Facebook Twitter

№ას-197-2024 03 აპრილი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ი.მ–ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.მ–ა (მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.07.2023 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – გარიგების ბათილად აღიარება (სარჩელით)/უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.ი.მ–იმ (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) წარადგინა სარჩელი ა.მ–ას (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც "მოპასუხე") მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის 28.12.2017 წელს დადებული ხელშეკრულებისა და ხელშეკრულების სანოტარო აქტის (ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების) ბათილად ცნობა.

2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი წარადგინა და მოითხოვა 28.12.2017 წელს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება - მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მდებარე ქ.რუსთავი, მოდებაძისა და ლეონიძის ქუჩების გადაკვეთის ჩრდილოეთით ნაკვეთზე (მიწის ს/კ ........) საცხოვრებელი ფართის 2682.29 კვ.მ და ავტოფარეხის 162 კვ.მ ფართიდან, 240 კვ.მ ორ საცხოვრებელ ბინაზე - 120 კვ.მ, ბინა N23 და 120 კვ.მ, ბინა N24-ზე მოსარჩელის სამომავლო საკუთრების უფლების გადაცემა.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09.12.2020 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ. 261-279). გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.07.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.2, ს.ფ. 5-20). სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.02.2024 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და კასატორს განესაზღვრა ვადა მის შესავსებად (ტ.2, ს.ფ.37-40). კასატორმა იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე. ამავე სასამართლოს 18.03.2024 წლის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად 10 დღით. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (იხ.: განჩინება, ტ.2, ს.ფ. 44,45).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

7. დადგენილია, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.03.2024 წლის განჩინება გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს - გ.ვ–ძეს საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე (იხ.: ვადაში მოქმედი მინდობილობა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებით, ტ.1, ს.ფ.426,427; საკასაციო საჩივარი, ტ.2, ს.ფ.24; გზავნილი, ტ.2, ს.ფ.46) და ჩაჰბარდა პირადად 20.03.2024 წელს (იხ.: ჩაბარების დასტური, ტ.2, ს.ფ.47).

8. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

10. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 21.03.2024 წელს და ამოიწურა 01.04.2024 წელს, ვინაიდან ხარვეზის შევსების ბოლო დღე იყო შაბათი. ამდენად, კასატორს ხარვეზი 01.04.2024 წლის ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის. კასატორის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია (იხ.: სატელეფონო აქტი, ტ.2, ს.ფ. 48).

11. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1207-2023, 01.11.2023წ.; №ას-802-2023, 30.10.2023წ.).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ი.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე