საქმე №ას-1497-2022 22 მარტი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.მ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ლ.მ–ძე (შემდგომ - მოსარჩელე, დასაქმებული, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს ზეგანაკვეთური 2944 სამუშაო საათის ანაზღაურება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის 30 ივნისამდე მძღოლად მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამსახურებრივი ვალდებულებების გარდა, შეასრულა ზეგანაკვეთური სამუშაო, რაც გამოიწვია სამსახურში არსებულმა მორიგეობის განრიგმა.
3. მოსარჩელის მითითებით, მუშაობის პერიოდში შეასრულა 23 მორიგეობა. 1 მორიგეობა მოიცავს კვირაში 7 დღეს, მასში შემავალი არასამუშაო დღეების ჩათვლით, ანუ მოსარჩელე მუშაობდა შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებულ 40 საათს და პლუს არასამუშაო საათებსა და დღეებს, კვირაში 7 დღეს - 24 საათს, ჯამურად 168 საათს, საიდანაც 40 იყო სამუშაო საათი და 128 არასამუშაო - ანუ ზეგანაკვეთური.
4. 2017 წლის 5 ივნისს მოსარჩელემ მიმართა დამსაქმებელს ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც მას უარი ეთქვა.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას, რომ იგი მორიგეობების დროს 7 დღის განმავლობაში 24 საათი მუშაობდა.
6. მოპასუხის განმარტებით, ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მორიგეობის გრაფიკში იყო გათვალისწინებული, არ გულისხმობს მის მიერ სამუშაოს შესრულებას, თუ მან ფაქტობრივად კონკრეტული სამუშაო არ შეასრულა. მოსარჩელე ვერ ადასტურებს ზეგანაკვეთურად მუშაობის ფაქტს, კერძოდ, მან წარადგინა ავტომობილის საგზურის ფურცლები, სადაც ფიქსირდება აღნიშნულ პერიოდებში მოპასუხის მიერ მორიგეობის შესრულების ფაქტი, თუმცა საგზურის ფურცლებში მითითებული არ არის კონკრეტულად რომელ საათებში შეასრულა მან სამუშაო.
7. ამასთან, მხარეებს შორის არ არსებობდა ზეგანაკვეთური სამუშაოს ფულადი ფორმით ანაზღაურების შესახებ შეთანხმებაც. შინაგანაწესის მიხედვით დასაქმებულს შეეძლო, მოეთხოვა დამატებითი დრო ზეგანაკვეთური სამუშაოს ნაცვლად, რაც დასაქმებულს არასდროს მოუთხოვია.
8. მოპასუხე შესაგებელში ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელემ შეასრულა ზეგანაკვეთური სამუშაო 86 საათი და 27 წუთი და არა 2944 საათი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ 12 502 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
10. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ (დამსაქმებელმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება დამსაქმებლის დავალების შესაბამისად. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ 23 სამორიგეო კვირის განმავლობაში, საიდანაც თითოეული მოიცავდა - 7 კალენდარულ დღეს, მოსარჩელემ 16 კვირაში იმუშავა - 7 დღე, 3 კვირაში - 5 დღე, 3 კვირაში - 6 დღე, 1 კვირაში - 3 დღე.
13. სასამართლოს მითითებით, GPS სისტემის ამონაწერებისა და საგზურის ფურცლების ურთიერთშეჯერების საფუძველზე ნამუშევარი საათების დადგენა ექსპერტიზის საფუძველზეც ვერ მოხერხდა, ამასთან, ვინაიდან მოპასუხეს დასაქმებულის სამუშაო დრო არ აღურიცხავს (რაც შრომის შინაგანაწესის 3.2. პუნქტით იყო გათვალისწინებული), გაზიარებული ვერ იქნება ამ უკანასკნელის მითითება იმის შესახებ, რომ 23 მორიგეობის მანძილზე მოსარჩელის ზეგანაკვეთურმა სამუშაო საათებმა სულ მხოლოდ 86 საათზე მცირედით მეტი შეადგინა.
14. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების კონკრეტული წესი და ოდენობა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს, მხარის უფლებას, შრომის კოდექსის საფუძველზე მოითხოვოს გაწეული ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება. ამასთან, დამატებით დასვენების უფლების გამოყენების შრომის შინაგანაწესის 3.1.6. პუნქტი ეხება ადვოკატებს და არა იმ პოზიციას, რომელზედაც დასაქმებული იყო მოსარჩელე.
15. სააპელაციო სასამართლოს განმატებით, დადგენილია, რომ მოსარჩელის შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 760 ლარს, რაც ნომირებული 40-საათიანი სამუშაო კვირის პირობებში, შეადგენს საათში 4.75 ლარს. ამასთან, სულ 23 მორიგეობის მანძილზე, მოსარჩელის მიერ ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დრო შეადგენს 2632 საათს (2048+240+312+32), რისი გათვალისწინებითაც, საათობრივი ტარიფის მიხედვით მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის ზეგანაკვეთური მუშაობისათვის კანონიერად დაეკისრა 12 502 ლარი, რისი გათვალისწინებით, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
კასატორის მოთხოვნა:
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ (დამსაქმებელმა) შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
17. კასატორის მითითებით, მორიგეობის გრაფიკი არ წარმოადგენს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებისთვის უტყუარ მტკიცებულებას. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ დასაქმებულის სამსახურში არასამუშაო დროს ყოფნა, არამედ, უნდა დგინდებოდეს მისი მხრიდან სამუშაოს შესრულების ფაქტი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებს მის მიერ ზეგანაკვეთურად სამუშაოს შესრულების ფაქტს, არამედ მასში მითითებულია მხოლოდ ის, რომ მოსარჩელე კონკრეტულ პერიოდში იყო მორიგე.
18. კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი ავტომობილის საგზურის ფურცლებით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა პერიოდში გადაადგილდებოდა მოსარჩელე, შესაბამისად, ამ დოკუმენტითაც მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას, ამტკიცოს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, წარმოდგენილი GPS ინფორმაციაც ასახავს ავტომობილის მუშაობის პერიოდსა და გადაადგილებას, რაც ასევე ვერ გამოდგება ზეგანაკვეთური ნამუშევარი პერიოდის გამოთვლის მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
19. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
23. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოების დასკვნებს ზეგანაკვეთური სამუშაოს მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-17 მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებისათვის უნდა ვლინდებოდეს ამავე ნომრის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები - სრულწლოვანი პირისათვის შესრულებული სამუშაო უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს.
24. პალატის მითითებით, ზეგანაკვეთური სამუშაო ნიშნავს სტანდარტულ სამუშაო კვირაზე მეტ სამუშაო დროს. უშუალოდ, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ანაზღაურების დამდგენი ნორმის კანონიერებაზე მსჯელობამდე, უპირველესად, არსებითი მნიშვნელობისაა დასაქმებულის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისა და იმის განსაზღვრა, ფაქტობრივად დასაქმებულმა ზეგანაკვეთურად რამდენ ხანს იმუშავა. დავის წარმოშობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება დასაქმებულს, როგორც მოსარჩელე მხარეს. მან დეტალურად უნდა მიაწოდოს სასამართლოს ინფორმაცია, თუ სამუშაო პერიოდის განმავლობაში, რომელ დღეებში და დღის რომელ მონაკვეთში, რამდენი ხნით მუშაობდა ზეგანაკვეთურად. ამასთანავე, უნდა იყოს მითითება იმაზე, რომ ზეგანაკვეთურად მუშაობა მას დაავალა დამსაქმებელმა ან არსებობდა კონკლუდენტური თანხმობა, დასაქმებულს დაეთმო ზედმეტი საათები მიმდინარე სამუშაოს შესრულებისათვის, რაც მას ხელშეკრულების თანახმად ევალებოდა (ქავთარაძე სალომე, ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულირება ქართული და გერმანული სამართლის მიხედვით, შრომის სამართალი (სტატიათა კრებული), II, 2013, გვ 112).
25. მოცემულ შემთხვევაში, დასაქმებულის სარჩელის მიხედვით, მორიგეობა მოიცავდა კვირაში 7 დღეს, მასში შემავალი არასამუშაო დღეების ჩათვლით, ასევე, არასამუშაო საათებსა და დღეებს, კვირაში 7 დღე - 24 საათი, ჯამში 168 საათი, საიდანაც, 40 საათი იყო სამუშაო და 128 საათი არასამუშაო, ანუ ზეგანაკვეთური, რაც 23 მორიგეობის გათვალისწინებით ჯამში - 2944 ზეგანაკვეთური სამუშაო საათია. აღნიშნულს კასატორი სადავოდ ხდის და მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებს მის მიერ ზეგანაკვეთურად სამუშაოს შესრულების ფაქტს.
26. საკასაციო პალატა კასატორის საკასაციო პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ 2015 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის 30 ივნისამდე, მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე ორგანიზაციაში მძღოლის თანამდებობაზე. დასაქმებულის უფლება-მოვალეობა განისაზღვრა შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის შინაგანაწესით. შრომითი ხელშეკრულების მე-4 პუნქტის მიხედვით სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შესვენების დრო და შვებულება განისაზღვრება შრომის შინაგანაწესით, რომლის 3.1.1. პუნქტის მიხედვით სამსახურის სამუშაო საათებია 10:00-დან 18:00-მდე, თანამშრომელთა სამუშაო დრო განისაზღვრება 5 დღიანი სამუშაო კვირით.
27. შრომითი ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო დროულად უზრუნველეყო ბიუროში დასაქმებულ ადვოკატთა გადაადგილება ბიუროს უფროსის მიერ დაწესებულ დროსა და ადგილას; აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს ადვოკატთა გადაადგილება, თუ ამას მოითხოვს ბიუროს უფროსი. ამასთან, საქმის მასალების თამახმად, ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ადვოკატის ავტომანქანით გადაადგილების უზრუნველსაყოფად, იურიდიული დახმარების ბიუროში მოქმედი მორიგეობების გრაფიკები შედგენილი იყო ბიუროს მძღოლებისთვისაც. უდავოა, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის განმავლობაში მოსარჩელე ჩართული იყო 23 მორიგეობაში.
28. საქმეში წარმოდგენილია მოპასუხე ბიუროს უფროსის მიერ ელექტრონულად მიწოდებული მორიგეობის გრაფიკი (სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ არასამუშაო საათებში მორიგეს წარმოადგენდა მოსარჩელე), ასევე, 23 სამორიგეო კვირის განმავლობაში შესრულებული მარშუტების საგზურის ფურცლები, რომლებითაც ფიქსირდება საგზურის ფურცლის მოქმედების პერიოდში ავტომობილის გადაადგილება, ადვოკატის დანიშნულების სხვადასხვა ადგილზე გადაყვანის, ავტომანქანის გამართულობისა თუ დასუფთავების მიზნით. აღნიშნული საგზაო ფურცლების საუძველზე დგინდება, რომ 23 სამორიგეო კვირის განმავლობაში, საიდანაც თითოეული მოიცავდა - 7 კალენდარულ დღეს, მოსარჩელემ 16 კვირა იმუშავა 7 დღე, 3 კვირა - 5 დღე, 3 კვირა - 6 დღე, 1 კვირა - 3 დღე. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული მტკიცებულება გამოთხოვილია თავად მოპასუხე ორგანიზაციიდან. აღნიშნული საგზურის ფურცლები, გარდა ცალკეული, რამდენიმე ერთეულისა, მძღოლთან ერთად, ხელმოწერით დადასტურებულია ბიუროს/განყოფილების უფროსის მიერ. ამასთან, იმ დოკუმენტებშიც, რომლებზედაც ბიუროს ხელმძღვანელის ხელმოწერა არ არის, დანარჩენების ანალოგიურად, ადვოკატის გრაფაში ფიქსირდება იმ ადვოკატების ხელმოწერა, რომელთა ტრანსპორტირებაც იქნა უზრუნველყოფილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მასში ასახული მონაცემების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
29. პალატა მიუთითებს, რომ განვლილი მარშრუტების შესაბამისად, კონკრეტული საათების რაოდენობა, რასაც მიიჩნევს მოპასუხე სამუშაოს შესრულების დროდ, საქმის მასალებით არ დგინდება. აღსანიშნავია, რომ ამ გარემოების დადგენის მიზნით საქმეზე ჩატარდა ექსპერტიზა (ამისათვის გამოთხოვილ იქნა კომპანია ,,I GPS-სგან“ ავტომობილის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია (მასში მითითებულია ავტომობილის რეისები, გაჩერება, პარკინგი და სიჩქარის გადაჭარბება (კომპანია ,,I GPS-ს“ მითითებით, სხვა პერიოდის მონაცემები ავტომატურად წაშლილია სერვერზე)) თუმცა, ექსპერტის მითითებით, საქმეში წარდგენილი მასალებით სრულყოფილი საექსპერტო კვლევა ვერ მოხერხდა, რის გამოც დასმულ კითხვას პასუხი ვერ გაეცა. ნიშანდობლივია, რომ დასაქმებულმა განცხადებით მიმართა დამსაქმებელს და მოითხოვა მისი მონაწილეობით არასამუშაო საათებსა და დღეებში შესული საქმეთა რაოდენობის გადაცემაც, რაზეც დამსაქმებლის 2017 წლის 16 აგვისტოს წერილით უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ არასამუშაო საათებში შესული საქმეები არ აღირიცხებოდა.
30. საკასაციო პალატის მითითებით, მოსარჩელემ სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მიუთითა ისეთ გარემოებათა ერთობლიობაზე, რაც ასაბუთებს არასამუშაო საათებში სამუშაოს შესრულებას დამსაქმებლის მოთხოვნით. ამასთან, მან, თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად, წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც მას, როგორც დასაქმებულს, ხელეწიფებოდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, არაფერი მოუმოქმედებია დამსაქმებელს, რომელსაც შრომის შინაგანაწესის 3.2 პუნქტით გათვალისწინებული დასაქმებულის სამუშაო დროის აღრიცხვა შეეძლო და, ამასთან, როგორც შრომის ორგანიზაციულ მოწყობაზე პასუხისმგებელ პირს, სრული შესაძლებლობა ჰქონდა, გარკვეული მექანიზმით აღეწერა დასაქმებულის მიერ ფაქტობრივად შესრულებული დრო, რისი გათვალისწინებითაც, გაზიარებილი ვერ იქნება ამ უკანასკნელის მტკიცება იმის შესახებ, რომ 23 მორიგეობის მანძილზე მოსარჩელის ზეგანაკვეთურმა სამუშაო საათებმა მხოლოდ 86 საათზე მცირედით მეტი შეადგინა.
31. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის იმ მოსაზრებასაც, რომ მორიგეობაში დაფიქსირება არ ნიშნავს სამუშაოს შესრულებას და ამ კუთხით მიუთითებს, რომ მოსარჩელის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებში, მათ შორის, მორიგეობის პერიოდში, შედიოდა ადვოკატის გადაადგილების უზრუნველყოფა, რომელიც საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭირო იყო დღე-ღამის ნებისმიერ დროს. მორიგეობის გრაფიკი, კვირის სრულ 7 კალენდარულ დღე-ღამეს მოიცავდა დასვენების დღეების ჩათვლით, ამასთან, მორიგეობის პერიოდში დასაქმებულს არ ჰქონდა გაწერილი სამუშაო საათები, არ იყო დადგენილი კონკრეტული სამუშაო ადგილი. სამუშაოს შესრულების დრო და ადგილი (გადაადგილების მარშრუტი) დამოკიდებული იყო დამსაქმებელსა და მის დავალებაზე, ადვოკატით პირის უზრუნველყოფის საჭიროებების მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიუთითებს, რომ დამსაქმებლის მიერ მორიგებობის დროს კონკრეტული სამუშაოს შესრულება რომც ვერ დგინდებოდეს, მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული მაინც არ გამორიცხავს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების დამსაქმებლისათვის დაკისრებას, ვინაიდან, როგორც საქმის გარემოებებით დგინდება და არც მოპასუხეს გაუხდია სადავოდ, მორიგეობის განმავლობაში, მოსარჩელე დამოკიდებული იყო დამსაქმებელზე და დაკისრებულ სამუშაოს ასრულებდა მოპასუხის მითითების საფუძველზე, ამასთან, დასაქმებული მორიგეობის დროს მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში იმყოფებოდა და თავისუფალი დროით, მისი სურვილის შეხედულების მიხედვით დაგეგმვის თავისუფლებით ვერ ისარგებლებდა, რისი გათვალისწინებითაც, კასატორის პრეტენზია, რომ მორიგეობაში დაფიქსირება არ ნიშნავს სამუშაოს შესრულებას, დაუსაბუთებელია და გაზიარებული ვერ იქნება.
32. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დგინდება დასაქმებულის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო, რომელსაც მოსარჩელე ასრულებდა დამსაქმებლის დავალიანისა და მითითების საფუძველზე, მის მიერვე განსაზღვრული მორიგეობის გრაფიკის მიხედვით, ამასთან, ქვემდგომ ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილია ზეგანაკვეთური საათების რაოდენობა (2632 საათი), მოსარჩელის საათობრივი შრომის ანაზღაურების (თვიური თანამდებობრივი სარგო 760 ლარი, რაც ნორმირებული 40-საათიანი სამუშაო კვირის პირობებში შეადგენს საათში 4.75 ლარს) გათვალისწინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ დამსაქმებლისათვის დაკისრებული თანხა - 12 502 ლარი კანონიერია. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილება დასაქმებულს არ გაუსაჩივრებია, რისი გათვალისწინებითაც, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ოდენობის მართლზომიერებაზე პალატა ვერ იმსჯელებს.
33. საკასაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, სადავო არ არის ზეგანაკვეთური სამუშაოს თანხმობრივი დაანგარიშება, პალატა დამატებით აღნიშნულ საკითხზე აღარ იმსჯელებს.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, სამართლებრივად სწორად შეაფასა და არ არსებობს საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარდგენილი საკასაციო პრეტენზიის გაზიარების წინაპირობები, რის გამოც დაუსაბუთებელ შედავებად უნდა იქნეს მიჩნეული.
35. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
36. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
37. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
39. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-420-2020, 2022 წლის 26 ივლისის განჩინება; №ას-1327-2018, 2019 წლის 3 ივნისის განჩინება).
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
41. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე