Facebook Twitter

საქმე №ას-19-2024 11 მარტი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ე–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ე“-მ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ა“-ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 47 750 ლარისა ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 აგვისტოს განჩინებით გასწორდა უსწორობა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების 1.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: 1.1 შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ა“ -ს შპს „ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 47 864,29 ლარის გადახდა.

6. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ორივე მხარემ.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინებით შპს „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ის“ სააპელაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინებით შპს „ე–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედანი.

11. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა 2024 წლის 25 იანვარს და ამავე წლის 30 იანვარს ჩაბარდა.

12. 2024 წლის 9 თებერვალს კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა განცხადებით და მოითხოვა ხარვეზის გაგრძელება 5 დღით, ვინაიდან კასატორს არ გააჩნდა ფინანსური შესაძლებლობა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, კასატორს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა 5 დღით. დასახელებული განჩინება ადრესატს ჩაბარდა იმავე წლის 29 თებერვალს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო, მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

15. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით, კასატორის შუამდგომლობის საფუძველზე გაუგრძელდა ხარვეზის აღმოფხვრის ვადა 5 დღით. დასახელებული განჩინება კასატორის უფლებამოსილ წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა 2024 წლის 29 თებერვალს.

16. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის აღმოფხვრის ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 1 მარტს და ამოიწურა 5 მარტს (იხ. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები). დადგენილია, რომ კასატორს ან მის წარმომადგენელს სასამართლოსთვის განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია არც ხარვეზის შევსებისთვის აუცილებელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არც რაიმე სახის შუამდგომლობა.

17. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-119-2022, 03.02.2022წ.; №ას-1133-2021, 29.11.2021). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).

18. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 6 მარტს კასატორის წარმომადგენელმა წარმოადგინა შუამდგომლობა, მოითხოვა, ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება და საქმის შესაბამის ინსტანციაში დაბრუნება.

19. ამდენად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ე–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ე–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე