საქმე №ას-1454-2022 20 დეკემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–ვა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.09.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ვალდებულების შესრულებულად აღიარება, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.05.2022 წლის გადაწყვეტილებით შპს „ა–ვას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „მიმწოდებელი“) სარჩელი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „შემსყიდველი“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა მხარეთა შორის 01.05.2018 წელს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების - 400 ძირი აღმოსავლური ჭადარის (ლატანუს ორიენტალი) დარგვისა და მორწყვის სამუშაოების შესრულება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 82 023.16 ლარის გადახდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით -სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.09.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. 01.05.2018 წელს შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტი იყო: ქალაქ თბილისის სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი აღმოსავლური ჭადარი (თანმდევი მომსახურებით-დარგვა, მოვლა-პატრონობა). ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, რაოდენობებისა და ერთეულების ღირებულებების მითითებით, მოცემული იყო მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში (დანართი №1), რომელიც თან ერთვოდა ხელშეკრულებას და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს.
3.2. ხელშეკრულების №1 დანართის თანახმად, ქ. თბილისში აღმოსავლური ჭადრის ნერგების (თანმდევი მომსახურებით - დარგვა/მიწოდება) ღირებულება შეადგენდა 79023.16 ლარს, ხოლო დარგულ მცენარეთა მოვლა-პატრონობის ღირებულება - 20 486.80 ლარს.
3.3. ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად, ადგილი, სადაც მიმწოდებელს უნდა დაერგო ნერგები, განისაზღვრებოდა შემსყიდველის წერილობითი დავალების შესაბამისად.
3.4. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელს შემსყიდველის მიერ მითითებულ ლოკაციებზე ნერგები უნდა დაერგო 31.05.2018 წლის ჩათვლით (ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტი). ხოლო დარგული ნერგებისთვის უნდა მოევლო და ეპატრონა 31.05.2019 წლის ჩათვლით, შემსყიდველთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად (3.1.2 პუნქტი).
3.5. ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, ყველა დარგული ნერგი 100%-იანი გახარებით, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, გადაეცა შემსყიდველისათვის ხელშეკრულების დასრულებისას (31.05.2019წ.).
3.6. ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, ნერგების გახმობის ან/და დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯებით დაუყოვნებლივ ან/და შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 დღისა, უზრუნველეყო მათი ანალოგიურით ჩანაცვლება.
3.7. ხელშეკრულების 8.2-8.5 პუნქტებით გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის - ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით.
3.8. ხელშეკრულების 9.5 პუნქტის თანახმად, შემსყიდველს უფლება ჰქონდა ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება, მათ შორის, შემდეგ შემთხვევებში: ა) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ორჯერ დარღვევის შემთხვევაში; ბ) მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის დავალებით განსაზღვრული ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში; გ) შემსყიდველის მიერ მიცემული დავალების დაწყების ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში; ე) მიმწოდებლის მიერ ნებისმიერი ვალდებულების ისეთი დარღვევის დროს, რაც შეუძლებელს ხდიდა ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას.
3.9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 02.07.2018 წლის წერილით, მოპასუხეს ეცნობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დაირღვა, კერძოდ: ხელშეკრულების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 10.05.2018 წლის წერილით, მიმწოდებელს დაევალა, ქალაქ თბილისში, სხვადასხვა მისამართებზე: 1) მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროზე, 2) ევროპის ქუჩაზე (აეროპორტის გზატკეცილი), 3) ვარკეთილი 3, I მ/რ პარკის მიმდებარედ (დ. ალექსიძის ქ), 4) მოსკოვის გამზირი და ქეთევან წამებულის გამზირზე, 5) ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, 6) კოსტავასა და ვარაზის ხევის ქუჩაზე და 7) ა. წერეთლის გამზირზე, აღმოსავლური ჭადრის ნერგების დარგვა; ზემოაღნიშნული მისამართებიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 23.05.2018 წლის წერილით ჩანაცვლდა ერთი მისამართი (ვარკეთილი 3, I მ/რ პარკის მიმდებარედ (დ. ალექსიძის ქ.) და აღნიშნული წერილით მიმწოდებელს დაევალა თ. ერისთავის, დ. გურამიშვილის ქუჩებზე და ი. ნონეშვილის ქუჩაზე 1მ/რ №13 კორპუსის წინ ნერგების დარგვა, თუმცა ზემოაღნიშნული მისამართებიდან 8 ობიექტზე - (1) მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროზე, 2) ევროპის ქუჩაზე (აეროპორტის გზატკეცილი), 3) მოსკოვის გამზირსა და ქეთევან წამებულის გამზირზე, 4) ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, 5) კოსტავასა და ვარაზის ხევის ქუჩაზე, 6) ა. წერეთლის გამზირზე, 7) დ. გურამიშვილის ქუჩასა და 8) ი. ნონეშვილის ქუჩაზე 1მ/რ, 13 კორპუსის წინ) აღნიშნული მომსახურება განხორციელდა არაჯეროვნად, რასთან დაკავშირებითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 04.06.2018 წლის წერილით მიმწოდებელს დაევალა წერილში მითითებული ხარვეზების აღმოფხვრა, რაც არ განხორციელდა. 08.06.2018 წლის წერილით მიმწოდებელს კვლავ მიეცა გაფრთხილება და განესაზღვრა 15.06.2018 წლის ჩათვლით პერიოდი, თუმცა მითითებული ხარვეზი კვლავ არ გამოსწორდა, რაც დასტურდება 18.06.2018 წლის ინსპექტირების აქტით.
3.10. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2. პუნქტის შესაბამისად, დაერიცხა ჯარიმა 3980.40 ლარის ოდენობით.
3.11. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.5. პუნქტის მიხედვით, შეწყდა ხელშეკრულება, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის დავალებით განსაზღვრული ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების გამო და მიმწოდებელს ხელშეკრულების 8.5. პუნქტის მიხედვით, დაერიცხა ჯარიმა 4975.50 ლარი.
3.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.03.2019 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (რომელიც კანონიერ ძალაშია), შემსყიდველის სარჩელი მიმწოდებლის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა. მიმწოდებელს შემსყიდველის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 8 955.90 ლარის გადახდა, რომლის მოთხოვნის საფუძველსაც წარმოადგენდა მხარეებს შორის 01.05.2018 წელს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
3.13. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის 02.07.2018 წლის საექსპერტო დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მიერ დარგულია 400 ძირი აღმოსავლური ჭადარი, ღირებულებით 79 023.16 ლარი. ამასთან, შესრულდა მორწყვის მომსახურებაც, ღირებულებით 3000 ლარი.
3.14. შპს „გ.....“-ის დამფუძნებელ პარტნიორთა 28.12.2020 წლის გადაწყვეტილებით შპს „გ.....“-ს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „ა–ვა“.
3.15. დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელემ იკისრა ქ. თბილისში სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად აღმოსავლური ჭადარის ნერგების მიწოდების, მათი დარგვისა და მოვლა-პატრონობის ვალდებულება. ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულებულიყო ორ ეტაპად, კერძოდ, 31.05.2018 წლამდე მოსარჩელეს უნდა დაესრულებინა მოპასუხის მიერ მითითებულ ლოკაციებზე მის მიერვე მიწოდებული ნერგების დარგვა, ხოლო მომდევნო ერთი წლის მანძილზე უნდა განეხორციელებინა დარგული ნერგების მოვლა-პატრონობა და, საბოლოოდ, აღმოსავლური ჭადრის 400 ცალი ნერგი, 100%-იანი გახარებით, შემსყიდველისათვის უნდა ჩაებარებინა 31.05.2019 წლის ჩათვლით. განსახილველ შემთხვევაში, საქმე ეხება შერეული ტიპის ხელშეკრულებას, რომელიც ნარდობისა და ნასყიდობის ელემენტებს შეიცავს. შესაბამისად, დავა უნდა გადაწყდეს ამ სახელშეკრულებო ურთიერთობების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე.
3.16. მოპასუხის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის საგნის (ნერგების) მიწოდებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების (დარგვის) ვალდებულება - მოსარჩელემ შემკვეთის მიერ მითითებულ ყველა ლოკაციაზე დარგო 400 ცალი აღმოსავლური ჭადრის ნერგი. ხელშეკრულების №1 დანართის თანახმად, აღნიშნული შესრულების ღირებულება შეადგენდა 79 023.16 ლარს. ასევე, სადავო არ არის გარემოება, რომ 02.07.2018 წლამდე მოსარჩელემ შეასრულა მორწყვის მომსახურებაც (ნერგები მოირწყა 5-ჯერ), რომლის ღირებულებამაც 3000 ლარი შეადგინა. ის გარემოება, რომ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საექსპერტო დასკვნის თანახმად, 02.07.2018 წლის მდგომარეობით მოსარჩელის მიერ დარგული 400 ძირი აღმოსავლური ჭადრიდან ჯანსაღი იყო 390 ნერგი, ხოლო 10 ნერგი ხმობაში იყო წასული, არ ქმნის შესრულების ჯეროვნების შეფასების წინაპირობას ნასყიდობის სამართალურთიერთობის ნაწილში, რადგან ნასყიდობის სამართალურთიერთობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შესრულება მოსარჩელემ დაასრულა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შემსყიდველს მიაწოდა 400 ცალი შეთანხმებული ჯიშის ნერგი - 31.05.2018 წლამდე. რაც შეეხება ხელშეკრულებით ნაკისრ იმ ვალდებულებას, რომ მოსარჩელეს ოთხასივე ნერგი მოპასუხისათვის 100%-იანი გახარებით უნდა ჩაებარებინა, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან, რომელიც მოსარჩელეს 31.05.2019 წლამდე უნდა შეესრულებინა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზიანებული ნერგების ჯანსაღი ნერგებით ჩანაცვლებისა და გახარებისათვის მოსარჩელეს დარჩენილი ჰქონდა კიდევ შემოდგომისა და გაზაფხულის ვეგეტატიური პერიოდი, თუმცა მოპასუხემ ხელშეკრულების შეწყვეტა გადაწყვიტა.
3.17. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს იმ გარემოების კვლევის საფუძველი 02.07.2018 წელს არსებობდა თუ არა ხელშეკრულების შეწყვეტისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 352-ე, 405-ე მუხლებით დადგენილი წინაპირობები, რადგან 31.05.2018 წლიდან (მას შემდეგ რაც დასრულდა ნერგების მიწოდება) მხარეები უკვე იმყოფებოდნენ ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში, სადაც მოპასუხე წარმოადგენდა მომსახურების (ნერგების მოვლა-პატრონობის) მიმღებ მხარეს (შემკვეთს). სსკ-ის 636-ე მუხლის თანახმად კი, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. სადავო არ არის, რომ ნასყიდობისა და მომსახურების სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე, 02.07.2018 წლის მდგომარეობით, მოსარჩელემ განახორციელა ჯამურად 82 023.16 ლარის ღირებულების შესრულება. შესაბამისად, სსკ-ის 477-ე და 636-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხეს წარმოეშვა ნასყიდობის საგნისა და გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება.
3.18. პალატამ დამატებით განმარტა, რომ სსკ-ის 490-ე-492-ე მუხლების თანახმად, ნივთობრივი ნაკლის არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობას არ წარმოშობს, არამედ, შემსყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ნივთის ნაკლის გამოსწორება ან მისი ახლით შეცვლა, ხოლო გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეს არ მოუთხოვია ნივთის ნაკლის გამო ფასის შემცირება (თუმცა, საგულისხმოა, რომ მოპასუხემ გამოიყენა პირგასამტეხლოს დაკისრების უფლება და სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს 8955.90 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო დააკისრა). ასევე, მოპასუხეს მისი მტკიცების ფარგლებში სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულებები იმის შესახებ, მოსარჩელის არაჯეროვანმა შესრულებამ (ასეთის დადასტურების შემთხვევაში), რამდენით შეამცირა მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 01.05.2018 წელს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტი იყო: ქალაქ თბილისის სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი აღმოსავლური ჭადარი, თანმდევი მომსახურებით - დარგვა, მოვლა-პატრონობა. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს მცენარეები უნდა მიეწოდებინა, დაერგო 31.05.2018 წლის ჩათვლით (ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტი), ხოლო დარგული მცენარეებისთვის უნდა მოევლო და ეპატრონა 31.05.2019 წლის ჩათვლით, შემსყიდველთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად (ხელშეკრულების 3.1.2 პუნქტი). ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, ყველა დარგული ნერგი 100%-იანი გახარებით, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, გადაეცა შემსყიდველისათვის ხელშეკრულების დასრულებისას (ტ.1, ს.ფ. 31-38). ამრიგად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება გამომდინარეობს როგორც ნასყიდობის, ასევე ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მის მიერ ნერგების მიწოდება/დარგვისა და მორწყვის ღირებულების ანაზღაურებას. სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი კი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
9. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის 02.07.2018 წლის საექსპერტო დასკვნებზე დაყრდნობით დადგენილია და კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, რომ მოსარჩელემ შეასრულა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირველი ეტაპი - ნასყიდობის საგნის (ნერგების) მიწოდებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების (დარგვის) ვალდებულება, კერძოდ, მოსარჩელემ დარგო 400 ცალი აღმოსავლური ჭადრის ნერგი (ტ.1, ს.ფ. 65-87), რისი ღირებულებაც, ხელშეკრულების თანახმად, შეადგენდა 79 023.16 ლარს. შესაბამისად, შემსყიდველს წარმოეშვა შეთანხმებული ფასის გადახდის ვალდებულება. ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ დარგული 400 ძირი აღმოსავლური ჭადრიდან რამდენიმე ნერგმა დაიწყო ხმობა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ მიიჩნია ნასყიდობის სამართალურთიერთობიდან გამომდინარე შესრულების ჯეროვნების შეფასების წინაპირობად. დარგული ნერგების მოვლა-პატრონობის და 100%-იანი გახარებით შემსყიდველისათვის ჩაბარების ვალდებულება ხელშეკრულების მეორე ეტაპით იყო განსაზღვრული და ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობდა, რაც მოსარჩელეს 31.05.2019 წლის ჩათვლით უნდა შეესრულებინა. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ ამისათვის მოსარჩელეს დარჩენილი ჰქონდა კიდევ შემოდგომისა და გაზაფხულის ვეგეტატიური პერიოდი, თუმცა მოპასუხემ ხელშეკრულება შეწყვიტა (იხ. წინამდებარე განჩინების 3.9.-3.12. პუნქტები), რის უფლებასაც მას სსკ-ის 636-ე მუხლი (შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი) ანიჭებდა.
10. სსკ-ის 636-ე მუხლით ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი (№ას-1634-2019 04.03.2020წ.). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 636-ე მუხლით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების წინაპირობებია: მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულების დადება; მენარდის მიერ შეთანხმებული სამუშაოს ნაწილის შესრულება; სამუშაოს დასრულებამდე შემკვეთის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა. ნარდობის ხელშეკრულების მოშლა არ ათავისუფლებს შემკვეთს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოვალეობისგან (სუსგ №ას-1016-977-2016, 30.05.2018წ.). განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოსარჩელემ შეასრულა მორწყვის მომსახურება (ნერგები მოირწყა 5-ჯერ), რომლის ღირებულებამაც 3000 ლარი შეადგინა, შესაბამისად, მოსარჩელეს აქვს უფლება, მოპასუხისგან მითითებული თანხის ანაზღაურება მოითხოვოს.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
12. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
13. კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია