Facebook Twitter

საქმე №ას-1220-2022 14 დეკემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.კ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.06.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.11.2021 წლის გადაწყვეტილებით ლ.კ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მზღვეველი“ ან „კასატორი“) მიმართ დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადაზღვევო თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

1.1. 03.12.2019 წელს მოპასუხესა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „დამზღვევი“) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №19/20 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დამზღვევის 2921 თანამშრომლის სამედიცინო დაზღვევის, როგორც მომსახურების შესყიდვა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 01.01.2020 წლიდან 31.12.2020 წლამდე პერიოდს. დაზღვევის ხელშეკრულებით დაზღვეული იყო დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის მიწოდებულ სიაში მითითებული პირები, მოსარგებლე, დაზღვეული პირი ან პირი რომელიც უფლებამოსილია მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება. ი.მ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „დაზღვეული პირი“) წარმოადგენდა ამ ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეულ პირს.

1.2. დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დაზღვეულ რისკს წარმოადგენდა დაზღვეულის ბუნებრივი მიზეზით დამდგარი შემთხვევა (გარდაცვალება), რომლის დადგომის შემთხვევაშიც მზღვეველი აანაზღაურებდა 10 000 ლარს. დაზღვევის ხელშეკრულების დანართი №1-ის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურება გარდაცვალებისას არ გაიცემა, თუ ანაზღაურების თაობაზე მზღვეველის შეტყობინება არ მოხდა 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო განაცხადი არ იქნა შევსებული 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

1.3. დაზღვეული პირი გარდაიცვალა 02.03.2020 წელს. მოსარჩელე წარმოადგენს მის მემკვიდრეს. მზღვეველს დაზღვეული პირის გარდაცვალების თაობაზე ეცნობა 09.03.2020 წელს.

1.4. მოსარჩელემ 21.09.2020 წელს წერილობით მიმართა მზღვეველს, აცნობა, რომ წარმოადგენდა გარდაცვლილი დაზღვეულის მემკვიდრეს და ითხოვა ანაზღაურების მიღება.

1.5. მზღვეველმა წერილობით უარი განაცხადა ბენეფიციარისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გამო ასანაზღაურებელი თანხის გაცემაზე გარდაცვალების შესახებ შეტყობინებისა და სადაზღვევო თანხის მიღების შესახებ განაცხადის 30-დღიან ვადაში წარუდგენლობის მოტივით.

1.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 799-ე, 844-ე, 836-ე მუხლებით.

1.7. სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება გარდაცვალებისას მხარეებმა დაარეგულირეს ხელშეკრულების 24.4. მუხლის შინაარსით, რომლის თანახმად, გარდაცვლილის მემკვიდრეები ვალდებულნი არიან წარუდგინონ მზღვეველს გარდაცვალების დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ა) დაზღვეულის გარდაცვალების დამადასტურებელი ოფიციალური მოწმობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს თარიღი, ადგილი და დაზღვეულის ასაკი; ბ) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარდაცვალების მიზეზი (სამედიცინო ექსპერტიზა); ბ) ავადმყოფობის ისტორიიდან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ამონაწერი ან მისი ასლი; დ) დაზღვეული პირის უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მიერ შედგენილი აქტი და ექსპერტიზის დასკვნა; დ) მემკვიდრე წარადგენს სამკვიდრო მოწმობას, ხოლო თუ დაზღვეულს წინასწარ ჰყავს განსაზღვრული პირი, რომელიც მიიღებს მის სადაზღვევო ანაზღაურებას, ასეთ პირმა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ანაზღაურების მიღების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ნოტარიული წესით დამოწმებული და გარდაცვალების მოწმობა. ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო თანხის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებსაც, ხელშეკრულების 25.2. მუხლის თანახმად, თუ შეტყობინება არ მოხდა 15 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო განაცხადი არ იქნა შევსებული 30 კალენდარული დღის განმავლობაში (ანაზღაურების მიღების თაობაზე).

1.8. სასამართლოს მითითებით, წარმოდგენილი სადაზღვევო ხელშეკრულების მხარე არ არის არც დაზღვეული პირი, მით უფრო არც მოსარჩელე. არ დადასტურებულა ფაქტი იმის შესახებ, რომ დაზღვევის ხელშეკრულება გადაცემული ჰქონდა თავად დაზღვეულ პირს, ამგვარი დასკვნის გამოტანა არც თავად ხელშეკრულების კვლევის შინაარსით მიიღწევა. ისეთ ვითარებაში, როდესაც ხელშეკრულების გადაცემის ან მისი შინაარსის გაცნობის საშუალება არ ჰქონია არამონაწილე, ბენეფიციარის, მესამე პირის მემკვიდრეს - დასადგენია უნდა მოეთხოვოს თუ არა პრეტენზიის წარდგენის იმ ვადის დაცვა, რაც ხელშემკვრელმა მხარეებმა შეათანხმეს.

1.9. სასამართლოს მითითებით, არ შეიძლება სამკვიდროს მიღებამდე მოსარჩელეს დავალებოდა იმ ხელშეკრულების იმ პირობის დაცვა, რომლის შესახებაც მას არაფერი სმენია. ზემოაღნიშნული ვადა უნდა აითვალოს სამკვიდრო მოწმობის მიღებიდან (რომლის შინაარსიც სადაზღვევო თანხის მოთხოვნის უფლების აქტივსაც მოიცავს). ამგვარი მსჯელობის მართებულობას ასაბუთებს ხელშეკრულების მითითება, რომ თანხა ანაზღაურდებოდა მხოლოდ მაშინ, თუ სხვა დოკუმენტებთან ერთად „მემკვიდრე წარადგენს სამკვიდრო მოწმობას“, ხოლო თუ დაზღვეულს წინასწარ ჰყავს განსაზღვრული პირი, რომელიც მიიღებს მის სადაზღვევო ანაზღაურებას, ასეთმა პირმა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ანაზღაურების მიღების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ნოტარიული წესით დამოწმებული და გარდაცვალების მოწმობა (დაზღვევის ხელშეკრულების 24.4. მუხლის „დ“ ქვეპუნქტი). ამავე მუხლის 24.5 პუნქტით, ანაზღაურება გაიცემა აღნიშნული დოკუმენტების მიღებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზღვეულ პირს მინიმუმ ორი მემკვიდრე ჰყავდა და აქედან მხოლოდ ერთმა, მეუღლემ (მოსარჩელემ) მიიღო სამკვიდრო დადგენილ ვადაში. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილ 6-თვიან ვადაზე და მიუთითა ანაზღაურების მიღების შესახებ განაცხადის დაუყოვნებლივ ან არაუმეტეს 15/30 დღის ვადაში გაკეთებისა და ამგვარ განცხადებაზე მემკვიდრედ ყოფნის ფაქტის დამადასტურებელი მოწმობის დართვის შეუძლებლობაზე, თუკი ხელშემკვრელი მხარეები არ ითვალისწინებდნენ განაცხადის 30-დღიანი ვადის ათვლას მხოლოდ სამკვიდროს მოწმობის აღების შემდეგ (ამგვარი განაცხადით ხელშეკრულების დებულებების გათვალისწინებით, განმცხადებელი ანაზღაურებაზე უარს მიიღებდა, როგორც არაუფლებამოსილი პირი).

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით -სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.06.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. მზღვეველის განმარტებით, მოსარჩელეს არასდროს გაუხდია სადავოდ, რომ მისთვის უცნობი იყო 30-დღიანი ვადისა და წარსადგენი დოკუმენტაციის თაობაზე. ამასთან, მიუთითა, რომ მის ვალდებულებას ხელშეკრულების გაცნობა არ წარმოადგენდა. ხელშეკრულება გაფორმდა სახელმწიფო ტენდერის მოგების საფუძველზე, სადაც წინსწრებით არის ატვირთული ხელშეკრულების პროექტი. სადავო ხელშეკრულების 24.4. მუხლის შინაარსი და შემდგომი მუხლებით დადგენილი ვადები სრულად არის ჩამოყალიბებული დამზღვევის მიერ. პირველი ინსტანციის სასამართლოში განიმარტა ხელშეკრულების 24.4. მუხლის შინაარსი, რომ 30 დღეში სავარაუდო მემკვიდრისაგან არ ითხოვს სამკვიდრო მოწმობის წარდგენას, საჭიროა მხოლოდ იმ დანარჩენი დოკუმენტების წერილობით წარმოდგენა, რაც მითითებულია შესაბამის მუხლში. ის, რომ დაზღვეულის ოჯახის წევრებმა დარეკეს მისი გარდაცვალების შემდგომ, მიუთითებს მათ ინფორმირებაზე. ასევე, ქოლ-ცენტრში ზარის დაფიქსირების შემდეგ ოპერატორი ყოველთვის განუმარტავს ოჯახს დეტალურ პროცედურას, მათ შორის ვადებს და სწორედ ამიტომ მიუთითებდა მოსარჩელე პანდემიაზე და არა იმ გარემოებაზე, რომ არ იცოდა 30 დღეში წერილობითი შეტყობინების განხორციელების თაობაზე.

3.2. ზემოაღნიშნულზე პალატამ მიუთითა, რომ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება გარდაცვალებისას მხარეებმა დაარეგულირეს ხელშეკრულების 24.4. მუხლის შინაარსით. ამავე ხელშეკრულების 16.3. პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დამზღვევი ვალდებულია გააცნოს ხელშეკრულებით განსაზღვრული დაზღვევის პირობები, უფლებები და ის ვალდებულებები, რომლებიც აკისრიათ დაზღვეულ პირებს ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს დაზღვეულთა მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებათა სრული და ჯეროვანი შესრულება.

3.3. როგორც საქმის მასალებით დგინდება, დაზღვეული პირი გარდაიცვალა 02.03.2020 წელს. მოსარჩელემ მზღვეველს დაზღვეული პირის გარდაცვალების თაობაზე აცნობა 09.03.2020 წელს. მზღვეველის განმარტებით, დაზღვეული პირის ოჯახის წევრს დეტალურ პროცედურაზე აცნობეს ქოლ-ცენტრში ზარის დაფიქსირების შემდეგ, მას დეტალურად განემარტა, რომ განაცხადი უნდა შეევსო ელექტრონულად დაზღვევის ვებ-გვერდზე, თუმცა მას ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, 30 კალენდარული დღის განმავლობაში, განაცხადი არ შეუვსია. მზღვეველმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ წარმოადინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, უფრო მეტიც, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ქოლ-ცენტრში ზარის დაფიქსირების შემდეგ მხარის ინფორმირების დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოში არ წარუდგენია (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.06.2022 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:19 სთ).

3.4. გარდა აღნიშნულისა, მზღვეველი მიუთითებს, რომ გარდაცვლილის წარმომადგენლის მითითება პანდემიურ შეზღუდვაზე მოკლებულია დასაბუთებას, თუმცა, ვინაიდან 23.03.2020 წლიდან 23.05.2020 წლის ჩათვლით ქვეყანაში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარება, ეს ვადა არ ჩაითვალა გამოსათვლელ 30-დღიან ვადაში, შესაბამისად, დოკუმენტაციის წარმოდგენის საბოლოო ვადა იყო 02.06.2020 წელი, რომელიც, ასევე, არ დაუცვია მოსარჩელეს. აღნიშნულზე პალატამ მიუთითა, რომ, როგორც საქმის მასალებით დგინდება, მოსარჩელემ 21.09.2020 წელს წერილობით მიმართა მოპასუხეს, აცნობა, რომ წარმოადგენდა გარდაცვლილი დაზღვეულის მემკვიდრეს და ითხოვა ანაზღაურების მიღება. მზღვეველმა წერილობით უარი განაცხადა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გამო ასანაზღაურებელი თანხის გაცემაზე გარდაცვალების შესახებ შეტყობინებისა და სადაზღვევო თანხის მიღების შესახებ განაცხადის 30-დღიან ვადაში წარუდგენლობის მოტივით. აღნიშნული წერილის თანახმად, შეტყობინება დაფიქსირდა 09.03.2020 წელს. გარდაცვალებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა იყო 01.04.2020 წლის ჩათვლით. ვინაიდან 2020 წლის 23 მარტიდან 23 მაისის ჩათვლით საქართველოში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა, ეს ვადა არ ჩაითვალა გამოსათვლელ 30-დღიან ვადაში. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა წარდგენილიყო 02.06.2020 წლის ამოწურვამდე. ვინაიდან დოკუმენტაცია წარდგენილი იქნა დაგვიანებით, მზღვეველმა უარი განაცხადა მის ჩაბარებაზე. პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელე არ იყო დროულად ინფორმირებული, კერძოდ, არ ეცნობა იმ გარემოების თაობაზე, რომ პანდემიიდან გამომდინარე ხელშეკრულებით დადგენილი განაცხადის შეტანის ვადა - 30 კალენდარული დღე, გაგრძელდა 02.06.2020 წლამდე. ამდენად, მზღვეველი ვერც ამ შემთხვევაში ადასტურებს სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით მხარის ინფორმირებას. უფრო მეტიც, მან სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ხელშეკრულებით დადგენილი განაცხადის შეტანის 02.06.2020 წლამდე გაგრძელების თაობაზე მოსარჩელისთვის არ უცნობებია და არც გზავნილი გაუგზავნია მისთვის (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.06.2022 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:18სთ).

3.5. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 03.12.2019 წელს მოპასუხესა და დამზღვევს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №19/20 ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის სადაზღვევო შემთხვევის შედეგად თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სადაზღვევო შემთხვევის (დაზღვეული პირის გარდაცვალება) დადგომის გამო, მზღვეველისათვის დაზღვეული პირის მემკვიდრის სასარგებლოდ სადაზღვევო ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერება.

9. სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ადგენს ქცევის შემდეგ წესს: დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

10. ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სსკ-ის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (სუსგ №ას-663-624-2011, 17.02.2012წ; №ას-1165-1110-2014, 23.01.2015წ.).

11. სსკ-ის 844-ე მუხლი ითვალისწინებს დამზღვევისა და მესამე პირის სიცოცხლის დაზღვევის შესაძლებლობას. ნორმის მიზანია, სხვა პირის დაზღვევისას დაიცვას მისი სიცოცხლე, როგორც დაზღვევის ობიექტი (ირემაშვილი ქ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 844, ველი 8, იხ. https://gccc.tsu.ge/).

12. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 03.12.2019 წელს მოპასუხესა და დამზღვევს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №19/20 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა დამზღვევის თანამშრომლების სამედიცინო დაზღვევის, როგორც მომსახურების შესყიდვა. დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დაზღვეულ რისკს წარმოადგენდა დაზღვეულის ბუნებრივი მიზეზით გარდაცვალება, რომლის დადგომის შემთხვევაშიც მზღვეველი აანაზღაურებდა 10 000 ლარს. ამავე ხელშეკრულების 25.2. მუხლით განსაზღვრულია, რომ სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა (გარდაცვალებისას) თუ შეტყობინება არ მოხდა 15 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო განაცხადი არ იქნა შევსებული 30 კალენდარული დღის განმავლობაში (ანაზღაურების მიღების თაობაზე). მოსარჩელე წარმოადგენს ამ ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეული პირის მემკვიდრეს. დაზღვეული პირი გარდაიცვალა 02.03.2020 წელს, შესაბამისად, მისი სამკვიდრო მემკვიდრეებს უნდა მიეღოთ აქედან ექვსი თვის ვადაში.

13. მზღვეველმა სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ანაზღაურების მიღების თაობაზე მოსარჩელეს განაცხადი არ შეუვსია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 30-დღიან ვადაში, რის თაობაზეც ის ინფორმირებული იყო ქოლ-ცენტრის მიერ, მეუღლის გარდაცვალების თაობაზე ზარის განხორციელებისას. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია მასზე, რომ არ დასტურდება დაზღვეულის გარდაცვალების თაობაზე მზღვეველის ინფორმირებისას მოსარჩელისათვის განაცხადის წარდგენის პროცედურის გაცნობა.

14. ასევე, საკასაციო პალატა ითვალისწინებს რა სსკ-ის 1319-ე (სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად), 1320-ე (სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე), 1306.1 (გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით), 1336-ე (კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები)), 1424-ე (სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან), 1499-ე (მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამკვიდრო მოწმობის მიღება სავალდებულოა), 1500-ე (სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან) მუხლების შინაარსს, ასევე, №19/20 ხელშეკრულების 24.4. მუხლს, რომლის თანახმად, გარდაცვლილის მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მზღვეველს, სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარუდგინონ სამკვიდრო მოწმობა, იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ არ არსებობდა სამკვიდრო მოწმობის მიღების შემდეგ მოსარჩელის მიერ მზღვეველთან წარდგენილი განაცხადის ვადის დარღვევის საფუძვლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობა.

15. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო საკითხის განსხვავებულად შეფასება სცილდება გონივრული განსჯისა და კეთილსინდისიერად ქცევის სტანდარტს. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (ჭანტურია ლ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ), თბილისი, 2017, მუხლი 8, ველი 1, 10-12).

16. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური დებულებაა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურსამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ; №ას-189-2020, 20.04.2021წ.).

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (შდრ. სუსგ №ას-491-459-2017, 30.06.2017წ; №ას-1086-2021, 16.03.2022წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 500 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 350 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ (ს/ნ: ........) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 500 ლარის (საგადასახადო დავალება №1660807205, გადახდის თარიღი 18.08.2022წ.) 70% – 350 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია