საქმე №ას-211-2024 22 მარტი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „დ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „დ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის - 7687.5 ლარის ანაზღაურება; შპს „დ–ს“ დაეკისრა პირგასამტეხლოს ანაზღაურება 2020 წლის 20 აპრილის მდგომარეობით გადასახდელი საიჯარო ქირის - 7687.5 ლარის 0.05%-ის ოდენობით, ყოველდღიურად, 90 დღის განმავლობაში, რაც შეადგენს ჯამში 345.94 ლარს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებით, შპს „დ–ის“ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 401.67 ლარის ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივრისა და მისი ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელ გ.ს–ს ჩაბარდა 2024 წლის 28 თებერვალს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებით შპს „დ–ის“ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 401.67 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივრისა და მისი ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება შპს „დ–ის“ წარმომადგენელ გ.ს–ს (იხ.მინდობილობა ტ.2, ს.ფ.59) გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და 2024 წლის 28 თებერვალს ჩაბარდა პირადად (იხ.ხელწერილი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდდღიანი ვადის დენა, დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 29 თებერვალს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2024 წლის 6 მარტს - ოთხშაბათს.
დადგენილ ვადაში, მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „დ–ის“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი