Facebook Twitter

საქმე №ა-846-შ-21-2024 02 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – რ.ა–ვა

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ა–ოღლი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ნაწილობრივ ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუსკის ოლქის არასრულწლოვანთა საქმეებზე სპეციალიზირებული რაიონთაშორისი სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუსკის ოლქის არასრულწლოვანთა საქმეებზე სპეციალიზირებული რაიონთაშორისი სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით რ.ა–ოღლის დაევალა მისი არასრულწლოვანი შვილის, მ.ა–ვას სასარგებლოდ 2023 წლის 30 მაისიდან 204 წლის 26 სექტემბრამდე ალიმენტის, ყოველთვიურად მისი შემოსავლის ერთი მეოთხედის გადახდით.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა რ.ა–ვამ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ნაწილობრივ ცნობისა და აღსრულების შესახებ.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

4. აღნიშნული განჩინება და საქმის მასალები მოწინააღმდეგე მხარეს ორჯერ გაეგზავნა შუამდგომლობაში მითითებულ მისამართზე: მის: თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. ......, თუმცა უშედეგოდ. სასამრთლოში დაბრუნებულ უკუგზავნილებში მითითებულია, რომ აღნიშნულ სოფელში მოწინააღმდეგე მხარე არ ცხოვრობს, ასევე არ იციან მისი მისამართი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განჩინებით, შსს ქ. თელავის პოლიციის რაიონულ სამმართველოს დაევალა განჩინებისა და საქმის მასალების რ.ა–ოღლისთვის ჩაბარება, თუმცა პოლიციის მომართვის თანახმად, ადრესატის საცხოვრებელ მისამართზე არავინ იმყოფებოდა, ბინა დაკეტილია და მეზობლების განმარტებით მოწინააღმდეგე მხარე რამდენიმე თვეა აღარ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში "კონვენცია") მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.

8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში "კანონი") 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

9. კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

10. კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტით განმტკიცებული უფლების შესახებ მოპასუხის ინფორმირების მიზნით საკასაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი საპროცესო შესაძლებლობა, რათა მოპასუხისათვის ჩაებარებინა განსახილველი შუამდგომლობა, თანდართულ მასალებთან ერთად, თუმცა უშედეგოდ.

12. სსსკ-ის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს სსსკ-ის 275-ე მუხლის მეორე ნაწილი: სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი/განცხადება/შუამდგომლობა განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ/განმცხადებელმა/შუამდგომლობის ავტორმა არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.

13. განსახილველ შემთხვევაში, განჩინება და საქმის მასალები მოწინააღმდეგე მხარეს ორჯერ გაეგზავნა შუამდგომლობაში მითითებულ მისამართზე: მის: თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. ....., თუმცა უშედეგოდ. სასამრთლოში დაბრუნებულ უკუგზავნილებში მითითებულია, რომ აღნიშნულ სოფელში მოწინააღმდეგე მხარე არ ცხოვრობს, ასევე არ იციან მისი მისამართი.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განჩინებით, შსს ქ. თელავის პოლიციის რაიონულ სამმართველოს დაევალა განჩინებისა და საქმის მასალების რ.ა–ოღლისთვის ჩაბარება, თუმცა პოლიციის მომართვის თანახმად, ადრესატის საცხოვრებელ მისამართზე არავინ იმყოფებოდა, ბინა დაკეტილია და მეზობლების განმარტებით მოწინააღმდეგე მხარე რამდენიმე თვეა აღარ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორმა ვერ შეძლო მოპასუხის სწორი მისამართის მითითება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად (იხ.: სუსგ საქმეზე №ა-5541-შ-159-2021, 11.03.2022წ.; №ა-3209-შ-72-2020, 10.02.2021წ.; №ა-3218-შ-74-2020, 28.01.2021წ.; №ა-3387-შ-92-2021, 17.01.2023წ.). აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით, სსსკ-ის 71-ე, 187-ე, 275-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.რ.ა–ვას შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუსკის ოლქის არასრულწლოვანთა საქმეებზე სპეციალიზირებული რაიონთაშორისი სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ნაწილობრივ ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: მირანდა ერემაძე