საქმე №ას-15-2024 15 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.მ–ია (განმცხადებელი)
მოწინააღმდეგე მხარე – ს.შ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ს.შ–ის სარჩელი ნ.მ–იას, დ. და გ.მ–ების წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების - მდებარე თბილისი, ......., ს/კ: ....... გამოთხოვისა და მოსარჩელისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილებაზე, წარდგენილი სააპელაციო საჩივრით მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაევალათ მოსარჩელისათვის მათივე უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
4. მოპასუხე ნ.მ–იამ 2023 წლის 15 ნოემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გადადება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინებით განმცხადებელს დაევალა განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში სასამართლოსთვის წარედგინა სასამართლოს განჩინების/გადაწყვეტილების ასლი, რომლის აღსრულების გადადებასაც ითხოვდა და რომლის საფუძველზეც გაცემული იყო სააღსრულებო ფურცელი, სააღსრულებო ფურცლის ასლი, რომლის საფუძველზეც დაწყებული იყო სააღსრულებო წარმოება და ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროდან - თუ რა ეტაპზე იყო სააღსრულებო წარმოება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის განცხადება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ დარჩა განუხილველი.
7. დასახელებულ განჩინებაზე 2023 წლის 28 დეკემბერს განცხადება წარმოადგინა ნ.მ–იამ, რომლის მიხედვითაც განმარტავდა მხარეთა შორის დავის საგანთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს. ამავე განცხადების შესახებ, მოგვიანებით, დამატებით წარმოადგინა განცხადება-საჩივარი, რომლის მიხედვითაც განმარტავდა, რომ თავდაპირველად წარმოდგენილი დოკუმენტი საჩივრის ფორმით უნდა წარედგინა და მოითხოვა აღნიშნული დოკუმენტის საჩივრის ფორმით მიღება და განხილვა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი, დაევალა ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
9. აღნიშნული განჩინება ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის დედას 2024 წლის 1 თებერვალს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება, ადრესატს, საქმის მასალებში მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და ჩაბარდა დედას - ლ.რ–ას 2024 წლის 1 თებერვალს.
13. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
14. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
15. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხარვეზის თაობაზე განჩინება ადრესატისთვის ჩაბარებულად 2024 წლის 1 თებერვალს ჩაითვალა. დასახელებული ნორმების გათვალისწინებით ხარვეზის აღმოფხვრის 7 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო იმავე წლის 2 თებერვალს და ამოიწურა იმავე წლის 8 თებერვალს. დადგენილია, რომ აღნიშნულ ვადაში მხარეს სასამართლოსთვის არ მოუმართავს.
16. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
17. ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებიდან გამომდინარე, განჩინებით დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 399-ე, 284-ე,285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.მ–იას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე