საქმე №ას-984-2022 26 თებერვალი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ.გ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.გ–ამ (შემდგომ - მოსარჩელე, პირველი აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს (შემდგომ - მოპასუხე, მეორე აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა: მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობად დადგენა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის მოპასუხისათვის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 16 მაისიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე დასაქმებული იყო მოპასუხე სამინისტროს ადმინისტრაციის სამსახურში. მას შემდეგ, რაც მოპასუხემ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება გააფორმა, მხარეთა შეთანხმებებით ცვლილება შედიოდა შრომით ხელშეკრულებაში და შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ვადა გრძელდებოდა.
3. 2021 წლის 1 მარტს მოპასუხემ მოსარჩელესთან გააფორმა არა შრომითი ხელშეკრულება, არამედ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 6 თვის ვადით, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, თითქოსდა ვადის ამოწურვის გამო, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება უკანონოდ შეწყვიტა.
მოპასუხის შესაგებელი
4. მოპასუხემ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით – სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ მხარეთა შორის დადებული 2021 წლის 1 მარტის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №24 ხელშეკრულება შრომითსამართლებრივი ურთიერთობა და, ამასთან, უვადო შრომითი ურთიერთობის ნაწილია; დადგინდა 2018 წლის 16 მაისიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი უვადო შრომით ურთიერთობად; ბათილად იქნა ცნობილი დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის მოშლის თაობაზე სამინისტროს გადაწყვეტილება; თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის - 2500 ლარის გადახდა.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ და მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კომპენსაციის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თანამდებობაზე აღდგენის სანაცვლოდ მოპასუხე სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის გადახდა; მოპასუხე სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დღიდან – 2021 წლის 1 სექტემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად ხელზე ასაღები ხელფასი 548 ლარი; სხვა ნაწილში მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული იყო უვადო შრომითი ხელშეკრულება, რისი გათვალისწინებითაც, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოა.
9. რაც შეეხება უფლებრივ რესტიტუციას, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამსახურში აღდგენის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს აქვს მტკიცების ტვირთი, დაასაბუთოს, არსებობს თუ არა ვაკანტური თანამდებობა, სადაც შესაძლებელია მისი სამსახურში აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აღნიშნული მტკიცების ტვირთი ვერ იქნა უზრუნველყოფილი, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იმსჯელა კომპენსაციის დაკისრებაზე. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაჰკისრებოდა როგორც კომპენსაცია, ასევე, განაცდურის ანაზღაურება, რასაც ითვალისწინებს საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 48.9 მუხლი.
10. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპენსაციის დაკისრების ნაწილში მოპასუხის/აპელანტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და კომპენსაცია შემცირდეს 1000 ლარამდე, ხოლო იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი და მოპასუხეს კომპენსაციასთან ერთად უნდა დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 548 ლარი 2021 წლის 1 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
12. კასატორი სადავოდ ხდის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას თანამდებობაზე აღდენის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე, მიუთითებს, რომ სასამართლომ არასამართლიანად განსაზღვრა კომპენსაციის ოდენობა.
13. კასატორის მითითებით, რაკი უვადო შრომითი ხელშეკრულებით იყო დასაქმებული, არის დევნილი და ამჟამადაც უმუშევარი, სასამართლოს უნდა ემსჯელა კანონის ასეთი უხეში დარღვევისათვის რა იქნებოდა ადეკვატური სანქცია დამსაქმებლისათვის, რომელიც, როგორც საჯარო დაწესებულება უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და დასაქმებულთა შრომით უფლებებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, საკასციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო წესით სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ დასაქმებულთან უკანონოდ შეწყდა შრომითი ურთიერთობა (ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში). საკასაციო სამართალწარმოების ფარგლებში სადავოა დასაქმებულის (მოსარჩელის) როგორც სრული უფლებრივი რესტიტუცია (პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა), ასევე, ქვემდგომი ინსტანციის მიერ განსაზღვრული კომპენსაციის მოცულობა.
17. საკასაციო პალატა სშკ-ის 48.8-ე მუხლზე (სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) მითითებით განმარტავს, რომ ზოგადად, კანონმდებელი და სასამართლო პრაქტიკა, სასამართლოს მიერ დამსაქმებლის გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის შემთხვევაში, მხარს უჭერს სრულ უფლებრივ რესტიტუციას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სამართლებრივად სწორად შეაფასეს ფაქტობრივი გარემოებები და მართებულად დაადგინდეს, რომ ვაკანტური თანამდებობის არარსებობის პირობებში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შედეგი უნდა ყოფილიყო არა სამსახურში პირვენდელ თანამდებობაზე აღდგენა, არამედ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის კომპენსაციის გადახდის დაკისრება.
18. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიებს და სშკ-ის 48.9 მუხლზე მითითებით (ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია) განმარტავს, რომ კანონმდებელმა, შრომით კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით სრული უფლებრივი რესტიტუციის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, გაითვალისწინა დასაქმებულისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე, რაც შრომით ბაზარზე ერთგვარი სანქციაა, რომ მომავალში არიდებულ იქნეს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის შემთხვევები.
19. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შეცვლით ზემოაღნიშნული სამართლებრივი დანაწესის საფუძველზე, მოპასუხეს იძულებითი განაცდური დააკისრა, თუმცა კომპენსაციის ოდენობა 1000 ლარამდე შეამცირა, რასაც საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს ადეკვატურ ოდენობად და განმარტავს, რომ მოსარჩელე უვადო შრომითი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შედეგად გათავისუფლდა თანამდებობიდან, ხოლო ამავე ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების არამართლზომიერად ცნობის მიუხედავად, პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენა ვერ განხორციელდა. ვინაიდან მოსარჩელის (კასატორის) სრული უფლებრივი რესტიტუცია ვერ მოხდა და ვითარებაც იმ პირვანდელი სახით ვერ აღდგა, რაც მის უვადო შრომით ურთიერთობაში დაბრუნებას გამოიწვევდა, კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა, კომპანიის ლიკვიდურობა, გადახდისუნარიანობა და ა.შ. (იხ.: სუსგ №ას-901-2022, 31.10.2022წ; №ას-1540-2019, 30.09.2020წ.). კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა (იხ.: სუსგ №ას-536-2021, 21.09.2021წ.). ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არცერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (იხ.: სუსგ №ას-1032-2020, 24.03.2022წ.).
20. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიანი ბალანსის აღდგენას გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მხარეებს ხანგრძლივი შრომითი ურთიერთობა აკავშირებდათ; შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადითა და ამ კონტექსტით, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებით მიღებული მორალური წნეხის სიმძიმეს; მოსარჩელის გათავისუფლებიდან დავის საბოლოო გადაწყვეტამდე განვლილ, ხანგრძლივ პერიოდს; საქართველოში შრომის ბაზარზე არსებულ მწვავე გამოწვევებს და, რადგანაც შეუძლებელია დასაქმებულის აღდგენა, მიიჩნევს, რომ იძულებით განაცდურთან ერთად, კომპენსაციის სამართლიანი და გონივრული ოდენობა 2192 ლარის ოდენობით უნდა განისაზღვროს. აღნიშნული თანხა იძულებით განაცდურთან ერთად შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს სამართლიანი ბალანსის აღდგენას გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში.
21. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
22. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაზეც გადახდილი იყო სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, აღნიშნული თანხა დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ.გ–ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება კომპენსაციის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ნ.გ–ას სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის – 2192 ლარის გადახდა;
4. სხვა ნაწილში სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე