საქმე № ას-1345-2023 28 თებერვალი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - დ.ბ–ძე (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. დ.ბ–ძის (შემდგომში მოსარჩელე, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ (შემდგომში მოპასუხე ან მოპასუხე დაწესებულება) მიმართ ზიანის, 7000 ლარის ანაზღაურების შესახებ.
2. კასატორის განცხადებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად დაასკვნა, რომ არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი წინაპირობები - მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო უმოქმედობასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
7.1. 2019 წლის 3 მაისს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რადიოგადაცემების მომზადებისა და ეთერში გაშვების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (განცხადების ნომერ: NAT190008926) და შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განსაზღვრა 7000 ლარი;
7.2. 2019 წლის 3 მაისის ელექტრონულ ტენდერში, დაბალი ფასი, 6 860 ლარი დააფიქსირა ინდ. მეწარმე „დ.ბ–ძემ“ და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარადგინა 6 860 ლარზე გაანგარიშებული ფასების ცხრილი;
7.3. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის 2019 წლის 13 მაისის N2 სხდომის ოქმით, სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად, პრეტენდენტს, ინდ. მეწარმე „დ.ბ–ძეს“ დაევალა ისეთი დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მომსახურე პრეტენდენტი რადიო მაუწყებლობას ახორციელებდა საკუთარი სიხშირით და ფარავდა საქართველოს ტერიტორიის არანაკლებ 90%-ს, მათ შორის, ქუთაისს სრულად. ასევე, მოეთხოვა მომსახურე რადიოს ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან, რისთვისაც განესაზღვრა ვადა - 3 დღე;
7.4. სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემდეგ, მოსარჩელემ, არაერთხელ, მათ შორის, ელექტრონულად, გაუგზავნა წერილი მოპასუხეს და აცნობა, რომ ქ. ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში იღებდა მონაწილეობას, ამ ტენდერში გაიმარჯვა, რის გამოც მოპასუხისგან სჭირდებოდა ცნობა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა პირდაპირი ჩართვები რადიოს დილის პროგრამაში „პიკის საათი“ და ამჟამადაც ქუთაისის მერიის მიერ მასთან, როგორც ტენდერში გამარჯვებულთან, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მოპასუხე თანახმა იქნებოდა კვლავ დაეთმო „პიკის საათში“ საეთერო დრო 10 წუთამდე.
7.5. აღნიშულ წერილზე, მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ უპასუხია და არც მოთხოვნილი ცნობა გადაუცია მისთვის.
7.6. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის 2019 წლის 20 მაისის N3 სხდომის ოქმით ინდ. მეწარმე „დ.ბ–ძეს“ მიენიჭა დისკვალიფიკაცია, ვინაიდან სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად, დადგენილ ვადაში, 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში, არ წარადგინა მომსახურე რადიოს ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და დოკუმენტი/ცნობა, რომ მომსახურე რადიო მაუწყებლობას ახორციელებდა საკუთარი სიხშირით და ფარავდა საქართველოს ტერიტორიის არანაკლებ 90%-ს, მათ შორის, ქუთაისს სრულად.
7.7. 2015 წლიდან მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ არსებობს.
8. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად დაასკვნა, რომ არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი წინაპირობები.
9. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია დადგენილი, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: #ას- 15-29-1443-2012; #ას-973-1208-04; # ას- 664-635-2016).
10. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის 7000 ლარის დაკისრებას ამ უკანასკნელის მხრიდან არამართლზომიერი და ბრალეული ქმედებების შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანიდან გამომდინარე. მხარეთა შორის არსებული დავაც, შესაბამისად, უნდა გადაწყდეს დელიქტურ ვალდებულებათა მომწესრიგებელი ნორმების მიხედვით.
11. კასატორის (მოსარჩელის) საკასაციო საჩივარი ძირითადად ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა (უმოქმედობასა) და დამდგარ ზიანს შორის, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს დროულად არ გადასცა მოთხოვნილი დოკუმენტი, რომელიც მას უნდა წარედგინა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიისთვის, ამის გამო კი, მოსარჩელემ მიიღო დისკვალიფიკაცია და ვერ გაიმარჯვა ტენდერში (ვერ მიიღო დაფინანსება, 7000 ლარი).
12. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების დაკისრება, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
13. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური პასუხისმგებლობის წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, პირს (ზიანის მიმყენებელს) ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (იხ. სუსგ საქმე №ას-1426-2018, 11.04.2019; საქმე №ას-769-737-2016, 20.06.2018; საქმე №ას-176-163-2015; საქმე №ას-1570-2019, 2020 წლის 29 მაისი). შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს ოთხივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-72-72-2018, 15.02.2018; საქმე №ას-809-776-2016, 04.04.2017).
14. სსკ-ის 992-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესსაც: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების) არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებლმა, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
15. სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, იმავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ის გარემოება, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით მას მიადგა ზიანი.
16. მოცემულ დავაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2019 წლის 3 მაისს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, დააფიქსირა დაბალი ფასი, 6860 ლარი და ელექტრონული სისტემის საშუალებით წარადგინა აღნიშნულ თანხაზე გაანგარიშებული ფასების ცხრილი. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 13 მაისის #2 სხდომის ოქმით, მოსარჩელეს, როგორც პრეტენდენტს, დაევალა ისეთი დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მომსახურე პრეტენდენტი რადიო მაუწყებლობას ახორციელებდა საკუთარი სიხშირით და ფარავდა საქართველოს ტერიტორიის არანაკლებ 90 %-ს, მათ შორის, ქუთაისს, სრულად. ასევე, მოეთხოვა მომსახურე რადიოს ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან, რისთვისაც განესაზღვრა 3 დღის ვადა.
17. მოსარჩელის განცხადებით, მან მოპასუხის ბრალეული უმოქმედობით (მოპასუხემ არ გასცა ცნობა იმის შესახებ, რომ იგი თანახმა იყო ტენდერში გამარჯვებულისთვის (მოსარჩელესთვის) რადიო გადაცემაში „პიკის საათი“ დაეთმო საეთერო დრო 10 წუთამდე) ვერ შეძლო მერიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის წარდგენა, რის გამოც, ვერ გაიმარჯვა ტენდერში და მიადგა ზიანი. მოპასუხე კი განმარტავს, რომ მას არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა მოსარჩელისთვის მიეცა მსგავსი „ცნობა“ ან დაეთმო საეთერო დრო. ამასთან, მოსარჩელე არ იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი და არც ავტორიზებული/ლიცენზირებული პირი, შესაბამისად, ცნობის მიღების შემთხვევაშიც, იგი ვერ დააკმაყოფილებდა ტენდერის მოთხოვნებს.
18. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სწორედ მოსარჩელეს ეკისრებოდა იმ გარემოების დადასტურების ვალდებულება, რომ მოპასუხემ არ შეასრულა მასზე კანონით ან ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობა, რამაც მოსარჩელეს ხელი შეუშალა ტენდერში გამარჯვებაში. მოსარჩელე ვერ მიუთითებს, თუ რის საფუძველზე ევალებოდა მოპასუხეს მსგავსი ცნობის ან/და მოსარჩელისთვის საეთერო დროის დათმობაზე თანხმობის გაცემა (საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს ერთმანეთთან არანარი სამართლებრივი (მათ შორის, არც შრომითსამართლებრივი) ურთიერთობა არ აკავშირებთ). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ამგვარი ვალდებულების არსებობა არც მოსარჩელის მიერ მითითებული კანონიდან („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან) გამომდინარეობს. მეტიც, საქმის მასალებით, ასევე, არ დგინდება ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე რეგისტრირებულია ავტორიზებულ პირთა რეესტრში და რადიო მაუწყებლობას ახორციელებს საკუთარი სიხშირით. ეს ფაქტი თავად მოსარჩელეს არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ გაუხდია სადავოდ.
19. ამრიგად, თუნდაც მოპასუხეს გაეცა სადავო დოკუმენტი მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სახით, მოსარჩელე მაინც ვერ მიიღებდა მისთვის სასურველ შედეგს (ვერ გაიმარჯვებდა ტენდერში), ვინაიდან სატენდერო წინადადების თანახმად, პრეტენდენტს უნდა წარედგინა ცნობა არა სხვა რადიომაუწყებლობაში მისი ადრინდელი ან მიმდინარე საქმიანობის, არამედ ამჟამად საკუთარი სიხშირით რადიომაუწყებლობის განხორციელების შესახებ, რაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, არ ვლინდება.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ დაადასტურა მოპასუხის არამართლზომიერი და ბრალეული ქმედება, რამაც მას 7000 ლარის ოდენობით ზიანი მიაყენა. კასატორის ახსნა-განმარტებები და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია (მოპასუხისთვის არაერთხელ მიწერილი განცხადებები, მოპასუხე კომპანიაშია 2015 წლამდე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა და სხვ.), არ არის საკმარისი მისი პოზიციის გასაზიარებლად. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა უცვლელი გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ. სადავო საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობის საკითხი, მართებულად გამოიყენა და განმარტა სსკ-ის 992-ე, 408.1-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. დ.ბ–ძეს (პ.ნ.......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 360 ლარის 30%-ის - 108 ლარის გადახდა;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე