Facebook Twitter

საქმე №ას-111-2024 21 მარტი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ.გ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.გ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ.გ–ის სარჩელი ი.გ–ის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ.გ–მა, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვლის განჩინებით დ.გ–ის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 3 (სამი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა პირადი ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სახით. ამავე პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით კი, დაკმაყოფილდა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ კ.ს–ვას შუამდგომლობა და დ.გ–ს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 3 (სამი) დღით. ასევე, 2024 წლის 6 მარტის განჩინებით კიდევ ერთხელ გაუგრძელდა კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის გამოსწორების ვადა 3 (სამი) დღით.

საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 მარტის განჩინება დ.გ–ის წარმომადგენელ კ.ს–ვას ჩაბარდა 2024 წლის 11 მარტს.

2024 წლის 15 მარტს, სასამართლოს განცხადებით მომართა დ.გ–ის წარმომადგენელმა, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და იშუამდგომლა კერძო საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის გამო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო (კერძო) საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვლის განჩინებით დ.გ–ის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 3 (სამი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა პირადი ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სახით. ამავე პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით კი, დაკმაყოფილდა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ კ.ს–ვას შუამდგომლობა და დ.გ–ს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 3 (სამი) დღით. ასევე, 2024 წლის 6 მარტის განჩინებით კიდევ ერთხელ გაუგრძლედა კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის გამოსწორების ვადა 3 (სამი) დღით.

საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 მარტის განჩინება დ.გ–ის წარმომადგენელ კ.ს–ვას (იხ.მინდობილობა ტ.1, ს.ფ.145-146) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და პირადად ჩაბარდა 2024 წლის 11 მარტს (იხ.ჩაბარების დასტური).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული სამდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 12 მარტს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2024 წლის 14 მარტს (სამუშაო დღე - ხუთშაბათი).

საქმის მასალებით კი დგინდება, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლმა, სასამართლოს განცხადებით მომართა საპროცესო ვადის დარღვევით - 2024 წლის 15 მარტს. განცხადების შედგენის თარიღად, ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღად ასევე მითითებული 2024 წლის 15 მარტი, რაც უტყუარად ადასტურებს ვადის დარღვევას, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამდენად, დ.გ–ს უნდა დაუბრუნდეთ კ.ს–ვას მიერ 2024 წლის 15 მარტს #20983349540 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.გ–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. დ.გ–ს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე კ.ს–ვას (პ/ნ ......) მიერ 2024 წლის 15 მარტს #20983349540 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი