Facebook Twitter

საქმე №ას-253-2024 29 მარტი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ზ.მ–ი, რ.ნ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.კ. ჯ. ჰ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგმა“ (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.მ–ისა და რ.ნ–ძის (შემდგომ – მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ მხარემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023

წლის 5 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების - 1103.23 ლარის, სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 44 ლარის გადახდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეთა საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინება ამავე სასამართლოს 2023 წლის 5 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხებმა, რომლებმაც მოითხოვეს განჩინების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებაზე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და ამავე სასამართლოს 2023 წლის 5 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო.

7. პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1103.23 ლარი იყო, რაც არ აღემატებოდა სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილ ოდენობას. შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა.

8. მითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის მოთხოვნით.

9. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, 5 ოქტომბერს, 3 საათზე გამართულ სასამართლო პროცესზე საპატიო მიზეზის გამო ვერ გამოცხადდნენ. მათ ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვი, ასევე პენსიონერი ხანდაზმული დედა, რომლიც ამ კონკრეტული დღის 2 საათზე ქუჩაში გახდა ცუდად, წაიქცა და გადაიყვანეს კლინიკაში. ისინი იმყოფებოდნენ კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლობაში, რის გამოც ვერ შეძლეს სასამართლო პროცესზე დასწრება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვენ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმისწარმოების განახლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ აღემატება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობად ქონებრივ-სამართლებრივ დავებში, სხვა წინაპირობებთა ერთად, მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის ღირებულების ოდენობის შესაბამისობას კანონით გათვალისწინებულ ოდენობასთან (სსსკ-ის 365-ე მუხლი).

13. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

14. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება, შესაბამისად, ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება.

15. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების - 1103.23 ლარი. კერძო საჩივრის ავტორები არ დავობენ, რომ დავის საგნის ღირებულებაზე და არ ამტკიცებენ, რომ არ ვლინდებოდა სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის წინაპირობა. კერძო საჩივრით ისინი კვლავ იმაზე დავობენ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რადგან საპატიო მიზეზის გამო ვერ შეძლეს პროცესზე გამოცხადება.

16. საკასაციო სასამართლო განუმატავს მხარეს, რომ მითითებულ პრეტენზიაზე სააპელაციო სასამართლო იმსჯელებდა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემთხვევაში, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, სააპელაციო საჩივარი წარმოებაში არ იქნა მიღებული, რადგან ის არ აკმაყოფილებდა დასაშვებობის წინაპირობას. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივარში მითითებული საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 365-ე მუხლი და სწორად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება.

17. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ განიხილება, რადგანაც საკანონმდებლო საფუძველი აქვს და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის - 2.2. მუხლი).

18. პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა. სუსგ №ას-230-218-2017, 28.04.2017წ.; №ას-1305-2019, 21.11.2019წ.; №1572-2019, 30.03.2020წ.; №ას-1566-2023, 30.01.2024წ.).

19. სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთ კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR. სუსგ №ას-692-646-2017, 14.07.2017წ.; №ას- 533-533-2018, 22.06.2018წ.; №ას-1654-2023, 20.02.2024წ.).

20. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ.მ–ისა და რ.ნ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე