საქმე №ას-1436-2023 29 ნოემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – შპს „B-C”
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ.ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.09.2023 წლის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.11.2021 წლის გადაწყვეტილებით შპს „ქ.ი–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი შპს „B-C”-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „საჩივრის ავტორი“) მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ცნობილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 06.06.2014 წლის №14931654/53843 ბრძანების საფუძველზე, წარმოებაში არსებულ №A19088546 სააღსრულებო წარმოებაში, მოვალე ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ-ის“ უფლებამონაცვლედ.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. 14.09.2023 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ბათუმი, ........, 485 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ მშენებარე ობიექტში, ს/კ: ........, - მოპასუხის თანასაკუთრების წილზე ყადაღის დადება. განმცხადებლის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში იმყოფება მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.11.2021 წლის გადაწყვეტილებაზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, როგორც უდავო ფაქტობრივი გარემოება, დადგენილია, რომ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ბ-ს" მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს მიღებული სამშენებლო მასალის ღირებულების - 30 142 ლარის გადახდა. აღნიშნული დავალიანება დღეის მდგომარეობით გადახდილი არ არის. მოპასუხეს, გარდა ბათუმში, ...... მდებარე უძრავ ნივთზე თანასაკუთრების უფლებისა, სხვა უძრავ-მოძრავი ქონება საკუთრებაში არ ერიცხება, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.11.2021 წლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების და კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, მოპასუხის მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა მოსარჩელისათვის გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.09.2023 წლის განჩინებით მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხის თანასაკუთრების წილს, ქ. ბათუმი, ........ მდებარე ს/კ N......უძრავ ნივთზე - 485 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ იმ მშენებარე ობიექტზე (შენობა-ნაგებობა), რომელზეც არ არის მესამე პირის უფლება რეგისტრირებული. განჩინება ეფუძნება შემდეგს: სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ, ისეთ პირობებში, როდესაც სარჩელზე არ არის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი დაკმაყოფილდა, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დარჩება უცვლელი და შევა კანონიერ ძალაში, შესაძლოა მისი აღსრულება გაძნელდეს ან შეუძლებელი გახდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ქ. ბათუმში, .......... მდებარე 485 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია მოპასუხის თანასაკუთრების უფლება, ხოლო მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა მშენებარე ობიექტის სტატუსისაა, სადაც ფართების ნაწილს ინდივიდუალური საკადასტრო კოდი აქვთ მინიჭებული და მესამე პირთა საკუთრებაშია რეგისტრირებული, ხოლო ნაწილი სარეგისტრაციოდ არის წარდგენილი და იმ მიზეზით, რომ სრულად იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, სარეგისტრაციო წარმოება შეწყვეტილია, პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხის თანასაკუთრების წილზე ყადაღის დადება, რომელზეც არ არის მესამე პირის უფლება რეგისტრირებული. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 271-ე, 191.1-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება იყო გამართლებული.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.09.2023 წლის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.10.2023 წლის განჩინებით მოპასუხის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 15.09.2023 წლის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი უსაფუძვლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
8. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. სსსკ-ის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, გამონაკლისია მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე, სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური არ გახდეს (სუსგ №ას-1580-2019, 19.12.2019წ.).
10. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ №ას-939-2019, 15.07.2019წ.).
11. საპროცესო კანონში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იგი გამართლებულია, ხოლო არის თუ არა გამართლებული, ამის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ მოვალის ქონებაზე აკრძალვის დაწესება გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი და ერთადერთი საშუალებაა (სუსგ №ას-1477-2018, 31.01.2019წ.). უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას – ქვეყნის სახელით მიღებული გადაწვეტილების შემდგომ აღსრულებას, ამასთანავე, სავალდებულოა წინაპირობის დასაბუთების პარალელურად მოთხოვნილი უზრუნველყოფის სახე დადგენილი მართლწესრიგის, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი სიკეთის თანაზომიერი იყოს (გ. კაჟაშვილი, საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, სადისერტაციო ნაშრომი, თბილისი 2018, გვ.148).
12. პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის.
13. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (სუსგ №ას-1586-2018, 26.10.2018წ.).
14. კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას და სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკანონმდებლო ნორმების ინტერპრეტირებისას სამართალშემფარდებელმა უნდა გაითვალისწინოს ის შედეგი, რომელიც გადაწყვეტილებამ შეიძლება იქონიოს კონსტიტუციური უფლებების რეალიზებაზე და არ უნდა დაუშვას სამართალწარმოების ერთი მხარისთვის სარგებლის მინიჭება სხვა პირთა კონსტიტუციური უფლების, გაუმართლებელი შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675.681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-82). საკუთრების უფლების შეზღუდვის გამართლების შეფასების სტანდარტის პროპორციულობის ტესტია. აღნიშნული ტესტის თანახმად, საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს მხარის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
15. წინამდებარე საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.09.2023 წლის განჩინება, რომლითაც გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით უძრავ ქონებაზე მოპასუხის თანასაკუთრების წილს დაედო ყადაღა, რომელზეც არ არის მესამე პირის უფლება რეგისტრირებული (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი).
16. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.11.2021 წლის გადაწყვეტილებით მოპასუხე ცნობილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს №A19088546 სააღსრულებო წარმოებაში მოვალე ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ–ის“ უფლებამონაცვლედ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
17. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ არ არსებობდა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი, რამეთუ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიჩნია მოპასუხე ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ–ის“ უფლებამონაცვლედ. ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ ეტაპზე არ ხდება სარჩელის საფუძვლიანობის შეფასება, სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება. აღნიშნულის შესახებ საბოლოო დასკვნა წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს, რაც სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის განხილვის ეტაპზე არ წყდება. პალატა იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
18. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის პრეტენზიას უზრუნველყოფის ღონისძიების არათანაზომიერების შესახებ. პალატა მიუთითებს, რომ საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა უფლებამონაცვლის მიერ შესასრულებელ ვალდებულებასა და უზრუნველყოფის ფარგლებში დაყადაღებული მოპასუხის წილის ღირებულებას შორის არათანაზომიერებას. საჩივრის ავტორის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას საკასაციო პალატა მხედველობაში ვერ მიიღებს.
19. საჩივრის ავტორი ასევე აპელირებს მისთვის დაწესებული შეზღუდვის სიმძიმეზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. საპროცესო უზრუნველყოფა სამოქალაქო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც, თავის მხრივ, საპროცესო სამართლის პრინციპებს ეფუძნება. მნიშვნელოვანია მოსარჩელისა და მოპასუხის ინტერესების გონივრული დაბალანსება. შესაბამისად, სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის მიმართ დაწესებული შეზღუდვის მისთვის უფრო ხელსაყრელი შეზღუდვით (რა დროსაც ასევე დაცული იქნება მოსარჩელის ინტერესები) შეცვლისთვის მოპასუხე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს სსსკ-ის 196 (სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის შეცვლა მეორით), 1961 (სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა და დაყადაღებული ქონების გამიჯვნა) მუხლებით დადგენილი წესით.
20. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით პალატა იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია, კანონიერი და საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ მისი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „B-C”-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.09.2023 წლის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია