საქმე №ას-1605-2023 03 აპრილი, 2024 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - დ.გ–ვა (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ლ.ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის არსებითი განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე დ.გ–ვას სარჩელი სს „ლ.ბ–ის“ მიმართ ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და უკანონოდ დაკავებული თანხის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილა ნაწილობრივ. შესაბამისად, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სადავო ხელშეკრულებები არ დადებულა, ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 690 ლარის გადახდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივრები დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, შესაბამისად, ძალაში შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება.
6. ზემოაღნიშნულის საფუძველზე 2021 წლის 15 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
7. 2023 წლის 16 ოქტომბერს დ.გ–ვამ მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი, რაც ვერ იქნა გამოსწორებული, რის გამოც, 2023 წლის 10 ნოემბერის განჩინებით კვლავ დადგინდა ხარვეზი, განმცხადებელს დაევალა მოთხოვნის დაზუსტება, რომლის შესავსებადაც განესაზღვრა 5 დღიანი ვადა.
8. აღნიშნული განჩინება დ.გ–ვას ჩაბარდა 2023 წლის 13 ნოემბერს, ხოლო 2023 წლის 15 ნოემბერს, ხარვეზის შევსების ვადის დაცვით, განმცხადებელმა კვლავ მიმართა სასამართლოს, რომლითაც დააყენა ანალოგიური დაუზუსტებელი მოთხოვნა, რაც წინა განჩინებებით გახდა ხარვეზის დადგენის საფუძველი.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 ნოემბრის განჩინებით დ.გ–ვას განცხადება ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად, რადგან განმცხადებელმა ვერ დააზუსტა თუ კონკრეტულად რას გულისხმობდა მისი მოთხოვნა.
10. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა განცმხადებელმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მისი მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო და 6360 ლარიც უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს გადასახდელად. ასევე, დაკარგულია საქმის სამი ტომი, სადაც ინახება მტკიცებულებები, შესაბამისად, აუცილებლად უნდა მოხდეს ტომების მოძიება.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
14. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
15. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
16. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
17. სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
18. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, რაც განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
19. განსახილველ შემთხვევაში, დგინდება, რომ 2023 წლის 16 ოქტომბერს დ.გ–ვამ მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი, რაც ვერ იქნა შევსებული, რის გამოც, 2023 წლის 10 ნოემბერის განჩინებით კვლავ დადგინდა ხარვეზი, განმცხადებელს დაევალა მოთხოვნის დაზუსტება, რომლის შესავსებადაც განესაზღვრა 5 დღიანი ვადა.
20. აღნიშნული განჩინება დ.გ–ვას ჩაბარდა 2023 წლის 13 ნოემბერს, ხოლო 2023 წლის 15 ნოემბერს, ხარვეზის შევსების ვადის დაცვით, განმცხადებელმა კვლავ მიმართა სასამართლოს, რომლითაც დააყენა ანალოგიური დაუზუსტებელი მოთხოვნა, რაც წინა განჩინებებით გახდა ხარვეზის დადგენის საფუძველი..
21. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 ნოემბრის განჩინებით დ.გ–ვას განცხადება ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად, რადგან განმცხადებელმა ვერ დააზუსტა თუ კონკრეტულად რას წარმოადგენდა მისი მოთხოვნა.
22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ განცხადების განუხილველად დატოვება მოხდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რეგულირების შებამისად, სასამართლომ მოსთოხვა განმცხადებელს მოთხოვნის დაზუსტება, რაც მხარის მიერ არაერთი მცდელობის მიუხედავად არ იქნა გამოსწორებული. თავის მხრივ, საკასაციო სასამართლოც აღნიშნავს, რომ წარდგენილ განცხადებაში არ იკვეთებოდა კონკრეტული მოთხოვნა და დასაბუთება, რაც გაუგებარს ხდიდა განცხადების შინაარსს, რის გამოც აუცილებელი იყო განმცხადებელს დავალებოდა დაეზუსტებინა მოთხოვნა, თუმცა დაზუსტებული განცხადების წარმოდგენის მოთხოვნის მიუხედავად, დ.გ–ვამ ვერ გამოასწორა ხარვეზი, შესაბამისად, სახეზე იყო განცხადების განუხილველად დატოვების კანონიერი საფუძველი.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 ნოემრბის განჩინება კანონიერია, ხოლო განმცხადებლის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.გ–ვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე