Facebook Twitter

საქმე №ას-579-2022 26 თებერვალი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა.რ.ს.კ–ვი (მოპასუხე)

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ხელშეკრულების დადებულად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.მ–მა (შემდგომ - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.რ.ს.კ–ვის (შემდგომ - კოოპერატივი, მოპასუხე, აპელანტი) მიმართ და მოითხოვა მასა და კოოპერატივს შორის 2006 წლის 19 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად აღიარება და კოოპერატივის ყოფილი პურის საცხობის (ძირითადი მიწის ფართი 250 კვ.მ და დამატებით მიმდებარე ტერიტორია 150 კვ.მ, სადაც განთავსებულია ელექტროგამანაწილებელი და საწვავის ავზი) საჯარო რეესტრში თავის საკუთრებად აღრიცხვა.

სარჩელის საფუძვლები

2. კოოპერატივის საბალანსო მთავარი წიგნიდან ამონაწერის თანახმად, 1971 წლიდან კოოპერატივის ბალანსზე რიცხული საცხობის საბალანსო ღირებულება 6846 ლარია. 2006 წლის 19 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ სადავო ქონება შეიძინა. 2006 წლის 19 მაისის მიღება-ჩაბარების აქტით საპრივატიზაციო კომისიის თავჯდომარემ და კომისიის წევრებმა ჩააბარეს, ხოლო მოსარჩელემ ჩაიბარა პურის საცხობი. ამ უკანასკნელმა სრულად გადაიხადა ნასყიდობის საგნის, ნაშთისა და საცხობის ინვენტარის, ფაქტობრივად, ჯართის ღირებულება. რაკი ნასყიდობის ხელშეკრულება არ იყო სათანადოდ დამოწმებული (ნოტარიუსის მიერ), მარეგისტრირებელ ორგანოში ვერ მოხერხდა რეგისტრაცია. ქონება რომ მოსარჩელის საკუთრება იყო, იცოდა სახელმწიფომაც. 2018 წლის 22 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელეს წერილობით აცნობა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დაათვალიერა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე სოფელ .......... და დადგინდა, რომ ქონება ავარიულია და საფრთხეს ქმნის მესამე პირთათვის. შესაბამისად, მერიამ მოუწოდა მოსარჩელეს, დაუყოვნებლივ წარდგენილიყო რეკონსტრუქციისათვის საჭირო დოკუმენტაცია და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაეკისრებოდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

მოპასუხის შესაგებელი

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო.

მესამე პირი

4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებაა. მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან იმ დროს საქართველოში მოქმედი სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ კანონის თანახმად, ქონების მართვას ჰქონდა სხვადასხვანაირი განკარგვის ფორმა: აუქციონის, პირდაპირი შესყიდვის გზით, იჯარის ფორმით და შემდგომ უკვე, როდესაც რომელიმე ფორმა გამოიყენებოდა, მყიდველსა და გამყიდველს შორის იდებოდა შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც ნოტარიულად უნდა დამოწმებულიყო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით – სარჩელი დაკმაყოფილდა, სარჩელი დაკმაყოფილდა; დადებულად იქნა აღიარებული კოოპერატივსა და მოსარჩელეს შორის 2006 წლის 19 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება, სადავო ქონება აღირიცხა ამ უკანასკნელის საკუთრებად საჯარო რეესტრში.

6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოწინააღმდეგე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟი - 235 ლარი.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2006 წლის 19 მაისს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო წერილობითი ფორმით კოოპერატივს, მოსარჩელესა და მიხეილ გასიტაშვილს (მეორე შემძენი) შორის. მიუხედავად ნასყიდობის საფასურის გადახდისა და მყიდველთა მიერ ქონების დაუფლებისა, ხელშეკრულება სანოტარო წესით არ გაფორმებულა. 2019 წლის 30 დეკემბრის ნოტარიულად დამოწმებული ურთიერთშეთანხმების აქტით მეორე მყიდველმა, 5 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, მოსარჩელის სასარგებლოდ დათმო თავისი კუთვნილი წილი სადავო პურის საცხობზე. ამასთან, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ახალციხეში, სოფელ .......... მდებარე 1852.00 კვ.მ ირიცხება სახელმწიფოს საკუთრებაში. აღნიშნული ქონების ნაწილი პურის საცხობია, ძირითადი განაშენიანების ფართობი 250 კვ.მ და მიმდებარე ტერიტორია 150 კვ.მ-ია, სადაც ელექტროგამანაწილებელი და საწვავის ავზი იყო. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტია სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ №1/2-516 ბრძანება, დამოწმების თარიღი 21.12.2017. საკუთრების საფუძვლად მითითებული ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტის ბათილობის თაობაზე მხარეებს არ უდავიათ.

9. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, რაკი ხელშეკრულება არ გაფორმებულა სანოტარო წესით და უფლება არ დარეგისტრირებულა საჯარო რეესტრში, შესაბამისად, კანონით იმპერატიულად განსაზღვრული ფორმა არ იყო დაცული, მოსარჩელის მოთხოვნა ნასყიდობის ხეშეკრულების დადებულად აღიარების თაობაზე უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

10. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

11. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში მესაკუთრედ მოსარჩელის აღრიცხვა, რაც არასწორია. მოსარჩელემ, კანონმდებლობის შესაბამისად, კოოპერატივის სალაროში გადაიხადა უძრავი ქონების საფასური და მას შემდეგ სარგებლობს საცხობით. მოსარჩელემ იცოდა, რომ ობიექტის მესაკუთრე კოოპერატივი იყო, შესაბამისად, როგორც კეთილსინდისიერმა შემძენმა, შეიძინა ქონება.

12. კასატორის მტკიცებით, მართალია, მხარეს ადმინისტრაციული დავა არ დაუწყია, თუმცა იგი პრაქტიკულად ამ ბრძანების კანონიერებაზეც დავობს, ამიტომ ყველაზე სწორი იქნებოდა, სააპელაციო სასამართლოს ნაწილობრივ დაეკმაყოფილებინა სააპელაციო საჩივარი, გაეუქმებინა პირველი ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დავა განსჯადობით გადაეგზავნა ადმინისტრაციული სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

16. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

18. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

19. მოსარჩელე მოითხოვს ნასყიდობის ხელშკრულების დადებულად აღიარებასა და სადავო ქონების საჯარო რეესტრში თავის საკუთრებად აღრიცხვას. მისი მტკიცებით, მან ქონება კოოპერატივისაგან შეიძინა წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, გადაიხადა ქონების საფასური და მრავალი წელია, ფლობს და სარგებლობს სადავო ქონებით. შესაბამისად, ქონება საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრებად არასწორად დარეგისტრირდა.

20. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელესა და კოოპერატივს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმის დაუცველად დაიდო, კერძოდ, სადავო პერიოდში (2006 წლის 19 მაისს) მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. ამავე კოდექსის 183.1 მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. რეგისტრაციისათვის განცხადების შეტანა შეუძლია როგორც გამსხვისებელს, ისე შემძენს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ არის გარიგების ფორმა და კანონით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულება წარმოშობს მხარეთა ვალდებულებებს, რეგისტრაცია კი საკუთრების უფლების ცვლილების საფუძველია, თუმცა იმისათვის, რომ გარიგება სამართლებრივად ნამდვილი იყოს, აუცილებელია, კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. განსახილველ შემთხვევაში, 2006 წლის 19 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო წესით დამოწმებული არ არის.

21. კასატორმა რომ ქონების საფასური გადაიხადა და წლებია, ფლობს და სარგებლობს ქონებით, სადავო არ არის, თუმცა საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ფაქტობრივი შესრულება ფორმის ნაკლს მხოლოდ მაშინ ასწორებს, თუ ამის შესახებ კანონი პირდაპირ მიუთითებს ან ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, ეს საფრთხეს არ უქმნის სამართლებრივ სტაბილურობას ან მონაწილეებს (დაუშვებელია ამ გამონაკლისის განზოგადება და მისი გამოყენება ფორმის დაუცველი ყველა გარიგების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფორმა, როგორც გარიგების ნამდვილობის პირობა, დაკარგავდა აზრს. ლ.ჭანტურია, „სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი“, 2011, გვ. 349).

22. პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, ზემოაღნიშნული გამონაკლისი გაავრცელოს განსახილველ შემთხვევაზე, იმიტომაც, რომ სადავო ქონება ამჟამად სახელმწიფო საკუთრებად არის რეგისტრირებული. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 21.12.2017 წლის №1/2-516 ბრძანების კანონიერებაზე კი, მოსარჩელეს სამართლებრივი დავა არ წამოუწყია.

23. კასატორის მტკიცებით, სახელმწიფოსთვისაც ცნობილი იყო, რომ ქონება მას ეკუთვნოდა, რამდენადაც 2018 წლის 22 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელეს წერილობით აცნობა მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დათვალიერების შესახებ .......... და დადგინდა, რომ შენობა ავარიულია და მესამე პირთათვის საფრთხეს ქმნის. შესაბამისად, მერიამ მოუწოდა მოსარჩელეს, დაუყოვნებლივ წარედგინა რეკონსტრუქციისათვის საჭირო დოკუმენტაცია და დაეწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაეკისრებოდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამის შემდგომ მოსარჩელემ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაო შეასრულა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველი სამოქალაქო დავის ფარგლებში, სასამართლო ბრძანების კანონიერებას ვერ შეამოწმებს, რამდენადაც ის ადმინისტრაციული წესით განსჯადია. შესაბამისად, მოსარჩელემ მასზე ადმინისტრაციული წესით უნდა იდავოს.

24. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად ძირითადად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

25. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. მ.მ–ს (პ/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა.შ–ას პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 11.06.2022), 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე