საქმე №ას-1102-2023 22 დეკემბერი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ლ.უ–ნი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ჩ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული შემოსავლის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე.ჩ–იას სარჩელი მოპასუხე ლ.უ–ნის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩვარი, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს - ნ.კ–ას 2023 წლის 4 ოქტომბერს ჩაბარდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბერს, ფოსტის მეშვეობით, მომართა ლ.უ–ნმა და მოთხოვა საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ ლ.უ–ნის წარმომადგენელს საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან 2023 წლის 4 მაისს კურიერმა, მართალია, მიიტანა სასამართლო გზავნილი მისამართზე, თუმცა, ჩააბარა ოჯახში მცხოვრებ ფსიქიკურად ავადმყოფ პიროვნებას, რომელმაც გზავნილი დამალა და მათ მხოლოდ 2023 წლის 12 აგვისტოს იპოვეს გზავნილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა ლ.უ–ნის განცხადების დასაშვებობა და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ლ.უ–ნის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართრლოს 2023 წლის 13 აპრილის განჩინებაზე დარჩა განუხილველი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს - ნ.კ–ას 2023 წლის 4 ოქტომბერს ჩაბარდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბერს, ფოსტის მეშვეობით, მომართა ლ.უ–ნმა და მოთხოვა საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ ლ.უ–ნის წარმომადგენელს საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან 2023 წლის 4 მაისს კურიერმა, მართალია, მიიტანა სასამართლო გზავნილი მისამართზე, თუმცა, ჩააბარა ოჯახში მცხოვრებ ფსიქიკურად ავადმყოფ პიროვნებას, რომელმაც გზავნილი დამალა და მათ მხოლოდ 2023 წლის 12 აგვისტოს იპოვეს გზავნილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცეოს კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება საჩივრის ავტორის წარმომადგენელს - ნ.კ–ას ჩაბარდა 2023 წლის 4 ოქტომბერს, ხოლო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით, კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს ფოსტის მეშვეობით მომართა 2023 წლის 11 დეკემბერს, ვადის დარღვევით, რაც ამ განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლის) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წინამძღვრები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, გაცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის "ე" და "ვ" ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განხილვა დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
მითითებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადება შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში, იმ დღიდან როდესაც მხარისთვის ცნობილი გახდა ახლად აღმოჩენლ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქმის წარმოების განახლების შესახებ მხარემ შეიტყო ჯერ კიდევ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე და თანაც ისეთ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ჰქონდა შესაძლებლობა შესაბამისი საჩივრით მიემართა პირველი, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციის სასამართლოსთვის, ასეთ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის წარმოების შესახებ განცხადების დასაშვებობის წინაპირობა, რაც დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილით და აქედან გამომდინარე განუხილველად უნდა დარჩეს.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს - ნ.კ–ას ჩაბარდა 2023 წლის 4 ოქტომბერს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებელმა საპროცესო ვადის დარღვევით (დაგვიანებით) მომართა საკასაციო სასამართლოს, რის გამოც მისი განცხადება დაუშვებელია და არ უნდა იქნეს განხილული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 429-ე მუხლებით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.უ–ნის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ე. გასიტაშვილი