Facebook Twitter

18 იანვარი, 2024 წელი,

საქმე №ას-1614-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - შპს „მ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ი–ო“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აგვისტოს განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით:

1.1. შპს „ი–ოს“ (შემდეგში - მოპასუხე ან მოვალე) წინააღმდეგ შპს „მ–ის“ (შემდეგში - მოსარჩელე ან კრედიტორი) მიერ აღძრული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: კრედიტორის სასარგებლოდ მოვალეს დაეკისრა 2 834.1 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს, შესრულებული სამუშაოს ნაკლის გამოსწორების ღირებულების - 10 452.04 ევროს ეკვივალენტის ლარისა და დამატებით გაწეულის ხარჯის - 17 328.76 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა.

1.2. მოვალის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხის სასარგებლოდ კრედიტორს დაეკისრა 2020 წლის ნოემბრის თვის დავალიანების - 9 746.65 ევროს ეკვივალენტი ლარის, 2020 წლის დეკემბრის თვის დავალიანების - 2 783 ევროს ეკვივალენტის ლარისა და საგარანტიო თანხის - 5 946.32 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

3. მოგვიანებით, მოსარჩელემ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე იშუამდგომლა, კერძოდ, მოპასუხის კუთვნილ ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე (100 000 ლარის ოდენობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში) ყადაღის დადება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 აპრილის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს (100 000 ლარის ოდენობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში) ყადაღა დაედო, გარდა საბიუჯეტო საგადასახადო და სახელფასო გასაცემლებისა, ამასთან, განიმარტა, რომ, ყადაღა, მოპასუხეს, საბანკო ანგარიშებზე საბანკო გადარიცხვის ოპერაციის მოსარჩელის სასარგებლოდ საკრედიტო ვალდებულების დასაფარად შესრულების უფლებას არ უზღუდავდა.

5. 2023 წლის 20 აპრილის განჩინება მოპასუხემ საჩივრით გაასაჩივრა, რომლის შინაარსის დაზუსტების შემდეგ მხარის მოთხოვნა უზრუნველყოფის საგნის შეცვლის ფორმატით ჩამოყალიბდა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 აგვისტოს განჩინებით:

6.1. ამავე სასამართლოს 2023 წლის 20 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს 100 000 ლარიდან 45 380.52 ლარის ოდენობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში, გარდა საბიუჯეტო საგადასახადო და სახელფასო გასაცემლებისა;

6.2. 2023 წლის 20 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში დარჩა იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს 100 000 ლარიდან 54 619.48 ლარის ოდენობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში, გარდა საბიუჯეტო საგადასახადო და სახელფასო გასაცემლებისა, ამასთან განიმარტა, რომ, ყადაღა, მოპასუხეს, საბანკო ანგარიშებზე საბანკო გადარიცხვის ოპერაციის მოსარჩელის სასარგებლოდ საკრედიტო ვალდებულების დასაფარად შესრულების უფლებას არ უზღუდავდა;

6.3. 45 380.52 ლარის ნაწილში ყადაღის გაუქმების სანაცვლოდ ყადაღა დაედო მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასა ამ უკანასკნელის კუთვნილ მოძრავ ქონებებს.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აგვისტოს განჩინებაზე მოსარჩელემ საჩივარი წარადგინა და ამ განჩინების გაუქმება მოითხოვა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ გასაჩივრებული განჩინების კანონიერება.

10. პირველ რიგში, პალატა აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დაშვებულია, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესაძლებლობა, კერძოდ, სსსკ-ის 1961 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია შემდეგი: ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა. ასეთ შემთხვევაში, მოპასუხეს შეუძლია, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მიზნით, სასამართლოს სარჩელის ფასის ტოლფასი სხვა ქონება შესთავაზოს.

ამდენად, მოცემული ნორმა დასაშვებად მიიჩნევს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლას და ნორმის სისტემური ანალიზი, მოთხოვნის წინაპირობად, ამ საგანთა უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან ტოლფასოვნებას განიხილავს (იხ. სუსგ №ას-1596-2019, 18.02.2020).

11. ამავდროულად, პალატას აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის საკითხის შეფასებისას, სასამართლომ, ყურადღება უნდა მიაქციოს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანზე, რაზეც საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაშია განმარტებული, კერძოდ:

11.1. სსსკ-ის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფი და ეფექტური საპროცესოსამართლებრივ გარანტიაა.

სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია, მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში, კერძოდ კი, იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებას. ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე.

მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას (შდრ. იხ. სუსგ №ას-467-2019, 28.02.2020; №ას-1302-2019, 26.12.2019).

12. საკასაციო პალატის ზემოთ მოყვანილი განმარტებებიდან გამომდინარე, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელმა მხარემ სასამართლოს უნდა დაუსაბუთოს, შემდეგი გარემოების არსებობა: მის მიერ შემოთავაზებული სხვა ქონება, სრულიად უზრუნველყოფს, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტურ და დაუბრკოლებელ აღსრულებას.

13. მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხის შეფასებისას, საყურადღებოა, საქმის მასალებით დადგენილი რამდენიმე გარემოება:

1). სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა მხარემ (მოპასუხე) სასამართლოს დაუდასტურა, რომ მისი კუთვნილი უძრავი და მოძრავი ნივთების ღირებულება (შეფასება) წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე შეადგენს 45380,52 ლარს, რისი გამაქარწყლებელი მტკიცებულებაც მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

2). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით: კრედიტორის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მოვალეს დაეკისრა 2 834.1 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს, შესრულებული სამუშაოს ნაკლის გამოსწორების ღირებულების - 10 452.04 ევროს ეკვივალენტის ლარისა და დამატებით გაწეულის ხარჯის - 17 328.76 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა.

ამავე გადაწყვეტილებით მოვალის შეგებებული სარჩელიც დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ კრედიტორს დაეკისრა 2020 წლის ნოემბრის თვის დავალიანების - 9 746.65 ევროს ეკვივალენტი ლარის, 2020 წლის დეკემბრის თვის დავალიანების - 2 783 ევროს ეკვივალენტის ლარისა და საგარანტიო თანხის - 5 946.32 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა.

ამდენად, სასამართლოს ზემომითითებული გადაწყვეტილებით (რომლის აღსრულების უზრუნველსაყოფის მიზნითაც გასაჩივრებული განჩინება იქნა მიღებული) ორივე მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რის შედეგადაც, კრედიტორის სასარგებლოდ მოპასუხეს სხვაობის სახით 12 138.93 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა მართებს.

შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში, მოპასუხის საბანკო ანგარიშების ნაწილზე, 54 619.48 ლარის ფარგლებში გამოყენებული ყადაღა, უკვე სრულად უზრუნველყოფს (უძრავ მოძრავ ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის გათვალისწინების გარეშეც), მოცემული დავის მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულების პირობებში, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუბრკოლებლად აღსრულებას.

ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ უზრუნველყოფის საგნის შეცვლით, სარჩელი დაცული იყო შემდგომი აღსრულების გართულების ან/და მისი აღუსრულებლობისაგან. შესაბამისად, მოცემული დავის მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულების პირობებში, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, საფრთხე არ დაემუქრება.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და სწორად დაკმაყოფილდა. ამდენად, პალატა არ აკმაყოფილებს წარმოდგენილ საჩივარს და გასაჩივრებულ განჩინებას უცვლელად ტოვებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4, 264.3-ე, 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აგვისტოს განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე