Facebook Twitter

საქმე №ას-1569-2023 15 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ა. უ–ი, ქ. უ–ი, ე. უ–ი(მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – კ. უ–ი(მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

კ. უ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. უ–ის, ქ. უ–ისა და ე. უ–ის მიმართ, მოითხოვა უძრავი ქონების 1/3 წილზე მესაკუთრედ ცნობა.

მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება; სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

საკასაციო წესით აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 13 ივნისი განჩინებით კ. უ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.07.2020 გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მოპაუსუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ა. უ–ს, ქ. უ–სა და ე. (ე.) უ–ს დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) სადავო უძრავი ნივთის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტი და მასში მითითებული ღირებულების 5%-ის სახელმწიფო ბაჟის (არანაკლებ საპროცესო კოდექსით დადგენილი მინიმალური ოდენობის – 300 ლარის) სახით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ზემოაღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა 2024 წლის 4 იანვარს.

2024 წლის 9 იანვარს კასატორების წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება იმ მოტივით, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მოახერხა თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული განჩინების ჩაბარება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით ა. უ–ის, ქ. უ–სა და ე. (ე.) უ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა. ა. უ–ის, ქ. უ–სა და ე. (ე.) უ–ს დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ:

ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი დედნის სახით;

ბ) სადავო უძრავი ნივთის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტი და მასში მითითებული ღირებულების 5%-ის სახელმწიფო ბაჟის (არანაკლებ საპროცესო კოდექსით დადგენილი მინიმალური ოდენობის – 300 ლარის) სახით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ზემოაღნიშნული განჩინება გაეგზავნა კასატორების წარმომადგენელს და 2024 წლის 29 იანვარს ჩაბარდა წარმომადგენელს მ.მ–ძეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამავე სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორების წარმომადგენელს გაეგზავნა და 2024 წლის 29 იანვარს ჩაბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

სსსკ-ის 74-ე მუხლის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 7 დღიანი ვადის დენა მოცემულ შემთხვევაში 2024 წლის 30 იანვარს დაიწყო და ამავე წლის 05 თებერვალს ამოიწურა.

ამ დროის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 73-ე, 396-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა. უ–ის, ქ. უ–სა და ე. (ე.) უ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე