Facebook Twitter

საქმე №ას-1288-2023 28 თებერვალი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კასატორი - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (მოსარჩელე, აპელანტი)

მეორე კასატორი – შპს „ს–ი“ (მოპასუხე, აპელანტი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება

პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ს–ი“ (ჯ.ჯ–ი) (შემდგომში მოპასუხე, მოპასუხე კომპანია, საწარმო, პირველი კასატორი ან პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი) არის ქვანახშირის გამამდიდრებელი საწარმო, რომელიც ფუნქციონირებს 2009 წლიდან. იგი მდებარეობს მდინარე ტყიბულას მარჯვენა სანაპიროზე და ახდენს შახტებში მოპოვებული რიგითი ქვანახშირის სველი, გრავიტაციული მეთოდით გამდიდრებას.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 31 ივლისის №ი–412 ბრძანებით, შპს „ს.ს.ე.კ–ზე“ გაცემული №00235 გარემოზე ზემოქმედების ნებართვა გადაეცა მოპასუხეს. ამავე ბრძანების მეორე პუნქტით განისაზღვრა, რომ ნებართვის მფლობელს უნდა შეესრულებინა სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის 2008 წლის 16 მაისის №23 დასკვნით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

3. 2012 წლის აპრილში გარემოს დაცვის სამინისტრომ შეამოწმა მოპასუხის მიერ ეკოლოგიური ექსპერტიზის პირობების შესრულება, რა დროსაც არ გამოვლენილა მდინარე ტყიბულაში გდზ–ის საწინააღმდეგოდ მავნე ნივთიერებების ჩაშვება, ასევე, არ ყოფილა მითითებული ბრუნვითი სისტემის უმოქმედობასა და დაზიანებაზე.

4. 2013 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტომ შეადგინა დათვალიერების შესახებ ინსპექტირების აქტი №001121, რომლის თანახმად, მოპასუხე კომპანიის გამამდიდრებელი ტექნოლოგიური ხაზი განთავსებული იყო მდინარე ტყიბულას მარჯვენა სანაპიროზე. ქვანახშირის სველი გრავიტაციული წესით გამდიდრების მიზნით, ტექნიკურ წყალს იღებდნენ მდინარე ტყიბულადან სატუმბი სადგურით 90–100მ3 საათში წარმადობით, გამდიდრების პროცესში გამოყენებული წყალი მიეწოდებოდა რადიალურ წყალშემასქელებელს, საიდანაც ჭარბი გადანადენი წყალი ე.წ. ავარიული მილით ჩაედინებოდა მდ. ტყიბულაში. შლამიანი ჩამდინარე წყლები, ჰორიზონტალური სალექარის გავლის შემდეგ, გადაედინებოდა მდინარე ტყიბულაში. ტერიტორიაზე მოწყობილი არ იყო სანიაღვრე წყლების შემკრები სისტემა. აქვე მითითებული იყო, რომ გამამდიდრებელი ქარხნის ნარჩენების გამდიდრების ქარხანა ტექნიკურ წყალს იღებდა მდინარე ტყიბულადან 50 მ3/სთ, ჩამდინარე წყალი გაწმენდის გარეშე ჩაედინებოდა ღელეში. აქტი ხელმოწერილია მოპასუხე კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ.

5. მითითებული აქტის საფუძველზე, 2013 წლის 5 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში მოსარჩელე, დეპარტამენტი, მეორე კასატორი ან მეორე საკასაციო საჩივრის ავტორი) უფროსს მოხსენებითი ბარათით მიმართა ამავე დეპარტამენტის დასავლეთ–ცენტრალური სამსახურის უფროსმა და მოითხოვა გარემოზე ზემოქმედების №00241 ნებართვის პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმება. მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 2013 წლის 6 ნოემბერს, დეპარტამენტის უფროსმა გამოსცა ბრძანება №01–13/115.

6. 2013 წლის 24 დეკემბერს, ჩატარებული შემოწმების შემდგომ შედგა აქტი, სადაც მითითებულია, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა მოწყობილი სალექარში გაწმენდილი წყლის შემკრები 300 მ3–იანი ავზი და სანიაღვრე წყლების შემკრები არხები, არ ხდებოდა ატმოსფერული ნალექების წყლების შეკრება და მისი ტექნიკური წყლის ბრუნვით სისტემაში ჩართვა. ჩამდინარე წყლების სალექართან აშენებული იყო ბრუნვითი სისტემისათვის სატუმბი სადგურის შენობა, რომელშიც დადგმული იყო ერთი ტუმბო.

7. საწარმოს ხელმძღვანელების განმარტებით, გაწმენდილი წყალი გროვდებოდა სალექარის შემკრებში, საიდანაც გადაიტუმბებოდა საწარმოში.

8. შემოწმების დროს წყლის ბრუნვითი სისტემა არ მუშაობდა. ჩამდინარე წყლები ღია არხით ჩაედინებოდა მდინარე ტყიბულაში (აღებული იქნა ჩამდინარე წყლის სინჯები). შემოწმების ვადის ამოწურვამდე ჩაირთო ბრუნვითი სისტემა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ სალექარის შემკრების ჰერმეტულობა დარღვეული იყო, საწარმოო ჩამდინარე წყალი იღვრებოდა გვერდითი კედლიდან და ღია არხით ჩაედინებოდა მდინარე ტყიბულაში.

9. ჩამდინარე წყლის სინჯი აიღეს ორ თანაბარ ნიმუშად. ერთი ნიმუში გამოსაკვლევად გადაეცა მოპასუხე კომპანიის ნახშირის კვლევის ლაბორატორიას, მეორე კი, დალუქულ მდგომარეობაში შეინახა აქტის შემდგენმა.

10. საწარმოს ხელმძღვანელის განმარტებით, ჩაშვება ხდებოდა ავარიულად, ონკანის დაზიანების გამო. საწარმოს ტერიტორიის გასასვლელში მოწყობილი იყო ავტოსამრეცხაო, ტერიტორიიდან გასული ავტოთვითმცლელების გასარეცხად. ავტოსამრეცხაოს არ ჰქონდა ჩამდინარე წყლების გასაწმენდი ნაგებობა. ავტოსამრეცხაო მოეწყო მოსახლეობის მოთხოვნით, ავტომობილის საბურავების გასარეცხად, ტერიტორიიდან გასული ტრანსპორტით ქალაქის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

11. აქტში მითითებულია, რომ შემოწმების პროცესში, 19 ნოემბერს, აიღეს ჩამდინარე წყლის ორი სინჯი, ერთი №1 ჩამდინარე წყალი სალექარის შემდეგ და №2 ავტოსამრეცხაოს ჩამდინარე წყალი. სინჯი აიღეს ორ თანაბარ ნიმუშად, რომელთაგან ერთი დალუქულ მდგომარეობაში (№1 სინჯის ლუქის №1389026, №2 სინჯის ლუქის №1389027) გადაეცა საწარმოს დირექციას შესანახად. 26 ნოემბერს, დამატებით აიღეს გამწმენდი ნაგებობიდან გამავალი ჩამდინარე წყლის სინჯი ორ თანაბარ ნიმუშად, რომელთაგან ერთი დალუქულ მდგომარეობაში (ლუქის №1389028) გადაეცა საწარმოს დირექციას შესანახად. სინჯების აღების დღეს საწარმოდან სხვა ჩამდინარე წყლის ჩაშვება არ მომხდარა.

12. 2013 წლის 18 დეკემბერს დაგეგმილი იყო განმეორებითი სინჯის აღება, საწარმოო ჩამდინარე წყლების გაწმენდის ხარისხის დასადგენად, რომელიც ვერ მოხერხდა, რადგან სალექარს ჩამდინარე წყლები არ მიეწოდებოდა. ჩაშვება ხდებოდა გამამდიდრებელი საამქროდან ავარიულად, საიდანაც აიღეს სინჯი ორ თანაბარ ნიმუშად, რომელთაგან ერთი დალუქულ მდომარეობაში (ლუქის №1389043) გადაეცა საწარმოს დირექციას შესანახად.

13. 2013 წლის 12 ნოემბერს, ქვანახშირის გამამდიდრებელი ქარხნიდან, ტექნოლოგიური პროცესის დროს, წყალი ჩაედინებოდა მდინარე ტყიბულაში, აიღეს წყლის სინჯის ორი ერთეული, რომელთაგან ერთი გადაეცა მოპასუხე კომპანიის ლაბორატორიას.

14. 2013 წლის 24 დეკემბერს, შედგა შემოწმების შესახებ ინსპექტირების აქტი №000805, თუმცა, საწამოს დირექტორი არ დაეთანხმა მასში მითითებულ დარღვევებს.

15. დეპარტამენტის დასავლეთ–ცენტრალური სამსახურის უფროსის 2013 წლის 7 ნოემბრის და 26 ნოემბრის მიმართვებს საწარმოს დირექტორმა 2013 წლის 12 დეკემბერს უპასუხა, რომ 2013 წლის 12 ნოემბერს 10 საათსა და 30 წუთზე ნახშირის გამამდიდრებელ საამქროში მოხდა ავარია, დაზიანდა ურდული, რის გამოც საამქროს ტერიტორიაზე დაიღვარა წყალი. დაღვრილი წყალი სალექარის გავლით გადავიდა მდინარეში, დაღვრილი წყლის რაოდენობა იყო დაახლოებით 3მ3/სთ. ავარია ლიკვიდირებული იქნა 17:00 საათზე. ჩამდინარე წყლის სინჯი გამოსაკვლევად გადაეცა ნახშირის ხარისხის ანალიზის ლაბორატორიას. გამოკვლევამ აჩვენა, რომ შეწონილი ნაწილაკების რაოდენობა 1 ლ. წყალში შეადგენდა 1.12 გრამს. ამავე წერილში ნათქვამი იყო, რომ მანქანების საბურავების სამრეცხაომ მუშაობა დაიწყო 2012 წლის სექტემბერში, დღეში საშუალოდ ირეცხებოდა 30 მანქანის საბურავი, თითოეულის გარეცხვაზე იხარჯებოდა 5 ლიტრი წყალი, რომელიც ჩაედინებოდა ქალაქის სანიაღვრე არხში, მანქანის რეცხვა წარმოებდა მხოლოდ მზიან ამინდში, რაც წელიწადში დაახლოებით იყო 150 დღე, საამქრო თვეში მუშაობდა 28 დღეს, დანარჩენ დღეებში კი რემონტი იყო. ამავე დღეს დირექტორმა მიაწოდა ინფორმაცია მაკონტროლებელ ორგანოს 2009–2013 წლებში გამამდიდრებელი პროდუქციის მოცულობისა და ტექნოლოგიურ პროცესში გამოყენებული შემავსებელი წყლის ხარჯის შესახებ. 2016 წლის 16 იანვარს, ასევე მიაწოდა ეს მონაცემები თვეების მიხედვით.

16. 2014 წლის 14 იანვარს დეპარტამენტის დასავლეთ–ცენტრალურმა სამსახურმა მოპასუხის მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №002538, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 792-ე მუხლით (გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის) პირობების ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით) გათვალისწინებული პირობების დარღვევა) გათვალისწინებული დარღვევისათვის.

17. იმავე წლის 29 იანვარს, ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს დადგენილებით (რომელიც შესულია კანონიერ ძალაში) მოპასუხე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 792-ე მუხლით და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა, 5000 ლარი.

18. გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის გამოცდის №132 ოქმით დადგინდა, რომ მდინარე ტყიბულაში ჩამდინარე წყალში სალექარის შემდეგ შეწონილი ნაწილაკები შეადგენდა 2443,2 მგ/ლ–ს, ავტოსამრეცხაოს ჩამდინარე წყალი შეიცავდა შეწონილ ნაწილაკებს, 3032.2 მგ/ლ–ს. ასევე, დადგინდა, რომ ჩამდინარე წყალი შეიცავდა შეწონილ ნაწილაკებს, 75978.0 მგ/ლ–ს.

19. 2014 წლის 13 ნოემბერს, მოსარჩელემ გამოიანგარიშა გარემოზე მიყენებული ზიანი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების მეთოდიკის)“ შესახებ მე–10 მუხლის შესაბამისად ფორმულით Y=PA, სადაც Y – არის გარემოსათვის მიყენებული ზიანი ლარებში, P – არის ჩაშვებული დამაბინძურებელი ნივთირებების (შეწონილი ნაწილაკების) მასა ტონებში, რომლის გაანგარიშებაც მოხდა ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების და თავად მოპასუხის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო A არის ერთი ტონა დამაბინძურებელი ნივთიერების ჩაშვების მაჩვენებელი ლარებში, რომელიც თითოეული ნივთიერებისათვის მოცემულია დანართ 14-ში (მოცემულ შემთხვევაში იგი შეადგენს - 200-ს). ამასთან, მოსარჩელემ ზიანი დაიანგარიშა 2012 წლის 18 მარტიდან (გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ წინა შემოწმების დასრულების დრო) 2013 წლის 24 დეკემბრამდე, რამაც შეადგინა 3 170 762 ლარი.

20. მოსარჩელის მოთხოვნა

მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე საწარმოს მიმართ და მოითხოვა გარემოსთვის მიყენებული ზიანის, 3 170 762 ლარის ანაზღაურება.

21. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

22. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა გარემოსთვის მიყენებული ზიანის, 446 262 ლარის ანაზღაურება.

23. მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

24. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

24.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა გარემოსთვის მიყენებული ზიანის 252 755.50 ლარის (ნაცვლად 446 262 ლარისა) გადახდა.

24.2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-19 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე შეაფასა სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დანიშნული ექსპერტიზის - შპს „გ-კ–ის“ 2020 წლის საექსპერტო დასკვნის შინაარსი და ამავე დასკვნაზე მომუშავე ექსპერტების ახნა-განმარტებები.

24.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით დანიშნული ექსპერტიზის ჩასატარებლად ექსპერტს დაესვა შემდეგი კითხვები: სადავო შემთხვევაში, მოიპოვა თუ არა მოსარჩელემ მოპასუხის მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისათვის საჭირო მასალები/ნიმუშები ანდა შეამოწმა თუ არა იგი დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით? რაში გამოიხატებოდა შეუსაბამობა? თუ შემოწმებისათვის საჭირო მასალების/ნიმუშების მოპოვება ანდა შემოწმება დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით არ მოხდა, რა სახის გავლენა შეეძლო მოეხდინა ამას მიღებულ შედეგებზე? თუ შემოწმებისათვის საჭირო მასალების/ნიმუშების მოპოვება ანდა შემოწმება დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით არ მოხდა, როგორი იქნებოდა შემოწმების შედეგი, თუ მათი მოპოვება ანდა შემოწმება დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით მოხდებოდა? ექსპერტს დაევალა: განესაზღვრა 2013 წლის მდგომარეობით მდინარე ტყიბულაში შეწონილი ნაწილაკების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია; იმ შემთხვევაში, თუ 2013 წლის მდგომარეობით მდინარე ტყიბულაში შეწონილი ნაწილაკების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის დადგენა შეუძლებელი იქნებოდა, ექსპერტს დავალება უნდა შეესრულებინა, ცალკე, 2008 წლის მდგომარეობით მდინარე ტყიბულას სამეცნიერო კვლევითი ფირმა „გ–ას“ 2008 წლის 16 აპრილის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშსა და დანართში მოცემული ფონური მონაცემებისა და ცალკე - ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის მდინარე ტყიბულას ფონური მონაცემების საფუძველზე. ზემოხსენებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ექსპერტს უნდა განესაზღვრა მოპასუხის მიერ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდიკის შესაბამისად. ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო მხარეთა მონაწილეობით

24.4. შპს „გ-კ–ის“ 2020 წლის საექსპერტო დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი:

მოსარჩელემ მოპასუხის მიერ გარემოსათვის მიყენებული ზიანი დაადგინა (გამოიანგარიშა) რიგი მეთოდური შეცდომებით, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა ანგარიშის შედეგზე, რის გამოც, შეფასება კორექტირებას მოითხოვდა, კერძოდ: ჩამდინარე წყლების ჩაშვების დროის ხანგრძლივობად მიღებული იყო პერიოდი 2012 წლის 28 მარტიდან (წინა შემოწმების დასრულება), 2013 წლის 24 დეკემბრამდე (მიმდინარე შემოწმების დრო). ოცდაერთი თვის განმავლობაში ჩამდინარე წყლების ორად-ორი საკონტროლო სინჯი იყო აღებული, ისიც დროის ძალიან მცირე მონაკვეთში (ერთ კვირის განმავლობაში).

ჩამდინარე წყლების საკონტროლო ნიმუშებში შეწონილი ნაწილაკების რაოდენობა მკვეთრად განსხვავებული აღმოჩნდა - N1 (19.11.2013) - 2443,2 მგ/ლ, N2 (26.11.2013) - 75978,0 მგ/ლ. რა იყო შედეგების ასეთი დიდი განსხვავების მიზეზი, საექსპერტო კვლევის ანგარიშში არ იყო ასახული. ანგარიშის ავტორები, ამ ორი მონაცემის საშუალო მნიშვნელობას (39210,6 მგ/ლ) იყენებდნენ ზიანის შეფასების დროს, ანუ თვლიდნენ, რომ ოცი თვის მანძილზე, საწარმო მდინარეში უწყვეტად უშვებდა წყლებს, შეწონილი ნაწილაკების შემცველობით - 39210,6 მგ/ლ, რაც დასაშვებ ნორმას (კონკრეტულ შემთხვევაში, ზდკ-ს - 60 მგ/ლ) 653,51-ჯერ აღემატებოდა. ასეთი შეფასება არ იყო სწორი. მიუღებელი იყო ორი ასეთი განსხვავებული შედეგის საშუალო არითმეტიკული მნიშვნელობის მიხედვით, უაღრესად საპასუხისმგებლო გათვლების წარმოება, რაც გარემოს ზიანის შეფასებისას დიდ ცდომილებას განაპირობებდა.

თუ სინჯის აღების წერტილში წყლის შემადგენლობა არ იყო სტაბილური, განსხვავება ემპირიულ შედეგსა და რეალურ მნიშვნელობას შორის, გამოითვლებოდა სტატისტიკური ანალიზის მეთოდით, ამასთან, ეს განსხვავება, როგორც წესი, მცირდებოდა აღებული სინჯების რიცხვის გაზრდით.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩაშვებული დამაბინძურებელი ნივთიერების მასა არაკორექტულად იყო განსაზღვრული, ამავე დროს, ექსპერიმენტული მონაცემების სიმწირე (ნაკლებობა) ართულებდა გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის N2 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდიკის შესაბამისად.

მოსარჩელის მიერ დადგენილი ზიანის სანაცვლოდ, გარემოსათვის მიყენებული ზიანის შესაფასებლად, შეთავაზებული იქნა კომპრომისული, მაგრამ რეალობასთან შედარებით უფრო მიახლოებული გამოთვლები და ჯამურად მიყენებული ზიანი განისაზღვრა 252 755.50 ლარით.

24.5. სასამართლომ ასევე შეაფასა აღნიშნულ დასკვნაზე მომუშავე ექსპერტთა განმარტებები.

24.5.1.ექსპერტმა, ტარიელ ადამიამ, სასამართლოს განუმარტა, რომ იგი სპეციალობით არის ქიმიკოსი. ნიმუში ექსპერტიზისათვის აღებული იყო ქარხნის ტერიტორიიდან ჩამდინარე, გამომავალი წყლიდან. ქარხნის მიერ ხდებოდა ზედმეტი შედინარებული ნაწილაკების ჩაშვება მდინარეში, რის გამოც, იგი იყო ამღვრეული. მათ გამოინგარიშეს ზიანი იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობით ნაწილაკი იყო მდინარეში ჩაშვებული. მოსარჩელემ არასწორად დაიანგარიშა ზიანის ოდენობა. მათ არასწორი მეთოდოლოგია გამოიყენეს. პირველი ანალიზი რომ აიღეს და ჩაატარეს ექსპერტიზა, დაახლოებით, 2 გრამი შედინარებული ნაწილაკი აღმოაჩინეს ერთ ლიტრ წყალზე, ერთი კვირის შემდეგ კი, 70 გრამი. მოსარჩელემ და პირველი ინსტანციის სასამართლომ კი, მათი საშუალო არითმეტიკულიდან დაიანგარიშეს ზიანის ოდენობა, რაც დაუშვებელია და ძალიან დიდ ცდომილებას იძლევა. სასამართლომ ზიანის დაანგარიშებისას უბრალოდ ვადა შეამცირა, რის გამოც ,ნაკლები ოდენობით ზიანი მიიღო. მთელ საანგარიშო პერიოდზე 70-გრამიანი დაბინძურება გამოიწვევდა საწარმოს შეფერხებას. ამ ობიექტისათვის დასაშვები ზღვარი დადგენილი და გაწერილი არ არის. ამ შემთხვევაში, ნორმატიული აქტით არის გაწერილი, რომ დიდი განსხვავების დროს, ბოლო შემოწმებიდან იწყება ვადის ათვლა, სწორედ ამ მეთოდით გამოიანგარიშა მან ზიანი 2-გრამიანი ჩაშვებით, ხოლო ის ერთი კვირა - 70 გრამიანი ჩაშვებით, კერძოდ, 2013 წლის 19 ნოემბრამდე აღებულ სინჯში ჩაითვალა, რომ იყო 2-გრამიანი დაბინძურება, ხოლო 19 ნოემბრიდან 26 ნოებრამდე - 70-გრამიანი დაბინძურება. ექსპერიმენტული სინჯი უფრო მეტი უნდა ყოფილიყო აღებული, ოთხი და ათიც არ იყო საკმარისი რეალური სურათის მისაღებად. აქედან გამომდინარე, მის მიერ წარმოდგენილი დასკვნა მართალია არ არის კატეგორიული, არაკორექტულია, თუმცა, არის უფრო ლოგიკური და უფრო რეალური.

24.5.2.ამავე დასკვნაზე მომუშავე ექსპერტის, ზ.მ–ის განმარტებით, იგი სპეციალობით არის ქიმიკოსი. ზიანი დაითვალეს იმგვარად, რომ 2013 წლის 19 ნოემბრამდე აღებულ სინჯში ჩაითვალა, რომ იყო 2-გრამიანი დაბინძურება, ხოლო 19 ნოემბრიდან 26 ნოემბრამდე - 70-გრამიანი დაბინძურება. მოსარჩელემ დაითვალა ზიანი 2-ისა და 70-ის საშუალო არითმეტიკულით. ამგვარი დათვლა არასწორია, რადგან ეს 70-გრ-იანი დაბინძურება შესაძლებელია იყოს მხოლოდ ავარიული, ერთჯერადი და არა სისტემატიური. ზუსტი სურათის მისაღებად მხოლოდ ორი სინჯის აღება საკმარისი არ იყო, სინჯი უფრო მეტი უნდა აღებულიყო. საშუალო ციფრის გამოყვანისათვის მხოლოდ ორი მაჩვენებელი (ამ შემთხვევაში, 2 და 70) საკმარისი არ იყო, რადგან ძალიან დიდ ცდომილებას იძლევა.

24.6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408.1-ე, 409-ე, 317-ე მუხლებით, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით (რომელიც ითვალისწინებს დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის გამარტივებული წესით განხილვის შესაძლებლობას) და დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხის მიერ დაბინძურებული წყლის მდინარე ტყიბულაში ჩაშვებით, გარემოსათვის ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, დაასკვნა, რომ გამოვლენილი იყო დელიქტური ვალდებულების წარმოშობის წინაპირობები, რაც მოპასუხისათვის ზიანის თანხის დაკისრების საფუძველს ქმნიდა.

24.7. რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე (ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი; თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა), ასევე, იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებით და არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშებისას სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით დამტკიცებული „გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლი, ვინაიდან აღნიშნული რეგლამენტის მესამე მუხლის მიხედვით, დადგენილების მოქმედება ვრცელდება 2014 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ზიანის გაანგარიშება უნდა მოხდეს გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანების მე-10 მუხლის მიხედვით, რომლითაც იხელმძღვანელა შპს „გ-კ–მაც“.

24.8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება ზიანის გაანგარიშების პერიოდის 2012 წლის 28 მარტიდან ათვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება 2012 წლის 28 მარტიდან მოპასუხის მიერ მდინარის დაბინძურება. სასამართლომ გაიზიარა შპს „გ-კ–ის“ დასკვნაში მითითებული გარემოება, რომ ზიანის გაანგარიშების ათვლა უნდა დაიწყოს დაზიანების დაფიქსირების დღიდან, რაც საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით, 2013 წლის 20 სექტემბერია.

24.9. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია საექსპერტო დასკვნაში მითითებული გარემოს დაბინძურების გამოთვლის მეთოდი და ექსპერტთა განმარტება, რომ 75%-იანი დაბინძურება შესაძლებელია ყოფილიყო ავარიული, ერთჯერადი და არა სისტემატური, რის გამოც მთელი დაბინძურების პერიოდში მხოლოდ ორი მაჩვენებლის (2 და 75) საშუალო არითმეტიკულით გამოთვლა საკმარისი არ იყო და დიდ ცდომილებას გამოიწვევდა. ზუსტი სურათის მისაღებად მოსარჩელეს უფრო მეტი სინჯი უნდა აეღო, რაც მას არ გაუკეთებია. ლოგიკური მოსაზრებითაც შეუძლებელია დაბინძურება ჩვეულებრივი დაზიანების დროს იყოს იმ ხარისხის და იმ ოდენობის, რასაც ავარიული ჩაშვება გამოიწვევდა. სწორედ ამით იყო გამოწვეული ის ცდომილება დაბინძურების მაჩვენებლებს შორის, რაც სინჯების აღებით დადგინდა (2 და 75) და ისეთი მაღალი ხარისხის დაბინძურებას ადგილი ექნებოდა მხოლოდ ავარიული ჩაშვების დროს, რაც ერთკვირიან პერიოდს მოიცავს, ხოლო სხვა ჩვეულებრივი დაზიანების პერიოდისათვის დაბინძურების ხარისხი 2-ით უნდა განსაზღვრულიყო, რადგან სხვა მაჩვენებელი, სხვა სინჯი მოსარჩელეს არ აუღია და არ გააჩნია.

24.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ შპს „გ-კ–ის“ მიერ წარმოდგენილი დასკვნა შეიცავს საკვლევი ობიექტის დეტალურ გამოკვლევას და არსებული მონაცემების შესაბამის მეცნიერულ შეფასება/დასაბუთებას, ის მომზადებულია საკვლევი სფეროს კვალიფიციური სპეციალისტების - ქიმიკოსების მიერ, რის გამოც სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის იგი უფრო წონადი, სარწმუნო, კვალიფიციური და გასაზიარებელია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანის სახით მოპასუხეს 446 262 ლარის ნაცვლად, უნდა დაკისრებოდა 252 755.50 ლარის ანაზღაურება.

25. მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები

25.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

25.2. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

25.3. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

25.4. პირველი კასატორის განცხადებით,

ა) არ არსებობს წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის #2 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდიკის მიხედვით, განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში ანაზღაურდება ზიანი, როდესაც ადგილი აქვს დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვებას ზედაპირულ წყლებში. ესენია: ა) წყლის რესურსების დაბინძურებისას, რომელიც გამოწვეულია წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა იმ რაოდენობის მუდმივი ჩაშვებით, რომელიც აღემატება მასში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების დამტკიცებულ ნორმატივებს; ბ) წყლის რესურსების დაბინძურებისას, რომელიც გამოწვეულია წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ავარიული ჩაშვებით. მოცემულ შემთხვევაში წყლის დაბინძურება გამოიწვია დამაბინძურებელ ნივთიერებათა ავარიულმა ჩაშვებამ, რომელიც დროულად აღმოიფხვრა, ხოლო მუდმივი ჩაშვების ფაქტი საქმეში არასებული არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება და იგი მხოლოდ მოსარჩელის ვარაუდებზეა დამყარებული. ამასთან, არცერთი ინსტანციის სასამართლოს არ გაუთვალისწინებია, რომ მდინარე ტყიბულა ისედაც დაბინძურებულია შეწონილი ნაწილაკებით, შესაბამისად, თუ ბრუნვითი სისტემიდან დაღვრილი წყალი იმთავითვე შეიცავდა შეწონილ ნაწილაკებს, გაუგებარია, ამ შემთხვევაში რაში გამოიხატება მოპასუხის მხრიდან ზიანის მიყენება;

ბ) თუ სასამართლო მაინც დაადგენდა გარემოსთვის ზიანის მიყენების ფაქტს, ვინაიდან იგი ეყრდნობოდა შპს „გ. კ–ის“ მიერ დადგენილი გამოთვლის მეთოდს, ზიანის გაანგარიშების ათვლა უნდა დაეწყო 2013 წლის 20 სექტემბრიდან, ნაცვლად 2012 წლისა. შესაბამისად, მოპასუხისთვის დასაკისრებელი თანხა უნდა განესაზღვრა არა 252 755.50 ლარით, არამედ 69 671.2 ლარით.

25.5. მეორე საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით,

ა) სააპელაციო სასამართლო საკითხის გადაწყვეტისას არასწორად დაეყრდნო შპს „გ.კ–ის“ დასკვნას, რომ 75%-იანი დაბინძურება შესაძლებელია ყოფილიყო ავარიული, ერთჯერადი და არა სისტემატური, მაშინ, როდესაც ეს იყო უკანონო, პირდაპირი ჩაშვება ზედაპირული წყლის ობიექტში სალექარიდან სპეციალურად გაჭრილი ღია არხების მეშვეობით ბრუნვითი წყალმიწოდების სისტემის არარსებობის პირობებში (სალექარის შემკრების ჰერმეტულობა იყო დარღვეული და საწარმოს ჩამდინარე წყალი იღვრებოდა გვერდითა კედლიდან). ამასთან, გაუგებარია, რატომ დაეყრდნო სასამართლო მითითებულ დასკვნას, ვინაიდან შპს „გ. კ–ი“ არ წარმოადგენს აკრედიტებულ საექსპერტო დაწესებულებას და მისი უფლებამოსილება მხოლოდ საკონსულტაციო დახმარებას შეიძლება ითვალისწინებდეს, თანაც იგი მოპასუხის მიერაა დაქირავებული, რის გამოც საქმისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრისას ობიექტურობის (მიუკერძოებლობის) დაცვა გაუჭირდებოდა;

ბ) სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ 53-ე მუხლი და არასწორად გაანაწილა პროცესის ხარჯები, რის გამოც მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ დააკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდა. სასამართლომ არ გაითვალისწინა რომ „ბაჟის შესახებ კანონის“ მიხედვით, მოსარჩელე, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაცია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, იგი ვერ გადაიხდის დაკისრებულ თანხას, აღნიშნული თანხის დაბრუნება უნდა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

26. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის, ხოლო 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

27. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

30. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

31. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური პასუხისმგებლობის წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, პირს (ზიანის მიმყენებელს) ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (იხ. სუსგ საქმე №ას-1426-2018, 11.04.2019; საქმე №ას-769-737-2016, 20.06.2018; საქმე №ას-176-163-2015; საქმე №ას-1570-2019, 2020 წლის 29 მაისი). შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს ოთხივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-72-72-2018, 15.02.2018; საქმე №ას-809-776-2016, 04.04.2017).

32. სსკ-ის 992-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესსაც: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების) არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებლმა, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

33. სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, იმავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ის გარემოება, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით მას მიადგა ზიანი.

34. განსახილველ შემთხვევაში, პირველი კასატორი (მოპასუხე) სადავოდ ხდის როგორც, ზოგადად, გარემოსთვის მიყენებული ზიანის არსებობას, ასევე, სასამართლოების მიერ დადგენილი ზიანის ოდენობის გამოთვლის წესს, მეორე კასატორი (მოსარჩელე) კი დავობს მოპასუხის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის არასწორად დაანგრიშებისა და საპროცესო ხარჯების (სახელმწიფო ბაჟის) მისთვის არასწორად დაკისრების შესახებ.

35. პირველი კასატორის საკასაციო პრეტენზიების პასუხად, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ უდავო გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ გარემოსთვის ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებულია ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის კანონიერ ძალაში შესული დადგენილებით, რომლის მიხედვით, მოპასუხე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 792-ე მუხლით (გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის) პირობების ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით) გათვალისწინებული პირობების დარღვევა) და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა, 5000 ლარი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დელიქტით მიყენებული ზიანის საერთო სასარჩელო წესით განხილვისგან განსხვავებით, გამარტივებული წესით საქმის განხილვის დროს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით განსაზღვრულია ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი), კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უტყუარად დასტურდება ზიანის ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის (სსსკ 30920–ე მუხლი), შესაბამისად, სასამართლო აღარ იკვლევს აღნიშნულ საკითხებს და დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე დადასტურებულად მიიჩნევს მათ (იხ. სუსგ საქმე Nას-1322-2018, 4 აპრილი, 2019 წელი).

36. რაც შეეხება ზიანის გამოთვლის წესს და მის ოდენობას, ამ ნაწილშიც საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ ზიანის სახით მოპასუხისთვის დასაკისრებელი თანხა სააპელაციო პალატამ მართებულად დაიანგარიშა „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის #2 ბრძანების მე-10 მუხლის შესაბამისად, საქმეზე წარდგენილი საექსპერტო დასკვნებისა და თავად ამ დასკვნაზე მომუშავე ექსპერტთა განმარტებების ერთობლივი შეფასებით.

37. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშების მიზნით მოსარჩელის მიერ ჩატარებული კვლევისგან განსხვავებით, შპს „გ. კ–ის“ 2020 წლის საექსპერტო დასკვნაში ნათლად იყო ასახული დაბინძურების გამოთვლის მეთოდი, დაბინძურების წარმოშობის დრო, ასევე პასუხი იყო გაცემული ძირითად კითხვებზე, შეიძლებოდა თუ არა 75%-იანი დაბინძურება ყოფილიყო განგრძობითი, სისტემატური და მთელი დაბინძურების პერიოდში შეიძლებოდა თუ არა მხოლოდ ორი მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკული გამოთვლით (როგორც ეს გამოითვალა მოსარჩელემ) სადავო პერიოდში დაბინძურების ხარისხის დადგენა (საექსპერტო დასკვნაში აღნიშნულია, რომ 75%-იანი დაბინძურება შესაძლებელია ყოფილიყო ავარიული, ერთჯერადი და არა სისტემატური, რის გამოც მთელი დაბინძურების პერიოდში მხოლოდ ორი მაჩვენებლის (2 და 75) საშუალო არითმეტიკულით გამოთვლა საკმარისი არ იყო და დიდ ცდომილებას გამოიწვევდა. ზუსტი სურათის მისაღებად მოსარჩელეს უფრო მეტი სინჯი უნდა აეღო, რაც მას არ გაუკეთებია. ლოგიკური მოსაზრებითაც შეუძლებელია დაბინძურება ჩვეულებრივი დაზიანების დროს იყოს იმ ხარისხის და იმ ოდენობის, რასაც ავარიული ჩაშვება გამოიწვევდა. სწორედ ამით იყო გამოწვეული ის ცდომილება დაბინძურების მაჩვენებლებს შორის, რაც სინჯების აღებით დადგინდა (2 და 75) და ისეთი მაღალი ხარისხის დაბინძურებას ადგილი ექნებოდა მხოლოდ ავარიული ჩაშვების დროს, რაც ერთკვირიან პერიოდს მოიცავს, ხოლო სხვა ჩვეულებრივი დაზიანების პერიოდისათვის დაბინძურების ხარისხი 2-ით უნდა განსაზღვრულიყო, რადგან სხვა მაჩვენებელი, სხვა სინჯი მოსარჩელეს არ აუღია და არ გააჩნია).

38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს დასაშვები მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და სასამართლო თავისი მოტივირებული გადაწყვეტილებით ასაბუთებს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების ან მისი უარყოფის მართლზომიერებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით.

39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. კერძოდ, მოცემული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს.

40. ამასთან, ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის, გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ №ას-406-383-2014; 2015 წლის 17 აპრილი). საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას აფასებს სასამართლო.

41. მოსამართლე არ არის დამოკიდებული ექსპერტის აზრზე. მან კრიტიკული განხილვის შედეგად უნდა ჩამოაყალიბოს თავისი აზრი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე. უფრო მეტიც, თუ ექსპერტის დასკვნა უპირისპირდება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, საკითხი უნდა გაირკვეს სწორედ ექსპერტის ზეპირი განმარტებების მიღების, საკუთრივ დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯრებისა და დეტალური შესწავლის საფუძველზე. ექსპერტის დასკვნისათვის, როგორც მტკიცებულების წყაროსათვის, მნიშვნელოვანია, რომ ის წარმოადგენდეს საპროცესო კოდექსით ნორმატიულად დადგენილ წესებს დაქვემდებარებულ დოკუმენტს, ყურადღება უნდა მიექცეს კვლევის მეთოდებს, საკვლევი მასალას და სხვადასხვა სპეციფიკურ დეტლებს, გამომდინარე ჩატარებული ექსპერტიზის სახეობიდან. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი).

42. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებების შეფასებისათვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით შეაფასა როგორც საქმეზე წარდგენილი შპს „გ. კ–ის“ საექსპერტო დასკვნის კვლევითი და დასკვნითი ნაწილების შინაარსი, ასევე სასამართლო სხდომაზე მოწვეული ექსპერტების (რომლებიც თავად მონაწილეობდნენ აღნიშნულ კვლევაში) ზეპირი სახის განმარტებები, და აღნიშნულის შესაბამისად, შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი, ზიანის სახით ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა. კასატორებს კი (არც მოსარჩელეს და არც მოპასუხეს) არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რაც სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გარემოებების (ზიანის გამოთვლის დროისა და მეთოდის შესახებ) გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

43. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მეორე კასატორის (მოსარჩელის) პრეტენზიას იმის შესახებ, რომ დასკვნის გამცემი ორგანიზაცია, შპს „გ.კ–ი“ დაქირავებულია მოპასუხის მიერ და, შესაბამისად, იგი ობიექტურ დასკვნას ვერ მოამზადებდა, ამასთან, ეს ორგანიზაცია არ არის აკრედიტებული საქსპერტო დაწესებულება, რის გამოც მისი კომპეტენცია მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათით შეიძლება შემოფარგლულიყო.

44. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მხარის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საექსპერტო დასკვნის მომზადება, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, შპს „გ.კ–ს“ დაევალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით (სსსკ 162-ე მუხლის პირველი ნაწილის (თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა) შესაბამისად) და არა მოპასუხის მოთხოვნით. ამასთან, მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც ზემოაღნიშნული საექსპერტო დაწესებულების კომპეტენციაში ეჭვის შეტანის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. მას არც შპს „გ. კ–ის“ მიერ გაცემული დასკვნის გამაქარწყლებელ სხვა, ალტერნატიულ საექსპერტო დასკვნაზე არ მიუთითებია, რაც უსაფუძვლოს ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას აღნიშნული დასკვნის არასწორად გაზიარების შესახებ მისივე პრეტენზიას.

45. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს, ასევე, მეორე კასატორის (მოსარჩელის) პრეტენზიას სასამართლოს მიერ საპროცესო ხარჯების (სახელმწიფო ბაჟის) მხარეთა შორის არასწორად განაწილების შესახებ და აღნიშნავს შემდეგს: მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია - იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ მითითებული პრინციპის შესაბამისად გაანაწილა სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟი მხარეთა შორის (სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც წარდგენილი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ნაცვლად 446 262 ლარისა, დაეკისრა 252 755.50 ლარის გადახდა. შესაბამისად, დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის, 3035.31 ლარის გადახდა). შესაბამისად, ამ ნაწილშიც არ არსებობს მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიის გაზიარებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.

46. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებებიც, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

47. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

49. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ასევე შპს „ს–ის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ს–ს“ (ს.კ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის (საგადასახადო დავალება: 231124150231313 გადახდის თარიღი 24.11.2023;) 70% – 5600 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე