესში იწვევს მოსარჩელის ბიზნეს საქმიანობის შეჩერებას, არამედ მომავალშიც გამორიცხავს იმ საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას, რასაც მოსარჩელე ზღვრულ თარიღამდე (2014 წლის თებერვლის თვე) ეწეოდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკასაციო პალატამ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსგავსად არ გაიზიარა მოსარჩელის პრეტენზიები მორღვეული დამბისა და მოშლილი წყლის მიწოდების სისტემის აღდგენის ვალდებულების მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს მოპასუხისათვის 2 წელზე გათვლილი ბიზნესის დაკარგვის გამო გასაცემი თანხის ანაზღაურების დაკისრებას, რაც წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრების იმ ოდენობით შემცირების კომპენსაციას, რომლითაც იგი ბიზნესს ქმნიდა, მაგრამ წყლის სისტემის უქონლობის გამო, მომავალში ვეღარ შექმნის. რაც შეეხება 2 წელზე გათვლილი ბიზნესის დაკარგვისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობას, მართალია მოპასუხე/მეორე კასატორი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გაანგარიშებას გაურკვეველ მეთოდოლოგიად მიიჩნევს, თუმცა, ამ ნაწილში, მოპასუხის/მეორე კასატორის მხრიდან შესაბამისი კონტრარგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მოტივაცია, ვერ იქნა გაქარწყლებული.
48. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას, რაც საფუძვლად დაედო სააპელაციო პალატის მიერ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას; შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ დაუპირისპირეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განვითარებულ მსჯელობას, რის გამოც, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
49. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03).
50. ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს საქმეში არსებული სადავო საკითხი; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
51. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
52. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
53. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
55. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, პირველ კასატორს - ბ.ჯ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.წ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის 70% – 4200 ლარი, ხოლო, მეორე კასატორი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგეობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგეობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
3. ბ.ჯ–ძეს (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.წ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 08.06.2022) 70% – 4200 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე