Facebook Twitter

საქმე № ას-1452-2023 28 თებერვალი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „კ.ს–ო“; ბ.კ–ძე, ფ.ა–ძე (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ს–ძე, მ.გ–ი, შ.ე–ძე, ი.ფ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – დივიდენდის განაწილება, პარტნიორთა გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „კ.ს–ოს“ პარტნიორები შესაბამისი წილობრივი მონაწილეობით არიან: ბ.კ–ძე - 17%, მ.ს–ძე - 16,6%, შ.ე–ძე - 16,6%, ი.ფ–ძე - 16,6%, მ.გ–ი - 16,6%, ფ.ა–ძე - 16,6%.

2. შპს „თ.ე.კ–ის“ მიერ მომზადებული აუდიტის დასკვნის თანახმად, შპს „კ.ს–ოს“ გაუნაწილებელი მოგება 2017 წლის 31 დეკემბრის საანგარიშო წლისათვის შეადგენდა 466 434 ლარს.

3. 2018 წლის 31 ოქტომბერს გამართულ შპს „კ.ს–ოს“ პარტნიორთა კრებაზე კომპანიის პარტნიორების ბ.კ–ძის და ფ.ა–ძის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება პარტნიორების მ.ს–ძის, შ.ე–ძის, ი.ფ–ძის და მ.გ–ის საზოგადოებიდან გარიცხვის თაობაზე. 2019 წლის 12 აპრილს ბ.კ–ძემ და ფ.ა–ძემ სარჩელით მიმართეს საჩხერის რაიონულ სასამართლოს მ.ს–ძის, შ.ე–ძის, ი.ფ–ძის და მ.გ–ის საზოგადოებიდან გარიცხვის მოთხოვნით. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბ.კ–ძის და ფ.ა–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეების მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო სასამართლოში. მოსარჩელეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს. საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას, 2022 წლის 06 ივნისს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო შესაგებელთან ერთად წარდგენილი იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება (საქმე №ას-549-2021) რომლის თანახმად, ძალაში დარჩა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შედეგი და ბათილად იქნა მიჩნეული გადაწყვეტილება კომპანიის პარტნიორების - მ.ს–ძის, მ.გ–ის, შ.ე–ძისა და ი.ფ–ძის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ბ.კ–ძისა და ფ.ა–ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა პარტნიორების გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილების საზოგადოების წესდებითა და კანონით განსაზღვრული პროცედურების დაუცველად მიღება და არა ზიანის არარსებობა.

4. 2019 წლის 18 აპრილს, გაიმართა შპს „კ.ს–ოს“ პარტნიორთა კრება. საზოგადოების პარტნიორთა მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწარმოს 2017 წლის მოგებიდან 254 108,95 ლარის პარტნიორებს შორის მათი კუთვნილი წილის პროპორციულად დივიდენდის სახით განაწილების თაობაზე. კერძოდ, ბ.კ–ძეზე გასაცემ თანხად განისაზღვრა 43 198,5 ლარი, ხოლო დანარჩენ პარტნიორებზე (თითოეულზე) - 42 182,09 ლარი. ამავე კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს „კ.ს–ოს“ ახალი წესდების დამტკიცების თაობაზე. ორივე გადაწყვეტილების მიღებას მხარი დაუჭირეს კრებაზე გამოცხადებული პარტნიორების - მ.ს–ძის, შ.ე–ძის, ი.ფ–ძის და მ.გ–ის, წარმომადგენლებმა, რომელთა ხმების ჯამური ოდენობა შეადგენს 66,4%-ს.

5. 2019 წლის 18 აპრილის პარტნიორთა კრებაზე მიღებული წესდების ახალი რედაქციის მიხედვით, შეიცვალა 2017 წლის 08 ივნისის წესდებით განსაზღვრული ზოგიერთი საკითხი. კერძოდ, ახალი წესდებით, ვალდებულებათა აღების შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის მოცულობა ცალკე ან მთლიანად აღემატება 10 000 ლარს, ასევე ნებისმიერ ოდენობის სესხებისა და კრედიტების აღების, ხელმძღვანელ პირთათვის მოგებისა და საერთო შემოსავალში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის პრინციპების განსაზღვრის, საშტატო ერთეულთა ნუსხისა და შესაბამისი ხელფასების განსაზღვრის, დირექტორის ანაზღაურების ოდენობისა და თანამშრომელთა პრემიალური თანხების განსაზღვრის, ასევე, უძრავ/მოძრავი ქონების შეძენის, გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის, ქონების იჯარით, თხოვებით გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არა დირექტორი, არამედ პარტნიორთა საერთო კრება (წესდების მე-7 მუხლი). შეიცვალა ასევე წესდების 8.4. პუნქტის შინაარსი და განისაზღვრა, რომ საზოგადოების დირექტორს, პარტნიორთა თანხმობის გარეშე, უფლება არა აქვს სხვა საწარმოში მისდიოს იმავე საქმიანობას, რასაც მისდევს საზოგადოება ან მონაწილეობა მიიღოს როგორც მსგავსი ტიპის სხვა საზოგადოებაში პერსონალურად პასუხისმგებელმა პირმა ან დირექტორმა.

6. ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნით, მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი სახის მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ პარტნიორთა მიერ გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოებას გასანაწილებელი მოგება არ გააჩნდა.

7. მ.ს–ძის, მ.გ–ის, შ.ე–ძისა და ი.ფ–ძის სასარჩელო მოთხოვნა

7.1. მოსარჩელეებმა მ.ს–ძემ, მ.გ–მა, შ.ე–ძემ და ი.ფ–ძემ მოითხოვეს შპს „კ.ს–ოს“ თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს დივიდენდის 42 182 ლარის გადახდა, საზოგადოების პარტნიორთა 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად.

7.2. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ დივიდენდის განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოების დირექტორის მიერ წარმოდგენილ აუდიტის დასკვნას დაეყრდნენ. აღნიშნული აუდიტის დასკვნა ადასტურებს, რომ დივიდენდის განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას კომპანიას გასანაწილებელი მოგება გააჩნდა, რაც კომპანიამ არ გასცა პარტნიორებზე, შესაბამისად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

8. შპს „კ.ს–ოს“, ბ.კ–ძისა და ფ.ა–ძის სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელეებმა შპს „კ.ს–ომ“, ბ.კ–ძემ და ფ.ა–ძემ მოითხოვეს დივიდენდის განაწილების შესახებ პარტნიორთა 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე საზოგადოების წესდების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ პარტნიორთა 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

9. მ.ს–ძის, მ.გ–ის, შ.ე–ძისა და ი.ფ–ძის შესაგებელი

მოპასუხეებმა, მ.ს–ძემ, მ.გ–მა, შ.ე–ძემ და ი.ფ–ძემ წარდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნები არ ცნეს და აღნიშნეს, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება დირექტორის პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ შეესაბამება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის იმპერატიულ მოთხოვნებს, ამიტომ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რაც შეეხება კრების გადაწყვეტილებაუნარიანობაზე მითითებას, მოწვეულმა პარტნიორებმა შეადგინეს ის ქვორუმი, რაც საკმარისია პარტნიორთა კრების უფლებაუნარიანობისთვის, შესაბამისად, არც ამ კუთხით არსებობს გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველი.

10. მოპასუხის, შპს „კ.ს–ოს“, ბ.კ–ძისა და ფ.ა–ძის შესაგებელი

მოპასუხეების, შპს „კ.ს–ოს“, ბ.კ–ძისა და ფ.ა–ძის განმარტებით, მართალია, 2017 წლის ბოლოს საწარმოს მოგება უფიქსირდებოდა, თუმცა მიღებული მოგება მოხმარდა კომპანიის სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკის შეძენას, მოგვიანებით კი საწარმო აღმოჩნდა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში. პარტნიორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დივიდენდის განაწილება საწარმოს ძირითადი საშუალებების რეალიზაციის გარეშე შეუძლებელია, აღნიშნული კი ფაქტობრივად კომპანიის გაკოტრებას ნიშნავს. 2020 წლის 05 ოქტომბერს გაცემული ცნობაში აღნიშნულია, რომ 2019 წელი კომპანიამ დაასრულა ზარალით. 2019 წლის განმავლობაში კომპანიის ზარალმა შეადგინა 110 071 ლარი. ამჟამად, კომპანიას არ გააჩნია საკმარისი თავისუფალი ფულადი სახსრები მიმდინარე ვალდებულებების სრულად შესასრულებლად.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგის 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ.ს–ძის, მ.გ–ის, შ.ე–ძის და ი.ფ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს „კ.ს–ოს“ მოსარჩელე მ.ს–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 42 182 ლარის გადახდა; მოპასუხე შპს „კ.ს–ოს“ მოსარჩელე მ.გ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 42 182 ლარის გადახდა; მოპასუხე შპს „კ.ს–ოს“ მოსარჩელე შ.ე–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 42 182 ლარის გადახდა; მოპასუხე შპს „კ.ს–ოს“ მოსარჩელე ი.ფ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 42 182 ლარის გადახდა; ხოლო ბ.კ–ძის და ფ.ა–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხებმა შპს „კ.ს–ომ“, ბ.კ–ძემ და ფ.ა–ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე მათივე სარჩელის დაკმაყოფილება.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

14. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა

ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხებმა შპს „კ.ს–ომ“, ბ.კ–ძემ და ფ.ა–ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე მათივე სარჩელის დაკმაყოფილება.

14.1. კასატორების მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა როგორც სსსკ-ის 105-ე, ასევე სსკ-ის 115-ე მუხლები. ასევე, არასწორად განაწილდა მტკიცების ტვირთი, როდესაც სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეებს არ ეკისრებოდათ სარჩელის საფუძვლების, მათ შორის გაუნაწილებელი წმინდა მოგებისა და თავისუფალი ფულადი სახსრების არსებობის ფაქტების დადასტურება.

14.2. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა მოგების განაწილების სამეწარმეო სტანდარტი, ასევე არ გაითვალისწინა მოსარჩელე პარტნიორების მიერ დივიდენდის გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების რეალური მიზანი. სასამართლო დაუსაბუთებლად დაეყრდო აუდიტის დასკვნას, რომ კომპანიას შეეძლო მოგების განაწილება. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მართალია, 2017 წლის ბოლოს საწარმოს დაუფიქსირდა მოგება, თუმცა მიღებული მოგება მოხმადრა კომპანიის სამეწარმეო საქმიანობას, მოგვიანებით კი მოსარჩელის ქმედებების შედეგად საწარმო აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში. სასამართლომ უგულებელყო კომპანიისთვის მიყენებულ ზიანის დამადასტურებელი დასკვნა, რომელიც აუდიტის მიერ იყო დადგენილი, მაშინ, როდესაც არ გამოიკვლია პარტნიორებს მიერ კომპანიისთვის ზიანის მიყენების საკითხი.

14.3. სააპელაციო პალატამ არასწორად იმსჯელა მოსარჩელეთა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების არსებობაზე, რა დროსაც საწარმოს წესდება არ ითვალისწინებს წინა წლების რეინვესტირებული დევიდენდების განაწილების უფლებამოსილებას.

14.4. ზოგადად, მართალია, პარტნიორული დისკრეციის ფარგლებია დივიდენდის განაწილების საკითხი, თუმცა სასამართლო დივიდენის ოდენობის განსაზღვრისას შესაძლოა შეიჭრას კვლევაში თუ კი კრების უფლებამოსილება არამართლზომიერად გამოიყენება. ასეთ ფაქტს ადგილი აქვს იმ ვარაუდის დროს, როდესაც სახეზეა მოტყუება ან პირადი დაინტერესება.

14.5. მოსარჩელეები საწარმოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, რაც გამოიხატა კონკურენტი საწარმოს დაარსებით, არაუფლებამოსილ პარტნიორთა კრების მოწვევითა და დირექტორის გადაყენების მოთხოვნით. აღნიშნულმა შემთხვევებმა გამოიწვია საწარმოს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რის გამოც შეუძლებელი იყო დივიდენდის გაცემა, მიუხედავად ამისა, მოწვეულ პარტნიორთა კრებაზე მაინც ითხოვდნენ დივიდენდის მიღებას, რაც საწარმოს ლიკვიდაციის ტოლფასი ქმედებაა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომაზე წარდგენილი იყო 28 აპრილს გამართული კრების ოქმის აუდიო ჩანაწერი, სასამართლომ აღნიშნულ მტკიცებულებაზე ყურადღება არ გაამახვილა, მაშინ, როდესაც საწარმოსთვის 2019 წლის 4 თვე იყო ზარალისმომტანი, შესაბამისად, საწარმო, ამ დრომდე, არ ფუნქციონირებს.

14.6. არაკეთილსინდისიერი პარტნიორების მთავარი მიზანი მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების გზით დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნები. მათ მიერ ჩატარებულ პარტნიორთა კრებაზე განსახილველი იყო 2018 წლის მოგების განაწილების საკითხიც, თუმცა მათ უარი თქვეს მოთხოვნილი ჯამური თანხის მიღებაზე და დაკმაყოფილდნენ ნაწილი თანხის განაწილებით.

14.7. სასამართლოებმა დაუსაბუთებლად არ ჩათვალეს სარწმუნოდ მოწინააღდეგე მხარის აღიარება კრებაზე, რომლის თანახმად, ბუღალტერმა აღნიშნა, რომ 2018 წელი და 2019 წლის პირველი ოთხი თვე ზარალიანი იყო, რის გამოც კომპანიაში არსებული თანხები სრულად გაიხარჯა. ასევე, ბუღალტერი აღიარებს, რომ დივიდენდის განაწილება შეუძლებელია. ამის ფონზე, სასამართლოს მსჯელობა, რომ თითქოს დაუსაბუთებელია ბუღალტერის ცნობა დივიდენდის გაცემის შეუძლებლობის შესახებ, საფუძველსმოკლებულია, იგივე ბედს იზიარებს სასამართლოს მსჯელობა კომპანიის მიერ სხვადასხვა მოწყობილობების შეძენის შესახებ.

14.8. სასამართლოს მითითება, რომ დირექტორი ვალდებული იყო პარტნიორებისთვის წარედგინა ფინანსური ინფორმაცია, რაც არ თითქოს არ განხორციელებულა, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან დირექტორმა ორი აუდიტორული დასკვნა წარადგინა, სადაც ჩანდა თანხების სრული ხარჯთაღრიცხვა, რითაც ნათლად საბუთდება კომპანიის მიერ დივიდენდის გაცემის შეუძლებლობა.

14.9. ზემოაღნიშნულთან ერთად. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა პარტნიორთა კრების საფუძველზე წესდებაში ცვლილებების შეტანის დაუშვებლობა, რადგან აღნიშნული ცვლილებების მიზანი დირექტორის ყოველდღიური მენეჯმენტის განხორციელების უფლებამოსილების ჩამორთმევას ითვალისწინებდა. დირექტორს ეკრძალებოდა 10 000 ლარს ზემოთ ტრანზაქციების განხორციელება, ასევე სხვა სახის ჩეულებრივ საქმიანობას მიკუთვნებული უფლებამოსილებები, რითაც მოსარჩელეები დირექტორს აიძულებდნენ დაეთმო სამხაურებრივი პოზიცია. ასევე, დომინანტი პარტნიორების კრება ისე იქნა დამტკიცებული, რეალურად არც კი ჩატარებულა, ხოლო საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაცია მოხდა საჯარო რეესტრის ტექნიკური შეცდომის საფუძველზე. აღნიშნული ცვლილების შედეგად, საბოლოოდ, პარტნიორთა კრების უფლებამოსილებას დაქვემდებარებული საქმიანობის ფინანსური ოდენობა განისაზღვრა 3000 ლარით და მეტით, რაც მოხდა უკანონოდ, თავის მხრივ, წარმოუდგენელია საწარმომ შეძლოს ფუნქციონირება დირექტორის უფლებამოსილების ასეთი მკაცრი შეზღუდვის ფონზე და ეს უფლებამოსილება გადასცეს პარტნიორთა კრებას, რითიც შიდაორგანიზაციული ბალანსის დარღვევით საბოლოოდ საწარმო ვეღარ განახორციელებს შესაბამის ფუნქციონირებას.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

19. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება.

20. ამავე კანონის მე-51 მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის წილზე საკუთრების უფლება და მასთან დაკავშირებული ვალდებულება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

21. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.

22. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს პარტნიორების მიერ დივიდენდის განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, საწარმოს გასანაწილებელი მოგების არსებობისა და პარტნიორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების კვლევა.

23. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.

24. საკასაციო პალატა განმარტავს, იმისათვის, რომ ზემოაღნიშნული საკითხი მოწესრიგდეს, აუცილებელია, პირველ რიგში, თავად დივიდენდის სამართლებრივი რეგულირებისა და დეფინიციის გაგება. საკასაციო პალატამ არერთ საქმეში განმარტა, რომ დივიდენდი წარმოადგენს იურიდიული პირის ფინანსური მოგების ნაწილს, რომელზე უფლებაც მოპოვებულია ამ იურიდიულ პირში წილის ფლობით, შესაბამისად, მასზე „უფლება“ დაკავშირებულია პარტნიორის სტატუსთან (იხ. სუსგ №ას-1063-1018-2014 08.04.2015წ.). ამასთან, დივიდენდის მიღების უფლება რეალიზდება გარკვეული წინაპირობების დაცვით. „დივიდენდების გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ არის, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდების გაცემის შესახებ... (იხ. სუსგ №ას-75-408-09, 02.07.2009წ). როდესაც მიიღება გადაწყვეტილება დივიდენდების განაწილებაზე, პირი აღიჭურვება კრედიტორული უფლებით, რაც საზოგადოების წინაშე პარტნიორის მოთხოვნის უფლებას განამტკიცებს (იხ: ი., ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, ტომი I, თბილისი, 2010, გვ. 368- 369). ( შდრ: სუსგ №ას-907-2018, 27 ნოემბერი, 2020).

25. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა ქონებრივი უფლებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მოგების წილის (დივიდენდის) მიღების უფლება („მეწარმეთა შესახებ“ კანონის 145-ე მუხლი). ეს უფლება მოიცავს დივიდენდის მიღების ზოგად უფლებას (დივიდენდის მიღების უფლება) და კონკრეტული სამეურნეო წლის ბოლოს პარტნიორის მიერ საზოგადოების მოგების ნაწილის მოთხოვნის უფლებას (დივიდენდის მოთხოვნის უფლება). მათ შორის განსხვავება იმაშია, რომ პირველი უფლება წარმოიშობა საზოგადოების პარტნიორად გახდომის მომენტიდან, ხოლო მეორე – საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან („მეწარმეთა შესახებ“ კანონის 31-ე მუხლი). მითითებულ ნორმათა მიხედვით, დივიდენდის გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ არის, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდის გაცემის შესახებ. ერთმანეთისაგან განსხვავდება დივიდენდის მიღების ზოგადი უფლება, რაც მინორიტარ პარტნიორს, საწარმოს პარტნიორად რეგისტრაციისთანავე წარმოეშვა, ხოლო რაც შეეხება პარტნიორის მიერ დივიდენდის მოთხოვნის უფლებას, ეს უკანასკნელი დაკავშირებულია კაპიტალური საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ გადაწყვეტილების მიღებასთან (იხ. სუსგ: №ას-1349-2021, 28.09.2022; №ას-851-795-2017, 20.04.2018).

26. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, „რომ დივიდენდის მოთხოვნის უფლება, დამოკიდებულია საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაზე დივიდენდის განაწილების შესახებ. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2012 წლის 11 იანვრამდე, მოპასუხის ყოფილი პარტნიორის გადაწყვეტილება დივიდენდის განაწილების თაობაზე არ არსებობდა, ხოლო რაც შეეხება მთავრობის 2012 წლის 2 ივლისის და იმავე წლის 23 ოქტომბრის დადგენილებებს, ისინი არ წარმოადგენენ უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რადგან მათი მიღების დროისათვის საზოგადოების პარტნიორს მთავრობა აღარ წარმოადგენდა...“ (იხ.,საქმე №ას-774-741-2016 25 ნოემბერი, 2016 წელი).

27. ზემოაღნიშნული პრაქტიკის სისტემური ანალიზის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ დივიდენდის მიღების უფლება უნდა იქნეს გამიჯნული დივიდენდის მოთხოვნის უფლებასთან, რომელიც გულისხმობს სამეურნეო წლის ფარგლებში საწარმოს უკვე დადგენილი კონკრეტული და მოგებიდან შესაბამისი ოდენობით კონკრეტული დივიდენდის მიღების უფლებას. ამ ორს შორის განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ დივიდენდის მიღების უფლება წარმოიშობა მხოლოდ და მხოლოდ პარტნიორად გახდომის შემხვევაში, რა დროსაც, დივიდენდის მოთხოვნის უფლება გულისხმობს კონკრეტული პერიოდისათვის საწარმოს მიერ განსაზღვრული საერთო მოგებიდან პარტნიორისთვის მისი კუთვნილი დივიდენდის მიღების შესაძლებლობას, რაც თავად საწარმოს მიერ საერთო მოგების დადგენისა და მისი განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან წარმოიშობა. აქედან გამომდინარე, თუ, ზოგადად, პარტნიორს აქვს წილის მიღების უფლება, მას ვერ ექნება წილის მოთხოვნის უფლება მანამ, სანამ თავად საწარმო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მოგების მიღების შესახებ.

28. თავის მხრივ, დივიდენდი წარმოადგენს კომერციული საქმიანობის შედეგად მოზიდულ ფინანსურ მოგებას, რომლის მიღების უფლებაც დამოკიდებულია იურიდიული პირის პარტნიორობაზე, ხოლო მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ მომენტიდან, როდესაც თავად საწარმო გადაწყვეტს მიღებული მოგების ნაწილი გასცეს პარტნიორებზე დივიდენდის სახით, როგორც საწარმოში პარტნიორული წილის მიერ მიღებული ნაყოფი. აქედან გამომდინარე, საწარმოს მიერ დივიდენდის გაცემის შესახებ გადაწვეტილების მიღების მომენტიდან, პარტნიორებს წარმოეშობათ საწარმოს მიმართ კრედიტორული მოთხოვნა მიიღონ შესაბამისი ოდენობის დივიდენდი. (იხ. სუსგ Nას-1063-1018-2014, 08.04.2015; ას-75-408-09, 02.07.2009; ას-907-2018 27.11.2020).

29. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის დისპოზიციაზე (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება), რომელიც დივიდენდის გაცემის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში წარმოშობს, როდესაც საწარმომ შეძლო მოგების მიღება, ამდენად, დივიდენდის მიღების უფლების განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს მიერ მოგების მიღებასა და შემდგომ პარტნიორთა/აქციონერთა საერთო კრების საფუძველზე ამ მოგების დივიდენდის სახით გაცემაზე. აღნიშნული ორი წინაპირობა კუმულაციური ხასიათისაა და თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს დივიდენდის კანონიერად გაცემის შესაძლებლობას. საწარმოს მოგების მიუღებლობის დროს პარტნიორების მიერ დივიდენდის განაწილება გულისხმობს საწარმოს უშუალო აქტივის (და არა მოგების) განაწილებას, რაც საწარმოს საზიანოდ მიღებულ გადაწყვეტილებად მიიჩნევა, რადგან ასეთი ქმედებით მცირდება საწარმოს კრედიტუნარიანობა. სწორედ ასეთი სახის შესაგებელი იქნა კასატორების მიერ წარდგენილი, რომლის თანახმად, საწარმომ ვერ შეძლო მოგების მიღება, შედეგად, ვერც დივიდენდის გაცემა იქნებოდა შესაძლებელი, პარტნიორთა კრერებით გაცემული დივიდენდი კი საწარმოსთვის ზიანისმომტანია.

30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დივიდენდის მიღების შესახებ პარტნიორთა გადაწყვეტილების შემდგომ, შესაძლებელია საწარმო ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს, რამაც, საბოლოოდ, ის შესაძლოა გადახდისუუნარობამდეც მიიყვანოს, თუმცა ეს მოცემულობა, თუ კი უშუალო მიზეზობრივი კავშირი არ არის დივიდენდის განაწილებასა და საწარმოს გადახდისუნარიანობის შემცირებას შორის, ვერ წარმოშობს ისეთ გარემობას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების - გასცენ დივიდენდი, გაუქმება. ასეთი მოთხოვნა წარმატებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდება, რომ დივიდენდის გაცემა წარმოადგენს საწარმოს გადახდისუუნარობის საფრთხის წარმოშობის უშუალო მიზეზს. სხვა შემთხვევაში, თუნდაც საწარმომ ვერ შეძლოს ფინანსური სტაბილურობის დაბრუნება, რამაც შესაძლოა გაკოტრების პროცესის დაწყებაც კი გამოიწვიოს, განაწილებული დივიდენდი კრედიტორულ მოთხოვნად მიიჩნევა და ზემოაღნიშნული მიზეზით საწარმოს ვალდებულებებიდან მისი გამორიცხვა ჩაითვლება უსაფუძვლოდ.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციების სასამართლოების კვლევის საგანი უნდა გამხდარიყო ერთი მხრივ, საწარმოს მიერ მოგების მიღების ფაქტის არსებობა, ხოლო მეორეს მხრივ, რამდენად ჰქონდათ პარტნიორებს კრების მოწვევისა და გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.

32. ქვედა ინსტაციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ შპს „კ.ს–ოს“ 2017 წლის 31 დეკემბრის საანგარიშო წლისთვის გაუნაწილებელი მოგება შეადგენდა 466 434 ლარს. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია შპს „თ.ე.კ–ის“ მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, აღნიშნულის საპირისპირო მტკიცება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია - პარტნიორთა კრების მიმდინარეობის, კომპანიის დირექტორის წარმომადგენლებისა და საწარმოს ბუღალტერის ზეპირი განმარტებები საწარმოს წინაშე არსებული ფინანსური სიძნელეების არსებობის შესახებ არ ქმნის დასაბუთების იმ სტანდარტს, რაც საკმარისი იქნებოდა საწარმოს მოგების არარსებობის დასადგენად, შესაბამისად, სასამართლოსთვის ცალსახაა, რომ საწარმომ 2017 წელი მოგებით დაასრულა. ეს მოცემულობა კი დივიდენდის გაცემის წინაპირობაა.

33. ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხის შესაგებელი დაფუძნებული იყო იმ გარემოებაზე, რომ მიღებული მოგება საწარმოს რეინვესტირებას მიემართა, შედეგად დივიდენდისთვის გასათვალისწინებელი თანხა აღარ დარჩა, რის გამოც, პარტნიორები ვერ შეძლებდნენ დივიდენდის განაწილების შესახებ მიეღოთ გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილზე (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) და აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციების მიერ მართებულად დადგინდა, ასევე, კასატორს არ წარმოუდგენია შესაბამისი სახის შედავება იმასთან დაკავშირებით, რომ კასატორის, იგივე მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი ვერ იქნა სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული, შედეგად, მისი პოზიცია ვერ დადასტურდა, რის გამოც მართებულად არ იქნა გაზიარებული აღნიშნული გარემოება.

34. რაც შეეხება შპს „კ.ს–ოს“, ბ.კ–ძისა და ფ.ა–ძის სასარჩელო მოთხოვნებს, აღნიშნული საკითხები უშუალოდ ეხმიანება მოწინააღმდეგე მხარის სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებისთვის აუცილებელ საკვლევ საკითხებს, რაზეც სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:

35. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაუნარიანობის შესახებ კასატორთა შედავებაზე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ 2019 წლის 18 აპრილის პარტნიორთა კრებას საზოგადოების ყველა პარტნიორის წარმომადგენელი ესწრებოდა, სადაც მოგების დივიდენდის სახით განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 66,4% ხმების მქონე პარტნიორებმა (მ.ს–ძე - 16,6%; შ.ე–ძე - 16,6%; ი.ფ–ძე - 16,6% და მ.გ–ი- 16,6%), შედეგად, შპს „კ.ს–ოს“ წესდების 7.11. პუნქტით გათვალისწინებული ქვორუმი - პარტნიორთა ხმების საერთო რაოდენობის 65% დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სწორად იქნა დადენილი, რომ კრება გადაწყვეტილებაუნარიანი იყო, ამიტომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნამდვილია.

36. რაც შეეხება შედავებას, რომლის თანახმად აღნიშნული პარტნიორები 2018 წლის 31 ოქტომბრის პარტნიორთა კრების საფუძველზე გაირიცხნენ საზოგადოებიდან, რის გამოც უფლებამოსილი არ იყვნენ ჩაეტარებინათ 2019 წლის 18 აპრილის პარტნიორთა კრება, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერ შევიდა კანონიერ ძალაში, რადგან უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინების თანახმად, დაუშვებლად იქნა ცნობილი პარტნიორთა გარიცხვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი, შედეგად, ამავე პარტნიორების მიერ 2019 წლის 18 აპრილს ჩატარებული პარტნიორთა კრება ნამდვილია ამ თვალსაზრისითაც.

37. დირექტორის უფლებამოსილებათა შეზღუდვის გამო პარტნიორთა კრების გაუქმების შესახებ შედავებაზე საკასაციო პალატა მიუთითებს „მეწარმეთა შესხებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტზე (დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით) ასევე მე-9 მუხლის მე-5 პუნქტზე (ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ პირებს არა აქვთ უფლება, პარტნიორების თანხმობის გარეშე განახორციელონ იგივე საქმიანობა, რომელსაც ეწევა საზოგადოება, ან მონაწილეობა მიიღონ, როგორც მსგავსი ტიპის სხვა საზოგადოებაში პერსონალურად პასუხისმგებელმა პარტნიორმა ან დირექტორმა, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (ინტერესთა კონფლიქტი)...; ...ასეთი საქმიანობის განხორციელებაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ საზოგადოების ხელმძღვანელად დანიშვნისას პარტნიორებისათვის ცნობილი იყო, რომ საზოგადოების ხელმძღვანელი ეწევა ასეთ საქმიანობას და ამ საქმიანობის შეწყვეტა მისთვის აშკარად არ მოუთხოვიათ) და განმარტავს, რომ პარტნიორთა კრების უფლებამოსილებას წარმოადგენს ხელმძღვანელი პირის მოქმედებათა ფარგლების განსაზღვრა, რა უფლებამოსილებაც წმინდა სამეწარმეო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, არ შეიძლება იქნეს შეზღუდული. რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტზე შედავებას, საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც მიიჩნევს, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად მიუთითეს, რომ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის ფიდუციური ვალდებულებები მათ შორის გულისხმობს ინტერესთა კონფლიქტის არსებობის გამორიცხვას, რასაც შეეხებოდა კიდეც პარტნიორთა კრებით ამ ნაწილში ხელმძღვანელი პირის შეზღუდვა. აქედან გამომდინარე, კასატორის შედავება ამ კუთხითაც დაუსაბუთებელია.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოსთვის ნათელია, რომ სახეზეა დივიდენდის გაცემის ორივე კუმულაციური წინაპირობა: დადგენილია, რომ საწარმომ 2017 წელი დაასრულა მოგებით: 466 434 ლარით, 2019 წლის 18 აპრილს პარტნიორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნამდვილია, პარტნიორებს წარმოეშვათ საწარმოს მიმართ კრედიტორული მოთხოვნები დივიდენდის მიღების შესახებ, ხოლო თავად აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს, ასევე მართლზომიერია პარტნიორთა გადაწყვეტილება ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილებათა შეზღუდვის ფარგლების შესახებ, შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სწორად მოხდა აღნიშნული საკითხების სამართლებრივი შეფასება.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

40. რაც შეეხება ბაჟის საკითხს, რადგან საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შპს „კ.ს–ოს“ (ს.კ. ......) ; ბ.კ–ძესა (პ.ნ. ......) და ფ.ა–ძეს (პ.ნ. ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ ა.გ–ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის (საგადახდო დავალება: 19551375506 გადახდის თარიღი 28.11.2023;) 70% – 5600 ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „კ.ს–ოს“; ბ.კ–ძისა და ფ.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „კ.ს–ოს“ (ს.კ. ........) ; ბ.კ–ძესა (პ.ნ. ......) და ფ.ა–ძეს (პ.ნ. .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ ა.გ–ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის (საგადახდო დავალება: 19551375506 გადახდის თარიღი 28.11.2023;) 70% – 5600 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე