Facebook Twitter

საქმე №ას-191-2022 22 მარტი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – შპს „ე.პ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ძ–ძე

განჩინება, რომლითაც დადგინდა შეზღუდვა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.03.2021 წლის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – სასამართლოს მიერ დადგენილი შეზღუდვის გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.07.2018 წლის გადაწყვეტილებით შპს „ე.პ–ის“ სარჩელი შპს „მ.გ–ის“, შპს „ც–ისა“ და შპს „გ.პ–ის“ მიმართ ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა; ი.ძ–ძის სარჩელი შპს „ე.პ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ე.პ–ს“ ი.ძ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 50 000 ევროსა და 26 000 ლარის გადახდა; ი.ძ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვდა შპს „ე.პ–ისთვის“ მისი კუთვნილი ფულადი სახსრებით უსაფუძვლოდ სარგებლობისათვის 50 000 ევროსა და 26 000 ლარის ჯამური ოდენობის წლიური 8%-ის გადახდას. მხარეებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ი.ძ–ძის წარმომადგენელმა და მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება (ტ.8, ს.ფ. 264-266).

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.12.2020 წლის განჩინებით ი.ძ–ძის წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ე.პ–ს“ აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი ბათუმი, ......, საკადასტრო კოდით - №......, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; შპს „ე.პ–ის“ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებასა და შპს „ე.პ–ის“ უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდი - №........, გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვასთან დაკავშირებით ი.ძ–ძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა (ტ.8, ს.ფ. 283-293). განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ი.ძ–ძემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.12.2020 წლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (ტ.8, ს.ფ. 306-310).

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.03.2021 წლის განჩინებით ი.ძ–ძის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.12.2020 წლისა და ამავე სასამართლოს 29.12.2020 წლის განჩინებები იმ ნაწილში, რომლითაც ი.ძ–ძეს უარი ეთქვა უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ......... (ს/კ: ........), გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის გამოყენებასთან დაკავშირებით; შპს „ე.პ–ს“ (ს/კ: .......) აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, .......... (ს/კ: .........), გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინებები დარჩა უცვლელად (ტ.9, ს.ფ.15-25).

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.12.2021 წლის გადაწყვეტილებით შპს „ე.პ–ის“, შპს „გ.პ–ის“, შპს „მ.გ–ისა“ და შპს „ც–ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ი.ძ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.07.2018 წლის გადაწყვეტილების მესამე პუნქტის შეცვლით ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ე.პ–ს“ ი.ძ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 50 000 ევროს წლიური 2%-ის გადახდა 14.03.2018 წლიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.07.2018 წლის გადაწყვეტილების 2.1. პუნქტით გათვალისწინებული თანხის (50 000 ევროს) სრულ გადახდამდე; შპს „ე.პ–ს“ ი.ძ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 26 000 ლარის წლიური 8%-ის გადახდა 14.03.2018 წლიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.07.2018 წლის გადაწყვეტილების 2.2. პუნქტით გათვალისწინებული თანხის (26 000 ლარის) სრულ გადახდამდე.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.12.2021 წლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „მ.გ–მა“, შპს „ც–მა“ და შპს „გ.პ–მა“ მათ მიმართ შპს „ე.პ–ის“ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.12.2021 წლისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.07.2018 წლის გადაწყვეტილებები შპს „ე.პ–ის“ მიმართ ი.ძ–ძის სარჩელთან დაკავშირებით შესულია კანონიერ ძალაში.

8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ე.პ–ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 26.03.2021 წლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, რომლითაც შპს „ე.პ–ს“ აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ........ (ს/კ:......), გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. განმცხადებლის მითითებით, შპს „ე.პ–მა“ სრულად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება ი.ძ–ძის მიმართ, რისი დადასტურების მიზნითაც წარმოადგინა თანხის გადახდის თაობაზე ქვითრები.

9. ზემოაღნიშნულ განცხადებაზე პოზიცია წარმოადგინა ი.ძ–ძემ და მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული თანხა მიღებული აქვს სრულად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს შპს „ე.პ–ის“ განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 26.03.2021 წლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროების გასვლისთანავე იგი უნდა გაუქმდეს.

12. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი ისაა, რომ მან პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერ ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას (კაჟაშვილი გულიკო, „საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა.“ დისერტაცია. თბილისი, 2018, გვ. 60). სარჩელის საპროცესო უზრუნველყოფა გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც იგი გამართლებულია. ასეთ დროს სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ მოვალის ქონებაზე აკრძალვის დაწესება გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი და ერთადერთი საშუალებაა (სუსგ №ას-1477-2018, 31.01.2019წ.).

პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და შემდგომ მისი შენარჩუნების მიზანი არის გადაწყვეტილების აღსრულების გართულების ან შეუძლებლობის თავიდან აცილება.

13. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.03.2021 წლის განჩინებით ი.ძ–ძის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „ე.პ–ს“ (ს/კ: ......) აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ........ (ს/კ: ........), გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. შპს „ე.პ–ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. განმცხადებლის მითითებით, მან სრულად შეასრულა ი.ძ–ძის მიმართ დაკისრებული ვალდებულება, რისი დადასტურების მიზნითაც წარმოადგინა თანხის გადახდის თაობაზე ქვითრები. აღნიშნულ განცხადებაზე პოზიცია წარმოადგინა ი.ძ–ძემ და მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული თანხა მიღებული აქვს სრულად.

14. ამდენად, ვალდებულება, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.03.2021 წლის განჩინებით შეზღუდვა გავრცელდა შპს „ე.პ–ის“ უძრავ ქონებაზე, შესრულებულია. შესაბამისად, არ არსებობს ამ უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნების ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი, რაც მისი გაუქმების წინაპირობაა.

15. ყოველივე აღნიშნულიდან გამოდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.03.2021 წლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება შპს „ე.პ–ისთვის“ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის შესახებ უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 284-ე, 285-ე, 191-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ე.პ–ის“ განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.03.2021 წლის განჩინებით შპს „ე.პ–ისთვის“ (ს/კ: .......) დაწესებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, .......... (ს/კ: ..........), გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია