Facebook Twitter

საქმე № ას-1463-2023 6 მარტი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.თ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.მ–ძე, ა.გ–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექქტემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ.თ–ის (შემდგომში: მოპასუხე, ბებია, მოსარჩელე არასრულწლოვნის ბებია, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ლ.მ–ძისა (შემდგომში მოსარჩელე, პირველი მოსარჩელე ან მოსარჩელის დედა) და ა.გ–ის (შემდგომში მოსარჩელე, მეორე მოსარჩელე ან არასრულწლოვანი მოსარჩელე, ორივე ერთად ტექსტში მოხსენებული, როგორც მოსარჩელეები) სარჩელი და უძრავ ქონებაზე (მდებარე, ქ. თბილისი, ......., ს/კ: .........) (შემდგომში სადავო უძრავი ქონება) გაუქმდა მოპასუხისა და მოსარჩელეთა საზიარო უფლება უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციის გზით. ამასთან, დადგინდა ამონაგები თანხის მხარეთა შორის განაწილება მათი კუთვნილი წილების პროპორციულად, კერძოდ, ამონაგები თანხის 1/9 მიეკუთვნა პირველ მოსარჩელეს, 1/9 - მეორე მოსარჩელეს და 7/9 - მოპასუხეს.

2. კასატორის პრეტენზიით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გამოიყენეს ბავშის უფლებათა კოდექსის მე-19 და 24-ე მუხლები, რომელთა თანახმად, ბავშვის ქონების განკარგვა დასაშვებია მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. მოცემულ დავაში ერთ-ერთი მოსარჩელე არის არასრულწლოვანი და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. სადავო ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება კი, მოცემულ შემთხვევაში, არ წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესს.

3. კასატორის მოსაზრებით, არასწორადაა გამოთვლილი მოსარჩელეთათვის დაკისრებული ბაჟის ოდენობაც და დავის საგნის ღირებულებად ნაცვლად ქონების საბაზრო ღირებულებისა, მითითებულია 4000 ლარი.

4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი და სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

8.1. მოსარჩელეები არიან დედა და შვილი;

8.2. მოპასუხე არის არასრულწლოვანი მოსარჩელის ბებია (მამის დედა) და პირველი მოსარჩელის დედამთილი;

8.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეები ცნობილ იქნენ მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონების 1/3 წილიდან თითოეული 1/3-1/3 წილის მესაკუთრედ;

8.4. 2019 წლის 5 ნოემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, უძრავი ქონების 7/9 ნაწილი საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხის სახელზე, 1/9-1/9 ნაწილი - მოსარჩელეთა სახელზე;

8.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 14 ივნისის ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით, 41.72 კვ.მ ფართიდან მოპასუხის კუთვნილი 7/9 წილის შესაბამისი ფართია - 32.45 კვ.მ, ხოლო მოსარჩელეთა კუთვნილი 1/9-1/9 წლის შესაბამისი ფართი - 4.635 - 4.635 კვ.მ.; ამასთან, სადავო უძრავი ქონების სამ იზოლირებულ ნაწილად (7/9, 1/9 და 1/9 ნაწილებად) გამიჯვნა ისე, რომ არ შემცირდეს გამოყოფილი ნაწილების ფუნქციური (დანიშნულებრივი) ღირებულება, სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა დაცვით შეუძლებელია;

8.6. შპს „უძრავი ქონების ექსპერტის“ 2018 წლის 28 მაისის დასკვნის თანახმად, სადავო უძრავი ქონება განთავსებულია მრავალსართულიან კაპიტალურ საცხოვრებელ სახლში, ბინას აქვს ძველი რემონტი და მისი ფართობი 41.72 კვ.მ-ია. ქონების საბაზრო ღირებულებაა 43 000 ლარი;

8.7. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის (მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს) 2021 წლის 16 ივლისის დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი: სოციალური მუშაკი სადავო საკითხის შესწავლისა და არასრულწლოვანი ა.გ–ის ინტერესების დაცვის მიზნით, შეხვდა მხარეებს, გაესაუბრა მათ, შეისწავლა არსებული მდგომარეობა და მოამზადა შესაბამისი დასკვნა. მხარეებთან გასაუბრების, საცხოვრებელი გარემოს და მოწოდებული ინფორმაციის შეფასების საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ დავაში ჩართულ ორივე მხარეს აქვს განსხვავებული პოზიციები და შეხედულებები აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ არასრულწლოვნის დედას და ბებიას შორის არის დაძაბული ურთიერთობა და როგორც არასრულწლოვნის დედა აღნიშნავს, მათი ერთად ცხოვრება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება. დედის ინფორმაციით, ბავშვი არ არის ინფორმირებული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ცდილობს თავიდან აიცილოს დაძაბული სიტუაცია. არასრულწლოვანს კარგი ურთიერთობა აქვს ბებიასთან (მამის დედა). არასრულწლოვნის დედის მიზანია, უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა ბავშვის კეთილდღეობას მოახმაროს და ბებიის მიერ ნაჩუქარი ბინის (რომელიც შავი კარკასის მდგომარეობაშია) გარემონტებით, შემდეგ კი გაქირავებით, უზრუნველყოს შვილის საჭიროებები. არასრულწლოვნის ბებიის სურვილი კი არის, ხშირი ურთიერთობა ჰქონდეს შვილიშვილთან და თანახმაა მოსარჩელეებმა გამოიყენონ მათი კუთვნილი ქონების ნაწილი სადავო ბინაში ცხოვრებით.

სიციალური მუშაკი დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ მიზანშეწონილია, ორივე მხარემ გაითვალისწინოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები და იმოქმედონ შეთანხმებულად. მიზანშეწონილია სასამართლომ გაითვალისწინოს არსებული მდგომარეობა და დამოკიდებულებები, რის საფუძველზეც, მიღებული გადაწყვეტილება იქნება არასრულწლოვანის უფლებების დაცვისა და ინტერესების შესაბამისი.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოდავე მხარეთა შორის წარმოშობილია სამოქალაქო კოდექსის 953-ე-968-ე მუხლებით რეგულირებული კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები. კერძოდ, დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელეთა (1/9-1/9 წილით) და მოპასუხის (7/9 წილით) სახელზე. მოსარჩელეები ითხოვენ საზიარო უფლების გაუქმებას ქონების რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხის მხარეთა წილების შესაბამისად განაწილებას.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას: საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის რეალიზაციის გზით (სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: „საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: 1) საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2) ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე, მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა“ (იხ.სუსგ საქმე №ას-39-39-2016, 1 მარტი, 2016 წელი; საქმე №ას-67-65-2014, 31 ივლისი, 2014 წელი; საქმე №ას-774-741-2014,20 ივლისი, 2015 წელი;საქმე №ას-59-58-2014, 29 ივნისი, 2015 წ.).

12. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი საექსპერტო დასკვნით ირკვევა და არც კასატორი უარყოფს, რომ სადავო უძრავი ქონებიდან მოსარჩელეთა და მოპასუხის კუთვნილი წილების ნატურით გამოყოფა მათი ღირებულების შემცირების გარეშე, კერძოდ, გამოყოფილი ინდივიდუალური საგნის (ნაწილის) ფუნქციური (ღირებულებითი) თვისების შენარჩუნების გზით, ტექნიკურად შეუძლებელია (იხ. ს. ფ 21-25), რის გამოც, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს აღნიშნული ქონების რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმება. მითითებულ გადაწყვეტილებას მოპასუხე (კასატორი) სადავოდ ხდის მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ერთ-ერთი მოსარჩელე არასრულწლოვანია და ქონების რეალიზაცია ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

13. კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ ქონების რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის შემთხვევაში, მოსარჩელეს ევალება დაამტკიცოს საზიარო უფლების არსებობა და საგნის დაყოფის შეუძლებლობა მათი ფუნქციური ღირებულების შენარჩუნების გზით, რასაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებმა სათანადოდ გაართვეს თავი - მათ დაძლიეს მტკიცების ტვირთი და დაადასტურეს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის წინაპირობების არსებობა. რაც შეეხება მოპასუხის აპელირებას, ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დარღვევაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და გარდა საკუთარი განმარტებისა, მოპასუხე საპირწონე მტკიცებულებებით ვერ ამყარებს თავის პოზიციას.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81.3 მუხლის თანახმად, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამავე კოდექსის 51.1 მუხლის თანახმად, არასრულწლოვნის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობენ არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში სპეციალიზებული მოსამართლე, ადვოკატი, სოციალური მუშაკი ან/და არასრულწლოვნის საჭიროებების გათვალისწინებით მოწვეული სხვა შესაბამისი სპეციალისტი.

15. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ არასრულწლოვანი მოსარჩელის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს იცავდა კანონიერი წარმომადგენელი, დედა, რომელმაც საპროცესო წარმომადგენლობა მიანდო ადვოკატს (იხ. მინდობილობა ს.ფ 36-40). დადგენილია, ასევე, რომ განსახილველ საქმეზე არასრულწლოვანი მოსარჩელის ინტერესების დაცვის მიზნით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სასამართლოს განჩინებით დაევალა წარმომადგენლის დანიშვნა, მხარეთა სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების, ასევე საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლა, მათ შორის, ბავშვის ფსიქოლოგიური, სოციალური, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობის შეფასებისა და მისი საუკეთესო ინტერესების დადგენის მიზნით, დავის საგანთან მიმართებით, მხარეთა და არასრულწლოვნის პოზიციის გამოკვლევა და შესაბამისი დასკვნის სასამართლოსთვის წარდგენა (იხ. ს.ფ 44-47). სადავო არაა ისიც, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივმა ორგანომ სასამართლოს წარუდგინა დასკვნა, თუმცა მასში არსადაა მითითება, რომ საზიარო უფლების გაუქმება სადავო ქონების რეალიზაციის გზით არღვევს ან მომავალში დაარღვევს არასრულწლოვანი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს. პირიქით, დასკვნაში აღწერილია მოდავე მხარეთა პოზიციები, არასრულწლოვნის დედისა და ბებიის (მოპასუხის) მოლოდინები მითითებულ საკითხზე, საიდანაც ჩანს, რომ არასრულწლოვნის დედის მიზანია, სადავო ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა მოხმარდეს ისევ ბავშვის ინტერესებს (არასრულწლოვანს აქვს ბებიის ნაჩუქარი ბინა (შავი კარკასის მდგომარეობით), რომელსაც ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით გაარემონტებს და გააქირავებს მოსარჩელე, გაქირავებით მიღებულ თანხას კი კვლავ შვილის ინტერესებს მოახმარს), არასრულწლოვანი მოსარჩელის ბებია, ანუ მოპასუხე, კი სადავო ქონების რეალიზაციის წინააღმდეგია მხოლოდ იმ მოტივით, რომ სურს ხშირი ურთიერთობა ჰქონდეს შვილიშვილთან და თანახმაა, რძალმაც და შვილიშვილმაც მათთვის განკუთვნილი ქონების ნაწილი გამოიყენონ აღნიშნულ ბინაში ცხოვრებით (იხ. ს.ფ 66-67). ამრიგად, არც მითითებული დასკვნა და არც საქმეში არსებული სხვა დოკუმენტი არ ქმნის არასრულწლოვანი მოსარჩელის ინტერესების დარღვევის შესახებ კასატორის პოზიციის გაზიარებისა და ამ მოტივით საქმის არსებითად განსახილველად დაშვების ფაქტობრივ-სამართლებრივ შემადგენლობას. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადაწყვეტილება მიღებულია თავად არასრულწლოვანი მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხის პრეტენზიის (სარჩელის უარყოფის შესახებ) გაზიარება სწორედაც რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს შეეწინააღმდეგებოდა. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიზანიც ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით (1.1 მუხლი). ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ მიღებული გადაწყვეტილებით (საზიარო უფლების გაუქმება ქონების რეალიზაციის გზით) მოცემულ დავაზე არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი არ შელახულა და არც მისი რომელიმე უფლება არ დარღვეულა.

16. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეებს არასწორად აქვთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (ნაცვლად ქონების საბაზრო ღირებულებისა, დავის საგნის ღირებულებად მითითებული აქვთ 4000 ლარი), საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მითითებული საკითხის შეფასებისას მართებულად გამოიყენა და განმარტა სსსკ 41-ე მუხლის „კ“ პუნქტი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თავად მოპასუხეს, როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო სასამართლოში საჩივრების წარდგენისას სახელმწიფო ბაჟის თანხა დაანგარიშებული და გადახდილი აქვს სწორედ ზემოაღნიშნული ნორმით (იხ. ს.ფ 136, 151, 232, 245), რაც საფუძველს აცლის მისივე პრეტენზიას მოსარჩელეთა მიერ სახელმწიფო ბაჟის არასწორად გადახდის შესახებ.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 963-ე, 964-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სადაც განმარტებულია საზიარო უფლების ქონების რეალიზაციის გზით გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.თ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. მ.თ–ს (პ.ნ. ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება: 3906 გადახდის თარიღი 06.12.2023;) 70% – 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე