საქმე №ა-562-ბ-1-2024 22 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ნ.ს–ვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.გ–ია (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - შპს „გ.ა. და კ.ქ–ა“
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება, მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით გ.გ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით კასატორებს დაევალათ მითითებული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ნ.ს–ვას მიერ თ.გ–ძის სახელზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლების შესაბამისად გაცემული რწმუნებულება ან კასატორის მიერ ხელმოწერილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინებით კასატორების წარმომადგენლის თ.გ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 10 დღით.
7. ამავე სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის განჩინებით შპს „გ.ა. და კ.ქ–ისა“ და ნ.ს–ვას საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.
8. 2024 წლის 5 თებერვალს ნ.ს–ვამ საკასაციო სასამართლოს მომართა განცხადებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
9. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არაგონივრულ ვადაში გაჭიანურდა დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის გადაცემა, რამაც ხელი შეუშალა დაეკონკრეტებინა საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობა. მან ასევე აღნიშნა, რომ იურიდიული ინტერესი საკასაციო საჩივრის შეტანისა მას გამოხატული ჰქონდა, რაც დასტურდება დასაბუთებული განჩინების გადაცემის თაობაზე სააპელაციო სასამართლოში ადვოკატის მიერ განცხადების შეტანით.
10. განმცხადებელმა ასევე აღნიშნა, რომ თ.გ–ძე არის მისი ადვოკატი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტში მის მიმართ უკანონო განაჩენის გადასინჯვის და დაზარალებულად ცნობის საქმეში. თუმცა განსახილველ სამოქალაქო საქმეში, რედაქციასთან გარკვეული უთანხმოებიდან გამომდინარე მასზე რწმუნებულება არ გაუცია. მან ასევე აღნიშნა, რომ 2023 წლის 18 დეკემბრიდან 2024 წლის დასაწყისამდე მას არანაირი კონტაქტი არ ჰქონია თ.გ–ძესთან, ვინაიდან იყო უმძიმეს დეპრესიულ მდგომარეობაში და კომუნიკაციის ყოველგვარ საშუალებას იყო მოწყვეტილი. აქედან გამომდინარე, განმცხადებელმა მიუთითა, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინება კანონით დადგენილი წესით მას არ ჩაბარებია და მისთვის ცნობილი არ იყო აღნიშნული განჩინების თაობაზე.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წამოების განახლება.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 თებერვლის განჩინებით მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი თვითაცილებულ იქნა მოცემული საქმის განხილვისაგან.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით ნ.ს–ვას დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის ნაწილში დაზუსტებული განცხადება, რომელშიც მითითებული იქნებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლები; ბ) სახელმწიფო ბაჟის, განჩინების ბათილობის მოთხოვნის ნაწილში - 50 ლარის, ხოლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის ნაწილში - 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
14. ხარვეზის განჩინებით დადგენილ ვადაში ნ.ს–ვამ წარმოადგინა განცხადება ხარვეზის ნაწილობრივ შევსების შესახებ. განმცხადებელმა სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ თ.გ–ძე მოცემულ საქმეში არ არის მისი ოფიციალური წარმომადგენელი და სასამართლო ვალდებული იყო კომუნიკაცია მასთან ეწარმოებინა. განმცხადებელმა ასევე წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადების ან გადავადებაზე უარის თქმის შემთხვევაში საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ს–ვას მიერ ხარვეზი შევსებულ იქნა ნაწილობრივ. შესაბამისად, განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინების ბათილობის მოთხოვნის ნაწილში დაშვებული უნდა იქნეს განსახილველად, ხოლო განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის ნაწილში, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.
16. სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამავე კოდექსის მეთერთმეტე კარის LII თავშია დადგენილი.
17. სსსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
18. საკასაციო პალატა, სსსკ-ის 429-ე მუხლის შესაბამისად, განცხადების ფორმალური დასაშვებობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინების ბათილობის მოთხოვნის ნაწილში აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც დაშვებული უნდა იქნეს განსახილველად. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ საკითხს მომხსენებელი მოსამართლე წყვეტს ერთპიროვნულად. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, განსახილველად მიღების შემდეგ საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს, რომელსაც საკასაციო სასამართლო დაუნიშნავს ვადას საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.
19. სსსკ-ის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნ.ს–ვას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განხილულ უნდა იქნას მხარეთა დასწრების გარეშე.
20. რაც შეეხება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განმცხადებლის მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში განმცხადებლის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
21. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები [სსსკ-ის 421.1. მუხლი].
22. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი მოითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას სსსკ-ის 423.1. მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე [კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას].
23. სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების მე-14 პუნქტი) არ ქმნის სსსკ-ის 423.1. მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობებს.
24. განმცხადებლის პრეტენზია, რომ სასამართლოს კომუნიკაცია უნდა ეწარმოებინა არა თ.გ–ძესთან არამედ პირადად მასთან, არ წარმოადგენს სასამართლოსათვის ახალ გარემოებას ან მტკიცებულებას.
25. გამომდინარე აქედან, არ არსებობს განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებებზე მსჯელობის კანონიერი საფუძველი.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან განმცხადებლის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის ნაწილში ხარვეზი არ იქნა შევსებული, არსებობს განცხადების ამ ნაწილში განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ს–ვას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ მოთხოვნის ნაწილში მიჩნეული იქნეს დასაშვებად;
2. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს განცხადების ასლი და განემარტოს, რომ მას უფლება აქვს მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი;
3. განცხადება განხილულ იქნას ზეპირი მოსმენის გარეშე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის შემდეგი შემადგენლობით: ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე), მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი;
4. ნ.ს–ვას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური