საქმე №ა-688-შ-18-2024 19 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე.ჭ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ჰამბურგის საოლქო სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება N271 F76/22
დავის საგანი – მშობლის უფლების შეზღუდვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჰამბურგის საოლქო სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით N271 F76/22 ე.ჭ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. რ.ე.მ–ის არსრულწლოვანი შვილების – ლ.ე.მ–ისა დაბ. 2016 წლის 11 სექტემბერს და შ.ე.ე.მ–ის დაბ. 2019 წლის 15 იანვრს ა.ტ–ა, მიმართ შეუჩერდა მშობლის მზრუნველობა.
ე.ჭ–ძიმ შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ჰამბურგის საოლქო სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების N 271 F76/22 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ე.ჭ–ძის შუამდგომლობას ჰამბურგის საოლქო სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების N271 F76/22 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უარი უნდა ეთქვას წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში (მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობაში) უნდა აღინიშნოს მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. სარჩელში შესაძლოა მოსარჩელემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები. თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), იგი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლით დადგენილია სარჩელის (შუამდგომლობის) მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები და ნორმის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არსებობს მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ე.ჭ–ძემ ვერ წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარე რ.ე.მ–ის მისამართი. ამასთან, საქმის მასალებში არ მოიპოვება არანაირი დოკუმენტი, თუ რა ღონისძიებებს მიმართა შუამდგომლობის ავტორმა მოწინააღმდეგე მხარის მისამართის დასადგენად, რაც მისი შუამდგომლობის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 186-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ჭ–ძის შუამდგომლობა ჰამბურგის საოლქო სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების N271 F76/22 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უარი ეთქვას წარმოებაში მიღებაზე.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე