Facebook Twitter

საქმე №ას-1305-2020 21 ივნისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „გ.ტ–მი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.შ–ია (მხარდამჭერი ნ.შ–ია) (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.01.2020 წლის განჩინება, ამავე სასამართლოს 22.01.2020 წლის საოქმო განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სარჩოს ოდენობის გაზრდა, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. რ.შ–იამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „გ.ტ–მის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „საწარმო“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრიდან - 01.04.2019 წლიდან სარჩოს გაზრდილი ოდენობის, ყოველთვიურად 500 ლარისა და სარჩელის აღძვრამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მიუღებელი სარჩოს სახით - 18 000 ლარის გადახდის დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელე დასაქმებული იყო საწარმოში ელმონტიორის თანამდებობაზე. 31.01.1990 წელს მიღებული საწარმოო ტრავმის გამო, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 03.10.1990 წლის გადაწყვეტილებით დაენიშნა სარჩო. მოპასუხე მას სარჩოს სახით ყოველთვიურად 44.80 ლარს ურიცხავს.

2.2. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოში რამდენჯერმე გაიზარდა ხელფასები, მოსარჩელისთვის დანიშნული სარჩო არ გაზრდილა. ამჟამად, ელმონტიორის კატეგორიის მუშაკის ხელფასის გაზრდილი ოდენობა, როგორც მოსარჩელისთვის არის ცნობილი, შეადგენს 500 ლარს. მოპასუხე უარს აცხადებს გაზრდილი ოდენობით სარჩოს გადახდაზე.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი მოსარჩელეს მართლაც ურიცხავს გარკვეული ოდენობით თანხას, თუმცა ეს არ გამომდინარეობს რაიმე ვალდებულებიდან. არ არსებობს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული ექნებოდა სარჩოს ანაზღაურების ვალდებულება. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 03.10.1990 წლის გადაწყვეტილებით განისაზღვრა სხვა სუბიეტის და არა მოპასუხის ვალდებულება.

3.2. უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში საწარმოში ხელფასები არ გაზრდილა იმ მიზეზის გამო, რომ ფაქტობრივად იგი აღარ ეწევა აქტიურ მიზნობრივ საქმიანობას და დაკავებულია მხოლოდ მიმდინარე ვალდებულებების შესრულებით. საწარმოს 2010 წლიდან არ ჰყავს რაიმე სახის ტექნიკური პერსონალი და მისი საშტატო განრიგი განისაზღვრება 4 საშტატო ერთეულით. მოსარჩელეს არაერთხელ გაეგზავნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საწარმოში ხელფასები არ გაზრდილა და, ამასთან, საერთოდ არ ირიცხება ტექნიკური პერსონალი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.08.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 01.04.2019 წლიდან ყოველთვიურად დაეკისრა სარჩოს სახით 500 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის აღძვრამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მიუღებელი სარჩოს სახით 18 000 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

4.1. სამტრედიის რაიონის სასამართლოს 03.10.1990 წლის გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა, 31.01.1990 წელს მოსარჩელის სამუშაო პერიოდში მიყენებული ტრავმა ცნობილ იქნა სამტრედიის რესპუბლიკური მაგისტრალების №5 ტექნიკურ კვანძში მიღებულ საწარმოო ტრავმად.

4.2. მოსარჩელეს მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მნიშვნელოვნად.

4.3. საწარმოდან მოსარჩელეს ყოველთვიურად ერიცხება 44 ლარიდან 49 ლარამდე.

4.4. საწარმოში გაუქმებულია ელმონტიორის და მსგავსი სახის ტექნიკური პერსონალის პოზიციები. შესადარებელ ობიექტებში - სს „ე-პ-ჯ–ასა“ და შპს „ს.გ. წ.კ–ში“ ელმონტიორის თანამდებობაზე დასაქმებული პირების თვიური ანაზღაურება, ერთ შემთხვევაში, განისაზღვრება 1 000 ლარით, მეორე შემთხვევაში კი - 440-დან - 600 ლარამდე.

4.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს ზიანის მიყენების შესახებ სამართლებრივი ურთიერთობიდან. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 992-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის წინაშე ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს მოპასუხე. ამასთან, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის შედავების მიუხედავად, ვინაიდან, დელიქტი განხორციელებულია და ვალდებულება მოპასუხეს აღიარებული აქვს, რაც გამოიხატება განვლილ პერიოდზე სარჩოს გადახდით, სასამართლოს შესაფასებელია სარჩოს ოდენობის გაზრდის მიზანშეწონილობა.

4.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლზე, სსკ-ის 408-ე, 411-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ დასახელებული ნორმების შინაარსი მოსარჩელეს უქმნის სამართლებრივ საფუძველს, მოითხოვოს სარჩოს გადახდევინება გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, რამდენადაც ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების - საწარმოო ტრავმის არარსებობისა და შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში, მოსარჩელე მიიღებდა გაზრდილ ხელფასს. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობისაა თავად ის გარემოება, რომ მუშაკმა მიიღო სხეულის დაზიანება საწარმოო ტრავმის შედეგად და მას წაერთვა პროფესიული შრომის უნარი საშუალოდ 70%-ით. თავად ის გარემოება, რომ საწარმოო ტრავმის მიღების გამო მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ საწარმოო ტრავმის მიუღებლობის შემთხვევაში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა გაზრდილ ხელფასს.

4.7. განსახილველ შემთხვევაში, რადგან ამ ეტაპზე საწარმოში გაუქმებულია შესაბამისი შტატი, სასამართლომ იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ მითითებული კომპანიებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით. დადგენილია, რომ სს „ე-პ-ჯ–ასა“ და შპს „ს.გ.წ.კ–ში“ ელმონტიორის თანამდებობაზე დასაქმებული პირების თვიური ანაზღაურება, ერთ შემთხვევაში, განისაზღვრება 1 000 ლარით, მეორე შემთხვევაში კი - 440-დან - 600 ლარამდე. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულს სრულად შეესაბამება მოსარჩელის მოთხოვნა გაზრდილი სარჩოს სახით ყოველთვიურად 500 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) მიღების თაობაზე და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლეგიტიმურია და დაკმაყოფილებას ექვემდებარება სასარჩელო მოთხოვნა ბოლო სამი წლის განმავლობაში მიღებულ და მისაღებ სარჩოს შორის სხვაობის - 18 000 ლარის დაკისრების თაობაზეც.

5. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.01.2020 წლის განჩინებით - მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძველი:

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება, ამავე სასამართლოს 22.01.2020 წლის საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგს:

7.1. მოპასუხე არ არის მოსარჩელისათვის სარჩოს გადახდაზე ვალდებული პირი. 03.10.1990 წლის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ საწარმოო ტრავმა მიიღო სამტრედიის რესპუბლიკური მაგისტრალების №5 ტექნიკურ კვანძში. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისთვის სარჩოს გადაანგარიშებული ოდენობით დაკისრების საფუძველი. მოპასუხე წლების მანძილზე სარჩოს იხდიდა შეცდომით.

7.2. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა მოპასუხის მძიმე ფინანსური მდგომარეობა, ის ფაქტი, რომ საწარმო ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს. საწარმოში წლებია არ ირიცხება ტექნიკური პერსონალი.

7.3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას მასზე, რომ სარჩო არ უნდა გადაანგარიშდეს სხვა საწარმოში დასაქმებულ პირთა ხელფასის ოდენობის საფუძველზე, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 21.06.2010 წლის განჩინებით, საქმეზე №ას-288-237-2010, სადაც ასევე დადგენილი იყო ფაქტი მასზე, რომ მოსარჩელის თანამდებობა წლების მანძილზე აღარ არსებობდა, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ყოველი საწარმო დასაქმებულთა ანაზღაურებას ადგენს თავისი ეკონომიკური შესაძლებლობების ფარგლებში და დაუშვებელია საწარმოსთვის მუშაკის სასარგებლოდ იმ ოდენობის სარჩოს დაკისრება, რაც სხვა - მეტი ან ნაკლები რესურსების მქონე დაწესებულების მიერაა განსაზღვრული.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:

10.1. მოსარჩელე დასაქმებული იყო კავშირგაბმულობის სამტრედიის რესპუბლიკურ მაგისტრალების №5 ტექნიკურ კვანძში ელმონტიორად. სამუშაო მოვალეობის შესრულებისას, 31.01.1990 წელს დასაქმებულმა მიიღო საწარმოო ტრავმა. სამტრედიის რაიონის სასამართლოს 03.10.1990 წლის გადაწყვეტილებით, სამუშაო პერიოდში მიყენებული ტრავმა ცნობილ იქნა საწარმოო ტრავმად (ტ.1, ს.ფ. 16-19; 72-76).

10.2. მოსარჩელეს წაერთვა პროფესიული შრომის უნარი 70%-ით (ტ.1, ს.ფ. 81).

10.3. მოპასუხე მოსარჩელეს წლების განმავლობაში ყოველთვიურად სარჩოს სახით ურიცხავს 49 ლარამდე (ტ.1, ს.ფ. 25-27; 44);

10.4. საწარმოში გაუქმებულია ელმონტიორის და მსგავსი სახის ტექნიკური პერსონალის პოზიციები.

10.5. სხვა საწარმოებში, კერძოდ, სს „ე-პ-ჯ–ასა“ და შპს „ს.გ.წ. კ–აში“ მსგავს სამუშაოზე - ელმონტიორის თანამდებობაზე დასაქმებული პირების თვიური ანაზღაურება, ერთ შემთხვევაში, განისაზღვრება 1000 ლარით, მეორე შემთხვევაში კი - 440-დან - 600 ლარამდე (ტ.1, ს.ფ. 116; 118).

11. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის სარჩელის აღძვრიდან ყოველთვიურად გაზრდილი (გადაანგარიშებული) სარჩოსა და სარჩელის აღძვრამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მისაღები და მიუღებელი სარჩოს სხვაობის დაკისრებას სხვა საწარმოში მსგავს პოზიციაზე დასაქმებულ პირთა საშუალო ხელფასის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია არა სარჩოს დაწესება და, შესაბამისად, ამ მოთხოვნის წინაპირობების განხორციელების შემოწმება, არამედ უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშება.

12. უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნა სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.2 (თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.

13. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ იგი არ წარმოადგენს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს. სამტრედიის რაიონის სასამართლოს 03.10.1990 წლის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 31.01.1990 წელს, სამუშაო მოვალეობის შესრულებისას, მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრავმა. მოპასუხე მოსარჩელეს წლების მანძილზე ყოველთვიურად ურიცხავს სარჩოს. სსკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამდენად, შესრულება ვალდებულების არსებობის პრეზუმფციას ქმნის (ქ. მესხიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი, 2019, მუხლი 361, ველი 8). მოპასუხეს არ მიუთითებია და შესაბამისად, არც დაუდასტურებია მისი გადახდის სხვა სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, თანხის გადახდის ვალდებულება სადავო არასდროს გამხდარა, მაშინაც კი, როცა მოსარჩელე განცხადებებით ითხოვდა მის გადაანგარიშებას. მოპასუხის ყველა პასუხში დადასტურებულია მოსარჩელის მოთხოვნის უფლება სარჩოზე, გადაანგარიშებაზე უარი კი დასაბუთებულია მოსარჩელის შტატის გაუქმებით (ტ.1, ს.ფ.44,46).

ამრიგად, დელიქტი განხორციელებულია და ვალდებულება მოპასუხეს აღიარებული აქვს, რაც გამოიხატება განვლილ პერიოდზე სარჩოს გადახდით (შდრ. სუსგ №ას-1742-2018, 27.12.2018წ., პუნ. 40; №ას-438-2020, 05.03.2021წ., პუნ. 9.).

14. კასატორი პრეტენზიას აცხადებს მასზეც, რომ სარჩო გადაანგარიშდეს სხვა საწარმოში დასაქმებულ პირთა ხელფასის ოდენობის საფუძველზე (შდრ სუსგ №ას-288-237-2010, 21.06.2010წ.). შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს, არსებობს თუ არა მოსარჩელისთვის ზიანის ასანაზღაურებლად სარჩოს გადაანგარიშების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

15. ამისათვის უნდა განიმარტოს სარჩოს ანაზღაურების მიზანი, რაც დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსებით გამოიხატება, რასაც დაზარალებული მიიღებდა, სარჩოს მიღების საფუძვლის - დაზიანების ფაქტის არარსებობისას.

16. თავად ის გარემოება, რომ, ჯანმრთელობის დაზიანების გამო მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ზიანის არარსებობის პირობებში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა ხელფასს (შდრ. სუსგ №ას-738-690-2017, 11.07.2017წ., პუნ. 16.3).

17. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ საწარმოში არსებობს თანამდებობა, რომელზეც დაზარალებული მუშაობდა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სწორედ ამ თანამდებობაზე მომუშავე პირთა გაზრდილი ხელფასის ოდენობის საფუძველზე უნდა გადაანგარიშდეს სარჩო. არსებობს ვარაუდი, რომ, თუ მოსარჩელეს არ მიადგებოდა ზიანი, იგი გააგრძელებდა მუშაობას იმ საწარმოში, რომელთანაც იმყოფებოდა შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში.

18. წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად და საკასაციო პრეტენზიაზე პასუხის გასაცემად უნდა განისაზღვროს: დასაშვებია თუ არა სარჩოს გადაანგარიშება სხვა საწარმოში დასაქმებულ პირთა ხელფასის მიხედვით, თუ სარჩოს ანაზღაურებაზე ვალდებულ საწარმოში აღარ არსებობს სარჩოს მიმღები პირის მიერ დაკავებული თანამდებობა?

19. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ კითხვაზე პასუხის გასაცემად სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოვალის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა განვიხილოთ ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით. სსკ-ის 412-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

20. სსკ-ის 408-ე და მომდევნო მუხლების მიხედვით, ანაზღაურებადია მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მიზეზშედეგობრივად (კაუზალურად) გამომდინარეობს დამზიანებლის პასუხისმგებლობის წარმომშობი ქმედებიდან. სსკ-ის 412-ე მუხლის დაცვით მიზანს წარმოადგენს საკითხი - იცავს თუ არა დარღვეული (კანონისმიერი ან სახელშეკრულებო) ვალდებულება დაზარალებულს ამ ტიპის ზიანისაგან. დაცვითი მიზანი აქვს როგორც დარღვეულ ამკრძალავ ნორმას, ასევე, სახელშეკრულებო ვალდებულებას. ის, როგორც შერაცხვის კრიტერიუმი, ქართულ კანონში განსხეულებულია 412-ე მუხლში „უშუალო ზიანის“ ხსენებით - ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. „უშუალო შედეგი“ გულისხმობს არა ყოფითი, არამედ ნორმატიული გაგებით უშუალოს. მისი შეფასება უნდა მოხდეს ნორმატიული პერსპექტივიდან - იცავს თუ არა კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ვალდებულება დაზარალებულს ამ ზიანისაგან. დელიქტურ სამართალში ზიანის მიზეზშედეგობრიობის განსაზღვრისათვის გადამწყვეტია დარღვეული ბრუნვის უსაფრთხოების ვალდებულების მიზანი ან დაზიანებული სიკეთის დაცული სფერო. სამართლის ნორმა არ და ვერ უზრუნველყოფს გენერალურ დაცვას ზოგადად ზიანის მომტანი ქმედებისაგან, არამედ იცავს მხოლოდ განსაზღვრული სიკეთეების განსაზღვრული ფორმით დაზიანებისაგან, რაც ყოველი ცალკეული ნორმის განმარტებით უნდა დადგინდეს (Looschelders, Schuldrecht AT, 9. Aufl., 2011, S. 310). საეჭვოობისას უნდა მოხდეს დაზარალებულის დაცულ ინტერესსა და დამზიანებლის პასუხისმგებლობის შემოსაზღვრის აუცილებლობას შორის აწონ-დაწონა (იხ. გიორგი რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი, 2019, მუხლი 412, ველი 1, 11, 13).

21. მიუღებელი შემოსავლის საკითხზე მსჯელობისას გადამწყვეტია არა ზიანის სავარაუდოობა დამზიანებლის (ან მესამე პირის) პროსპექტიული პოზიციიდან, არამედ მოვლენათა ალტერნატიული განვითარების რეტროსპექტიული შეფასება (იხ. გიორგი რუსიაშვილი/გიორგი ბათლიძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი, 2019, მუხლი 411, ველი 9). შესაბამისად, ყველა ვარაუდი იმ პირის სასარგებლოდ მოქმედებს, რომელიც იყო დასაქმებული, ჰქონდა შემოსავალი, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, საწარმოო ტრავმის შედეგად, დაუზიანდა ჯანმრთელობა და დაკარგა შრომის უნარი სრულად ან ნაწილობრივ.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩო, მისი სოციალური ფუნქციიდან გამომდინარე, არ უნდა იქნეს გაგებული მხოლოდ იმ შრომის ანაზღაურებაზე დამოკიდებულ თანხად, რასაც დასაქმებული დამქირავებელ საწარმოში იღებდა/მიიღებდა. პროფესიული შრომის უნარის დაკარგვა გულისხმობს ზოგადად ამ პროფესიით საქმიანობის შეუძლებლობას და არა ამა თუ იმ საწარმოში მუშაობის შეუძლებლობას.

შესაბამისად, მოპასუხისთვის, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირისთვის, წინასწარ სავარაუდო უნდა ყოფილიყო გარემოება მასზე, რომ მოსარჩელის სამუშაო პოზიციის/თანამდებობის გაუქმების შემთხვევაში, შრომისუნარიანი (ანუ საწარმოო ტრავმის არმქონე) მოსარჩელე საპენსიო ასაკამდე შეძლებდა მუშაობას სხვა საწარმოში და მიიღებდა შესაბამის ხელფასს, რისი პერსპექტივაც წაერთვა.

ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩოს ანაზღაურებაზე ვალდებულ საწარმოში სარჩოს მიმღები პირის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმება არ წარმოადგენს სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს.

22. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას სარჩოს მსგავს დაწესებულებებში, ანალოგიურ პოზიციაზე დასაქმებულ პირთა საშუალო ხელფასის შესაბამისად განსაზღვრის თაობაზე. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ სარჩოს გაზრდილი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა შესადარებელი ობიექტებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, რადგან მათი საქმიანობის სფერო გარკვეულწილად განსხვავდება მოპასუხის საქმიანობის სფეროსგან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება საქმის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში განხილვისას მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები), იგი მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნული საკითხი სადავოდ გახადოს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.

23. გადაანგარიშების პერიოდთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილიც იმაზე მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია, შეფასდეს, თუ როდემდეა ვალდებული საწარმო, გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია. ამდენად, შეფასებას საჭიროებს გარემოება, რომელიც პირის დასაქმების პერიოდს უკავშირდება (სუსგ №ას-52-48-2017, 26.10.2018წ; №ას-1742-2018, 27.12.2018წ.).

24. საკასაციო სასამართლოს მიერ მსგავს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით (საქმე №789-746-2015, 22.01.2016წ.) შეიცვალა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკა და დაშვებულ იქნა პრეზუმფცია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დასაქმებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული საწარმო, აენაზღაურებინა მისთვის ხელფასი, რომ არ დამდგარიყო სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (სუსგ №ას-789-746-2015, 22.01.2016წ; №ას-1216-1141-2015, 03.06.2016წ; №ას-1220-1145-2015, 03.06.2016წ; №ას-1180-1141-2016, 31.03.2017წ; №ას-738-690-2017, 11.07.2017წ; №ას-563-563-2018, 15.06.2018წ; №ას-52-48-2017, 26.10.2018წ). სარჩოს ხანგრძლივობა შემოსავლის დაკარგვის გამო განისაზღვრება ამ შემოსავლის მომტანი საქმიანობის ხანგრძლივობის მიხედვით. ჩვეულებრივ, დაქირავებული მუშაკის შემთხვევაში მისი გადახდის ვალდებულება სრულდება საპენსიო ასაკის მიღწევასთან ერთად (BGH NJW 1995, 3313; BGH NJW-RR 1995, 1272; გიორგი რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი, 2019, მუხლი 408, ველი 34). შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მიუღებელი სარჩოს სხვაობის - 16387.2 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), ასევე, ყოველთვიურად 500 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) გადახდა 01.04.2019 წლიდან 25.04.2023 წლამდე, ანუ მოსარჩელის მიერ საპენსიო ასაკის (იხ. პირადობის მოწმობა, ტ.1, ს.ფ. 28) მიღწევამდე.

25. საპენსიო ასაკის მიღწევისას იცვლება პრეზუმფციის შინაარსი და იგი მოქმედებს საწინააღმდეგო მნიშვნელობით. ვარაუდის ჭრილით, უკვე განიხილება დაზარალებულის მუშაობის პერსპექტივა და ამგვარი, საგამონაკლისო შემთხვევების დადასტურების მოვალეობა დაზარალებულის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნულის დადასტურება შესაძლებელია იმ ფარგლებში, რაც გონივრულად არის მოსალოდნელი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში, ამ გარემოებებზე მოსარჩელეს არ მიუთითებია (გადაანგარიშებული სარჩოს საპენსიო ასაკის მიღწევამდე დანიშვნის საკითხზე იხ: სუსგ №ას-738-690-2017, 11.07.2017წ., პუნ. 16.4; №ას-563-563-2018, 15.06.2018წ., პუნ. 32-34, 40; №ას-1039-2018, 06.11.2018წ., პუნ.13.6, 21).

26. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ საწარმოს მიერ აღებული ვალდებულება, მისი ბრალით დამდგარი ზიანის ანაზღაურების ნაწილში (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 10.3 პუნქტი), მოსარჩელის სიცოცხლის განმავლობაში კვლავაც ეკისრება მოპასუხეს (სუსგ №ას-789-746-2015, 22.01.2016წ., პუნ.36; №ას-1216-1141-2015, 03.06.2016წ., პუნ.28). წინამდებარე გადაწყვეტილებით არ იცვლება აღნიშნული ვალდებულება.

27. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.01.2020 წლის განჩინება და მიღებულ იქნეს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება სარჩელის აღძვრამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მიუღებელი სარჩოს სხვაობის და ყოველთვიური გადაანგარიშებული სარჩოს გადახდა 01.04.2019 წლიდან 25.04.2023 წლამდე.

28. სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. კასატორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.01.2020 წლის საოქმო განჩინებას, რომლითაც, სსსკ-ის 380.2 მუხლზე დაყრდნობით, არ დაკმაყოფილდა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების დართვის თაობაზე (ტ.2, ს.ფ. 33-43, იხ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 14:11:02 – 14:23:50). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულზე მხარეს სათანადოდ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი არ არსებობს.

29. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, ასევე სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უნდა შეიცვალოს სასამართლო ხარჯების განაწილება. მოპასუხეს სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 655.51 ლარის გადახდა, რომლის გადახდისაგან სარჩელზე განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, ხოლო მოსარჩელემ სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მას უარი ეთქვა, მოპასუხეს უნდა აუნაზღაუროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 145.06 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს „გ.ტ–მის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.01.2020 წლის განჩინება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. რ.შ–იას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

4. სს „გ.ტ–ს“ რ.შ–იას სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მიუღებელი სარჩოს სხვაობის - 16387.2 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) გადახდა.

5. სს „გ.ტ–ს“ რ.შ–იას სასარგებლოდ სარჩოს სახით ყოველთვიურად დაეკისროს 500 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) გადახდა 2019 წლის 01 აპრილიდან 2023 წლის 25 აპრილამდე.

6. სს „გ.ტ–მის“ მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.01.2020 წლის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

7. სს „გ.ტ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 655.51 ლარის გადახდა.

8. რ.შ–იას სს „გ.ტ–მის“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 145.06 ლარის ანაზღაურება.

9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

რევაზ ნადარაია