Facebook Twitter

საქმე №ას-348-2024 29 მარტი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ზ.თ–ი (მოპასუხე, მოსარჩელე გაერთიანებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.შ–ძე (მოსარჩელე, მოპასუხე გაერთიანებულ სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი - სამეზობლო მიჯნის დადგენა, სამეზობლო მიჯნაზე არსებული ღიობის მოშორება, ზიანის ანაზღაურება (ძირითად სარჩელში), ხელშეშლის აღკვეთა (გაერთიანებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მ.შ–ძისა (შემდგომ – მოსარჩელე, მოპასუხე გაერთიანებულ სარჩელში, მოწინააღმდეგე მხარე) და ზ.თ–ის (შემდგომ – მოპასუხე, მოსარჩელე გაერთიანებულ სარჩელში, კერძო საჩივის ავტორი) სარჩელები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც ორივე მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებით, მოპასუხის (მოსარჩელე გაერთიანებულ სარჩელში) სააპელაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 369-ე, 2591-ე, 59-ე, მე-60-ე, 61-ე, 63-ე მუხლებზე მითითებით, განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.

3. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ (მოსარჩელე გაერთიანებულ სარჩელში) კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც ამ განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

4. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მხარემ სასამართლო პროცესზე, როდესაც სასამართლომ დაადგინა გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, განაცხადა, რომ ვერ დაესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას, ვინაიდან იქნებოდა საზღვარგარეთ და ამ მოტივით ითხოვა, მოგვიანებით ჩანიშნულიყო გადაწყვეტილების გამოცხადება, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და განუცხადა, რომ დასწრება სავალდებულო არ იყო, ამასთან, არ განუმარტა გადაწყვეტილების გამოცხადების დღიდან გასაჩივრების ვადის ათვლის შესახებ.

5. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ვინაიდან მხარე საპატიო მიზეზით ვერ დაესწრო გამოცხადებას, ამასთან, ეს ფაქტი ჯერ კიდევ გამოცხადების ჩანიშვნამდე სასამართლოსათვის ცნობილი იყო და, მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინა მხარის გაფრთხილება და ჩანიშნა პროცესი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა უნდა განისაზღვროს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14-დღით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობად, სხვა წინაპირობებთან ერთად, რომელთა არსებობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი მიიღება განსახილველად, მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის საპროცესო ვადის დაცვით წარდგენას.

9. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა - 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიიჩნევა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

10. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა და მისი დენა იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს.

11. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე, პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (უდავოა ის ფაქტი, რომ აპელანტი სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს არ წარმოადგენს, რაც სასამართლოს წარმოუშობდა ვალდებულებას, მისთვის გადაწყვეტილება სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა. ასეთზე კერძო საჩივრის ავტორი არ მიუთითებს).

12. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრული ვადის დაცვით სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (შდრ. სუსგ. №ას-873-2018, 2019 წლის 31 იანვარი).

13. სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს აქვს არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. ეს ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას - იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება №ას-1161-1106-2014).

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

15. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, მართალია, არ ესწრებოდა კერძო საჩივრის ავტორი და მისი წარმომადგენელი, თუმცა მათთვის ცნობილი იყო აღნიშნული სასამართლო სხდომის თარიღის თაობაზე. 2023 წლის 27 ნოემბრის მთავარ სხდომაზე, რომელსაც კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი ესწრებოდა, მოსამართლემ სხდომის დასასრულს მხარეებს აცნობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი - 2023 წლის 18 დეკემბერი, 13:30 სთ (იხ. სხდომის ოქმი და ხელწერილი ტ. 3, ს.ფ. 96-98, 99), თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა, მოპასუხეს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მხარისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 2024 წლის 17 იანვარს დაიწყო და იმავე წლის 31 იანვარს ამოიწურა, შესაბამისად, აპელანტმა სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2024 წლის 12 თებერვალს წარადგინა.

16. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მოპასუხისათვის ჩაბარებიდან, ვინაიდან იგი საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა გადაწყვეტილების გამოცხადებაზე, არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მოცემული შემთხვევისათვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებაზე დასწრებას ან მის საპატიო მიზეზით დაუსწრებლობას სამართლებრივი მნიშვნელობა არ გააჩნია. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის გარემოება, რომ მხარე სათანადო წესით იყოს ინფორმირებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის შესახებ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი სათანადო წესით არ არის ინფორმირებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის თაობაზე და არც ესწრება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, მაშინ სასამართლო არაა უფლებამოსილი, მის მიმართ გამოიყენოს სსსკ-ის 2591 მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების წესი. ასეთ დროს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება საერთო წესის მიხედვით, კერძოდ, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გასაჩივრების მსურველი მხარისათვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების შესახებ (რაც მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა და ამაზე არც კერძო საჩივრის ავტორი არ დავობს) მისი ვალდებულებაა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორის საპატიო მიზეზით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებაზე დაუსწრებლობა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.

17. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის ის პრეტენზიაც, რომლის თანახმად, სასამართლომ მიუხედავად იმისა, იცოდა, რომ მოპასუხე გადაწყვეტილების გამოცხადებას საპატიო მიზეზით ვერ დაესწრებოდა, არ განუმარტა, გასაჩივრების ვადა საიდან აითვლებოდა. პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც იმპერატიულად ადგენს, რომ კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების დრო და ადგილი, ამ უკანასკნელს უნდა სცოდნოდა კიდეც იმ პროცედურისა და წესის შესახებ, რომლითაც მისთვის არახელსაყრელი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას შეძლებდა. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული პრეტენზია ვერ აქარწყლებს კანონის ცოდნის პრეზუმფციას და, შესაბამისად, გავლენას ვერ მოახდენს სააპელაციო სასამართლოს განჩინებით წარმოშობილ შედეგზე, მით უფრო მაშინ, როდესაც მხარეს ჰყავდა წარმომადგენელი.

18. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

19. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2024 წლის 12 თებერვალს წარადგინა, რაც სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე მისი განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

20. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონი დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ.თ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე