საქმე №ა-1687-შ-41-2024 29 მარტი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ფ.ა–ა
მოწინააღმდეგე მხარე - რ.ა.ხ.ს.ო–ო
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს ბიზნესისა და ქონების საქმეთა სასამართლოს 21.08.2023 წლის №HC-2016-002798 დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 03.10.2023 წლის ბრძანება №HC-2016-002798
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს ბიზნესისა და ქონების საქმეთა სასამართლომ 21.08.2023 წელს გამოსცა №HC-2016-002798 დაუსწრებელი გადაწყვეტილება ფ.ა–ას სასარგებლოდ რ.ა.ხ.ს.ო–ოს (შემდეგში - „რა–ია“) წინააღმდეგ ჰაკერული თავდასხმის შესახებ ფ.ა–ას შეგებებული სარჩელის საქმეზე, დაცვის არარსებობის გამო (გადაწყვეტილების 53-65 პუნქტები). გადაწყვეტილების 64-ე პუნქტის თანახმად, სასამართლო მზადაა გამოსცეს ამ კუთხით საჭირო განჩინებები; ხარჯები ანაზღაურებული იქნება პროცენტის დამატებით, ინგლისის ბანკის 1%-იანი საბაზო განაკვეთის გათვალისწინებით, რომელიც იმოქმედებს ამ განჩინების გამოცემის მომენტში, და წლიური 8%-იანი განაკვეთის გათვალისწინებით შემდგომ პერიოდზე. აღნიშნული ხარჯები ექვემდებარება დეტალურ შემოწმებას. საჭირო იქნება ხარჯების გულდასმით შესწავლა, თუმცა, სასამართლო იღებს შუალედურ განჩინებას ხარჯების ანაზღაურებაზე, ბატონი ა–ას ჰაკერული თავდასხმის შესახებ შეგებებული სარჩელის ხარჯების 75%-ის მოცულობით, რომელიც სავალდებულოდ დასაფარია განჩინების გამოცემიდან 28 დღის განმავლობაში.
2. ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს ბიზნესისა და ქონების საქმეთა სასამართლოს 03.10.2023 წლის №HC-2016-002798 ბრძანებით:
2.1. მიიღება დაუსწრებელი გადაწყვეტილება ბატონი ა–ას სასარგებლოდ და „რ–ას“ წინააღმდეგ ჰაკერული შეგებებული სარჩელის ნაწილში (პუნქტი 8);
2.2. „რ–ია“ გადაუხდის ბატონ ა–ას ჰაკერული შეგებებული სარჩელის ხარჯებს, რომელიც მან გასწია იმ დღემდე, როდესაც ჰაკერული შეგებებული სარჩელი გამოიცა (ეს არ გამორიცხავს ბატონი ა–ას უფლებას, აინაზღაუროს ჰაკერული შეგებებული სარჩელის ხარჯები დამატებითი მოპასუხეების წინააღმდეგ ორმაგი ამონაგების საწინააღმდეგო პრინციპების შესაბამისად). ეს ხარჯები ანაზღაურდება ზარალის ანაზღაურების პრინციპით, რომელიც დაუყოვნებლივ ექვემდებარება დეტალურ შეფასებას, თუ რაიმე შეთანხმება არ მოქმედებს (პუნქტი 9);
2.3. ბატონი ა–თვის CPR 47.7-ის შესაბამისად დეტალური შეფასების პროცესის დაწყების დრო გაგრძელდება ექვს თვემდე (პუნქტი 10);
2.4. „რ–ია“ იხდის პროცენტს მე-7 (i) პუნქტის შესაბამისად, გადასახდელ თანხებზე იმ დღიდან, როდესაც ისინი გადაიხადა ბატონმა ა–ამ ან გადახდილია მისი სახელით ამ ბრძანების თარიღამდე, წელიწადში ინგლისის ბანკის საბაზისო განაკვეთზე 1%-იანი ნამატი განაკვეთით, დროდადრო და (ii) ამ ბრძანების თარიღიდან დაფარვის თარიღამდე წლიური 8%-იანი განაკვეთით (პუნქტი 11);
2.5. „რ–ია“ განახორციელებს შუალედურ გადახდას £8442744.20 ოდენობით, რაც წარმოადგენს ბატონი ა–ას ხარჯების 75%-ს ჰაკერული შეგებებული სარჩელის შესახებ, ამ განჩინების გამოცემის თარიღიდან 28 დღის განმავლობაში (პუნქტი 12);
2.6. ნებისმიერი პრეტენზია ზიანის ანაზღაურების ან შემდგომი ხარჯების შესახებ (მათ შორის, ბატონი ა–ას მიერ „რ–თვის“ გადახდილი თანხების დაფარვა ზარალის ანაზღაურების, ხარჯებისა და პირველი სასამართლო განჩინების 1(ბ) და 3-7 პუნქტების შესაბამისად დანახარჯების პროცენტებში) დასადასტურებლად უნდა იყოს წარმოდგენილი ჰაკერული შეგებებული სარჩელის სასამართლო სხდომაზე, დაწყებული 2024 წლის 6 მაისიდან, 10 კვირის განმავლობაში და 5-დღიან ფანჯარაში (პუნქტი 13);
2.7. „რ–ია“ გადაიხდის ჰაკერული შეგებებული სარჩელისთვის გაწეულ ხარჯებს, ზარალის ანაზღაურების პრინციპის საფუძველზე, რომელიც შეადგენს £16495.50-ს, ამ განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის განმავლობაში (პუნქტი 14).
3. ფ.ა–ამ (შემდეგში - „შუამდგომლობის ავტორი“) შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს ბიზნესისა და ქონების საქმეთა სასამართლოს 21.08.2023 წლის №HC-2016-002798 დაუსწრებელი გადაწყვეტილების 53-65 პუნქტების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა; ასევე, მოითხოვა ამავე სასამართლოს მიერ 03.10.2023 წელს მიღებული ბრძანების №HC-2016-002798 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა, რომლითაც შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ „რ–ას“ დაეკისრა 8442744.20 ფუნტი სტერლინგი, 16495.50 ფუნტი სტერლინგი და პროცენტის გადახდის ვალდებულება. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, აღნიშნული თანხების წლიური 8%-ის ოდენობით 03.10.2023 წლიდან 28.03.2024 წლამდე დარიცხული პროცენტი შეადგენს 328172.15 ფუნტ სტერლინგს და დარიცხვა გრძელდება თანხის სრულ გადახდამდე (განჩინების აღსრულებამდე) ყოველდღიურად 1854.08 ფუნტი სტერლინგის ოდენობით. შუამდგომლობის ავტორმა ასევე მოითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
4. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - „კანონი“) 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილების სხვა ქვეყანაში ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რა დროსაც სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს.
6. გადაწყვეტილების ცნობის საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებას ნიშნავს (სუსგ №ა-352-შ-7-2024, 05.02.2024წ.).
7. კანონის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების ობიექტად მოიაზრება არა კანონიერ ძალაში შესული ნებისმიერი გადაწყვეტილება, არამედ - მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებადი გადაწყვეტილება (სუსგ №ა-1302-შ-31-2010, 06.07.2010წ.).
8. საქართველოში უცხოური სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების საკითხი განიხილება უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მიერ. ამავე დროს ეს ხდება პირველი ინსტანციის წესით (შდრ. ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია, თბილისი, 2010წ., გვ.43).
9. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია, თბილისი, 2010წ., გვ.14).
10. ევროსასამართლო ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელოვან ადგილს დემოკრატიულ საზოგადოებაში (Airey v. Ireland, №6289/73, 09.10.1979, §24; Stanev v. Bulgaria [GC], №36760/06, 17.01.2012, §231). აღნიშნული გარანტია „კონვენციის მნიშვნელობის ფარგლებში, ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია“ (Pretto and Others v. Italy, № 7984/77, 08.12.1983, §21). შესაბამისად, მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის შეზღუდულად განმარტებას გამართლება ვერ ექნება (Moreira de Azevedo v. Portugal, №11296/84, 23.10.1990, §66). სამართლიანობის მოთხოვნა მიემართება მთლიანად სასამართლო პროცესს (Stran Greek Refineries and Stratis Andreadis v. Greece, №13427/87, 09.12.1994, § 49).
11. მნიშვნელოვანია სამართლის ნორმის (და არა მთელი კანონის) აზრი და მიზანი, ratio legis („ტელეოლოგიური განმარტება“). რეგულაციის მიზანი ზოგადად ისაა, რომ ურთიერთდაპირისპირებული ინტერესები გარკვეული სახით გაწონასწორდეს. სამართლის ნორმის განმარტება იმგვარად არ შეიძლება, რომ სამართლის სხვა ნორმას აზრს უკარგავდეს (სუსგ №ა-381-შ-10-2023, 21.03.2023წ., პ.36). ნორმის განმარტებისას გადამწყვეტია კანონის არსის გათვალისწინება და მისი მიზნის შესაბამისი განმარტება. ამასთან, მხედველობაში მიიღება არა მხოლოდ მიზანი, რომლის მიღწევასაც ესწრაფვის კანონმდებელი შესაბამისი ნორმით, არამედ ასევე ამ მიზნის სამართლიანობა და მიზანშეწონილობა. ეს განპირობებულია იმით, რომ თითოეული დებულება არ განიხილება არც შესაბამისი ინსტიტუტებისა თუ ცნებათა სისტემისგან იზოლირებულად, არც სამართლებრივი წესრიგისათვის დამახასიათებელი ფასეულობებისაგან დამოუკიდებლად. ის სამართლიანი და მიზანშეწონილობაზე დამყარებული სამართლებრივი წესრიგის ნაწილია (იხ. დავით კერესელიძე, „კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები“, ევროპული და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2009 წელი, გვ. 74).
12. კანონის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს: სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები. ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლომ განიხილოს შუამდგომლობა უცხო ქვეყნის ცნობისა და აღსრულების შესახებ, უნდა დასტურდებოდეს როგორც მისი კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტი, ისე ის გარემოება, რომ გადაწყვეტილება არ აღსრულებულა მისი გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით (სუსგ №ა-5405-შ-156-2021, 17.11.2021წ.).
13. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, მისი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) კი - სახელმწიფო ორგანო რ.ა.ხ.ს.ო–ო (არაბთა გაერთიანებული საემიროები). შუამდგომლობის ავტორი ითხოვს ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს 21.08.2023 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა (მისი 53-65 პუნქტების) და მის საფუძველზე 03.10.2023 წელს მიღებული ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსასრულებლად მიქცევას.
14. თავად დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ბრძანების ტექსტიდან არ ირკვევა, რომ პუნქტები, რომელთა ცნობა-აღსრულებასაც ითხოვს შუამდგომლობის ავტორი, შესულია კანონიერ ძალაში. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილია ალექსა ჯეინ პირსონის 21.03.2024 წლის აფიდავიტი, სადაც აღნიშნულია, რომ საპროცესო აქტები მათი გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით მიჩნეულ უნდა იქნეს ასეთად. პალატა განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების არსის დასადგენად შესაბამის ქვეყანაში მათი ოფიციალური განმარტების, გამოყენების პრაქტიკისა და დოქტრინის მითითება წარმოადგენს დაინტერესებული მხარის ვალდებულებას და შედის მტკიცების საგანში. შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს ეკისრება უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების, მათი გამოყენების პრაქტიკისა და დოქტრინის მითითებისა და დამტკიცების ტვირთი (სუსგ №ას-209-196-2015, 30.07.2015წ; №ა-2761-შ-69-2016, 07.07.2017წ., პუნ.47). ამასთან, საკასაციო პალატის აზრით, ეს საკითხი საჭიროებს დაზუსტებას, რამეთუ როგორც ზემოაღნიშნული საპროცესო აქტებიდან ირკვევა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია ე.წ. „ჰაკერულ შეგებებულ სარჩელზე“, რის გამოც „რა–ას“ დაეკისრა ხარჯების შუალედური გადახდა, ამასთან, 03.10.2023 წლის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-13 პუნქტში აღნიშნულია, რომ „ნებისმიერი პრეტენზია ზიანის ანაზღაურების ან შემდგომი ხარჯების შესახებ… დასადასტურებლად უნდა იყოს წარმოდგენილი ჰაკერული შეგებებული სარჩელის სასამართლო სხდომაზე, დაწყებული 2024 წლის 6 მაისიდან, 10 კვირის განმავლობაში და 5-დღიან ფანჯარაში“.
15. შუამდგომლობას არ ერთვის რაიმე მტკიცებულება მასზე, რომ გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა გადაწყვეტილებისა და ბრძანების გამომტან ქვეყანაში.
16. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება მასზე, რომ არ არსებობდა კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების აუცილებლობა, რამდენადაც მოვალეს აღსასრულებელი გადაწყვეტილების გამომტან სახელმწიფოში გააჩნდა საკმარისი აქტივი გადაწყვეტილების აღსასრულებლად. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული მტკიცება უსაფუძვლოა და შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საწინააღმდეგოს ადასტურებს, კერძოდ, დასტურდება, რომ სასამართლო აღმასრულებელმა მიიღო სააღსრულებო წარმოების დასრულების თაობაზე დადგენილება, რამდენადაც მოვალეს აღარ გააჩნდა ქონება, რომელზეც აღსრულება მიექცეოდა და მოვალის ქონების მოძიებისათვის კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა აღმოჩნდა უშედეგო (შდრ. სუსგ №ა-2864-შ-71-2020, 16.07.2021წ., პ.15).
17. სხვა საქმეშიც საკასაციო პალატამ აღნიშნა, დაუსაბუთებელია მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ არ არსებობს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული აღსრულების აუცილებლობა, რამდენადაც მოვალეს გადაწყვეტილების გამომტან ქვეყანაში გააჩნია საკმარისი აქტივი გადაწყვეტილების აღსასრულებლად. აღნიშნული მტკიცება უსაფუძვლოა, რამდენადაც შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საწინააღმდეგოს ადასტურებს, კერძოდ, დასტურდება, რომ გადაწყვეტილების გამომტან სახელმწიფოში მოვალეს აღარ გააჩნდა ქონება, რომელზეც აღსრულება მიექცეოდა და მოვალის ქონების მოძიებისათვის კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა აღმოჩნდა უშედეგო. ამასთან, შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა რეესტრის ამონაწერები, რომლითაც დასტურდება იმ უძრავ ქონებათა გასხვისება, რომელზეც მოწინააღმდეგე მხარე ამტკიცებდა, რომ მოვალის საკუთრება იყო (შდრ. სუსგ №ა-704-შ-24-2019, 02.08.2019წ., პ.12.3).
18. ასევე, შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძვლად შეფასდა შუამდგომლობასთან ერთად მტკიცებულების წარუდგენლობა მასზე, რომ გადაწყვეტილების აღსრულება სრულად ან ნაწილობრივ არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად (სუსგ №ა-381-შ-10-2023, 21.03.2023წ.).
19. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ შუამდგომლობას არც იმის დამადასტურებელი დოკუმენტი ერთვის, რომ აღსრულება არ მომხდარა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რომლის სახელმწიფო ორგანოც არის მოპასუხე.
20. კანონის გრამატიკული და ტელეოლოგიური განმარტების, დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, საკასაციო პალატა კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესით გათვალისწინებულ პირობებს კუმულატიურად განიხილავს და მიიჩნევს, რომ მხოლოდ ყველა წინაპირობის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის შუამდგომლობის განხილვა (სუსგ №ა-381-შ-10-2023, 21.03.2023წ.).
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
22. სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. რადგან შუამდგომლობას არ ერთვის მტკიცებულება დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ბრძანების საქართველოში აღსრულების აუცილებლობის შესახებ, წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
23. საკასაციო სასამართლო განუმარტავს შუამდგომლობის ავტორს, რომ იმ გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს იგივე შუამდგომლობით საერთო წესის დაცვით.
24. რადგან არ არსებობს შუამდგომლობის განსახილველად მიღების წინაპირობა, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი განცხადებაც და განმცხადებელს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 186-ე, 187-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ.ა–ას შუამდგომლობა ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს ბიზნესისა და ქონების საქმეთა სასამართლოს 21.08.2023 წლის №HC-2016-002798 დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 03.10.2023 წლის №HC-2016-002798 ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველად.
2. განემარტოს შუამდგომლობის ავტორს, რომ არ კარგავს უფლებას ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს საკასაციო სასამართლოს.
3. ფ.ა–ას განცხადება ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს ბიზნესისა და ქონების საქმეთა სასამართლოს 21.08.2023 წლის №HC-2016-002798 დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 03.10.2023 წლის №HC-2016-002798 ბრძანების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დარჩეს განუხილველად.
4. ფ.ა–ას (ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტის №A15119759) უკან დაუბრუნდეს მ.ს–ძის (პ/ნ: .........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი (საგადახდო დავალება №21146782663, გადახდის თარიღი 27.03.2024წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე