Facebook Twitter

საქმე №ას-1200-2020 11 მაისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „დ.კ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.ს.კ–ია“ (მოსარჩელე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „თ.ს.კ–ია“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ.კ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.07.2020 წლის განჩინება

I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კაბელის გატარების ღირებულებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება, უძრავი ქონების იჯარით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „თ.ს.კ–იამ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „მეორე კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „დ.კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „პირველი კასატორი“) მიმართ და მოითხოვა:

1.1. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 28.12.2007 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ №კ-4/05-07 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდზე (28.12.2007 წლიდან - 28.12.2017 წლის ჩათვლით პერიოდის გადასახადი) ასანაზღაურებელი კაბელის გატარების საფასურის - 57305,17 ლარის, ხელშეკრულების შეწყვეტიდან ფაქტობრივი სარგებლობისათვის და 29.12.2017 წლის ხელშეკრულების საფუძველზე კაბელის გატარების საფასურის 01.01.2019 წლამდე (29.12.2017 წლიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდის გადასახადი) 237 096,77 ლარისა და 01.01.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე კაბელის გატარების საფასურის - ყოველთვიურად 19 600 ლარის გადახდის დაკისრება;

1.2. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 28.12.2007 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ №კ-4/05-07 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 93 354,06 ლარის, ხოლო ფაქტობრივად სარგებლობის პერიოდზე (29.12.2017 წლიდან - 18.01.2019 წლის ჩათვლით (2018 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდის დავალიანებაზე დარიცხული)) 200 564,98 ლარისა და 19.01.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 0,5%-ის - 98 ლარის გადახდის დაკისრება;

1.3. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 05.05.2009 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ №01/2-9/2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 01.01.2019 წლამდე (2018 წლის დეკემბრის ჩათვლით გადასახადი) ასანაზღაურებელი კაბელის გატარების საფასურის 463 287,71 ლარისა და 01.01.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდზე კაბელის გატარების საფასურის ყოველთვიურად 30 843,68 ლარის გადახდის დაკისრება;

1.4. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 05.05.2009 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ №01/2-9/2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 18.01.2019 წლის ჩათვლით პერიოდზე (2018 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდის დავალიანებაზე დარიცხული), პირგასამტეხლოს 464 800,31 ლარისა და 19.01.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 0,5%-ის - 154,22 ლარის გადახდის დაკისრება;

1.5. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 28.12.2007 წლის უძრავი ქონების იჯარით გაცემის შესახებ №ი-02/10-07 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფაქტობრივი ფლობისათვის 14.06.2018 წლის ჩათვლით პერიოდზე საიჯარო ქირის 5075 ლარის, 15.06.2018 წლიდან - 01.01.2019 წლამდე (2018 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდის დავალიანება) – 42 858,67 ლარისა და 01.01.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური საიჯარო ქირის 6 560 ლარის გადახდის დაკისრება;

1.6. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იჯარის საგნის ფაქტობრივად სარგებლობისათვის 07.05.2018 წლიდან 18.01.2019 წლის ჩათვლით პერიოდზე პირგასამტეხლოს (2018 წლის 07 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით პერიოდის დავალიანებაზე დარიცხული) 1 095,35 ლარის, 15.06.2018 წლიდან - 18.01.2019 წლის ჩათვლით პერიოდზე (15 ივნისიდან 2018 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდის დავალიანებაზე) – 4027,40 ლარისა და 19.01.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 6,56 ლარის გადახდის დაკისრება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.04.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

2.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 28.12.2007 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ №კ-4/05-07 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდზე (28.12.2007 წლიდან - 28.12.2017 წლის ჩათვლით პერიოდის გადასახადი) ასანაზღაურებელი კაბელის გატარების საფასურის 23580,97 ლარის, ხელშეკრულების შეწყვეტიდან ფაქტობრივი სარგებლობისათვის და 29.12.2017 წლის ხელშეკრულების საფუძველზე კაბელის გატარების საფასურის 01.01.2019 წლამდე (29.12.2017 წლიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდის გადასახადი) 237 096,77 ლარისა და 01.01.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე კაბელის გატარების საფასურის ყოველთვიურად 19 600 ლარის გადახდა;

2.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 28.12.2007 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ №კ-4/05-07 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 4692,42 ლარის, 29.12.2017 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 20056,49 ლარისა და 19.01.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 9,80 ლარის გადახდა;

2.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 05.05.2009 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ №01/2-9/2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 01.01.2019 წლამდე (2018 წლის დეკემბრის ჩათვლით გადასახადი) ასანაზღაურებელი კაბელის გატარების საფასურის 386 427,24 ლარისა და 01.01.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდზე კაბელის გატარების საფასურის ყოველთვიურად 30 843,68 ლარის გადახდა;

2.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 05.05.2009 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ №01/2-9/2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 18.01.2019 წლის ჩათვლით პერიოდზე (2018 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდის დავალიანებაზე დარიცხული), პირგასამტეხლოს 46480 ლარისა და 19.01.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 15,42 ლარის გადახდა;

2.5. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 28.12.2007 წლის უძრავი ქონების იჯარით გაცემის შესახებ №ი-02/10-07 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფაქტობრივი ფლობისათვის 14.06.2018 წლის ჩათვლით პერიოდზე საიჯარო ქირის 5075 ლარის, 15.06.2018 წლიდან - 01.01.2019 წლამდე პერიოდისათვის (2018 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდის დავალიანება) – 42 858,67 ლარისა და 01.01.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური საიჯარო ქირის 6 560 ლარის გადახდა.

2.6. მოსარჩელეს უარი ეთქვა 28.12.2007 წლის უძრავი ქონების იჯარით გაცემის შესახებ №ი-02/10-07 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

4. მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა:

4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მას დაეკისრა 29.12.2017 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 20 056,49 ლარისა და 19.01.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 9,80 ლარის გადახდა და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

4.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით 05.05.2009 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ №01/2-9/2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 46 480 ლარის ნაცვლად, 35 088,76 ლარით განსაზღვრა; ასევე - 19.01.2019 წლიდან ყოველდღიურად 15,42 ლარის გადახდის დაკისრება არა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, არამედ 05.05.2009 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ №01/2-9/2 ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე, 06.05.2019 წლამდე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.07.2020 წლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და მოპასუხის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

5.1. 28.12.2007 წელს შპს „თ.მ–სა“ (ამჟამინდელი შპს „თ.ს.კ–ია“) და მოპასუხეს შორის გაფორმდა №კ-4/05-07 ხელშეკრულება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა „თ.მ–ს“ გვირაბებსა და შენობა-ნაგებობებში მოპასუხის 15 მმ-მდე დიამეტრის მქონე ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზის გატარება მ/ს „ვარკეთილიდან“ მ/ს „ახმეტელის თეატრამდე“ და მ/ს „ვაგზლის მოედანი 2“-დან მ/ს „ვაჟა ფშაველამდე“ მონაკვეთის ორივე ხაზში.

5.2. ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად: 4.1. მოპასუხის მიერ „თ.მ–სათვის“ გადასახდელი საფასური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთი კილომეტრის გატარებისათვის, ქალაქ თბილისის მთავრობის 13.12.2006 წლის №0349.117 დადგენილების შესაბამისად, შეადგენს თვეში 100 ლარს დღგ-ს გარეშე; 4.2. აღნიშნული საფასურის გადახდა წარმოებს ყოველთვიურად, „თ.მ–ს“ მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, ანგარიშ-ფაქტურის მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მხარეებს შორის ანგარიშსწორება დაიწყება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ აქტის გაფორმების დღიდან; 4.3. თუ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასური არ იქნება გადახდილი წინამდებარე ხელშეკრულების 4.1. და 4.2. პუნქტების შესაბამისად, გადაუხდელ თანხას, გადახდისათვის დადგენილი თარიღიდან, დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით; ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 წლით, რომლის ათვლაც იწყება 28.12.2007 წელს და სრულდება 28.12.2017 წელს.

5.3. 05.05.2009 წელს შპს „თ.მ–სა“ (ამჟამინდელი შპს „თ.ს.კ–ია“) და მოპასუხეს შორის გაფორმდა №01/2-9/2 ხელშეკრულება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა „თ.მ–ს“ გვირაბებსა და შენობა-ნაგებობებში მოპასუხის 15 მმ-მდე დიამეტრის მქონე ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზის გატარება მ/ს „ვარკეთილიდან“ მ/ს „ახმეტელის თეატრამდე“ და მ/ს „ვაჟა ფშაველადან“ მ/ს „ვაგზლის მოედანი 2“-მდე მონაკვეთის ორივე ხაზში.

5.4. ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად: 4.1. მოპასუხის მიერ „თ.მ–სათვის“ გადასახდელი საფასური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთი კილომეტრის გატარებისათვის, ქალაქ თბილისის მთავრობის 13.12.2006 წლის №0349.117 დადგენილების შესაბამისად, შეადგენს თვეში 100 ლარს დღგ-ს გარეშე; 4.2. აღნიშნული საფასურის გადახდა წარმოებს ყოველთვიურად, „თ.მ–ს“ მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, ანგარიშ-ფაქტურის მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მხარეებს შორის ანგარიშსწორება დაიწყება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ აქტის გაფორმების დღიდან; 4.3. თუ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასური არ იქნება გადახდილი წინამდებარე ხელშეკრულების 4.1. და 4.2. პუნქტების შესაბამისად, გადაუხდელ თანხას, გადახდისათვის დადგენილი თარიღიდან, დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 წლით, რომლის ათვლაც იწყება 05.05.2009 წელს და სრულდება 06.05.2019 წელს.

5.5. 28.12.2007 წელს შპს „თ.მ–სა“ (ამჟამინდელი შპს „თ.ს.კ–ია“) და მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება უძრავი ქონების იჯარით გაცემის შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 10 წლის ვადით მოპასუხისათვის შპს „თ.მ–ს“ ბალანსზე რიცხული 164 კვ.მ ფართობის გადაცემა. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, წლიური საიჯარო ქირის ოდენობა შეადგენს შპს „თ.მ–ს“ ბალანსზე რიცხულ 164 კვ.მ ფართობზე 40 500 ლარს დღგ-ს ჩათვლით, რომელიც ყოველთვიურად შეადგენს 3 375 ლარს. ამავე ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, 3.4. პუნქტით (საიჯარო ქირა და ანგარიშსწორება) გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის ან/და არასათანადო შესრულების შემთხვევაში მოიჯარე ვალდებულია გადაუხადოს მეიჯარეს გადასახდელი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

5.6. შპს „თ.მ–მ“ შეიცვალა საფირმო სახელწოდება და ამჟამად მისი სახელწოდებაა შპს „თ.ს.კ–ია“.

5.7. ქალაქ თბილისის მთავრობის 13.12.2006 წლის №0349.117 დადგენილებით დამტკიცდა შპს „თ.მ–სათვის“ (ამჟამად შპს „თ.ს.კ–ია“) საწარმო ნაგებობებსა და გვირაბებში 1 კმ ოპტიკური და/ან სპილენძის კაბელის გატარებისა და ფიჭური კავშირგაბმულობის განხორციელების საფასური, რომელმაც 15 მმ-მდე კაბელის დიამეტრის შემთხვევაში შეადგინა თვეში 100 ლარი (დღგ-ს გარეშე). ქალაქ თბილისის მთავრობის 21.10.2011 წლის №29.15.1149 დადგენილებით დამტკიცდა მოსარჩელის შენობა-ნაგებობებსა და გვირაბებში 1 კმ ოპტიკური და/ან სპილენძის კაბელის გატარების საფასური, რომელმაც 15 მმ-მდე კაბელის დიამეტრის შემთხვევაში შეადგინა თვეში 150 ლარი (დღგ-ს გარეშე). აღნიშნული დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქალაქ თბილისის მთავრობის 13.12.2006 წლის №0349.117 დადგენილება.

5.8. ზემოთ აღნიშნული დადგენილებებისა და განკარგულების შესაბამისად, მხარეთა შორის პერიოდულად ფორმდებოდა შეთანხმებები ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ.

5.9. ქალაქ თბილისის მთავრობის 21.06.2017 წლის №22.12.440 განკარგულებით დამტკიცდა მოსარჩელის საწარმო ნაგებობებსა და გვირაბებში 1 კმ ოპტიკური და/ან სპილენძის კაბელის გატარების საფასური, რომელმაც 15 მმ-მდე კაბელის დიამეტრის შემთხვევაში შეადგინა თვეში 280 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტის (მეტროს) თითოეულ სადგურში ფიჭური კავშირგაბმულობის განხორციელების საფასურმა - თვეში 420 ლარი (დღგ-ს ჩათვლით). აღნიშნული განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქალაქ თბილისის მთავრობის 21.10.2011 წლის №29.15.1149 დადგენილება.

5.10. ზემოაღნიშნული განკარგულების შესაბამისად, მოსარჩელის გენერალურ დირექტორს დაევალა ამ განკარგულების გამოცემამდე გაფორმებულ მოსარჩელის შენობა-ნაგებობებსა და გვირაბებში 1 კვ.მ ოპტიკური ან/და სპილენძის კაბელის გატარებასა და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტის სადგურებში ფიჭური კავშირგაბმულობის განხორციელებასთან (შესაბამისი აპარატურის განთავსება) დაკავშირებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა დადგენილი წესით. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და გაუგზავნა შეთანხმებები ხელმოწერის მიზნით, თუმცა მოპასუხის მხრიდან სარჩელის შეტანამდე რეაგირება არ მომხდარა.

5.11. 28.12.2007 წლის №კ-4/05-07 ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ მხარეთა შორის ხელშეკრულების ვადის გასვლიდან მეორე დღეს 29.12.2017 წელს დაიდო ახალი ხელშეკრულება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ. ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად: 2.1. მოპასუხის მიერ კომპანიისათვის გადასახდელი საფასური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთი კილომეტრის გატარებისათვის განისაზღვრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 21.06.2017 წლის №22.12.440 განკარგულების შესაბამისად და შეადგენს თვეში 280 ლარს, დღგ-ს გარეშე. მხარეთა შეთანხმებით, აღნიშნული საფასურის გადახდა წარმოებს ყოველთვიურად, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, ანგარიშ-ფაქტურის მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 2.6. პუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილი წესით საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადასახდელ თანხას გადახდისათვის დადგენილი თარიღიდან, დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით; ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 1 წლის ვადით, 29.12.2018 წლამდე.

5.12. მოპასუხემ დაარღვია მასსა და მოსარჩელეს შორის 28.12.2007 წლის, 29.12.2017 წლის, 05.05.2009 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულებებითა და 28.12.2007 წლის იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებები.

5.13. მოპასუხე საიჯარო ქირას იხდიდა ვადაგადაცილებით, რის გამოც დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ განსაზღვრულია შემდეგი ოდენობით: 1) 28.12.2007 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 150659,23 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 57305,17 ლარი და პირგასამტეხლო 93354,06 ლარი; 2) 29.12.2017 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 437661,75 ლარს, საიდანაც საიჯარო ქირის დავალიანებაა 237096,77 ლარი და პირგასამტეხლო 200564,98 ლარი; 3) 05.05.2009 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 928088,02 ლარს, საიდანაც საიჯარო ქირის დავალიანებაა 463287,71 ლარი და პირგასამტეხლო 464800,31 ლარი; 4) 28.12.2007 წლის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 5122,75 ლარს.

5.14. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული 28.12.2007 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულება, 29.12.2017 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულება და 28.12.2007 წლის იჯარის ხელშეკრულება შეწყდა მოქმედების ვადის გასვლის გამო, თუმცა მოპასუხე დღემდე აგრძელებს საიჯარო ქონებით სარგებლობას.

5.15. მოპასუხეს 28.12.2007 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით გადახდილი აქვს აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის თვის საიჯარო ქირა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით - თვეში 12 390 ლარის ოდენობით. იგივე პერიოდს მოიცავს 05.05.2009 წლის ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულება, კერძოდ, მოპასუხეს გადახდილი აქვს 2017 წლის აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის თვის საფასური თვეში 19497,61 ლარის ოდენობით და 2017 წლის ნოემბრის თვიდან ვალდებულება არ შეუსრულებია. რაც შეეხება 28.12.2007 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მოპასუხეს გადასახდელი აქვს 2017 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვის საფასური.

5.16. მოსარჩელე 28.12.2007 წლისა და 05.05.2009 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულებების ფარგლებში საიჯარო საფასურის ღირებულებას 2017 წლის აგვისტოს თვიდან ითხოვს გაზრდილი სახით, ქალაქ თბილისის მთავრობის 21.06.2017 წლის №22.12.440 განკარგულების საფუძველზე. მოსარჩელე სადავო პერიოდზე 28.12.2007 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი თანხებისა და გაზრდილი საიჯარო ქირის გათვალისწინებით ითხოვს 57 305,17 ლარს, რაც შედგება ნოემბრისა და დეკემბრის თვის გაზრდილი საიჯარო ქირისა და 2017 წლის აგვისტოს თვიდან ოქტომბრის თვემდე გადახდილი თანხებისა და გაზრდილი საიჯარო ქირის სხვაობებისგან. რაც შეეხება 05.05.2009 წლის ხელშეკრულებას, მოსარჩელე სადავო პერიოდზე (2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის თებერვლამდე) გადახდილი თანხებისა და გაზრდილი საიჯარო ქირის გათვალისწინებით ითხოვს 154850,91 ლარს, რაც შედგება 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მარტის თვემდე გაზრდილი საიჯარო ქირისა და 2017 წლის აგვისტოს თვიდან ოქტომბრის თვემდე გადახდილი თანხებისა და გაზრდილი საიჯარო ქირის სხვაობებისგან.

5.17. 28.12.2007 წლის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისათვის გადაცემული საიჯარო ფართით სარგებლობის საფასური 15.06.2018 წლიდან შეადგენს 6560 ლარს.

5.18. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო 28.12.2007 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ №კ-4/05-07 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდზე (28.12.2007 წლიდან 28.12.2017 წლის ჩათვლით პერიოდის გადასახადი) ასანაზღაურებელი კაბელის გატარების საფასურის 23580,97 ლარის, 29.12.2017 წლის ხელშეკრულების საფუძველზე კაბელის გატარების საფასურის 01.01.2019 წლამდე (29.12.2017 წლიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდის გადასახადი) 237 096,77 ლარისა და 01.01.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე კაბელის გატარების საფასურის (ქონების დაყოვნებისათვის) ყოველთვიურად 19 600 ლარის დაკისრების ნაწილში. ასევე, 05.05.2009 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ №01/2-9/2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 01.01.2019 წლამდე (2018 წლის დეკემბრის ჩათვლით გადასახადი) ასანაზღაურებელი კაბელის გატარების საფასურის 386 427,24 ლარისა და 01.01.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდზე კაბელის გატარების საფასურის (ქონების დაყოვნებისათვის) ყოველთვიურად 30 843,68 ლარის დაკისრების ნაწილში. ხოლო, 28.12.2007 წლის უძრავი ქონების იჯარით გაცემის შესახებ №ი-02/10-07 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფაქტობრივი ფლობისათვის (ქონების დაყოვნებისათვის) 14.06.2018 წლის ჩათვლით პერიოდზე საიჯარო ქირის 5075 ლარის, 15.06.2018 წლიდან - 01.01.2019 წლამდე პერიოდისათვის (2018 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდის დავალიანება) – 42 858,67 ლარისა და 01.01.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური საიჯარო ქირის 6 560 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხის წარმომადგენლის მიერ სარჩელის ცნობამ მითითებული ოდენობით თანხის დაკისრების ნაწილში, განაპირობა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

5.19. დადგენილია, რომ მოპასუხე დღემდე სარგებლობს 29.12.2017 წლის, 05.05.2009 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულებებისა და 28.12.2007 წლის იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემული ქონებით. 29.12.2017 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულებისა და 28.12.2007 წლის იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის მიუხედავად, მოსარჩელეს ქონება არ დაბრუნებია. მხარეებს შორის წარმოშობილია იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 581-ე, 591-ე, 567-ე მუხლებით. პალატის შეფასებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არსებობდა მოპასუხისთვის ქონების დაყოვნებისათვის საიჯარო ქირის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა ქონების დაყოვნებისათვის დადგენილი ქირის სახით 19600 ლარისა და 30 843,68 ლარის (ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ გათვალისწინებული პერიოდისათვის) გადახდა, 01.01.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს აგრეთვე მოსარჩელის კუთვნილი 164 კვ.მ უძრავი ქონების დაყოვნებისათვის 14.06.2018 წლის ჩათვლით პერიოდზე 5075 ლარის, 15.06.2018 წლიდან 01.01.2019 წლამდე პერიოდისათვის 42 858,67 ლარისა და 01.01.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე 6 560 ლარის გადახდა.

5.20. მოპასუხისათვის 28.12.2007 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის აგვისტოდან 28.12.2017 წლამდე პერიოდისათვის გაზრდილი საიჯარო ქირის (19600 ლარის) და 05.05.2009 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის თებერვლამდე პერიოდისათვის გაზრდილი საიჯარო ქირის (30 843,68 ლარის) თანხის დაკისრებაზე უარის თქმის დასაბუთების ნაწილში საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად განმარტა, რომ მხარეთა შორის სადავოა 28.12.2007 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 33 724,2 ლარისა (57305,17-23580,97) და 05.05.2009 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში (2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდზე) 76 860,47 ლარის დაკისრების საკითხი. ამ მოთხოვნის საპირისპიროდ მოპასუხე აპელირებს ხელშეკრულების პირობებზე, როგორც საიჯარო თანხის სადავო პერიოდზე ყოველთვიურად 16900 ლარისა და 30 843,68 ლარის ანაზღაურების გამომრიცხველ გარემოებაზე. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებებში შეტანილია ცვლილება და ცვლილების შეტანის საფუძვლად უთითებს მოპასუხისათვის ცვლილებების შეტანის თაობაზე ხელშეკრულების ჩაბარებასა და ამ უკანასკნელის მიერ ქირავნობის საგნის დაუბრუნებლობას. მოსარჩელის განმარტებით, ეს გარემოება ადასტურებს სადავო პერიოდში ახალი ტარიფით ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელებას.

5.21. დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს ხელშეკრულების ფასში შეტანილია თუ არა ცვლილებები 01.08.2017 წლიდან. საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 28.12.2007 წლისა და 05.05.2009 წლის ხელშეკრულებებში 2017 წლის აგვისტოდან შეტანილია ცვლილებები და საიჯარო ქირის ფასი გაიზარდა, ხოლო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის საფუძველს წარმოადგენს მოპასუხისათვის ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმების გადაცემა. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, 28.12.2007 წლის №კ-4/05-07 ხელშეკრულების 9.2 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებაში ცვლილება შესაძლებელია მხარეთა შეთანხმებით, რომელიც ფორმდება წერილობითი სახით და მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის შემდეგ წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 21.06.2017 წლის განკარგულებით ტარიფების ცვლილება კაბელის გატარებისათვის ავტომატურად არ იწვევს ხელშეკრულების პირობების ცვლილებას. მოსარჩელეს ტარიფების ცვლილებების შესახებ მოპასუხისათვის 2017 წლის აგვისტოში არ უცნობებია. ამ ფაქტს ადასტურებს მათ შორის მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებიც. შესაბამისად, მოპასუხე თანახმაა 29.12.2017 წლიდან მოსარჩელესთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ახალი ტარიფებით მოახდინოს ანგარიშსწორება, მხარეებს შორის შეთანხმებული პირობებით, ხოლო რაც შეეხება 2017 წლის აგვისტოდან 28.12.2017 წლის ჩათვლით პერიოდზე, ვინაიდან ხელშეკრულების პირობების ცვლილება არ განხორციელებულა, დარჩენილი დავალიანება (ნოემბერი, დეკემბერი) უნდა აანაზღაუროს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. 05.05.2009 წლის №01/2-9/2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ნაწილში მოპასუხე განმარტავს, რომ, რადგან არც ამ შემთხვევაში უცნობებია მოსარჩელეს 2017 წლის აგვისტოს თვეში ტარიფების ცვლილებების შესახებ, იგი თანახმაა, 01.03.2018 წლიდან (მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების ცვლილებებზე ხელმოწერის თარიღი) ახალი ტარიფებით მოახდინოს ანგარიშსწორება, მხარეებს შორის შეთანხმებული პირობებით, ხოლო რაც შეეხება 2017 წლის აგვისტოდან 01.03.2018 წლამდე ჩათვლით პერიოდს, ვინაიდან ხელშეკრულების პირობების ცვლილება არ განხორციელებულა, დარჩენილი დავალიანება (ნოემბერი-თებერვალი) უნდა ანაზღაურდეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მითითებული ხელშეკრულებების 9.2. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებაში ცვლილება შესაძლებელია მხარეთა შეთანხმებით, რომელიც ფორმდება წერილობითი სახით და მხარეთა მიერ ხელმოწერის შემდეგ წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

5.22. სსკ-ის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. მხარეთა შეთანხმების შედეგად მიღებულ დოკუმენტში პირობების/დათქმების დაზუსტება შესაძლებელია ამავე მხარეების შეთანხმების გზით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არ არის 28.12.2007 წლის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მხარეთა შორის ხელმოწერილი შეთანხმება. მოპასუხემ სადავო გახადა მითითებულ პერიოდში (2017 წლის აგვისტოდან 28.12.2017 წლამდე - ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე) საიჯარო ქირის გაზრდის ფაქტი. მოპასუხემ სადავო გახადა 05.05.2009 წლის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის ფაქტიც, 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის მარტის თვემდე. სსკ-ის 398-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესების დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელეს, რომ სადავო პერიოდში ხელშეკრულებაში ცვლილება შეეტანა. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეს 2017 წლის აგვისტოს თვეშივე ჩაბარდა წერილი, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას, არ ცვლის სარჩელის ბედს სადავო პერიოდზე გაზრდილი ტარიფით ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ აქვს ვალდებულება სადავო პერიოდზე გაზრდილი ქირა გადაუხადოს მოსარჩელეს, რაც ამ უკანასკნელის მიერ შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებაზე უარის თქმის პირობებში, მოპასუხის მართლზომიერ ქმედებად განიხილება, თუმცა, მოსარჩელე კვლავ რჩება სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოპასუხესთან.

5.23. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავო პერიოდზე 28.12.2007 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი თანხებისა და გაზრდილი საიჯარო ქირის გათვალისწინებით ითხოვს 57 305,17 ლარს, რაც შედგება ნოემბრისა და დეკემბრის თვის გაზრდილი საიჯარო ქირისა და აგვისტოს თვიდან ოქტომბრის თვემდე გადახდილი თანხებისა და გაზრდილი საიჯარო ქირის სხვაობებისგან. თუმცა ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სადავო პერიოდზე ხელშეკრულებით განსაზღვრული ღირებულების გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 23 580,97 ლარს (ნოემბრისა და დეკემბრის თვეში 28 დღის საფასური); რაც შეეხება 05.05.2009 წლის ხელშეკრულებას, მოსარჩელე სადავო პერიოდზე (2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის თებერვლამდე) გადახდილი თანხებისა და გაზრდილი საიჯარო ქირის გათვალისწინებით ითხოვს 154850,91 ლარს, რაც შედგება 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მარტის თვემდე გაზრდილი საიჯარო ქირისა და აგვისტოს თვიდან ოქტომბრის თვემდე გადახდილი თანხებისა და გაზრდილი საიჯარო ქირის სხვაობებისგან. თუმცა ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო პერიოდზე ხელშეკრულებით განსაზღვრული ღირებულების გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 77 990,44 ლარს (იხ. მხარეთა მიერ წარმოდგენილი გადასახდელი თანხების ცხრილი). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 28.12.2007 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 33 724,2 ლარის (57305,17-23580,97) ნაწილში, ხოლო 05.05.2009 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 76 860,47 ლარის ნაწილში მოკლებულია ლეგიტიმურ საფუძველს და უარი უნდა ეთქვას აღნიშნული ოდენობით საიჯარო ქირის დაკისრებაზე.

5.24. რაც შეეხება მოპასუხისთვის 28.12.2007 წლის, 29.12.2017 წლის, 05.05.2009 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე მოთხოვნას, სასამართლომ მიუთითა, რომ ამ ხელშეკრულებებით შეთანხმებულია პირგასამტეხლო საიჯარო ქირის გადახდის ვადის გადაცილებისათვის. მოპასუხემ დაარღვია იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გადააცილა საიჯარო ქირის გადახდის ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა (სსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლები). ამასთან, საქალაქო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირდეს, სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად. მოსარჩელე მოპასუხის მიერ ქირის თანხის ვადაგადაცილებით გადახდის გამო პირგასამტეხლოს სახით ითხოვს სარჩელის შემოტანის დროისათვის 28.12.2007 წლის №კ-4/05-07 ხელშეკრულებაზე 93 354,06 ლარის, 29.12.2017 წლის ხელშეკრულებაზე 200 564,98 ლარის, 05.05.2009 წლის ხელშეკრულებაზე 464 800,31 ლარისა და სარჩელის შემოტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე საიჯარო ქირის (19600 ლარისა და 30 843,68 ლარის) 0,5%-ის დაკისრებას მოპასუხისათვის. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს არაგონივრულ და შეუსაბამოდ მაღალ მოთხოვნას. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს შემცირებული სახით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს: 1) 28.12.2007 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ №კ-4/05-07 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 4692,42 ლარის გადახდა; 2) 29.12.2017 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 20056,49 ლარისა და 19.01.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 9,80 ლარის გადახდა; 3) 05.05.2009 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ №01/2-9/2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 18.01.2019 წლის ჩათვლით პერიოდზე (2018 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდის დავალიანებაზე დარიცხული), პირგასამტეხლოს 46480 ლარისა და 19.01.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 15,42 ლარის გადახდა.

5.25. მოპასუხისათვის 28.12.2007 წლის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე არსებულ მოთხოვნასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხარეებს შორის არ არსებობდა შეთანხმება ქონების დადგენილ დროში დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, მაშინ, როდესაც სსკ-ის 419-ე მუხლი იმპერატიულად მოითხოვს ასეთი შეთანხმების არსებობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სწორად ეთქვა უარი 28.12.2007 წლის უძრავი ქონების იჯარით გაცემის შესახებ №ი-02/10-07 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.

პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შესაბამის ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი).

მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.

12. მოსარჩელე (მეორე კასატორი) საკასაციო საჩივრით ასაჩივრებს 28.12.2007 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის აგვისტოდან 28.12.2017 წლამდე პერიოდისათვის და 05.05.2009 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის თებერვლამდე პერიოდისათვის მოპასუხისთვის გაზრდილი საიჯარო ქირის დაკისრებაზე უარის თქმის კანონიერებას (ტ.1, ს.ფ.433-434; 437-440). მისი მოსაზრებით, აღნიშნულ ხელშეკრულებებში ცვლილება შევიდა/საიჯარო ქირა გაიზარდა 2017 წლის აგვისტოდან, რასაც მოპასუხე არ ეთანხმება.

13. სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რომელსაც აღნიშნული ნორმა განამტკიცებს, მოიცავს, როგორც თავისუფალი კონტრაჰირების, ისე ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმების თავისუფლებას (სსკ-ის 319-ე და 327-ე მუხლები). სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. საიჯარო ქირა წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულების არსებით პირობას. მხარეთა შორის გაფორმებული 28.12.2007 წლისა და 05.05.2009 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულებების მე-4 პუნქტით დასტურდება, რომ მხარეებმა აღნიშნული პირობა შეათანხმეს. ამავე ხელშეკრულებების 9.2. პუნქტით მათვე განსაზღვრეს, რომ ხელშეკრულებაში ცვლილება შესაძლებელია მხარეთა შეთანხმებით, რომელიც ფორმდება წერილობითი სახით და მხარეთა მიერ ხელმოწერის შემდეგ წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (ტ.1, ს.ფ. 27-29; 32-34). მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არ არის 28.12.2007 წლისა და 05.05.2009 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულებებში სადავო პერიოდში ცვლილებების შეტანის თაობაზე მხარეთა შორის ხელმოწერილი შეთანხმება. ამრიგად, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, რომ 28.12.2007 წლისა და 05.05.2009 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების შესახებ ხელშეკრულებებში 2017 წლის აგვისტოდან საიჯარო ქირის გაზრდის შესახებ ცვლილებების შეტანა არ დასტურდება, რის გამოც მოპასუხეს არ აქვს სადავო პერიოდზე გაზრდილი ქირის გადახდის ვალდებულება. საწინააღმდეგოს ვერ ადასტურებს 2017 წლის აგვისტოში მოპასუხისათვის ცვლილებების შეტანის თაობაზე მიმართვა.

14. რაც შეეხება მოპასუხეზე დაკისრებულ პირგასამტეხლოს, მოსარჩელე საკასაციო საჩივრით პრეტენზიას აცხადებს სასამართლოს მიერ მის შემცირებაზე, მოპასუხე (პირველი კასატორი) კი, თავის მხრივ, საკასაციო საჩივრით არ ეთანხმება გასაჩივრებულ ნაწილში დაკისრებულ პირგასამტეხლოს.

15. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთი ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ; სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).

17. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

18. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ადეკვატური და გონივრულია.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

20. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებელია და კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „დ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „თ.ს.კ–იის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

3. შპს „დ.კ–ს“ (ს/ნ: ......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2404,65 ლარის (საგადახდო დავალება №1611906012, გადახდის თარიღი 29.01.2021წ.) 70% – 1683.25 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. შპს „თ.ს.კ–იას“ (ს/ნ: .........) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის (საგადასახადო დავალება №1598446734, გადახდის თარიღი 26.08.2020წ.) 70% – 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია