Facebook Twitter

საქმე №ას-4-2024 13 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ი.კ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „ი.კ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი“-ს (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით შპს „ი.კ–ს“ დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. აღნიშნული ხარვეზი კერძო საჩივრის ავტორმა ნაწილობრივ შეავსო კერძოდ, კერძო საჩივრის ავტორმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით შპს „ი.კ–ს“ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივარი დედნის სახით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით შპს „ი.კ–ს“ დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივარი დედნის სახით.

ხარვეზის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება რომ, გზავნილი 2024 წლის 29 თებერვალს ჩაბარდა შპს „ი.კ–ის“ წარმომადგენელს ა.გ–ს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 1 მარტს და ამოიწურა 2024 წლის 5 მარტს. ამ დროის განმავლობაში საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუმდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

2024 წლის 12 მარტს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა ა.გ–მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა კერძო საჩივარი დედნის სახით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის დარღვევით მომართა სასამართლოს განცხადებით და წარმოადგინა კერძო საჩივარი დედნის სახით, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს მოცემული კერძო საჩივრის საფუძვლიანობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ი.კ–ის“კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე