Facebook Twitter

25 მარტი 2024 წელი

საქმე №ას-210-2024 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ი.კ–ძე

მოწინააღმდეგე მხარეები - თ.დ–ია, ნ.გ–ა

არასრულწლოვანი შვილები - ლ.დ–ია, ლ.დ–ია

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული განყოფილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - შვილებთან და შვილიშვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თ.დ–იამ და ნ.გ–ამ სარჩელი აღძრეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ი.კ–ძის მიმართ და მოითხოვეს:

1.1. თ.დ–იას(მამა) პ/ნ ...... და ნ.გ–ას(ბებია) პ/ნ ...... განესაზღვროთ ლ.დ–იასთან (დაბადებული 2018 წლის 01 ნოემბერს) პ/ნ ......... და ლ.დ–იასთან (დაბადებული 2014 წლის 05 დეკემბერს). პ/ნ ........ ურთიერთობის პერიოდი ყოველი კვირის პარასკევი დღის 15:00 საათიდან კვირა დღის 18:00 საათამდე ღამით დარჩენის უფლებით.

1.2. ზამთრის არდადეგების პერიოდში ყოველი წლის 5 იანვრიდან 12 იანვრამდე და ზაფხულის არდადეგების პერიოდი 1 ივლისიდან 30 აგვისტომდე გაატარონ მამის ოჯახში. ასევე, აღდგომის დღესასწაული და ბავშვების დაბადების დღე გაატარონ მამის ოჯახში.

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით თ.დ–იას და ნ.გ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა; თ.დ–იას(მამა) პ/ნ ..... და ნ.გ–ას(ბებია) პ/ნ ......... განესაზღვრათ ლ.დ–იასთან (დაბადებული 2018 წლის 01 ნოემბერს) პ/ნ ....... და ლ.დ–იასთან (დაბადებული 2014 წლის 05 დეკემბერს) პ/ნ ....... ურთიერთობის პერიოდი შემდეგი ფორმით: არასრულწლოვანი ბავშვების სურვილისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ყოველი თვის პირველი და მესამე კვირის პარასკევი დღის 15:00 საათიდან(სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ) კვირა დღის 18:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვების მამის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანის და დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ვალდებულებით; მოსარჩელეებს მიეცეთ ბავშვებთან ყოველდღიური, შეუზღუდავი კომუნიკაციის უფლება(ტელეფონით ან ინტერნეტით), ასევე, კვირის დანარჩენ დღეებში ბავშვების სასწავლო ადგილზე(ბაღი,სკოლა) მისვლისა და ბავშვებთან შეხვედრის უფლება გონივრული ვადით, ისე რომ ხელი არ შეეშალოს ბავშვების განათლების მიღების პროცესს და ბავშვების დედა წინასწარ იყოს ინფორმირებული ამის შესახებ, ზაფხულის და ზამთრის არდადეგების პერიოდში, არასრულწლოვანი ბავშვების სურვილისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ყოველი წლის 5 იანვრის 12 საათიდან 14 იანვრის ჩათვლით, ხოლო ზაფხულის არდადეგების პერიოდში 01 ივნისიდან 01 სექტემბრამდე, ყოველი თვის პირველი ნახევარი ბავშვებმა გაატარონ დედასთან, მეორე ნახევარი - მამასთან, ღამით დარჩენის უფლებით და ბავშვების დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ვალდებულებით; აღნიშნული განრიგი შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით და ბავშვების სურვილის შესაბამისად, იმგვარად, რომ დედას არ შეეზღუდოს ბავშვებთან ურთიერთობის დრო და მათზე ზრუნვის შესაძლებლობა; მოსარჩელის მიერ ბავშვებთან ყოველი ვიზიტის წინა დღეს ინფორმირებული იქნეს ბავშვების დედა შემდეგ ტელეფონის ნომერზე დარეკვით - ...... ( მფლობელი ლ.კ–ი); თ.დ–ია დავალდებულდეს ნახვის დროის ამოწურვის შემდეგ თავისი შვილები ლ. და ლ.დ–იები დააბრუნოს დედის საცხოვრებელ მისამართზე; ამავდროულად ი.კ–ძე ვალდებულია თ.დ–იას და ნ.გ–ას ხელი არ შეუშალოს შვილებთან ლ. და ლ.დ–იებთან ურთიერთობაში, ასევე, მხარეებმა შვილების თანდასწრებით და მათთან არ მოიხსენიონ მეორე მშობელი ნეგატიურ კონტექსტში; გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბერს მიღებული დროებითი განკარგულება.

3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.კ–ძემ.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ი.კ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.

5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.კ–ძემ გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

7. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს - ს.ს–ძეს (იხ. მინდობილობა ტ.2, ს.ფ. 113-114) გაეგზავნა და 2024 წლის 05 მარტს ჩაბარდა პირადად (იხ. ჩაბარების დასტური ტ.2, ს.ფ. 281-282)).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით კასატორს მიეცა 10 დღის საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

10. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2024 წლის 05 მარტს.

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

12. ვინაიდან, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება გზავნილის მხარისათვის 2024 წლის 05 მარტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10 დღის ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 06 მარტს და ამოიწურა 2024 წლის 15 მარტს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.კ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილი