10 ნოემბერი 2023 წელი,
საქმე №ას-1579-2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი - ჯ.მ–ი (მოპასუხე; შეგებებული მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.რ–ძე (მოსარჩელე; შეგებებული მოპასუხე)
II კასატორი - ნ.რ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.მ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება; შეგებებული სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტი
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ჯ.მ–ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე; შეგებებული მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, I კასატორი ან ბავშვების მამა) და ნ.რ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე; შეგებებული მოპასუხე, აპელანტი, II კასატორი ან ბავშვების დედა) საკასაციო პრეტენზიებით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და, ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში (შეწყდეს ქორწინება მხარეებს შორის, რეგისტრირებული 24.02.2012წ., აქტის ჩანაწერი N ......; შეგებებული სარჩელი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს: ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, საცხოვრებელი ადგილი; შეგებებულ მოპასუხეს დაეკისროს თავისი არასრულწლოვანი შვილების, სასარგებლოდ ალიმენტი, ყოველთვიურად 100-100 (ასი - ასი) ლარის ოდენობით (სულ 200(ორასი)ლარი), სარჩელის აღძვრის დღიდან, 29.12.2017წ.-დან, ბავშვების სრულწლოვანებამდე), გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად;
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეს მიეცა უფლება ურთიერთობა ჰქონდეს შვილებთან, შეუზღუდავად, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, ბავშვების სურვილისა და დღის რეჟიმის გათვალისწინებით; მოსარჩელეს მიეცა უფლება პირადი და უშუალო ურთიერთობა ჰქონდეს შვილებთან ყოველი კვირის ორშაბათს და ოთხშაბათს, სასწავლო პროცესის დასრულებიდან 19 საათამდე, ასევე პარასკევს, სასწავლო პროცესის დასრულებიდან შაბათის 20 საათამდე ღამისთევის უფლებით, ბავშვების სურვილის გათვალისწინებით და იმ პირობით, რომ უზრუნველყოფს, ამ პერიოდში, ბავშვების მონაწილეობას მათ ჩვეულებრივ, სასწავლო, სახელოვნებო თუ სპორტულ აქტივობებში; ვითარების შეცვლის შემდეგ, ე.ი. მას შემდეგ, რაც შესაძლებელი იქნება დედასა და შვილებს შორის უფრო ხანგრძლივი შეხვედრები; მოსარჩელეს მიეცა უფლება გაატაროს შვილებთან სასკოლო არდადეგების ნახევარი, ბავშვების სურვილის გათვალისწინებით, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფს, ამ პერიოდში, ბავშვების მონაწილეობას მათ ჩვეულებრივ აქტივობებში; ურთიერთობის წესის შეცვლა დამოკიდებული იქნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნაზე;
1.1. I კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ბავშვების ნების საწინააღმდეგოდ მიიღო გადაწყვეტილება, ბავშვების დედას არ შეუძლია მათი აღზრდა და მათთვის სათანადო ხარისხის განათლების მიღება, იგი მხოლოდ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და ცუდ გავლენას მოახდენს მათზე (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
1.2. II კასატორის მტკიცებით, ბავშვებს, შეგებებული მოსარჩელის მშობლები, არასრულწლოვნების ბებია და ბაბუა განაწყობს დედის წინააღმდეგ შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებაც ფორმალურ ხასიათს ატარებს. ბავშვების სურვილის შემთხვევაში, ჰქონდეთ ურთიერთობა დედასთან, ბებია და ბაბუა კვლავ გააგრძელებენ ბავშვებზე ზეწოლას დედის საწინააღმდეგოდ, ეს გარემოება დააბრკოლებს მოსარჩელის ურთიერთობას შვილებთან (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 და 31 იანვრის განჩინებებით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მხარეები 2012 წლის 24 თებერვლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 1106-ე და 1151-ე მუხლები). ჰყავთ ორი შვილი - 2010 წლის 18 ივლისს დაბადებული - ი. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი ბავშვი, მოსარჩელისა და მოპასუხის შვილი ან არასრულწლოვანი) და 2012 წლის 7 მაისს დაბადებული - მ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე ბავშვი, მოსარჩელისა და მოპასუხის შვილი ან არასრულწლოვანი).
4.4. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ.
4.5. ბავშვები თბილისში, .......... მდებარე #9 ბინაში, მამასთან და პაპა-ბებიასთან ერთად ცხოვრობენ.
4.6. ბავშვების დედა თბილისის მე-100 საბავშვო ბაგა-ბაღის დამლაგებელია, რომლის ხელფასი - 360 (დარიცხული) ლარია.
4.7. პირველი შვილი სსიპ თბილისის #39-ე საჯარო სკოლის 24 კლასის მოსწავლეა. დამრიგებლის დახასიათებით ჯანმრთელი და გონებრივად განვითარებული ბავშვია, ყველა საგანს ფლობს ერთნაირად, ყოველთვის ცხადდება მომზადებული, არ აცდენს და არ აგვიანებს, ამასთან ყოველთვის აღჭურვილია სასწავლო ნივთებით, არის მშვიდი, წყნარი და გაწონასწორებული, კარგი ურთიერთობა აქვს თანაკლასელებთან (იხ. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 21 ნოემბრის ცნობა).
4.7.1. ბავშვი 2016 წლიდან საფეხბურთო კლუბ ,,ი–ში“ ვარჯიშობს, არის მონდომებული, არ აცდენს ვარჯიშებს, მეგობრებთან აქვს კარგი ურთიერთობა, მიზანდასახული და პერსპექტიულია. ბავშვის წარმატებაში ჩართულია მთელი ოჯახი.
4.7.2. არასრულწლოვანი 2016 წლიდან ვარჯიშობს კლუბ ,,ფ–ში“. არის კლუბის ჩემპიონი, კლუბის წევრი, თბილისის ნაკრების წევრი და თბილისის ღია პირველობის გამარჯვებული (პინები) ასაკობრივ ჯგუფში.
4.8. მეორე შვილი 2017 წლის 29 ნოემბრიდან ა(ა)იპ თბილისის N100 ბაგა-ბაღის აღსაზრდელია, თუმცა დირექტორის მითითებით, ბავშვს 2017 წლის 20 ოქტომბრიდან ბაღში არ უვლია.
4.8.1. დედის განმარტებით, ბავშვი ბაღში იმ მიზეზით არ დაჰყავდათ, რომ თავად იმავე ბაღის თანამშრომელია.
4.8.2. არასრულწლოვანი 2017 წლის 4 დეკემბრიდან თბილისის N35 ბაგა-ბაღის აღსაზრდელია.
4.9. ტყიბულში, ....... მდებარე უძრავი ქონება ს/კ-ით N......, მოსარჩელის საკუთრებაა.
4.10. 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, მოსარჩელის დასაბეგრი შემოსავალი 2017 წლის იანვრში, თებერვალში, მარტში, მაისში, ივნისში და სექტემბერში, თითოეულ თვეზე - 360 ლარი, 2017 წლის აპრილში - 485 ლარი, 2017 წლის ივლისში - 720 ლარი, 2017 წლის ოქტომბერში - 310.9 ლარი, ხოლო 2017 წლის ნოემბერში - 291.4 ლარია (იხ. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 დეკემბრის N21-04/193984 ცნობა).
4.11. 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, მოპასუხეს შემოსავალი არ უფიქსირდება (იხ. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 დეკემბრის N21-04/193984 ცნობა).
4.12. სოციალური მუშაკის ვიზიტის შედეგად მოსარჩელის მიერ არ გამოვლენილა რაიმე გარემოება ბავშვების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით (იხ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 30 ნოემბრის N04-00-გ/53174 წერილი).
4.13. მოსარჩელე 2015 წლიდან მუშაობს ააიპ თბილისის მე-100 საბავშვო ბაგა-ბაღში დამლაგებლის პოზიციაზე. ის მუდამ გამოირჩევა საქმისადმი გულისხმიერი და სერიოზული დამოკიდებულებით. დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს მოთხოვნების შესაბამისად. ჯგუფის პერსონალის ცნობებით ხასიათდება, როგორც ყურადღებიანი და თბილი დედა. ბავშვი დაჰყავდა მუდმივად მოწესრიგებული, კითხულობდა დღის განმავლობაში შვილს და ინტერესდებოდა ბავშვის მიღწევებით. კოლექტივთან აქვს კარგი დამოკიდებულება, არის უკონფლიქტო და მშვიდი ადამიანი (იხ. ა(ა)იპ თბილისის N100 ბაგა-ბაღის დირექტორის 2017 წლის 29 ნოემბრის დახასიათება).
4.14. მოპასუხის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი ზომიერად გამოხატულია, შესაძლებლობების შეზღუდვის მიზეზი არის ბავშვობიდან შესაძლებლობის შეზღუდვა, სტატუსი დადგენილია - უვადოდ. აღენიშნება - ქმედუნარიანობის ზომიერად გამოხატული შეზღუდვა, შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვა, თვითკონტროლის უნარის შეზღუდვა, შეუძლია იმუშაოს სპეციალურად შექმნილ პირობებში უმნიშვნელო ფიზიკური და ნერვულ ფსიქო-ემოციური დატვირთვით (იხ. შპს ,,თ. .. პ–ის“ ცნობა).
4.14.1. ერთიანი სააღრიცხვო ბაზის მონაცემებით, 2017 წლის დეკემბრის მონაცემებით, მოპასუხეს ეძლევა სოციალური პაკეტი, როგორც ბავშვობიდან შშმ პირს, რომელსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვს ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი - უვადოდ, მას ერიცხება 100 ლარი (იხ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 22 დეკემბრის N04-00-გ/56714 ცნობა) .
4.14.2 2019 წლის 10 ოქტომბრის მიმართვის თანახმად, მოპასუხე შპს ,,ფ.ჯ. და ნ.პ.ც–ის ცენტრში“ აღრიცხვაზე არ იმყოფება.
4.15. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2019 წლის 12 აგვისტოს N17139 დასკვნით, არასრულწლოვნები თბილისში, ......... კორპუსი #6-ში, მდებარე ბინა #9-ში, ბიოლოგიური მამის - ჯ.მ–ის ოჯახში ცხოვრობენ, საცხოვრებელი გარემო კეთილმოწყობილია, აქვთ პირადი სივრცე, პირადი მოხმარების საგნები, სასკოლო ინვენტარი, მათი ასაკის და განვითარების შესაბამისი სხვადასხვა სათამაშოები, ისინი უზრუნველყოფილი არიან საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებით, როგორიცაა: ადეკვატური კვება, ასაკისა და სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი, პირველადი სამედიცინო მომსახურება.
ოჯახის სოციალურ-ეკონიმიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არასრულწლოვნების მამა გახლავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ბავშვებზე ზრუნვის საკითხში მას მშობლები და ოჯახის წევრები ეხმარებიან, თუმცა, აღსანიშნავია, რომ იგი ჩართულია ბავშვების სოციალურ ცხოვრებაში და ზრუნავს მათზე.
სასკოლო აქტივობებში არასრულწლოვნების ჩართულობების მიმართ ბავშვებს აქტიურ მხარდაჭერას უწევენ ბებია, ბაბუა და მამა. ისინი ყოველთვის მოწესრიგებული დადიან სკოლაში. მასწავლებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ჯ.მ–ი პერიოდულად აკითხავს არასრულწლოვნებს სკოლიდან გამოყვანის მიზნით.
ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არასრულწლოვნებს დედასთან ინტენსიური ურთიერთობა არ ჰქონიათ, რამაც სავარაუდოდ გამოიწვია არასრულწლოვნებისა და დედის გაუცხოება.
სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნების საჭიროებები დაკმაყოფილებულია მამის საცხოვრებელ სახლში, მათი ინტერესი და უსაფრთხოება დაცულია ოჯახის წევრების მიერ, მაგრამ მათთვის სრულფასოვანი გარემოს შესაქმნელად მიზანშეწონილია ორივე მშობელთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
4.16. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ტყიბულის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის მიერ 2019 წლის 27 აგვისტოს N336 დასკვნის მიხედვით, ნ.რ–ძე ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ თბილისში, ........ მდებარე, ბინა #3-ში დასთან და სიძესთან ცხოვრობს. მუშაობს თბილისის N100 საბავშვო ბაგა-ბაღში დამლაგებლად, საკუთრებაში აქვს ტყიბული, ........ მდებარე უძრავი ქონება.
სახლი არის ორსართულიანი, საცხოვრებელი პირობები არასრულწლოვნებისთვის არის უსაფრთხო და კეთილსაიმედო. მოწესრიგებული და უზრუნველყოფილი აუცილებელი ინვენტარითა და ავეჯით, საცხოვრებელი სახლი და სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ოჯახში ამჟამად ცხოვრობს ნ–ას მამა - გ.რ–ძე, რაც შეეხება ნ–ას დედას ის ამჟამად მუშაობს თბილისში, ხილ-პროდუქტების გამყიდველად, ნ.რ–ძის მშობლები არ არიან კონფლიქტურები, ისინი ხასიათდებიან დადებითად, როგორც მშრომელი და კეთილსინდისიერი ხალხი.
ნ.რ–ძეს შესწევს უნარი, შექმნას ბავშვების საჭიროებებზე ორიენტირებული უსაფრთხო და მზრუნველი გარემო. არასრულწლოვნები ბიოლოგიური დედის ოჯახში ცხოვრებისას უზრუნველყოფილი იქნებიან ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით, აუცილებელი საჭიროებებით -ადეკვატური კვებით, გარეგნობასა და ჰიგიენაზე ზრუნვით, განათლებაზე და განვითარებაზე ხელშეწყობითა და სამედიცინო მომსახურებით.
მშობლების უპირველესი საზრუნავი შვილების ემოციური სიმშვიდე უნდა გახდეს, გასათვალისწინებელია ორივე მშობელთან რეგულარული კონტაქტი, რაც მათი შემდგომი განვითარებისთვის არის აუცილებელი.
4.17. 2018 წლის 3 დეკემბერს ფსიქოლოგ ლ.პ–ის მიერ ჩატარებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ი. და მ.მ–თვის ოჯახში არის მზრუნველი, ყურადღებიანი და მოსიყვარულე გარემო, ბავშვების ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართული როგორც მამა ასევე მისი მშობლები. ბებია და ბაბუა უზრუნველყოფენ იმას, რომ ბავშვების საგანმანათლებლო, სოციალური და ოჯახური ცხოვრება იყოს აქტიური, მრავალფეროვანი და დადებითი ემოციების მქონე.
დედის შესახებ საუბრისას ი. მ–ი ამბობს, რომ არ სურს მასთან ურთიერთობა და ამის მიზეზად ძირითადად სხვა მამაკაცთან ურთიერთობას ასახელებს, ხოლო მ. გამოხატავს დედის მიმართ სიყვარულსა და მასთან ინტენსიური ურთიერთობის სურვილს, ბავშვი ვერ გამოხატავს საკუთარ სურვილებს დედასთან დაკავშირებით, რაც არის გავლენის შედეგი.
ი. და მ.მ–ები იმყოფებიან მამის ოჯახის წევრების მხრიდან ზეგავლენის ქვეშ. ზეგავლენის პირობებში, მ. ორივე მშობლის, აგრეთვე ბებია-ბაბუის მიმართ ავლენენ მიჯაჭვულობას, თუმცა, მამის ოჯახის წევრებთან ვერ გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებასა და სურვილს. ი. მიჯაჭვულობას ავლენს მამის და მისი მშობლების მიმართ. დედის მიმართ კი, მხოლოდ წყენას და ბრაზს გამოხატავს, რაც მნიშვნელოვანწილად გავლენის შედეგია.
დაუშვებელია, რომელიმე მშობელი ან ბავშვის უახლოესი გარემოცვა განაწყობდეს მათ უარყოფითად მეორე მშობლის მიმართ. ამით ბავშვებს შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიადგეთ. ბავშვების კეთილდღეობისთვის აუცილებელია მათ შეინარჩუნონ თბილი ურთიერთობა ორივე მშობელთან.
5. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს არის თუ არა არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესებში მათ საცხოვრებლად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. ამ მიზნიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებების, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის დასკვნებისა და განმარტების, მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულყოფილადაა გამოკვლეულია ბავშვების საუკეთესო ინტერესების დასადგენად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება; რომლებიც საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მიერ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლას და მშობლისა და შვილების ურთიერთობის აღდგენისათვის, ბავშვების საუკეთესო ინტერესებისათვის დადგინდა კონკრეტული წესი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს დედასა და შვილებს შორის ურთიერთობა; ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილი ურთიერთობის წესის ხელახლა სახეცვლა დამოკიდებული იქნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნაზე.
6. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან მასში ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.
მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.
კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი).
მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.
შესაბამისად, უფლებაში ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმის უალტერნატივოდ დადგენასთანაა დაკავშირებული, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (შდრ. სუსგ Nას- 458-440-2016, 15.07.2016წ.).
7. სსკ-ის 1202-ე მუხლი მშობელს, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი, უკრძალავს მეორე მშობელთან ურთიერთობის შეზღუდვას. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას.
სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და უზრუნველყოფა.
აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholzv.Germany,#25735/94,31.07.2000, პარ.52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72) - შდრ. ასევე, სუსგ N ას-967-916-2915, 25.02.2016წ.
8. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემაში იგულისხმება არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვა და პატივისცემა, არამედ, ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულება ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია ჩამოყალიბებული.
ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნების ქვეშ ნაგულისხმევია არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, არამედ, მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირი, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადასწონის მშობლის ინტერესს (შდრ. სუსგ-ებს: N ას-1076-2022,23.12.2022წ; N ას-1139-2021, 29.11.2022წ; N ას-716-2021, 23.06.2022წ; N ას-43402921, 30.07.2021წ.).
9. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, ბავშვთან ურთიერთობის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა, შვილთან ურთიერთობა ჰქონდეს, რომელიც ეფექტიანი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული და მის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაზე უნდა იყოს დაფუძნებული.
ბავშვს არა მხოლოდ აქვს უფლება, იზრდებოდეს და ვითარდებოდეს ჯანსაღ, მასზე მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში, ამასთან, მისი უფლებაა, დაცული იქნეს ყველა ისეთი შესაძლო ქმედებისაგან, მათ შორის მშობლის ქმედებისაგანაც, რომელიც ბავშვის ფსიქოემოციური განვითარებისა და მისი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია.
ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათ შეუნარჩუნდეთ ურთიერთობა მათთან არმცხოვრებ მშობელთანაც, მოცემულ შემთხვევაში - დედასთან, რათა გაძლიერდეს ერთჭერქვეშ არმყოფი მშობლის მონაწილეობა და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვების ცხოვრებაში, თუ არ არსებობს საგამონაკლისო გარემოება, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული წესით ბავშვებთან ურთიერთობის შეზღუდვისათვის (შდრ. სუსგ-ებს: N ას-63-59-2017, 13.11.2018წ.; N ას-1837-2019, 16.06.2020წ ; N ას- 440-2020, 13.04.2021წ; N ას-434-2021, 30.07.2021წ.).
10. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს (კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით, ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც.
ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება პრიორიტეტული მნიშვნელობა ჰქონდეს მშობლის ინტერესებთან მიმართებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც – ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი (შდრ. სუსგ. Nას-198-2019, 28.05.2019წ.; N ას-440-2020, 13.04.2021წ; N ას-434-2021, 30.07.2021წ).
11. ბავშვის უფლებების დაცვის მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული კანონმდებლობის სისტემური ანალიზი იმგვარი დასკვნის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა, რომ ბავშვის უფლებების სრულფასოვანი უზრუნველყოფა არ გულისხმობს ერთი რომელიმე უფლების სხვა უფლებასთან შედარებით უპირატესად რეალიზების შესაძლებლობას, ან დაცვის უფრო მაღალი სტანდარტით სარგებლობის დაშვებას.
ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან ყველა უფლებას სახელმწიფო გარანტიებით/ინსტრუმენტებით ერთნაირად სარგებლობის შესაძლებლობა და ხარისხი გააჩნია, მათ შორის ბავშვისაგან განცალკევებით მცხოვრებ მშობელთან ბავშვის ურთიერთობის უფლებასაც.
თუმცა, ეს უფლება აბსოლუტურ უფლებად არ შეიძლება ჩაითვალოს, მშობლისა და ბავშვის უფლებათა შეწონადობის თვალსაზრისით, ბავშვის უფლება უპირატესად ითვლება და მშობელს, გარკვეული პირობების არებობისას, შესაძლოა ჩამოერთვას კიდეც ბავშვთან ურთიერთობის შესაძლებლობა (სსკ-ის 1205-1206 მუხლები).
ამ უფლების შემზღუდავი სახელმწიფო ინსტრუმენტი მოქმედებს მხოლოდ მაშინ და მშობლის უფლება არარეალიზებადია, თუკი მშობლის მოვალეობის არასათანადო შესრულება წინააღმდეგობაშია ბავშვის თუნდაც ერთ რომელიმე ინტერესთან (ჯანმრთელობა, ემოციური განვითარება, სწავლა და ა.შ.).
ე.ი. მშობლის ბუნებითი უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ მიიჩნევა აბსოლუტურ და შეუზღუდავ უფლებად და, ამა თუ იმ პირობების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ კონტროლს ექვემდებარება (შდრ. სუსგ-ას N ას-434-2021, 30.07.2021წ.).
12. ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ისეთი შემთხვევა, როდესაც ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს ქმედითი ღონისძიებების განხორციელება, რათა მომხდარიყო მომჩივნის, კონკრეტულ შემთხვევაში - მამის უფლების უზრუნველყოფა, რომ ენახა საკუთარი ვაჟი, იძულებითი აღსრულების გზით, რადგან დედამ უარი განაცხადა მანამდე მშობლებს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე (Zawadka v. Poland, No.48542/99, 23.06.05). ასევე, ერთ-ერთ საქმეზე მე-8 მუხლის დარღვევა დადგინდა იმის გამო, რომ ადგილობრივმა ორგანოებმა ვერ შეძლეს მომჩივნის (მამის) უფლების აღსრულება (Eberhard v. Slovenia, No.8673/05 and 9733/05, 01.12.09.)
13. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე არასრულწოვან შვილებთან დედის/IIკასატორის ურთიერთობის წესი განსაზღვრულია და ამავე მხარეზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მართებულად გამოიყენებს იგი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ წესს შვილებთან ურთიერთობაში; ამასთან, ბავშვების საუკეთესო ინტერესის უპირატესობის გათვალისწინებით. საკასაციო პალატის დასკვნით, „როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები“ (შდრ. სუსგ ას-53-51-2016, 06.07.2016წ.).
16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სრულად სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს; აპელირებს მათზე და განმარტავს, რომ საქმის მასალებში არსებული სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის დასკვნების შინაარსობრივი მხარის გათვალისწინებით ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა; შესაბამისად, ბავშვებისა და დედის ურთიერთობის წესის გადაწყვეტილებაში ასახული ფორმით დადგენა, სრულად შეესაბამება წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილ ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს, რომლებიც არასრულწლოვანთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისათვისაა სავალდებულო. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, კერძოდ, I კასატორს უნდა დაუბრუნდეს ი.შ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #3043, გადახდის თარიღი 18.01.2023წ), 70% -210 ლარი. II კასატორს უნდა დაუბრუნდეს გ.ნ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #15765713654, გადახდის თარიღი 16.01.2023წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ჯ.მ–ს (პ/ნ .........) დაუბრუნდეს ი.შ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #3043, გადახდის თარიღი 18.01.2023წ), 70% -210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. ნ.რ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
4. ნ.რ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს გ.ნ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #15765713654, გადახდის თარიღი 16.01.2023წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე