საქმე №ას-395-2024 29 მარტი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ქ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.გ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.02.2024 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მეუღლეთა საერთო ვალის გაყოფა, თანხის დაკისრება
საკასაციო საჩივრის ავტორის შუამდგომკლობა - გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.გ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ქ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა 21.06.2019 წლის საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად, 12.03.2021 წლის მდგომარეობით გადასახდელი თანხის - 17 641 ლარის ნახევრის - 8820.50 ლარის გადახდა.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.09.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეს დაეკისრა 12.03.2021 წლიდან ყოველთვიურად, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული შენატანის თანაბარი გადახდებით მოსარჩელესთან ერთად 2019 წლის 21 ივნისს სს ,,ს.ბ–ში" აღებული სესხის N5597278-ა-9294099, 1/2 ნაწილის (ჯამში არაუმეტეს 8034.84 ლარისა) დაფარვაში თანამონაწილეობა.
3. მოსარჩელემ 07.11.2023 წელს შუამდგომლობით მიმართა პირველი ინსტანციის სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.12.2023 წლის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ დაკმაყოფილდა. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 268-ე მუხლით და განმარტა, რომ სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება, რაც გულისხმობს, რომ მოსარჩელემ ყოველთვიურად უნდა შეასრულოს ვალდებულება. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ მას უწევს მთლიანი ვალდებულების შესრულება, რაც რისკის ქვეშ აყენებს მის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელეს შესაძლოა მისდგომოდა მნიშვნელოვანი ზიანი. 27.12.2023 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
4. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ. მანვე კერძო საჩივრით გაასაჩივრა განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.02.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ამავე პალატის 06.02.2024 წლის განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. კასატორი საკასაციო საჩივრით შუამდგომლობს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დასაბუთება
7. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში უნდა შემოწმდეს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. რადგან წინამდებარე განჩინებით საკასაციო საჩივრის წარმოების მიღების საკითხის გარდა, იხილება შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დროებით შეჩერების თაობაზე, საკასაციო პალატა მსჯელობს კოლეგიური შემადგენლობით.
8. სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი შეესაბამება სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, წარმოდგენილია სსსკ-ის 397-ე მუხლით დადგენილი ვადის დაცვით. კასატორის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი. ამდენად, საკასაციო საჩივარი მიღებულ უნდა იქნეს სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება
9. როგორც უკვე აღინიშნა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.12.2023 წლის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.09.2023 წლის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინებაზე მოპასუხის მიერ წარდგენილი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.02.2024 წლის განჩინებით. აღნიშნული განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს მისი კანონიერების საკითხზე.
10. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: № ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ; №ას-303-2023, 24.03.2023წ.).
11. ამასთან, მოპასუხე საკასაციო საჩივარში შუამდგომლობს სსსკ-ის 402-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აღსრულების შეჩერებას. მითითებული ნორმის თანახმად, თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, საკასაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. საკასაციო პალატა აქვე უთითებს ამავე მუხლის მე-3 ნაწილს, რომელიც ადგენს ქცევის შემდეგ წესს: განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიებით.
12. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს მხოლოდ ფორმალურად აქვს შუამდგომლობა დაყენებული, შესაბამისი პოზიცია და არგუმენტები მითითებული არ აქვს, რაც გამორიცხავს მისი გაზიარების შესაძლებლობას, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სსსკ-ის 402-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების წინაპირობა - უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიის წარდგენა, - კასატორს არ განუხორციელებია (სუსგ №ას-791-2023, 21.07.2023წ., პ.40). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერების თაობაზე შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მიღებულ იქნეს წარმოებაში მ.ქ–ის საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
2. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
3. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები, განემარტოს, რომ მას უფლება აქვს ამ განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი საკასაციო საჩივარზე.
4. არ დაკმაყოფილდეს მ.ქ–ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დროებით შეჩერების თაობაზე.
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია