26 ოქტომბერი, 2023 წელი,
საქმე №ას-653 -2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ჯ.მ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ქ.ჩ–ძე (მოპასუხე)
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინება
მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ჯ.მ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული აპელანტი, კასატორი ან ბავშვის მამა) სარჩელი აღძრა ქ.ჩ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან ბავშვის დედა) წინააღმდეგ ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნით.
2. თერჯოლის მაგისტრი სასამართლოს 2019 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს განესაზღვრა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის მიზნით ბავშვის წაყვანის უფლება თავის საცხოვრებელ ადგილას ღამე დარჩენის უფლებით ყოველი თვის პირველ და მესამე პარასკევ დღეს სკოლაში სასწავლო პროცესის დამთავრების შემდეგ კვირა დღის 17:00 სააათამდე, ხოლო ყოველი თვის მეორე და მეოთხე კვირის ოთხშაბათს სკოლაში სასწავლო პროცესის დამთავრების შემდეგ პარასკევი დღის 09:00 საათამდე სასწავლო პროგრამის და ბავშვის სურვილის გათვალისწინებით მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე;
მოსარჩელეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან შვილთან ურთიერთობის მიზნით მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე, განესაზღვრა სასწავლო დაწესებულებისათვის დადგენილი არდადეგების პერიოდში ყველა სახის არდადეგების პირველი ნახევრის პერიოდში ბავშვის წაყვანის უფლება თავის საცხოვრებელ ადგილას და ასევე დასასვენებლად წაყვანის უფლება საქართველოს ტერიტორიაზე, რა დროსაც დედას მიეცა შვილის მონახულების უფლება ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით ბავშვის სურვილის გათვალისწინებით;
სასამართლოს მიერ დანიშნულ დღეებში გადაწყვეტილებით განსაზღვრული საათების დაცვით არასრულწლოვანის წაყვანა და დაბრუნება უნდა უზრუნველეყო მოსარჩელეს.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
4. მოპასუხემ შეგებებული სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ითხოვა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო და შეგებებული სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეს განესაზღვრა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის მიზნით ბავშვის წაყვანის უფლება თავის საცხოვრებელ ადგილას (მისამართზე: თერჯოლის რაიონი, სოფელი ....), ღამე დარჩენის უფლებით ყოველი თვის პირველ და მესამე შაბათ დღეს - დილის 11:00 საათიდან, კვირა დღის - დილის 11:00 საათამდე, ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე (ბავშვის წამოყვანა მამასთან და მისი დაბრუნება ძირითად საცხოვრებელ ადგილას დაევლა ჯ.მ–ძეს საკუთარი ხარჯებით);
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონალურ ცენტრს, როგორც არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს დაევალა, გამოყოს ფსიქოლოგი, რათა დახმარება გაუწიოს არასრულწლოვანს მამასთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში; მშობელი, რომელთანაც იქნება ბავშვი, ვალდებულია სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონალურ ცენტრთან შეთანხმებით, უზრუნველყოს არასრულწლოვნის ვიზიტი ფსიქოლოგთან (არდადეგების პერიოდში ეს საკითხი გადაწყდეს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ცენტრთან შეთანხმებით, ბავშვის ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით). კონსულტაციების ხანგრძლივობა/ინტენსივობა განისაზღვროს ფსიქოლოგის მიერ;
მხარეებს დაევალათ, იქონიონ ინტენსიური ჩართულობა არასრულწლოვნის აღზრდის პროცესში მისი ფსიქო-ემოციური, სოციალური და საგანმანათლებლო საჭიროებების ხელშეწყობის თვალსაზრისით; ასევე დადგინდა, რომ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონალურმა ცენტრმა, შესაბამისი სოციალური მუშაკის ან სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, საჭიროების აღმოფხვრამდე ზედამხედველობა განახორციელოს თითოეული მშობლის ბავშვთან დამოკიდებულებაზე, იქონიოს აქტიური კომუნიკაცია ბავშვთან, რათა გამოარკვიოს წინამდებარე გადაწყვეტილების პოზიტიური კუთხით აღსრულების დამაბრკოლებელი წინაპირობების არსებობა.
6. 2021 წლის 12 აპრილს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის განმარტება მოითხოვა.
6.1. განმცხადებელი უთითებდა, რომ მოსარჩელემ პირველი სარჩელი არასრუწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ შეიტანა სასამართლოში 2014 წელს. ეს დავა მორიგებით დამთავრდა და განისაზღვრა მამა-შვილის ურთიერთობის კონკრეტული წესი. ამ პერიოდისათვის ბავშვი ერთი წლისაც არ იყო. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს მეორე ქორწინებიდან შეეძინა ორი შვილი, და-ძმების ინტერესებიდან გამომდინარე და იმ მიზეზით, რომ მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებით არ იყო თანაბრობის პრინციპი დაცული მშობლებს შორის, ახალი სარჩელი აღძრა სასამართლოში 2017 წლის 16 ოქტომბერს ბავშთან ურთიერთობის წესის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
6.2. ახალი სარჩელის აღძვრის პირობებში, ყველა ის უფლება, რომელიც უკვე მინიჭებული ჰქონდა ჯ.მ–ძეს 2016 წლის 29 მარტის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით და რომელი განჩინებაც უკვე ვეღარ ასახავდა სრულად არასრულწლოვანი ბავშვისა და მოსარჩელის, როგორც მშობლის ინტერესებს, უფრო უნდა გზარდილიყო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კი მოხდა პირიქით. არასრულწლოვნის ურთიერთობა მამასთან შემოიფარგლა მხოლოდ კვირში ერთი ღამით. ასევე სასამართლომ საერთოდ უპასუხოდ დატოვა სარჩელი ყველა სახის არდადეგების პირველი ნახევრის მამის საცხოვრებელ ადგილზე, ასევე დასასვენებლად წაყვანასთან დაკავშირებით;
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განჩინებით, მოსარჩელის განცხადება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუქნტის განმარტების თაობაზე, უარყოფილ იქნა.
8. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 414-416 მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
10. საკასაციო პალატის დასკვნით, გასაჩივრებული განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ არ არსებოდა სსსკ-ის 262-ე მუხლით განსაზღვრული ის წინაპირობები, რომელიც გადაწყვეტილების განმარტებას განაპირობებდა.
11. სსსკ-ის 262-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია, გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში, მხარეებს ეგზავნებათ შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
12. აღნიშნული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად მიიჩნევს სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას (ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის შინაარსი), ხოლო განმარტების მიზნად კი, მისი აღსრულების უზრუნველყოფას.
13. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო და შეგებებული სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეს განესაზღვრა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის მიზნით ბავშვის წაყვანის უფლება თავის საცხოვრებელ ადგილას (მისამართზე: თერჯოლის რაიონი, სოფელი ........), ღამე დარჩენის უფლებით ყოველი თვის პირველ და მესამე შაბათ დღეს - დილის 11:00 საათიდან, კვირა დღის - დილის 11:00 საათამდე, ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე (ბავშვის წამოყვანა მამასთან და მისი დაბრუნება ძირითად საცხოვრებელ ადგილას დაევლა ჯ.მ–ძეს საკუთარი ხარჯებით);
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონალურ ცენტრს, როგორც არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს დაევალა, გამოყოს ფსიქოლოგი, რათა დახმარება გაუწიოს არასრულწლოვანს მამასთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში; მშობელი, რომელთანაც იქნება ბავშვი, ვალდებულია სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ცენტრთან შეთანხმებით, უზრუნველყოს არასრულწლოვნის ვიზიტი ფსიქოლოგთან (არდადეგების პერიოდში ეს საკითხი გადაწყდეს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ცენტრთან შეთანხმებით, ბავშვის ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით). კონსულტაციების ხანგრძლივობა/ინტენსივობა განისაზღვროს ფსიქოლოგის მიერ;
მხარეებს დაევალათ, იქონიონ ინტენსიური ჩართულობა არასრულწლოვნის აღზრდის პროცესში მისი ფსიქო-ემოციური, სოციალური და საგანმანათლებლო საჭიროებების ხელშეწყობის თვალსაზრისით; ასევე დადგინდა, რომ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონალურმა ცენტრმა, შესაბამისი სოციალური მუშაკის ან სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, საჭიროების აღმოფხვრამდე ზედამხედველობა განახორციელოს თითოეული მშობლის ბავშვთან დამოკიდებულებაზე, იქონიოს აქტიური კომუნიკაცია ბავშვთან, რათა გამოარკვიოს წინამდებარე გადაწყვეტილების პოზიტიური კუთხით აღსრულების დამაბრკოლებელი წინაპირობების არსებობა.
14. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ჯ.მ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თვისობრივად ახლებურად მოწესრიგდა მშობლის და შვილის ურთიერთობის საკითხები;
კერძოდ, ჯ.მ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ჯ.მ–ძეს (პ/ნ .......) არასრულწლოვან შვილთან ბ.მ–ძესთან (პ/ნ .......; დაბადებული 2013 წლის 11 მაისს) ურთიერთობა განისაზღვრა შემდეგი სახით:
ა. კვირის დღეებში - ყოველი კვირის სამშაბათსა და პარასკევს სასწავლო პროცესის დასრულებიდან ან დღის 15:00 საათიდან იმავე დღის 18:00 საათამდე, არასრულწლოვანის წაყვანისა და უკან დედის, ქ.ჩ–ძის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
ბ. ყოველი თვის შაბათს 11:00 საათიდან მომდევნო დღის (კვირის) 11:00 საათამდე, წაიყვანოს ბავშვი თავის საცხოვრებელ ადგილას (თერჯოლის რაიონი, სოფელი ........) ღამე დარჩენის უფლებით, უკან დედის, ქ.ჩ–ძის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
გ. ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების ნახევარი არასრულწლოვანმა ბ.მ–ძემ გაატაროს მამის, ჯ.მ–ძის საცხოვრებელ ადგილას და ასევე მამას მიეცეს ბავშვის დასასვენებლად წაყვანის უფლება საქართველოს ტერიტორიაზე, რა დროსაც დედას ქ.ჩ–ძეს მიეცეს შვილის მონახულების უფლება ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, არასრულწლოვანის წაყვანისა და უკან დედის, ქ.ჩ–ძის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით.
15. სსსკ-ის 262-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განჩინების მიღების ერთ ერთი არსებითი წინაპირობა და მიზანი სასამართლოს მიერ მიღებული საპროცესო დოკუმენტის დაუბრკოლებლად აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გადაწყვეტილება რომლის სარეზოლუციო ნაწილის მეხუთე პუნქტის განმარტებასაც ითხოვდა მხარე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით გაუქმდა, შესაბამისად, განმარტების მიზანი - გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაც გაქარწყლებულია და აღარ არსებობს.
16. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე