15 თებერვალი, 2024 წელი,
საქმე №ას-1140-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ.ს–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.გ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ქმედების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ.ბათუმში, ....... მდებარე 53კვ.მ შენობა-ნაგება (ს/კ ......., შემდეგში წინამდებარე ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხის უძრავი ნივთი ან მოპასუხის უძრავი ქონება) 2010 წლის 17 ნოემბერს ი.გ–ძის (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) საკუთრებაში აღირიცხა. ხსენებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი თვითმმართველი ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გამოცემული აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი და 2010 წლის 4 ნოემბრის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობაა.
2. დადგენილია, რომ მოპასუხის უძრავი ნივთის ნაკვეთის რეგისტრირებული მონაცემები (ნაკვეთის წვეროების კოორდინატები და ადგილმდებარება) სრულად შესაბამება აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი უძრავი ქონების ელექტრონული აზომვითი ნახაზის მონაცემებს. ამასთან, უძრავი ქონებისა და მასზე განთავსებული ერთსართულიანი კომერციული ფართის კონტურის ხაზების დადგენილი ფაქტიური მდგომარეობა არ შეესაბამება საჯარო რეესტრით რეგისტრირებულ საზღვრებს, ანუ მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მოხდა ფაქტიურ მდგომარეობასთან არაშესაბამისი და არაზუსტი აზომვითი ნახაზის საფუძველზე. აუქციონის მეშვეობით რეალიზაციის პერიოდში მოპასუხის შენობა-ნაგებობა იყო ერთსართულიანი, ხოლო, ამჟამად, რეკონსტრუქციის/დაშენების შედეგად შენობა სამსართულიანია.
3. 2016 წლის 27 მაისს, 2016 წლის 23 მაისის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გ.ს–ძის (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი) საკუთრებაში აღირიცხა მოპასუხის უძრავი ქონების მოსაზღვრედ არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ.ბათუმი, .........., სკ ...... (დაზუსტებული ფართობი 191კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N01, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 56.90კვ.მ).
4. თავის საკუთრებში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელემ საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობა აწარმოა, ამასთან, დამატებით 11კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ........) შეიძინა, რის შედეგადაც მის საკუთრებაში დღეის მდგომარეობით ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ბათუმი, ........, დაზუსტებული ფართობი 202კვ.მ, ს/კ ......, ნაკვეთის წინა ნომერი ......, ....... (შემდეგში წინამდებარე ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის უძრავი ნივთი, მოსარჩელის უძრავი ქონება ან მოსარჩელის საკუთრება).
5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 8 იანვრის დასკვნისა და მხარეთა განმარტებების მიხედვით, მოპასუხის უძრავი ნივთი, კერძოდ, ლითონის კონსტრუქციის კომერციული შენობა-ნაგებობა - სახურავის კონტური, მარცხენა კედლის (ფასადის) კონტური და, აქედან გამომდინარე, ამ ნაგებობაზე მოწყობილი კონდიციონერი, შეჭრილია მეზობლად მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში, კერძოდ საჯარო რეესტრით რეგისტრირებული ნაკვეთის საზღვრებში.
სპეციალური გეოდეზიური ხელსაწყოს და ლაზერმზომი ხელსაწყოების მეშვეობით ჩატარებული შესაბამისი აზომვითი შედეგებიდან გამომდინარე, მოპასუხისა და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონებების ფაქტობრივი დადგენილი მდებარეობების გათვალისწინებით, მათ შორის რეალურად არსებობს ზედდება.
6. მოსარჩელის 2017 წლის 2 ნოემბრის განცხადების საფუძველზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება მოპასუხის მიმართ, ქ. ბათუმში, ......... მდებარე მაღაზიაში მსუბუქი კონსტრუქციის კონდიციონერის უნებართვოდ განთავსების თაობაზე, რაზეც 2017 წლის 9 ნოემბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.
7. თავიანთ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მხარეებმა სარეკოსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოები შეასრულეს. სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოები მოპასუხემ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების საზღვარზე, თავის საკუთრებაში არსებული ლითონის კონსტრუქციის განთავსების ადგილზე აწარმოა.
8. 2019 წლის 17 მაისს მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე ქ.ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.ბათუმი, ........, ს.კ. ........) ბრძანება გამოსცა, რომლითაც მოპასუხეს უფლება მიეცა, მოეხდინა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ერთსართულიანი ნაგებობის) რეკონსტრუქცია-დაშენება, 2019 წლის 13 მაისს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის შესაბამისად.
9. მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, 2020 წლის 20 ოქტომბერს ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ქ.ბათუმში, ........ (ს.კ. ........), არსებული შენობის რეკონსტრუქციის გადამოწმების შედეგად, გამოვლინდა ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებული პროექტის დარღვევის ფაქტი, თუმცა პროექტის ფიქსირებული დარღვევა არ შეეხებოდა მოსარჩელის კუთვნილ ნაკვეთთან მიმართებით საზღვრის დარღვევის ფაქტს.
გამოვლენილი დარღვევის გამო მოპასუხე გააფრთხილეს და საპროექტო დოკუმენტაციაში სათანადო ცვლილების შეტანა ან ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა მოსთხოვეს.
10. 2018 წლის 25 იანვარს მოპასუხის მიმართ მოსარჩელემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და შენობა-ნაგებობაზე უკანონოდ განთავსებული დროებითი კონდიციონერის, გისოსებისა და გადმოსული სახურავის დემონატაჟი მოითხოვა.
11. ზემოაღნიშნული სარჩელის აღძვრის შემდეგ მოპასუხემ უფლება მოიპოვა, რომ თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეკონსტრუქცია/დაშენება 2019 წლის 13 მაისის N1030 პროექტით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმარების შესაბამისად მოეხდინა.
კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობის მიღების შემდეგ მოპასუხემ აწარმოა კიდეც სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები, თუმცა სარეკონსტრუქციო/სამშენებლო სამუშაოთა წარმოების პროცესში საზღვრის დარღვევის შესახებ პრეტენზია მოსარჩელეს არ განუცხადებია და არც სამშენებლო პროცესის შეჩერება არ მოუთხოვია.
12. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ივნისს, ე.ი. მას შემდეგ მიმართა, როდესაც ფაქტობრივად უკვე დასრულებული იყო მოპასუხის სამსართულიანი საცხოვრებელი და კომერციული ფართის/შენობა-ნაგებობის მშენებლობა და მოითხოვა - მოპასუხეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში აშენებული შენობის დემონტაჟი შეესრულებინა.
13. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
14. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
15.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი განმარტებები ჩამოაყალიბა:
15.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 179-ე მუხლი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებელობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვარს.
საკვანძო საკითხი ამ დროს იმაში მდგომარეობს, თუ როგორ მოხდა საზღვრის გადაცდენა, განზრახი თუ გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგად. თუ საზღვრის გადასვლა განზრახ განხორციელდა, მესაკუთრეს შეუძლია დაეყრდნოს 172.2 მუხლს და მოითხოვოს დემონტაჟი. თუ საზღვრის გადაცდენა მოხდა განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე, რადგან ამ შემთხვევაში სახეზეა მეორე მხარის ეკონომიკური ინტერესი, კანონმდებლობა ავალდებულებს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს, ითმინოს მისი მიწის ნაკვეთზე ეს ზემოქმედება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინაწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა.
საზღვრის დარღვევა, თუკი ასეთს აქვს ადგილი, ადვილად შესამჩნევი ხდება მეზობელი მესაკუთრისთვის. სწორედ ამიტომ კანონმდებლობა იმ მესაკუთრისაგან, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მისი მიწის ნაკვეთზე არ ჰქონდეს ადგილი მსგავს ზემოქმედებას, მოითხოვს საზღვრის დარღვევის შესახებ მეორე მხარის დაუყოვნებლივ ინფორმირებას შეტყობისთანავე - იმ მომენტში, როგორც კი აღნიშნული მისთვის ცნობილი გახდა.
თუკი მესაკუთრემ არ განახორციელა ეს მოქმედება, შემდგომ იგი კარგავს მისი მიწის ნაკვეთზე არსებული კონსტრუქციის დემონტაჟის მოთხოვნის უფლებას
15.1.2. განსახილველ შემთხვევაში, ერთმნიშვნელოვნად დგინდებოდა, რომ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში შეჭრილი მოპასუხის მიერ კუთვნილი შენობის დემონტაჟი მოსარჩელემ მოითხოვა 2021 წლის 3 ივნისის დაზუსტებული სარჩელით.
სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების პერიოდში მოპასუხეს ფაქტობრივად უკვე დასრულებული ჰქონდა პროექტით გათალისწინებული სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რის შედეგადაც ნაცვლად ლითონის კონსტრუქციის ნაგებობისა, აღმართული ჰქონდა სამსარულიანი საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების შენობა-ნაგებობა.
მხარეთა შორის დავას არ იწვევდა ის გარემოება, რომ რეკონსტრუქცია-მშენებლობის წარმოების შესახებ იმთავითვე იყო ცნობილი მოსარჩელისათვის. მიუხედავად ამისა, მშენებლობის დაწყებისას პრეტენზია საზღვრის დარღვევისა და მის საკუთრებაში მშენებარე ნაგებობის შეჭრის შესახებ, მოსარჩელეს არ განუცხადებია.
მან მხოლოდ მშენებლობის ფაქტობრივად დასრულების შემდეგ, დაზუსტებული სარჩელის ფარგლებში (2021 წლის 3 ივნისს) მოითხოვა მთლიანი, სამსართულიანი შენობის დემონტაჟი.
შესაბამისად, უკვე დაზუსტებული სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთში შედიოდა არა მხოლოდ იმ გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომ მოპასუხის მიერ აშენებული შენობა მის საზღვრებში იყო შეჭრილი, არამედ, ასევე, იმ გარემოების დადასტურებაც, რომ მან სადავო შენობის მშენებლობის დაწყებამდე, ან მშენებლობის შეტყობისთანავე ამის წინააღმდეგ განაცხადა სათანადო პრეტენზია.
იმ შემთხვევაშიც, თუკი გაზიარებული იქნებოდა მოსარჩელის მტკიცება სადავო ნაგებობის მის კუთვნილ საზღვარში ნაწილობრივ შეჭრის შესახებ, სარჩელის წარმატება დამოკიდებული იქნებოდა იმ გარემოების უდავოდ დადასტურებაზეც, რომ მოპასუხის მიერ სადავო შენობის მშენებლობის დაწყებამდე ან მშენებლობის შეტყობისთანავე, ამის წინააღმდეგ მოსარჩელემ პრეტენზია გამოხატა. ეს გარემოება კი, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.
15.1.3. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელის 2017 წლის 2 ნოემბრის განცხადების საფუძველზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 2017 წლის 9 ნოემბერს მოპასუხის მიმართ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა, თუმცა, აღნიშნული შეეხებოდა უშუალოდ მსუბუქი კონსტრუქციის კონდიციონერის უნებართვოდ განთავსების ფაქტს.
გარდა ამისა, მოსარჩელემ 2018 წლის 25 იანვარს სარჩელიც აღძრა სასამართლოში, თუმცა დავის საგანს წარმოადგენდა ლითონის კონსტრუქციის/გისოსების და კონდიციონერის დემონტაჟი.
დადგენილია, რომ მოპასუხემ მშენებლობის ნებართვა, რომლის საფუძველზეც სადავო ნაგებობა აღიმართა, 2019 წლის 17 მაისს მიიღო. სწორედ აღნიშნული ნებართვის საფუძველზე აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი წარმოადგენს მოსარჩელის დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას.
შესაბამისად, ცხადია, რომ 2017-2018 წელს მოსარჩელის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიები, რკინის გისოსებისა და კონდიციონერის უნებართვოდ განთავსების თაობაზე, ვერ მიიჩნეოდა 2019-2021 წლებში მოპასუხის მიერ ნაწარმოები მშენებლობის წინააღმდეგ პრეტენზიის გაცხადებად.
მოპასუხის მიერ აშენებული შენობა-ნაგებობის (რომელიც მოსარჩელისთვის ვიზუალურად შეუმჩნეველი არ უნდა ყოფილიყო) დემონტაჟის მოთხოვნით მოსარჩელემ სასამართლოს მხოლოდ 2021 წლის 3 ივნისს მიმართა, მას შემდეგ, როდესაც მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი და კომერციული სამსართულიანი შენობა-ნაგებობის მშენებლობა ფაქტობრივად დასრულებული იყო.
რაკი მოპასუხის მიერ სადავო შენობის მშენებლობის წინააღმდეგ მშენებლობის დაწყებამდე ან მშენებლობის შეტყობისთანავე პრეტენზიის განცხადების ფაქტი მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავ გარემოებას.
15.1.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან, არ არსებობდა სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების გამოყენების წინაპირობები, სამეზობლოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოსარჩელეს წარმოეშობოდა თმენის ვალდებულება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა.
აღნიშნული მოსაზრებიდან გარემოებებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა სადავო შენობის დემონტაჟის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან სსკ-ის 179-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრებოდა თმენის ვალდებულება.
15.1.5. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პრეტენზია იმის შესახებ, რომ მხარე მშენებლობის პროცესში თავის კუთვნილ საზღვარს გასცდა და მეზობელი ნაკვეთის საზღვრებში შეიჭრა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო საზღვართან დაკავშირებით მოსარჩელის პრეტენზიის შესახებ.
ამ თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება იმ გარემოებას მიაქცია, რომ მოპასუხემ კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე მშენებლობა აწარმოა სწორედ იმ ნაკვეთზე და სწორედ იმ საზღვრებში, რაც 2017 წელს შეიძინა საჯარო აუქციონის მეშვეობით ქ.ბათუმის მერიისაგან.
უდავოდ დადგინდა, რომ მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული ნაკვეთის კოორდინატები და ადგილმდებარეობა ზუსტად შეესაბამება ელექტრონულ ნახაზს, რომლის საფუძველზეც განხორციელდა სადავო უძრავი ქონების აუქციონის მეშვეობით რეალიზაცია საჯარო დაწესებულების მიერ.
ბუნებრივია, საჯარო დაწესებულების მიერ მიწოდებული დოკუმენტების მიმართ მოპასუხეს ნდობა გააჩნდა, რის გამოც ამ მასალებში მითითებულ საზღვრებში სამშენებლო სამუშაოთა წარმოება არ შეიძლებოდა მოპასუხის მხრიდან საზღვრის განზრახ დარღვევად მიჩნეულიყო.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
კასატორის მითითებით, მოპასუხის განხორციელებული მშენებლობის მიმართ იგი თავიდანვე უარყოფითად იყო განწყობილი, რასაც ყველა ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების შეტანის გზით გამოხატავდა, შესაბამისად, არ არსებობს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი თმენის ვალდებულებაზე მითითების წინაპირობები.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
18. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
19. განსახილველი დავის სწორად გადასაწყვეტად, საყურადღებოა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი გარემოებები, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებშია აღწერილი და რომლებიც კასატორს დასაბუთებული შედავების (პრეტენზია) გზით არ გაუქარწყლებია.
სსსკ-ის 407.2 მუხლის (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) დანაწესიდან გამომდინარე, ეს გარემოებები საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.
20. პალატის განსჯით, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ აშენებული შენობა-ნაგებობის (რომელიც მოსარჩელისთვის ვიზუალურად შეუმჩნეველი არ უნდა ყოფილიყო) დემონტაჟის მოთხოვნით მოსარჩელემ სასამართლოს მხოლოდ 2021 წლის 3 ივნისს მიმართა, მას შემდეგ, როდესაც მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი და კომერციული სამსართულიანი შენობა-ნაგებობის მშენებლობა ფაქტობრივად იყო დასრულებული. საკასაციო პალატა ასევე მიმოიხილავს მოსარჩელის პრეტენზიას, რომ მშენებლობის პროცესში მოპასუხე განზრახ გასცდა თავის კუთვნილ საზღვარს და მეზობელი ნაკვეთის საზღვრებში შეიჭრა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო საზღვართან დაკავშირებით არსებული პრეტენზიის შესახებ. ამ ნაწილში სრულადაა გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს შემდეგი დასკვა: მოპასუხემ კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე მშენებლობა სწორედ იმ ნაკვეთზე აწარმოა და იმ საზღვრებში, რაც 2017 წელს შეიძინა საჯარო აუქციონის მეშვეობით ქ. ბათუმის მერიისაგან.
მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული ნაკვეთის კოორდინატები და ადგილმდებარეობა ზუსტად შეესაბამება ელექტრონულ ნახაზს, რომლის საფუძველზეც სადავო უძრავი ქონების საჯარო დაწესებულების მიერ აუქციონის მეშვეობით რეალიზაცია განხორციელდა. შესაბამისად, დასაბუთებულია მოსაზრება, რომ საჯარო დაწესებულების მიერ მიწოდებული დოკუმენტების მიმართ მოპასუხეს გააჩნდა ნდობა და ამავე მოტივაციიდან გამომდინარე ამ მასალებში მითითებულ საზღვრებში სამშენებლო სამუშაოთა წარმოება არ შეიძლება მოპასუხის მხრიდან საზღვრის განზრახ დარღვევად განვიხილოთ.
შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ არ არსებობდა სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების გამოყენების (თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა) წინაპირობები არამედ პირიქით, მოსარჩელე პრეტენზიის სათანადო ფორმით და კანონით განსაზღვრულ ვადებში განუცხადებლობის შედეგად სამართლებრივად შეიბოჭა სამეზობლოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე თმენის ვალდებულებით რაც სასარჩელო მოთხოვნის წარუმატებლობას განაპირობებს.
21. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.ს–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.მ–ძის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება # 5617, გადახდის თარიღი - 25.09.2023) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე