Facebook Twitter

14 მარტი, 2024 წელი,

საქმე №ას-1511-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ბ.თ–სი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ.ს–ვი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ბ.თ–სი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი კასატორი საზოგადოება, შპს ან კომპანია), ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით დ.ს–ვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან საზოგადოების დირექტორი) წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების თაობაზე აღძრული სარჩელი უარყოფილ იქნა. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ იყო დასაბუთებული, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განსაზღვრა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არასწორად დადგინდა თუ რომელი გარემოებებია დადასტურებული და რომლები არ დასტურდება; შედეგად მიღებულია სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მოსარჩელე 2014 წლის 25 მარტს საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია, საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორები ბელორუსიაში რეგისტრირებული ოთხი იურიდიული პირია (მთლიანობაში 51%-იანი წილის მფლობელი პარტნიორები), კერძოდ, „უ.ს.ბ.ნ.ს.ც–ი“ (26%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი), ღია სააქციო საზოგადოება „ნ–ი“ (5%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი), ღია სააქციო საზოგადოება „ბ–ა“ (15%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი), ღია სააქციო საზოგადოება „გ.ქ.ქ–ა“ (5%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი) და საქართველოში რეგისტრირებული შპს „ტ.ჰ. T. H.“ (49%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი).

4.4. საზოგადოების მართვის ორგანოა პარტნიორთა კრება და დირექტორი, მაკონტროლებელი კი, სარევიზიო კომისია. მართვის უმაღლესი ორგანო პარტნიორთა კრებაა (იხ. წესდების 6.1; 6.3 პუნქტები).

4.5. საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას დირექტორი ახორციელებს, მასთან მინიმუმ 1 წლით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. იგი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ყველა საკითხზე, რომელიც პარტნიორთა საერთო კრების კომპეტენციაში არ შედის (იხ. წესდების 7.1; 7.2 პუნქტები).

4.6. დირექტორი პასუხისმგებელია საზოგადოების მუშაობის შედეგებზე, წესდების მოთხოვნების დაცვაზე, საზოგადოების პარტნიორთა საერთო კრების წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისა და საზოგადოების საქმიანობის გეგმების შესრულებაზე, კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოების სახსრებისა და ქონების განკარგვაზე, რეგულარულად (მინიმუმ წელიწადში ერთხელ) საზოგადოების პარტნიორთა საერთო კრებისათვის ანგარიშის ჩაბარებაზე, პარტნიორთა საერთო კრების მიერ განსაზღვრული წესით საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენაზე (იხ. წესდების 7.3; 7.4 პუნქტები).

4.7. საზოგადოების ფინანსურ და სამეურნეო საქმიანობის კონტროლს ახორციელებს საზოგადოების სარევიზიო კომისია ან არჩეული აუდიტორი (იხ. წესდების 9.1 პუნქტი).

4.8. საზოგადოების საქმიანობას ბელორუსიიდან იმპორტირებული ავტო ნაწილების საქართველოს ბაზარზე არსებული დისტრიბუტორებისათვის მიბარება წარმოადგენდა, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. რისთვისაც კომპანია კონტრაგენტებთან აფორმებდა ხელშეკრულებებს, რის საფუძველზედაც შენახვის პირობით გადასცემდა საქონელს, თავის მხრივ კონტრაგენტები იღებდნენ საქონლის შენახვის, რეალიზაციის, უსაფრთხოების, უნაკლო მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულებას, ისინი პასუხს აგებდნენ წარმოქმნილ დანაკლისზე თუ დაზიანებაზე.

4.9. 2015 წლის 20 იანვრიდან საწარმოს ხელმძღვანელობს მოპასუხე/დირექტორი, რომლის ძირითადი კომპეტენცია შემდეგია:

4.9.1. დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ყველა საკითხზე, რომელიც საზოგადოების წესდებით პარტნიორთა საერთო კრების კომპეტენციაში არ შედის.

პირადად აგებს პასუხს პარტნიორთა საერთო კრების წინაშე საზოგადოების ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის შედეგებზე.

საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს ერთპიროვნულად, ახორციელებს საზოგადოების ოპერატიულ ხელმძღვანელობას, ორგანიზებას უწევს საწარმოო-სამეურნეო, სოციალურ და სხვა საქმიანობას, უზრუნველყოფს წესდებით გათვალისწინებული საზოგადოების საქმიანობის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას (იხ. შეთანხმების 2.1.პუნქტი).

4.9.2. კომპეტენციის ფარგლებში, წესდებითა და პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით, რეგლამენტირებას უწევს ხელმძღვანელის საქმიანობას, უზრუნველყოფს საზოგადოების საქმიანობის შეთანხმებული ძირითადი მიმართულებების ორგანიზებას:

- კონცერნი ,, ბ–ის’’ შემადგენლობაში შემავალი ორგანიზაციების პროდუქციის რეალიზაციას, ქვეყნების ბაზარზე, კონცერნი ,, ბ–ისა“ და უს ,,ბ.ნ.ს. სახლის’’ მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად.

- კონცერნი ,, ბ–ის“ შემადგენლობაში შემავალი ორგანიზაციებისათვის ნედლეულის, მასალების, აღჭურვილობის შეძენის ორგანიზებას;

- კონცერნი ,, ბ–ისა’’ და მის შემადგენლობაში შემავალი ორგანიზაციების საინვესტიციო პროგრამებით გათვალისწინებული ამოცანების გადასაჭრელად ინვესტიციების მოზიდვას (იხ. შეთანხმების 2.1.პუნქტი).

4.9.3. დირექტორი ვალდებულია რეგულარულად (არანაკლებ წელიწადში ერთხელ) საზოგადოების პარტნიორთა საერთო კრებას, საზოგადოების პარტნიორებსა და კონცერნ ,, ბ–ს“ ჩააბაროს ანგარიში, წარუდგინოს დოკუმენტაცია და ინფორმაცია, რაც საზოგადოების საქმიანობას ეხება (იხ. შეთანხმების 2.2.2.პუნქტი).

4.9.4. დირექტორი პარტნიორთა საერთო კრების წარმომადგენელთა შეთანხმებით, ამტკიცებს საზოგადოების სტრუქტურასა და საშტატო განრიგს.

შრომითი ხელშეკრულების პირობებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქირაობს და ათავისუფლებს თანამშრომლებს უს ,,ბ.ნ.ს. სახლთან’’ შეთანხმებით (იხ. შეთანხმების 2.2.7.პუნქტი).

4.9.5. უზრუნველყოფს საზოგადოების პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებების შესრულებას, კვალიფიციურ მუშაობას რომელიც დაკავშირებულია საზოგადოების ნებისმიერი სახის საქმიანობასთან, მის ეკონომიკურ განვითარებასთან, საზოგადოების სახსრებისა და ქონების მიზნობრივი გამოყენებას.

4.10. 2016 წლის 29 იანვარს საზოგადოების 51%-იანი წილის მფლობელი პარტნიორებისა და დირექტორის მონაწილეობით გამართულ პარტნიორთა კრებაზე დამტკიცდა 2015 წლის ბიუჯეტი და არსებული ფინანსური მდგომარეობაც შეფასდა.

ამასთან, განხორციელებულ სამუშაოებთან მიმართებით საყვედური გამოეცხადა დირექტორს და 2016 წლის 15 ივლისამდე სარევიზიო კომისიის მოთითების შესრულება დაევალა, საზოგადოების ყველა პარტნიორის მისამართით დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენით.

დირექტორს, კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის გასარიცხად მუშაობის გააქტიურებაც დაევალა, ამასთან მას, განხორციელებული სამუშაოების თაობაზე ყოველთვიურად საზოგადოების პარტნიორებისათვის უნდა ეცნობებინა.

4.11. 2015 წლის 12 მარტის ამონაწერის თანახმად, საზოგადოების 49% წილის მფლობელ პარტნიორად შპს ,,ტ.ჰ. T. H.-ის’’ ნაცვლად, შპს ,,მ....’’ ირიცხებოდა, ხოლო 2017 წლის 3 აპრილის მონაცემებით, საწარმოს 49% წილის მესაკუთრედ შპს ,,დ.ტ–ი’’ ფიქსირდება, ამ უკანასკნელმა კომპანიის წილის აუქციონზე შეიძინა.

4.12. საზოგადოების 2017 წლის 10 იანვრის N100117-01 ბრძანებით, კომპანიის 26%-იანი წლის მფლობელი პარტნიორის გენერალური დირექტორის მოადგილემ, 15%-იანი წლის მფლობელი პარტნიორის გაყიდვების სპეციალისტმა, კომპანიის ბუღალტერმა და გაყიდვების მენეჯერმა იავე წლის 13 იანვარს, თბილისში, ლილოში მდებარე #1 სასაწყობში მარაგების ინვენტარიზაცია ჩაატარეს.

4.12.1. 2017 წლის 27 თებერვლის #270217-01 ბრძანებით კი, თბილისში, ლილოში მდებარე საწყობში - 2017 წლის 27 თებერვლიდან იმავე წლის 1 მარტამდე საბრუნი აქტივების მორიგი საინვენტარიზაციო აღწერა განხორციელდა.

4.12.2. ინვენტარიზაციის დაწყებამდე დირექტორმა წერილობით დაადასტურა, რომ ინვენტარიზაციის დაწყებისთვის ყველა გასავლისა და შემოსავლის დოკუმენტი საბრუნავ აქტივებზე ბუღალტერიაში ჩაბარებული იყო და, მის პასუხისმგებლობაზე შემოსული საბრუნავი აქტივები არის გატარებული.

4.12.3. ბუღალტრულ ნაშთსა და ფაქტიურ ნაშთს შორის ცდომილება - 422 905.81 ლარია.

4.12.4. სარევიზიო კომისიამ სასაწყობე მარაგების ინვენტარიზაციის შედეგებისა და დირექტორის განმარტების საფუძველზე, შეადგინა დასკვნა რომლის მიხედვით, მეტობისა და დანაკლისის წარმოქმნის ძირითადი მიზეზია:

- პროდუქციის გადაადგილება საზოგადოების საპასუხისმგებლო შენახვაზე საწყობებს შორის სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, გაფორმებული ელექტრონული სახით საქართველოს შემოსავლების სამსახურის საიტის პორტალზე განაცხადის გაფორმების გარეშე, რომელშიც მითითებული უნდა ყოფილიყო მონაცემები: გადმოტვირთვის ადგილი, საბურავების სტანდარტული ზომა, რაოდენობა, მატერიალურად პასუხისმგებელი პირები;

- საზოგადოების დირექტორის მხრიდან შესაბამისი კონტროლის არქონა დისტრიბუტორებთან მატერიალური პასუხისმგებლობის შეთანხმებების და დავალიანების სავალდებულო დაფარვის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერაზე;

- საზოგადოებაში დოკუმენტების არარსებობა, რომელიც კომპანიიდან ცალობით მოვაჭრემდე საქონლის გადაადგილების კონტროლისა და თვალყურის დევნების საშუალებას იძლევა, მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დაგვიანებით შესრულების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში სანქციების გამოყენებით.

- კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მეტობისა და დანაკლისის არსებობის გამოვლენის ფაქტზე საზოგადოების დირექტორის მიერ წარდგენილ იქნა განმარტებითი ბარათი.

4.12.5. სარევიზიო კომისიამ აუცილებლად მიიჩნია საზოგადოების მხრიდან შემდეგი ზომების მიღება:

1. საზოგადოების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მეტობის საბუღალტრო აღრიცხვაზე აყვანა;

2. კომპანიის ბუღალტრის მიერ შედარებითი უწყისის გაფორმება და დანაკლისის ჩათვლა მეტობასთან, როგორც სორტნაწუნი, საბუღალტრო აღრიცხვაში შემდგომი ასახვითა და სარევიზიო კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდებით;

3. დირექტორის მიერ დანაკლისი თანხის ანაზღაურება, რეალიზაციის ფასების მიხედვით.

4.13. კომისიის დასკვნის საფუძველზე, მოპასუხე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და საწარმოში არსებული აქტივი 2017 წლის 30 მარტს ახალ დირექტორს გადააბარა.

4.14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 მაისის განჩინების შესაბამისად, სასამართლოს დირექტორის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართა პროკურატურამ, შემდეგ ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით:

მოსარჩელე საზოგადოება, ბელორუსიაში რეგისტრირებული ოთხი და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ 2014 წლის 25 მარტს გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა, რომლის ძირითადი საქმიანობა ბელორუსიიდან საქართველოში ავტომანქანების საბურავებისა და ზეთების იმპორტია.

2015 წლის 20 იანვრიდან - 2017 წლის 30 მარტამდე კომპანიის დირექტორი და ერთპიროვნული ხელმძღვანელი ბელორუსიის მოქალაქეა, რომელიც უშუალოდ განაგებდა საზოგადოების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას.

მის მიერვე ხდებოდა თბილისში, ლილოს დასახლებაში მდებარე საზოგადოების საწყობიდან არსებული საქონლის, მათ შორის საბურავების რეალიზაცია.

დირექტორმა გადაწყვიტა გამოეყენებინა აღნიშნული ვითარება და მიეთვისებინა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში მყოფი კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით საქონელი. შედეგად მან საზოგადოების დირექტორად მუშაობის პერიოდში საწყობიდან გაიტანა და მიითვისა - 519 258 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საბურავები.

სწორედ აღწერილ ფაქტთან მიმართებით მიმდინარეობდა გამოძიება, რომლის ფარგლებში პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რაც უარყოფილი იქნა და აღკვეთის ღონისძიების სახით მოპასუხის მიმართ - 50 000 ლარიანი გირაო იქნა გამოყენებული.

4.15. საზოგადოების ბუღალტერის მიერ შედგენილ საბუღალტრო აღრიცხვაში მითითებულია, რომ 2014 წლიდან 2017 წლამდე საბუღალტრო აღრიცხვისთვის რამდენიმე სპეციალური საბუღალტრო პროგრამა (,,FMG-IFO’’, ,,ორისი’’, ,,IC ბუღალტერია’’) გამოიყენებოდა.

ინვენტარიზაციის მომენტისათვის ORIS-ის პროგრამის საბუღალტრო აღრიცხვა არ იყო ორგანიზებული. ზედნადებები გაიცემოდა მოთხოვნის გარეშე: მიწოდების ადგილი, დასახელება, საბურავის ზომები, მათი რიცხვი და ღირებულება არ იყო სწორად ჩამოყალიბებული.

საქონლის გადაადგილების ძირითადი საბუღალტრო დოკუმენტების ნაწილი RS პორტალზე არ შესრულებულა, მაგრამ ფიქსირდებოდა სააღრიცხვო ჩანაწერებში. არასწორად წარმოებული ბუღალტერიის და გამოუვლენელი სასაქონლო ნაშთების გამო, საწყობებიდან პროდუქციის გადაადგილების დროს, საბუღალტრო აღრიცხვაში გაჩნდა ,,წითელი ნაშთები’’, რაც დაუშვებელია.

გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში არ არსებობდა კონტრაგენტებთან ყიდვა/გაყიდვის პირველადი დოკუმენტაცია. საბუღალტრო აღრიცხვისათვის აღსადგენად გამოიყენებოდა 2014 წლიდან დაწყებული ყველა ძირითადი დოკუმენტი, რომელიც 1C საბუღალტრო პროგრამაში შედის.

შესრულებული სამუშაოს შედეგების მიხედვით, ბუღალტერია მთლიანად აღდგენილია და 2017 წლის ოქტომბერში კომპანიის ბუღალტერმა შეასრულა შედარებითი ინვენტარიზაცია 2017 წლის 3 ინივრის მდგომარეობით, რომლის მიხედვით დანაკლისი - 511 445.44 ლარია. ზედმეტობა - 9 931.61 ლარი. შესაბამისად, დანაკლისის ჯამური ოდენობა არის 501 513 ლარი.

4.16. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 16 იანვრის ბრძანებით, იმავე წლის 16 იანვრის მონაცემებით არსებული საგადასახადო დავალიანების - 47 243. 99 ლარის გადახდა, 2018 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით გადავადდა.

4.17. კომპანიაში მოპასუხის დირექტორად მუშაობის მანძილზე - 20 429 საბურავი იქნა იმპორტირებული, რომელთა ღირებულება - 738 664 ლარია. რეალიზებულია - 12 326 საბურავი (მათ შორის: 01.03.2017 წლის ჩათვლით პერიოდში 12 297) საშუალო საბალანსო ღირებულებით - 3 765 302 ლარი.

თბილისში, ლილოში მდებარე კომპანიის მფლობელობაში არსებულ საწყობში სასაქონლო ზედნადებების, მიღება-ჩაბარების და იმპორტის დოკუმენტების საფუძველზე, დანაკლისი არ ფიქსირდება (იხ. შპს ,,საკონსულტაციო კომპანია გვაზავა და პარტნიორების’’ 2018 წლის 17 დეკემბრის დასკვნა).

4.17.1. რაც შეეხება 2017 წლის 1 მარტის ინვენტარიზაციის აქტით დაფიქსირებულ - 4 266 საბურავის დანაკლისს, რეალურად აღნიშნული საბურავებიდან 130 წუნდებულია, რომლებიც კომისიას არ დაუთვლია.

დანარჩენი - 4 136 (4 266-130) საბურავი საპასუხისმგებლო შენახვის ხელშეკრულებების და შიდა გადაზიდვის ზედნადებების საფუძველზე, სადისტრიბუციო კომპანიების საწყობებში იმყოფებოდა შემდგომი რეალიზაციის მიზნით და არ იყო დაბრუნებული კომპანიის საწყობში.

წუნდებული საბურავების რაოდენობაა - 130, ხოლო კომპანიის საწყობში დაუბრუნებელია - 4 136, რაც განპირობებულია იმ კომპანიების მიზეზით, რომლებსაც შიდა გადაზიდვით მიეწოდათ კომპანიის კუთვნილი საბურავები და არ დაუბრუნებიათ, ესენია:

შპს ,,პ.კ–ი’’ – 1 464 საბურავი;

შპს ,,ა. ჯ–ია’’ – 98 საბურავი;

შპს ,,ა -ჯ–უ’’ – 454 საბურავი;

შპს ,,ს. ჯ...’’ – 45 საბურავი;

შპს ,,ა–ნი’’ – 747 საბურავი;

შპს ,,ს. ს–ი ...’’ – 1 197 საბურავი;

შპს ,,ქ. ჯ.ა–ვი’’ – 9 საბურავი;

შპს ,,ტ.ჰ–ი’’ – 92 საბურავი;

შპს ,,G. ...’’ – 30 საბურავი.

დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ კომპანიის მიერ იმპორტირებული საბურავების რაოდენობა წარდგენილი საიმპორტო დოკუმენტების საფუძველზე გაანგარიშდა.

სულ იმპორტირებულ იქნა - 20 429 საბურავი. ექსპერტიზის მიერ დაანგარიშებული საბურავების რაოდენობაა 84-ით აღემატება 2018 წლის 7 მაისის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული რევიზიის აქტის დანართში მოცემულ რაოდენობას და განსხვავება მიღებულია სამი სახეობის საბურავში. იმპორტირებული საბურავების ჯამური ღირებულება - 4 738 664 ლარია.

2017 წლის 1 მარტის ჩათვლით - 12 297 (უკან დაბრუნებული საბურავების გამოკლებით) საბურავი გაიყიდა. ხოლო მოპასუხის მიერ კომპანიის დირექტორად მუშაობის მანძილზე ჯამურად - 12 326 (უკან დაბრუნებული საბურავების გამოკლებით) საბურავი რეალიზდა (იხ. სასაქონლო ზედნადებები).

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა ექსპერტიზის დეპარტამენტის 2018 წლის 7 მაისის რევიზიის აქტთან შედარებით, 2017 წლის 1 მარტის ჩათვლით - 14 საბურავით ნაკლებია რეალიზებული. კომპანიის საწყობში კი, 3 866 საბურავია აღმოჩენილი.

სულ შემოტანილი - 20 429 საბურავიდან 1 633, კომპანიის საწყობში არ ჩამოტვირთულა, კერძოდ, სამ შემთხვევაში, 442, 460 და 520 ქუთაისში, შპს ,,პ.კ–ის’’ საწყობს, ხოლო 211, შპს ,,ტ.ჰ.ს" სამტრედიაში, სოფელ ........, ჩაჰბარდა, შესაბამისად, კომპანიის საწყობში - 18 796 საბურავი (20 429 – 1633) ჩამოიტვირთა.

შიდა გადაზიდვით საწყობიდან - 11 060 საბურავი გადაიზიდა, ხოლო - 3 144 უკან დაბრუნდა. საბურავების მთლიანი რეალიზაციიდან, კომპანიის საწყობიდან მიწოდებული იყო - 6 832 საბურავი, შედეგად, 2017 წლის 1 მარტის მონაცემებით საწყობში - 4 048 საბურავი (იხ. სასაქონლო ზედნადებები, იმპორტის დოკუმენტები, მიღება-ჩაბარების აქტები) უნდა ყოფილიყო (18 796/ლილოს საწყობში მიღებული საბურავები/ - 11 060/ლილოს საწყობიდან შიდა გადაზიდვით გასული საბურავები/ +3 144/ ლილოს საწყობში შიდა გადაზიდვით დაბრუნებული საბურავები/ - 6 832/ლილოს საწყობიდან რეალიზებული საბურავები/). ხოლო ინვენტარიზაციით დაფიქსირებულია - 3 866 საბურავი, ანუ 182-ით ნაკლები.

4.18. მოპასუხის/კომპანიის დირექტორის განმარტებით, ინვენტარიზაციისას ე.წ. 130 წუნდებული საბურავი არ დათვლილა. ამასთან, 12 დასახლების 52 საბურავი შპს ,,ა–ს’’ (იხ. 2015 წლის 27 მაისის მიღებაჩაბარების აქტი), გადასცა, რომელზედაც სასაქონლო ზედნადებები გამოწერილი არ არის, შესაბამისად, ისინი გაანგარიშებაში არ ასახულა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის საწყობში დანაკლისი არ ფიქსირდება, მიღებული (იმპორტირებული) საბურავების საერთო რაოდენობას - 20 429 გამოკლებული მთლიანად ამ პერიოდისათვის რეალიზებული საბურავების რაოდენობა - 12 297, შეადგენს - 8 132 საბურავს (20 429 – 12 297). ამ ნაშთს გამოკლებული ინვენტარიზაციით დაფიქსირებული - 3 866 საბურავის სხვაობა - 4 266 საბურავია (8 132 – 3 866), ხოლო დოკუმენტების მიხედვით - 4 266 საბურავიდან, 130 დაუთვლელი წუნდებული საბურავია, 4 136 კი, სხვა პირების მფლობელობაში არსებულ ტერიტორიებზე გადატვირთვის შემდეგ არ დაბრუნებულა.

სასაქონლო ზედნადებებში უმრავლეს შემთხვევაში საბურავის ერთი და იგივე კოდები იდენტურად არ ფიქსირდება, ცალკეულ შემთხვევაში კი, მითითებული კოდით გაურკვეველია რომელი სახეობის საბურავი გადაიზიდა, საბურავების ფაქტობრივი რაოდენობა დოკუმენტალურად გაანგარიშებულ რაოდენობასთან, ერთნაირად ყველა სახეობის საბურავის მიხედვით, შედარდა.

4.19. დისტიბუტორს დროებითი შენახვის პირობით გადაეცემოდა საქონელი, რომელიც ახდენდა მის რეალიზაციას, დირექტორი იღებდა ანაზღაურებას და ადგენდა შიდა ზედნადებს, რითაც გადაცემული საქონლის კონტროლს ახორციელებდა.

4.20. კონტრაგენტებმა საზოგადოების მიმართ განსაზღვრული ოდენობით ვალდებულების არსებობას აღიარეს (იხ. შეთანხმებები).

4.21. კომპანიას კონტრაგენტების მიმართ მოთხოვნა არ წარუდგენია.

4.22. კომპანიის დირექტორი საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს დამფუძნებელ პარტნიორებთან შეთანხმებით იღებდა.

4.23. მოპასუხე საზოგადოების საქმეებს კეთილსინდისიერად უძღვებოდა, შესაბამისად, დანაკლისზე პასუხისმგებელი პირი არ არის.

5. საწარმოს წინაშე ზიანის ანაზღაურების თაობაზე დირექტორის პირადი პასუხისმგებლობის მოთხოვნის უსაფუძვლობა, სამართალურთიერთობის დროს მოქმედი სპეციალური კანონის 9.6 (დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ), სსკ-ის 709-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლების ფაქტობრივი შემადგენლობის არ არსებობამ განაპირობა.

6. განსახილველი დავის ძირითადი საკვანძო საკითხი დირექტორის მხრიდან საწარმოს მიმართ არსებული ფიდუციური მოვალეობების დარღვევის შემოწმება და ამ ასპექტში დირექტორის ქმედების მართლზომიერების შეფასება წარმოადგენს.

7. საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური.

ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს.

8. საკასაციო სასამართლომ დირექტორის პასუხისმგებლობის შესახებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში განმარტა, რომ რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.6 მუხლის მიხედვით, დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“) (შდრ. სუსგ: №ას-687-658-2016, 6.11.2018; №ას-1307-1245-2014, 6.05.2015; №ას-1158-1104-2014, 6.05.2015).

თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ (იხ. სუსგ №ას-457-436-2015, 6.06.2016).

8.1. „საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (დირექტორის) მოვალეობები სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ა) გულმოდგინება, ბ) ერთგულება და გ) კეთილსინდისიერება.

გულმოდგინების მოვალეობა გულისხმობს დირექტორის მიერ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებსაც მიიღებდა ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი.

ერთგულების მოვალეობა მოიცავს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებას.

კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას“ (შდრ. სუსგ №ას-687-658-2016, 6.11.2018).

8.2. ერთგულების მოვალეობა გამომდინარეობს დავალების ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებიდან და წარმომადგენლობის არსიდან, რომელიც წარმომადგენელს ავალდებულებს წარმოდგენილი პირის ინტერესებით და არა პირადი ინტერესებით იხელმძღვანელოს (შდრ. სუსგ №ას-766-766-2018, 10.06.2019).

8.3. მიუხედავად იმისა, რომ ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობა ერთი და იმავე საფუძვლიდან მომდინარეობს, მათი ერთმანეთისაგან გამიჯვნა მნიშვნელოვანია კომპანიის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ დავებში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილების თვალსაზრისით, რადგან ზრუნვის (გულისხმიერების/გულმოდგინების) მოვალეობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვისას მოქმედებს ე.წ. „სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლების წესი“, სხვაგვარად „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფცია”, ხოლო ერთგულების მოვალეობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვისას ასეთი პრეზუმფცია არ მოქმედებს.

ზრუნვის მოვალეობის დარღვევის შესახებ სარჩელის განხილვისას დირექტორს საწარმოსათვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილების გამო პასუხისმგებლობისაგან იცავს ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფცია. იგი წარმოადგენს დაშვებას, რომ გადაწყვეტილების მიღებისას კომპანიის დირექტორი იყო სათანადოდ ინფორმირებული და მოქმედებდა კეთილსინდისიერად, იმ რწმენით, რომ განხორციელებული მოქმედება კომპანიის საუკეთესო ინტერესებში იყო.

ასეთ საქმეებში მოსარჩელეს ეკისრება ზემოაღიშნული დაშვების გაბათილების ტვირთი, რადგან სასამართლოს არ შეუძლია ეჭვი შეიტანოს დირექტორის გადაწყვეტილების სისწორეში, თუ ის რაციონალური პროცესის შედეგად იქნა მიღებული და დირექტორი ყველა მნიშვნელოვან და გონივრულად ხელმისაწვდომ ინფორმაციას ფლობდა (შდრ. სუსგ №ას-766-766-2018, 10.06.2019).

8.4. ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმიებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან (შდრ. სუსგ: №ას-1307-1245-2014, 6.05.2015; №ას-1158-1104-2014, 6.05.2015).

საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამეწარმეო საზოგადოების დირექტორის პასუხისმგებლობის თავისებურებებთან დაკავშირებით საქართველოსთვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები იხ. Merkt in MüKo zum GmbHG, §13,Rn.343; Raiser in Ulmer/Habersack/Löbbe GmbHG Gr.Komm. 2.Aufl., §13,Rn.51; Fleischer in MüKozum GmbHG, §43,Rn.276; Walter G. Paefgen in Ulmer/Habersack/Löbbe GmbHG Gr.Komm. 2.Aufl,) (შდრ.სუსგ № #ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; #ას-1307-1245-2014, 06 მაისი, 2015 წელი). ამავე კონტექსტში და განსახილველი სარჩელის წარმატებისათვის მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომ საწარმოს დირექტორი საწარმოს საქმიანობას სადავო პერიოდში მოქმედი სპეციალური კანონის 9.6 მუხლით დადგენილი სტანდარტით არ უძღვებოდა.

9. მოსარჩელის/კასატორის მითითებით, მოპასუხემ/კომპანიის დირექტორმა დაარღვია დირექტორის ზრუნვის მოვალეობა და ამით ზიანი მიაყენა კომპანიას, რაც იმაში გამოიხატა, რომ კომპანიიდან საქონელი შესაბამისი დოკუმენტების გაცემის გარეშე გაიცემოდა, რამაც ჯამურად, 2017 წლის 1 მარტის ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისი განაპირობა, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელიც დირექტორია.

მოპასუხე დანაკლისის არსებობას სადავოდ არ ხდიდა, თუმცა მის ბრალეულობას გამორიცხავდა და უთითებდა, რომ საზოგადოებას შეეძლო გაცემული საქონლის შესაბამისი ანაზღაურება, კონტრაგენტებისგან ამოეღო, რაც მოსარჩელის მხრიდან არ განხორციელებულა.

10. დადგენილია, რომ საზოგადოების საქმიანობა ბელორუსიიდან იმპორტირებული ავტო ნაწილების საქართველოს ბაზარზე არსებული დისტრიბუტორებისათვის მიბარებაა მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, შესაბამისად, კონტრაგენტებს შენახვის პირობით გადაეცემოდათ საქონელი, თავის მხრივ ისინი იღებდნენ პასუხისმგებლობას შეენახათ და გაეყიდათ გადაცემული საქონლი.

გადაცემული საქონლის უსაფრთხოებაზე, უნაკლო მდგომარეობაში დაბრუნებაზე, დანაკლისზე და დაზიანებაზე კონტრაგენტები აგებდნენ პასუხს (იხ. ხელშეკრულება).

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ დირექტორის მიერ დისტრიბუტორებისთვის საქონელის ზედნადების გამოწერის გარეშე გადაცემა, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარეობდა, კერძოდ, დისტიბუტორს დროებითი შენახვის პირობით გადაეცემოდა საქონელი, რომელიც კასატორის ინტერესების შესაბამისად ახდენდა მის რეალიზაციას.

დირექტორი თავის მხრივ ადგენდა შიდა ზედნადებს, რითაც გადაცემული საქონლის კონტროლს ახორციელებდა და იმ შემთხვევაში, თუ საქონელი არ გაიყიდებოდა, უზრუნველყოფდა მის დაბრუნებას.

ამდენად, დირექტორის ზემოაღწერილი ქმედება საწარმოს ფინანსების დაზოგვით იყო განპირობებული, რაც არაკეთილსინდისიერ ან არაგულისხმიერ ქცევად და შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირად დირექტორის მიჩნევის საფუძვლად, ვერ შეფასდება.

ასევე დადასტურებულია, რომ კონტრაგენტებმა საზოგადოების მიმართ განსაზღვრული ოდენობით ვალდებულების არსებობა აღიარეს, თუმცა კომპანიას მათ მიმართ მოთხოვნა არ წარუდგენია.

11. საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე არაერთი, მოწმე (რომლებიც კომპანიის შიდა საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღებას პროცესს ესწრებოდნენ) დაკითხა, რომლებმაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დადასტურეს, რომ საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორები ჩართულნი იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და დირექტორი მათთან შეთანხმებით მოქმედებდა.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული გარემოებები არ არის საკმარისი მოპასუხის, როგორც კომპანიის დირექტორის მხრიდან დირექტორის ზრუნვის მოვალეობის დარღვევის დასამტკიცებლად.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად, შესაბამისად საკასაციო პალატა აღარ იმსჯელებს კასატორის არაარსებით არგუმენტებზე (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. გ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადახდო დავალება #15780092738, გადახდის თარიღი 17.01.2023წ), 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ.თ–სი“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ბ.თ–სს“ (ს/ნ ........) დაუბრუნდეს გ.გ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადახდო დავალება #15780092738, გადახდის თარიღი 17.01.2023წ), 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

გიორგი მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე