Facebook Twitter

საქმე №ას-1435-2023 20 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს.ჩ–ი (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – უსწორობის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ (შემდგომში ასევე - „მოსარჩელე“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა (პირველი პუნქტი); გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება სს „ს.ბ–ის“ მიერ გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება (მე-2 პუნქტი); სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (მე-3 პუნქტი); 2010 წლის 29 ოქტომბერს სს „ს.ბ–სა“ და შპს „ნ.ე–ის” შორის გაფორმებული სადაზღვევო საკრედიტო ხაზის N514587-517830-752794 ხელშეკრულების ფარგლებში, სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ ი.ჩ–ს სოლიდარულად დაეკისრა 2 667,61 ლარის გადახდა (მე-4 პუნქტი); 2011 წლის 19 მაისს სს „ს.ბ–სა” და შპს „ნ.ე–ის” შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის N514587-517830-901392 ხელშეკრულების ფარგლებში, სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ ი.ჩ–ს სოლიდარულად დაეკისრა 21 619 460,39 ლარის გადახდა (მე-5 პუნქტი); 2012 წლის 05 ნოემბერს სს „ს.ბ–სა” და შპს „ნ.ე–ის” შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის N514587-517830-1308029 ხელშეკრულების ფარგლებში, სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ ი.ჩ–ს სოლიდარულად დაეკისრა 3 253 703,53 ლარის გადახდა (მე-6 პუნქტი); დავალიანების დაფარვის მიზნით, სარელიზაციოდ მიექცა 2010 წლის 14 დეკემბერს სს „ს.ბ–სა” და ს.ჩ–ს შორის დადებული N514587-517830-ნ იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხე ს.ჩ–ის საკუთრებაში არსებული, შემდეგი საკადასტრო კოდებით იდენტიფიცირებადი უძრავი ნივთები: .......; ........; .........; .........; .........; ........ და ......... ამასთან დადგინდა, რომ იმ შემთხვაში, თუ იპოთეკის საგნების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ დაფარავს მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათი სრულყოფილად დაკმაყოფილების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს ი.ჩ–ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონება (მე-7 პუნქტი); ი.ჩ–ისა და ს.ჩ–ის შეგებებული სარჩელები არ დაკმაყოფილდა (მე-8 პუნქტი); ლ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (მე-9 პუნქტი); უცვლელად დარჩა ლ.კ–ძის გასაჩივრებულ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება (მე-10 პუნქტი); ი.ჩ–ს, ს.ჩ–სა და ლ.კ–ძეს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის - 7 000 ლარის ანაზღაურება (მე-11 პუნქტი); ლ.კ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად (მე-12 პუნქტი). აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (იხ. 15.07.2022წ. გადაწყვეტილება; უწორობის გასწორების შესახებ 27.07.2022წ. განჩინება).

2. 2023 წლის 30 აგვისტოს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე. კერძოდ, მოითხოვა შემდეგი:

- სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „2010 წლის 29 ოქტომბერს სს „ს.ბ–სა“ და შპს „ნ.ე–ის“ შორის გაფორმებული სადაზღვევო საკრედიტო ხაზის N514587-517830-752794 ხელშეკრულების ფარგლებში, სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ ი.ჩ–ს სოლიდარულად დაეკისროს 2667,61 აშშ დოლარის გადახდა“;

- სარეზოლუციო ნაწილში განისაზღვროს შემდეგი: „ი.ჩ–ს, ს.ჩ–სა და ლ.კ–ძეს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის ანაზღაურება“; „ი.ჩ–სა და ს.ჩ–ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის ანაზღაურება“.

3. განმცხადებლის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი უთითებს არასწორ ვალუტას - ლარს აშშ დოლარის ნაცვლად. მოსარჩელე პირველი სასარჩელო მოთხოვნით ითხოვდა შპს „ნ.ე–ის“, ლ.კ–ძის, ნ.შ–ისა და ი.ჩ–ისათვის 2010 წლის 29 ოქტომბერს სს „ს.ბ–სა“ და შპს „ნ.ე–ის“ შორის გაფორმებული სადაზღვევო საკრედიტო ხაზის N514587-517830-752794 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2 667,61 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას. ამდენად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში მითითებული ვალუტა უნდა იყოს არა ლარი, არამედ აშშ დოლარი; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის გათვალისწინებული კანონის ძალით ავტომატურად განაწილებადი ხარჯი: 1. სსსკ-ის 53.4 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. სს „ს.ბ–ს“ საკასაციო საჩივრის წარდგენისას გადახდილი აქვს 8 000 ლარი, რომელიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 2019 წლის 21 ოქტომბერს. შესაბამისად, აღნიშნული სახელმწიფო ბაჟის გადახდა ავტომატურად დაეკისრათ ლ.კ–ძეს, ს.ჩ–სა და ი.ჩ–ს მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ სს „ს.ბ–ის“ მოთხოვნა დააკმაყოფილა; 2. სსსკ-ის 53.3 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა შემდეგი: „მოპასუხეთაგან ლ.კ–ძეს და ნ.შ–ს მოსარჩელე სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ გადახდეთ მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 5 000 ლარი“. თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა დააკისრა ლ.კ–ძეს და ნ.შ–ს, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა სწორედ დასახელებული პირების წინააღმდეგ მიმართული მოთხოვნების ნაწილში. გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 15 ივლისს სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დააკმაყოფილა, მათ შორის, ი.ჩ–ისა და ს.ჩ–ის ნაწილშიც, მას უნდა განესაზღვრა, რომ ლ.კ–ძისა და ნ.შ–ისათვის დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება ი.ჩ–სა და ს.ჩ–საც მიემართება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სს „ს.ბ–ის“ განცხადება უსწორობის გასწორების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში და 2023 წლის 17 ივლისის სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობები; 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „4. 2010 წლის 29 ოქტომბერს სს „ს.ბ–სა” და შპს „ნ.ე–ის” შორის გაფორმებული სადაზღვევო საკრედიტო ხაზის N514587-517830-752794 ხელშეკრულების ფარგლებში, სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ ი.ჩ–ს სოლიდარულად დაეკისროს 2667,61 აშშ დოლარის გადახდა“; 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილსა და 2023 წლის 17 ივლისის სააღსრულებო ფურცელს დაემატა 11.1 პუნქტი, სადაც მითითებული იქნება შემდეგი: - „11.1 ლ.კ–ძეს, ს.ჩ–სა და ი.ჩ–ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ უზენაეს სასამართლოში გადახდილი ბაჟის სანაცვლოდ სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის ანაზღაურება“.

5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა 2010 წლის 29 ოქტომბერს სს „ს.ბ–სა” და შპს „ნ.ე–ის” შორის გაფორმებული სადაზღვევო საკრედიტო ხაზის N514587-517830-752794 ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელე სს „ს.ბ–ის” სასარგებლოდ მოპასუხეების ლ.კ–ძის, ნ.შ–ის, ი.ჩ–ისა და შპს „ნ.რ.გ–ათვის” სოლიდალურად 2667,61 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით მითითებული მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს ლ.კ–ძეს და ნ.შ–ს, როგორც სოლიდალურ თავდებებს, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელე სს „ს.ბ–ის” სასარგებლოდ სოლიდალურად დაეკისრათ 2667,61 აშშ დოლარის გადახდა, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში 2667,61 აშშ დოლარის ნაცვლად მითითებულია 2667,61 ლარი, რაც უნდა გასწორდეს და სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „4. 2010 წლის 29 ოქტომბერს სს „ს.ბ–სა” და შპს „ნ.ე–ის” შორის გაფორმებული სადაზღვევო საკრედიტო ხაზის N514587-517830-752794 ხელშეკრულების ფარგლებში, სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ ი.ჩ–ს სოლიდარულად დაეკისროს 2667,61 აშშ დოლარის გადახდა“.

6. სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ დაეთანხმა განმცხადებლის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილებაში გამორჩენილია პირველი ინსტანციისა და უზენაეს სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხეთათვის დაკისრების საკითხი. სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაში (რომლითაც სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ) საკასაციო სასამართლო უთითებს სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ სს „ს.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო გადაწყვეტილებაში საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის განაწილების საკითხზე მითითება არ არის, ი.ჩ–ს, ს.ჩ–სა და ლ.კ–ძეს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის ანაზღაურება.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტის ცვლილებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა შემდეგზე: საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2023 წლის 03 ივლისს გადაწყვეტილების მე-7 პუნქტზე (რომლის მიხედვით, მოპასუხეებს ლ.კ–ძეს და ნ.შ–ს მოსარჩელე სს „ს.ბ–ის” სასარგებლოდ დაეკისრათ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 5000 ლარი) უკვე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, რის გამოც, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, განმეორებით იმსჯელოს ერთი და იმავე საკითხზე, რაც ამ ნაწილში განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ს.ჩ–მა წარადგინა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა მოსარჩელის მიერ საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახლმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის ს.ჩ–ისათვის დაკისრების ნაწილში.

9. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებს:

9.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის შემაჯამებელი გადაწყვეტილებით სასამართლოს არ უმსჯელია ს.ჩ–ისათვის სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის აპელანტი ბანკის სასარგებლოდ დაკისრების თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სრულყოფილად არ მოწესრიგდა პროცესის ხარჯების საკითხი, თუმცა ამგვარი საპროცესო ვითარების მოწესრიგება საჭიროებს საპროცესო წინაპირობების დაცვით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას და დაუშვებელია დასახელებული საკითხი გადაწყდეს სრულიად სხვა - უსწორობის გასწორების საპროცესო ინსტრუმენტის გამოყენებით;

9.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა სასამართლო ხარჯების საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა (სუსგ საქმე Nას-1054-2019, 30.09.2019წ.; Nას-165-158-2013, 27.01.2014წ.). ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა სასამართლოს მიერ ხარვეზით გამოტანილი გადაწყვეტილების გამოსწორების საშუალებაა, კერძოდ, თუ სასამართლომ ძირითადი გადაწყვეტილებით არ გადაწყვიტა სასამართლო ხარჯების საკითხი, მას შეუძლია ეს ხარვეზი გამოასწოროს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანით. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მექანიზმი ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლომ დროულად გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი, ვინაიდან სასამართლო განხილვისას და გადაწყვეტისას დაშვებული ნაკლი, რომელმაც შეიძლება მართლმსაჯულების ეფექტის სრულყოფილ რეალიზაციას წინააღმდეგობა შეუქმნას - უნდა აღმოიფხვრას იმავე წესითვე, რა წესითაც მოხდა საქმის განხილვა. გასათვალისწინებელია, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმა ვადითაა შეზღუდული, კერძოდ, 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. 7-დღიანი ვადით კანონმდებელმა შემოსაზღვრა როგორც მხარეთა, ისე სასამართლოს შესაძლებლობა, ამავე ნორმით დადგენილი წინაპირობების შემთხვევაში, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, რადგან დაადგინა, რომ ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება (იხ. სუსგ საქმე Nას-1670-2019, 21.05.2020წ.);

9.3. საგულისხმოა ისიც, რომ დამატებითი გადაწყვეტილების მისაღებად საპროცესო კანონით გათვალისწინებული 7-დღიანი ვადა არა მხოლოდ მხარის მხრიდან შუამდგომლობის წარსადგენად დადგენილი ვადაა, არამედ სწორედ ამავე ვადაშივე უნდა დასვას სასამართლომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი, თუკი საკუთარი ინიციატივით მივა ხსენებული საკითხის მოწესრიგებამდე, ვინაიდან დაუშვებელია გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ თავისი ინიციატივით, ნებისმიერ დროს, თუნდაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი, ორი ან რამდენიმე წლის შემდეგ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება ან მხარემ საქმის გაცნობისა თუ სხვა გარემოებიდან გამომდინარე, 7 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თხოვნით. ასეთი განმარტება უშვებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მუდმივად ეჭვქვეშ დაყენების შესაძლებლობას, რაც საფუძველს აცლის სასამართლოსადმი სანდოობის ვარაუდს. ამდენად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე ინიციატივის გამოჩენის შესაძლებლობას კანონი ანიჭებს ასევე სასამართლოს და ამ საკითხის დასმა სასამართლომაც, დაინტერესებული მხარის მსგავსად, 7 დღის ვადაში უნდა განახორციელოს. კანონი აქ რაიმე გამონაკლისს არ უშვებს (იხ. სუსგ საქმე Nას-452-428-2013, 30.04.2014წ.; Nას-795-754-2013, 29.11.2013წ.);

9.4. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის 7-დღიანი ვადის დენის დაწყებას კანონი უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას (იხ. სუსგ საქმე Nას-225-217-2012, 25.06.2012წ.; Nას-385-366-2015, 14.05.2015წ.), რადგან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მხარეებისათვის (სასამართლოსათვის) ცხადი ხდება, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია ერთ-ერთი იმ ხარვეზით, რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი. შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული დათქმა ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლომ დროულად გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი“ (იხ. სუსგ საქმე Nას-795-754-2013, 29.11.2013წ.; Nას-920-870-2015, 09.06.2016წ.; Nას-1670-2019, 21.05.2020წ.);

9.5. საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მხარე, რომლისთვისაც ცნობილია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, თუმცა არ ესწრება მას, ობიექტურად მოკლებულია შესაძლებლობას, წინასწარ განჭვრიტოს სარეზოლუციო ნაწილის შესაძლო ხარვეზი და სსსკ-ის 261.2 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ვადის დაცვის საჭიროება. ამრიგად, დამატებითი გადაწყვეტილების შესახებ განცხადების წარდგენისთვის კანონით განსაზღვრული 7-დღიანი ვადის ათვლა იმ მხარისათვის, რომელიც არ ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების პროცესს, უნდა დაიწყოს მას შემდეგ, რაც ის გაეცნობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს (იხ. სუსგ საქმე Nას-180-180-2018; Nას-242-2020). ვადის ათვლა ასეთ შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს გადაწყვეტილების (განჩინების) მხარისთვის ჩაბარებას, ვინაიდან იქამდე მხარე მოკლებული იყო ობიექტურ შესაძლებლობას, ევარაუდა დამატებითი გადაწყვეტილების/განჩინების გამოტანის საჭიროება (იხ. სუსგ საქმე Nას-242-2020, 20.10.2020წ.);

9.6. ამრიგად, მსგავსი საკითხები უნდა მოწესრიგდეს საპროცესო ნორმებისა და ვადების დაცვით და დაუშვებელია ამ ვადის გასვლის შემდგომ მისი სხვა საპროცესო მექანიზმებით გამოსწორება. საამისოდ კანონით დადგენილი 7-დღიანი ვადის დაცვა თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მხარისათვის, ასევე, სასამართლოსთვის და ამ ვადის გასვლის შემდგომ ქარწყლდება ამგვარი საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა;

9.7. იმ შემთხვევაში, თუ მხარემ და სასამართლომ ვერ დასვეს კანონით დადგენილ 7-დღიან ვადაში დამატებითი გადაწყვეტილებით პროცესის ხარჯების მოწესრიგების საკითხი, მხარეს რჩება საპროცესო შესაძლებლობა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაში სააპელაციო ან საკასაციო საჩივრის ფორმით მიაღწიოს იმ შედეგს, რომლისთვისაც უნდა მიეღწია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე შუამდგომლობით, ვინაიდან ზემდგომ სასამართლოში საჩივარი შესაძლოა ეხებოდეს ხარჯების განაწილებასაც (იხ. სუსგ საქმე Nას-855-805-2015, 04.04.2016წ., პუნქტი 26);

9.8. საგულისხმოა, რომ ამ საფუძვლით ბანკს არც დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის კანონით დადგენილ 7-დღიან ვადაში და არც საკასაციო საჩივარი წარუდგენია;

9.9. გასაჩივრებული განჩინება უკანონოა უსწორობის გასწორების შესაძლებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ეს საპროცესო საშუალება არ მოიაზრებს ამგვარი უსწორობის გასწორების შესაძლებლობას;

9.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ცვლილება შეიტანოს მასში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება შეეხება ტექნიკური ხასიათის ან აშკარა უსწორობას, რომელიც დაშვებულია სასამართლოს მიერ. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საფუძველია უშუალოდ მისი შედგენისას დაშვებული, ამ გადაწყვეტილებაში არსებული შეცდომები, როგორიცაა ცდომილება გვარსა და სახელში, ციფრებში და ა.შ. შესაბამისად, ტექნიკური უსუტობა არ უნდა გასცდეს ცდომილების გამოსწორებას გვარსა და სახელში, ციფრებში და ა.შ., ის არ უნდა აკისრებდეს მხარეს ახალ ვალდებულებას;

9.11. ის, რაც გასაჩივრებული განჩინებით მოწესრიგდა, ტექნიკური ხასიათის შეცდომას არ წარმოადგენს. არამედ, სასამართლომ მხარეს ახალი ვალდებულება დააკისრა მხოლოდ პუნქტის ჩამატებით და ისიც არსებითი მსჯელობის გარეშე;

9.12. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინებით ს.ჩ–ს ვალდებულება სოლიდარულად დაუდგინდა, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შედეგი დანარჩენ პირებსაც შეეხებათ.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

13. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია დაშვებულია თუ არა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებაში უსწორობა და სწორად დაკმაყოფილდა თუ არა გასაჩივრებულ ნაწილში მოსარჩელის განცხადება უსწორობის გასწორების თაობაზე.

14. კერძო საჩივრის ავტორი დავობს, რომ, მართალია, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში არ არის ნამსჯელი მოსარჩელის მიერ საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის განაწილების შესახებ, თუმცა აღნიშნულის გამოსწორება დაუშვებელი იყო სსსკ-ის 260-ე მუხლით რეგლამენტირებული უსწორობის გასწორების საპროცესო მექანიზმის გამოყენებით, არამედ ამ შემთხვევაში მოსარჩელეს სსსკ-ის 261-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა უნდა მოეთხოვა, თუმცა მას ეს მოთხოვნა ამავე მუხლით დადგენილ 7-დღიან ვადაში არ წარუდგენია.

15. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

17. აღნიშნული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება ნიშნავს სასამართლოს მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომის გასწორებას და არა გადაწყვეტილებაში არსებითი სახის ცვლილების შეტანას. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (იხ. სუსგ საქმე Nას-636-597-2011, 24 ივნისი, 2011 წელი; Nას-1489-2018, 31 იანვარი, 2019 წელი).

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, უსწორობის გასწორების ობიექტი არის მხოლოდ მცირე მნიშვნელობის მქონე ტექნიკური ხასიათის იმგვარი უზუსტობები, რომელთა გასწორებაც გავლენას ვერ ახდენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილ დავის მატერიალურ-სამართლებრივ შედეგზე (იხ. სუსგ საქმე Nას-1489-2018, 31 იანვარი, 2019 წელი).

19. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების მიღებისას არ უმსჯელია მოსარჩელის მიერ საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების შესახებ. სასამართლოს ამ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია და, შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მასზე მითითებას არ შეიცავს; მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 13 ოქტომბერს მიიღო უსწორობის გასწორების შესახებ განჩინება, რომლითაც გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში და 2023 წლის 17 ივლისის სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობები და აღნიშნულ გადაწყვეტილებასა და სააღსრულებო ფურცელს დაემატა შემდეგი შინაარსის 11.1 პუნქტი: „11.1 ლ.კ–ძეს, ს.ჩ–სა და ი.ჩ–ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ უზენაეს სასამართლოში გადახდილი ბაჟის სანაცვლოდ სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის ანაზღაურება“.

20. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით დადგენილი უსწორობის გასწორების წინაპირობები, ვინაიდან აღნიშნული ნორმის მიხედვით, გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება ნიშნავს სასამართლოს მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომის გასწორებას და არა გადაწყვეტილებაში არსებითი სახის ცვლილების შეტანას. მოსარჩელე სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 30 აგვისტოს წარდგენილი განცხადებით რეალურად ითხოვდა არა უსწორობის გასწორებას, არამედ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას, რომელზეც სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული, რაც სცილდება 260-ე მუხლის ფარგლებს და დაუშვებელია.

21. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხზე გადაწყვეტილების მიუღებლობა შეიძლება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა გახდეს.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმს, როდესაც სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამრიგად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ინიციატივა შეიძლება მომდინარეობდეს როგორც სასამართლოს, ასევე მხარისაგან. ამასთან, კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

24. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის 7-დღიანი ვადის დენის დაწყებას კანონი უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას, რადგან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მხარეებისათვის (სასამართლოსათვის) ცხადი ხდება, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია ერთ-ერთი იმ ხარვეზით, რასაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-225-217-2012, 25 ივნისი, 2012 წელი; Nას-385-366-2015, 14 მაისი, 2015 წელი; Nას-1101-2022, 17 ნოემბერი, 2022 წელი).

25. კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული დათქმა ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლომ დროულად გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი (იხ. სუსგ საქმე Nას-795-754-2013, 29 ნოემბერი, 2013 წელი).

26. ზემოთ დასახელებული ნორმის ანალიზი, ასევე, საკასაციო სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა, იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მხარე საპროცესო კანონმდებლობით საკმარისად არის დაცული, რათა მან პროცესის მოგების შემთხვევაში დაიბრუნოს მის მიერ გაწეული ხარჯები და აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში (იხ. სუსგ საქმე Nას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014 წელი).

27. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი (იხ. ტ. 7, ს.ფ. 95-96, 118-119), შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოცხადებისას მისთვის ცხადი უნდა გამხდარიყო, რომ სასამართლომ არ გადაწყვიტა საკასაციო სასამართლოში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხი. ამდენად, მას შეეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, მოეთხოვა ამ საკითხზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა. თუმცა, მოსარჩელეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში ამ უფლებით არ უსარგებლია, რის გამოც ამ ვადის გასვლის შემდგომ მისი უფლება დამატებითი გადაწყვეტილების მოთხოვნის შესახებ გაქარწყლებულია.

28. ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა უსწორობის გასწორების შესახებ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

29. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ ვინაიდან გასაჩივრებული განჩინებით ს.ჩ–ს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სოლიდარულად დაეკისრა, კერძო საჩივრის მიმართ დამდგარი შედეგი უნდა გავრცელდეს დანარჩენი მოპასუხეების - ი.ჩ–ისა და ლ.კ–ძის მიმართაც. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების სადავო პუნქტის შინაარსის („ლ.კ–ძეს, ს.ჩ–სა და ი.ჩ–ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ უზენაეს სასამართლოში გადახდილი ბაჟის სანაცვლოდ სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის ანაზღაურება“) მიხედვით, ს.ჩ–ი წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებაზე სოლიდარულად პასუხისმგებელ პირს, შესაბამისად, სოლიდარული ვალდებულების არსიდან გამომდინარე, იგი უფლებამოსილია კრედიტორს წარუდგინოს ყველა ისეთი შესაგებელი, რომელიც საერთოა ყველა სოლიდარული მოვალისათვის. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი სოლიდარულად პასუხისმგებელი პირის მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოთხოვნის უფლებას აქარწყლებს დანარჩენი სოლიდარულად პასუხისმგებელი პირების მიმართაც.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილსა და 2023 წლის 17 ივლისის სააღსრულებო ფურცელს დაემატა შემდეგი შინაარსის 11.1 პუნქტი: „11.1 ლ.კ–ძეს, ს.ჩ–სა და ი.ჩ–ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ უზენაეს სასამართლოში გადახდილი ბაჟის სანაცვლოდ სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის ანაზღაურება“ და ამ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვას უსწორობის გასწორების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ს.ჩ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი და უსწორობის გასწორების თაობაზე სს „ს.ბ–ის“ განცხადება იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში განისაზღვროს შემდეგი: „ი.ჩ–ს, ს.ჩ–სა და ლ.კ–ძეს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის ანაზღაურება“, არ დაკმაყოფილდეს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ლ. მიქაბერიძე