საქმე №ა-4538-შ-128-2023 29 იანვარი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.ნ.ა.
მოწინააღმდეგე მხარე – ო.ა.ო. ოღლუ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის განჯის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბრის №2(125)-2866/2022 გადაწყვეტილება
დავის საგანი – დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2023 წლის 6 სექტემბერს №9939 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის, მ–ვა (მ–ვა) ნ. ა–ს შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის განჯის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბრის №2(125)-2866/2022 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.
2. აზერბაიჯანის რესპუბლიკის განჯის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 მაისის ცნობით დასტურდება, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის განჯის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბრის №2(125)-2866/2022 გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 1 თებერვალს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
3. აზერბაიჯანის რესპუბლიკის განჯის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრისა და 30 ნოემბრის ცნობების მიხედვით, მოპასუხეს ეცნობა სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ, იგივე დასტურდება გადაწყვეტილების შინაარსიდანაც, თუმცა მხარე სხდომაზე არ გამოცხადებულა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინებით მ.ნ.ა. გიზის დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა:
- სათანადო წესით (აკინძული (შეკერილი) და ნოტარიულად) დამოწმებული (სანოტარო მოქმედება უნდა იყოს ქართულად ნათარგმნი) შუამდგომლობის ქართული თარგმანი;
- შუამდგომლობაზე თანდართული ყველა დოკუმენტის, მათ შორის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის განჯის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბრის №2(125)-2866/2022 გადაწყვეტილების, ბოლო გვერდის (რომელიც შეიცავს სანოტარო მოქმედების განხორციელების შინაარსს) ქართული თარგმანი;
- აზერბაიჯანის რესპუბლიკის განჯის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბრის №2(125)-2866/2022 გადაწყვეტილების დედანი ან მისი სათანადოდ (ოფიციალური ბეჭდით) დამოწმებული ასლი და მისი გამართული ქართული თარგმანი, რომელიც ასევე სათანადოდ იქნება დამოწმებული (სანოტარო მოქმედება ასევე უნდა იყოს ნათარგმნი);
- დაზუსტებული ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის) თაობაზე.
5. ზემოაღნიშნული განჩინება თარგმანთან ერთად შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა და ჩაბარდა 2023 წლის 7 ოქტომბერს.
6. 2023 წლის 17 ოქტომბერს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი) შუამდგომლობის ავტორმა გამოაგზავნა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც ირკვევა მოპასუხის საცხოვრებელი მისამართი (საქართველო, მარნეულის რ-ნი სოფ. ........, 30-ე ქ. ბინ. 10). ასევე წარმოდგენილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის განჯის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად, სანოტარო მოქმედების შინაარსიდან ირკვევა, რომ გადათარგმნილია გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 გვერდები.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: 1) სათანადო წესით (აკინძული (შეკერილი) და ნოტარიულად) დამოწმებული (სანოტარო მოქმედება უნდა იყოს ქართულად ნათარგმნი) შუამდგომლობის ქართული თარგმანი; 2) შუამდგომლობაზე თანდართული ყველა დოკუმენტის ბოლო გვერდის (კანონიერ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით ცნობისა და მისი ქართული თარგმანის,მოპასუხის ინფორმირების შესახებ სასამართლო ცნობების და მისი ქართული თარგმანების, გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ ცნობებისა და მათი ქართული თარგმანების) (რომელიც შეიცავს სანოტარო მოქმედების განხორციელების შინაარსს) ქართული თარგმანი; 3) აზერბაიჯანის რესპუბლიკის განჯის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბრის №2(125)-2866/2022 გადაწყვეტილების სრული (ყველა გვერდის) გამართული ქართული თარგმანი, რომელიც ასევე სათანადოდ იქნება დამოწმებული (სანოტარო მოქმედება ასევე უნდა იყოს ნათარგმნი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ დოკუმენტებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
10. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
11. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინებით მ.ნ.ა. გიზის დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გამოესწორებინა ხარვეზი, ხოლო, იმავე წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, ნაწილობრივ შევსებული ხარვეზის გათვა.სწინებით, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 20 დღით.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30 ოქტომბრის განჩინება ადრესატს ჩაბარდა 2023 წლის 18 დეკემბერს.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვა.სწინებულ სუბიექტებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.
14. ამდენად, დადგენილია, რომ განჩინება 2023 წლის 18 დეკემბერს ჩაბარდა უფლებამოსილ პირს, ხოლო, ხარვეზის აღმოფხვრის ვადის ათვლა დაიწყო 19 დეკემბერს და ამოიწურა 2024 წლის 8 იანვარს (აღსანიშნავია, რომ მე-20 დღე - 7 იანვარი უქმე დღეა; იხ. სსკ-ის 59-61-ე მუხლები).
15. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს.
16. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ (სუსგ საქმეზე №ა-324-შ-6-2020, 9 მარტი, 2020 წელი; №ა-2180-შ-56-2019, 16 სექტემბერი, 2019 წელი).
17. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ნ.ა. გიზის შუამდგომლობა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის განჯის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბრის №2(125)-2866/2022 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველი.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე